ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
18.04.2013
გაჯიქებული ჩრდილო კორეა

საერთაშორისო განვითარების თანამედროვე ეტაპის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში მიმდინარე სიღრმისეული ძვრები, რომელთა მძლავრ მამოძრავებელ ძალად გლობალური საფინანსო-ეკონომიკური კრიზისი გვევლინება. საერთაშორისო ურთიერთობები განიცდიან გარდამავალ პერიოდს, რომლის არსი პოლიცენტრული საერთაშორისო სისტემის ჩამოყალიბებაშია.

ეს პროცესი მიმდინარეობს საკმაოდ რთულად, გლობალური და რეგიონული პოლიტიკურ-ეკონომიკური რყევების თანხლებით. საერთაშორისო ურთიერთობები სულ უფრო ძნელად საწარმოებელი ხდება და მასთან ერთად ნაკლებად გამოსაცნობი.

მცირდება ისტორიული დასავლეთის, როგორც ეკონომიკურ-პოლიტიკური შესაძლებლობების მქონე მოქმედი პირის დომინანტური როლი მთელს მსოფლიოში. მიმდინარეობს მსოფლიო განვითარების პოტენციალის გადაადგილება აღმოსავლეთისკენ, უპირველეს ყოვლისა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისკენ.

მსოფლიო პოლიტიკის, განსაკუთრებით ეკონომიკის ავანსცენაზე ახალი მოთამაშეების გამოჩენა, დასავლეთის ქვეყნების სურვილის ფონზე, შეინარჩუნონ ადრინდელი პოზიციები, აწყდება გააფთრებულ კონკურენციას, რაც თავისთავად წარმოშობს არასტაბილურ ვითარებას საერთაშორისო ურთიერთობებში.

საკუთარი ეკონომიკურ-პოლიტიკური პოზიციების გამყარებისთვის სულ უფრო ხშირად მიმართავენ სამხედრო მშენებლობის განვითარება-გაფართოებას, რაც ბუნებრივად იწვევს ქვეყნებს შორის სამხედრო ძალთა თანაფარდობის ცვლას. დამკვრელური შეიარაღების მშენებლობა, მისი მოდერნიზაცია, ახალი სახის იარაღის დამზადება და მისი შეიარაღებული ძალების ბალანსზე აყვანა საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობას, უსაფრთხოებას, არარაობად აქცევს მხარეთა შორის შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებებს.

გლობალური რყევების და ქვეყნებს შორის გარდაუვალი ურთიერთობების პირობებში აუცილებლობას წარმოადგენს უსაფრთხოების თანაბარი პრინციპების დაცვა - ევროატლანტიკურ, ევრაზიულ, აზია-წყნარი ოკეანის სივრცეებში. მაგრამ ეს მარტივი ჭეშმარიტება მოჭარბებული ამბიციების და ჰეგემონიზმის შენარჩუნების სურვილის ტყვეობაში ექცევა - შესაბამისი, არცთუ სახარბიელო შედეგებით, რისი მოწმენიც გავხდით ბოლო კვირის განმავლობაში.

კარიბის ზღვის კრიზისის შემდეგ, არასდროს ყოფილა მსოფლიო, ბირთვული ომის დაწყების საფრთხის წინაშე, როგორც გასულ კვირას. კორეის ნახევარკუნძული მსოფლიო მედიის ნომერ პირველი სალაპარაკო თემა აღმოჩნდა. 24-მილიონიანი ჩრდილო კორეა, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არმიით - (მილიონ სამასი ათასი) და 5 მილიონზე მეტი რეზერვით, საშუალო და შორი რადიუსით მფრენი რაკეტებით, სხვა სახის შეიარაღებით და რაც მთავარია ბირთვული ბობმებით, არათუ სერიოზულ თავსატკივრად იქცა, არამედ საგნობრივი განსჯის თემად, თითქმის ყველა მაღალი დონის შეხვედრის დროს, რასაც ადგილი ჰქონდა საერთაშორისო არენაზე.

კორეის ნახევარკუნძულის საკითხი განიხილა „დიდი რვიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გარდა ამისა აშშ-სა და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა ცალკე შეხვედრაზე - „დიდი რვიანის“ მინისტრთა შეხვედრის ფორმატში.

ამერიკა-რუსეთის დიპლომატთა მოლაპარაკების დაწყებამდე (მხარეთა თანდასწრებით) ლავროვის ნათქვამი წინადადება - ჩვენი პოზიციები კორეასთან მიმართებაში ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ გამაღიზიანებელ ფაქტორს ადგილი არ უნდა ჰქონდესო - ბევრ რამეზე მიანიშნებს და უპირველესად იმაზე, რომ ვითარების შეგნებულად თუ შეუგნებლად, უნებლიედ დაძაბვას გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“-ს მიერ დასმულ შეკითხვას ერთ-ერთმა რიგითმა ამერიკელმა შეშფოთებით უპასუხა - ჩრდილო კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მეტად ახალგაზრდაა და მან შეიძლება ვერ მოზომოსო. პასუხი ზუსტად ასახავს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებულ ფაქტს. ფაქტი კი ის არის, რომ 29 წლის კიმ ჩენ ინს თავისდაუნებურად, სამხედრო ისტერიაში გახვეულს, შეუძლია ისეთი ნაბიჯი გადადგას, რამაც მსოფლიო, და არა მარტო რეგიონი, უმძიმესი ფაქტის წინაშე დააყენოს.

დასავლურ მედიაში სისტემატურად მიმდინარეობს კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილი დაძაბულობის განხილვა. შეწყდა დასავლელ ექსპერტთა ზედაპირული განცხადებები - იყვირებს, დაიღლება და გაჩერდებაო. დასავლეთში არსებული ზერელეობა, დამაფიქრებელმა განცხადებებმა, უფრო მეტიც, მოწოდებებმა ჩაანაცვლეს, რისი ნათელი დამადასტურებელი „დიდი რვიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრების მოწოდებაცაა ახალგაზრდა კიმ ჩენ ინისადმი - შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა, საშუალო სიშორის რაკეტების გამოცდა, ბირთვულ იარაღზე მუშაობა და სხვა.

არანაკლებ საყურადღებო იყო პრეზიდენტ ობამას განცხადებაც - ჩრდილო კორეის თავდასხმისგან ამერიკისა და მისი მოკავშირეების დაცვასთან დაკავშირებით. გერმანიაში სტუმრად მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა თქვა, რომ ბირთვული კონფლიქტის შემთხვევაში ისეთი ვითარებე შეიქმნება, რომ ჩერნობილი მოგონილი იქნება.

გაუთვითცნობიერებელ საზოგადოებაში ხშირად ისმის, რომ პატარა კორეა, აშშ-ნ შედარებით მოკრძალებული შეიარაღებით, ვერაფერს დააკლებს ამერიკას. მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ ეს ასეა. აშშ-ს თავისუფლად შეუძლია ნაცარტუტად აქციოს ჩრდილო კორეის სამხედრო ობიექტები და მთლიანად ჩრდილო კორეა. მაგრამ, ვიდრე ეს მოხდება, ფხენიანსაც აქვს ძალა იმისა, გადაუაროს სამხრეთ კორეას, სერიოზული ზიანი მიაყენოს იაპონიას და იქ განლაგებულ აშშ-ს სამხედრო ბაზებს. განსაკუთრებით მძიმე იქნემა ომის შემდგომი პერიოდი, როგორც აშშ-ს, ისე რეგიონის ქვეყნებისთვის. ექსპერტთა აზრით, კონფლიქტს უდავოდ მოჰყვება დიდი მსხვერპლი და ა.შ.

აღნიშნულის თაობაზე გარკვევით ილაპარაკა სეულში ჩასულმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ. მან მოუწოდა ფხენიანს გონიერებისკენ. კერის სეულში ჩასვლამ ნაკლებად დააკმაყოფილა პანიკაში მყოფი სამხრეთელები. ვიზიტის დროს ქუჩაში გამოსულმა სეულელებმა, ნაცვლად მუქარისა, კერის მოუწოდეს ჩრდილოეთთან მოლაპარაკებისკენ. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით - კერი წადი ფხენიანში.

კორეის ნახევარკუნძულის ვითარების ადუღებაში მრავალ ფაქტორს ჰქონდა და აქვს გამაღიზიანებლის მნიშვნელობა. ერთ-ერთი, სწორედ ის არის, რაც ლავროვმა თქვა ამერიკელებთან მოლაპარაკების დასაწყისში. ჩრდილო კორეა ეჭვის თვალით უყურებდა და უყურებს რეგიონში ამერიკელთა მოქმედებას, განსაკუთრებით სამხრეთ კორეასთან ერთად სამხედრო მანევრების ჩატარებას. ერთ-ერთი სულ ახლახანს დასრულდა. მასში მონაწილეობა მიიღო აშშ-ს ე.წ. უხილავმა სამხედრო თვითმფრინავმა.

ჩრდილოელებში ათეული წლების განმავლობაში არსებობს შეგრძნება, რომ სამხრეთი, აშშ-ს დახმარებით, გააჩაღებს ომს ჩრდილოეთის წინააღმდეგ, ამ ქვეყნის კომუნისტური რეჟიმის და ხელისუფლების დასამხობად. ფხენიანს აღიზიანებს ისიც, რომ აშშ-ი თითქმის არაფერს აკეთებს იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც ადგილი გქონდა აშშ-ს მხრიდან ადრე არსებული მოლაპარაკებების დროს.

ჩრდილო კორეას უჭირს საწვავით, კვების პროდუქტებით. მისი სურვილი არის აღნიშნულის მიღება, შესაბამისი დათმობების ხარჯზე, თუმცა ამერიკელთა დაპირება, დაპირებად რჩება. ოფიციალურმა ვაშინგტონმა ვერ დაადგა თავი ჩრდილო კორეასთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ამერიკელ მაღალჩინოსანთა ფხენიანის ვიზიტები უნაყოფოდ გაქრა, რამაც დაარწმუნა ჩრდილოელი პოლიტიკოსები ვაშინგტონის თვალთმაქცურ თამაშში.

ხშირად იბადება კითხვა - აშშ-ა ვერ შეძლეს ჩრდილო კორეასთან საერთო ენის გამონახვა, თუ არ შეძლეს. სრული შესაძლებელია, რომ არ, ვინაიდან ჩრდილო კორეის ფაქტორის პერმანენტული გამოყენება ხელს აძლევს ვაშინგტონს აკონტროლოს არა მარტო ბობოქარი ნახევარკუნძული, არამედ მთელი რეგიონი, განსაკუთრებით ჩინეთი და რუსეთი.

ავღანეთიდან კოალიციური ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებით აშშ-ს და ნატოს გეგმების ანალიზისას უმალ დაგებადებად კითხვა - რით არის გამოწვეული სამხედრო ტვირთებისა და იარაღის გამოტანა ავღანეთიდან ისეთი მძიმე და მიხვეულ-მოხვეული გზით, როგორიც პამირის გზაა? პასუხი მარტივია - ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში განლაგებით.

ამ ქვეყნების ხელისუფლებებთან უკვე არის შეთანხმება. იქ იარაღისა და სამხედრო ბანაკების დაარსება უპირველესად მიმართულია რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ. ამ კონტექსტში განიხილება შემდეგი სამხედრო სცენარის რეალიზების საკითხიც - ცენტრალურ აზიაში სამხედრო ობიექტების, კავშირგაბმულობის საჭირო პუნქტების, სამხედრო-სასწავლო ცენტრების, ანტიტერორისული ცენტრების დაფუძნება, რაც თავისთავად პასუხობს იმ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც ასახულია აშშ-ს სამხედრო დოქტრინაში.

დაქტრინის მიხედვით, გათვალისწინებულია საზღვარგარეთ აშშ-ს სამხედროების რაოდენობის შემცირება, იმავდროული ოპერატიული ჯგუფებით ჩანაცვლება. შედარებით მცირე ზომის, მაგრამ მრავალი ოპერატიული პუნქტის გახსნით იქმნება მრავალფუნქციური სამხედრო ობიექტები - მიმართული რუსეთის, ჩინეთის, ირანის წინააღმდეგ. ამას ერთვის პენტაგონის მცდელობა მიაღწიოს ყაზახეთის ხელისუფალთა თანხმობას კასპიის ზღვის პორტ ოქტაუში ამერიკული სამხედრო-საზღვაო პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით.

„ცივი ომის“ დასრულების შემდეგ აშშ-ა აირჩიეს მსოფლიო ჰეგემონიის კურსი და ამ გზაზე ძალით და დაშინებით ოპონენტების დამორჩილების მეთოდი. ამგვარი პოლიტიკა იწვევს მზარდ წინააღმდეგობას და პროვოცირებას უკეთებს საერთაშორისო ურთიერთობების გამწვავებას.

ვაშინგტონის მოქმედება იწვევს არა მარტო რუსეთს, არამედ ჩინეთს, რომელიც სწრაფად ვითარდება. მისი საგარეო პოლიტიკა უფრო ენერგიული ხდება, თანაც შემტევი, ხისტი. დენ სიაოპინის დარიგება ჩინეთისთვის - ნაკლები ყურადღება საერთაშორისო პერიპეტიებზე, მეტი - ქვეყნის მშენებლობაზე ანუ არ „გამოხტე“, თანამედროვე ჩინეთს აღარ ესადაგება, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ჩინეთის სიმძლავრე გარდაუვალი, თვალშისაცემი გახდა და ასეთ დროს სულაც არ არის გამორიცხული ჩინურ პოლიტიკურ ელიტაში „ველიკოჩინური“ ტენდენციების წარმოშობა. „ველიკოჩინელებს“ სურთ მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო პროცესებში, რასაც მისგან სხვა ქვეყნებიც ითხოვენ.

ჩინურმა ეკონომიკამ გლობალური ხასიათი შეიძინა. ეკონომიკური ინტერესების დაცვას კი ესაჭიროება დასავლეთში პოლიტიკური გავლენის მოპოვება  და სამხედრო ძლიერება. ჩინეთს თავის მხრივ პროვოცირებს სხვათა „გამოხტომები“ ანუ საგარეო გამოწვევები, უმთავრესად აშშ-ს მხრიდან.

ვაშინგტონი, შეშინებულია იმით, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება აშშ-ს ჰეგემონიზმს. პასუხად, იწყებს სამხედრო ძლიერების თავმოყრას ჩინეთის ირგვლივ, რითაც ცდილობს ჩინეთის შეჩერებას. ამ შემთხვევაში ჩრდილო კორეის კარტის გათამაშება შესანიშნავი მანევრირების საშუალებას აძლევს აშშ-ს.

ხშირად ამბობენ, რომ პოლიტიკა ბინძური რამ არის. რა გაეწყობა ამ  სიბინძურით ცხოვრობს მსოფლიო. ამ სიბინძურეს შეეგუა ხალხის გარკვეული ნაწილი, ვიც მეტნაკლებად ჩახედულია პოლიტიკაში. უმრავლესობა კი ბრბოა - დამჯერი ხელისუფლებისადმი.

დასავლურ პრესაში გავრცელებული მოსაზრებით - თითქოს ფხენიანის აფეთქება დაგეგმილ-შეთანხმებულია ოფიციალურ ვაშინგტონთან, მაგრამ ჩინეთი? ის ხომ ერთადერთი მოკავშირეა ჩრდილო კორეის? რას აძლევს ფარული გარიგება ფხენიანს? ალბათ ბევრს ისეთს, რაც აფიქრებინებს მას, რომ „ჩიტი ბრდღვნად ღირს“.

რეგიონში შექმნილი დაძაბულობით სარგებლობს აშშ-ი, რომელიც ჩინეთის ირგვლივ თავს უყრის დიდძალ შეიარაღებას. ამერიკის პრეზიდენტის, პოლიტიკოსების „გულშიჩამწვდომი“ განცხადებები, ფხენიანისადმი მოწოდება, შესანიშნავი „გარნირია“ მთავარი კერძისთვის. და გასაკვირი ამაში არაფერია.

ავიღოთ მაგალითად სირია. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია ვაშინგტონის შეშფოთება სირიის ქიმიური იარაღის გამო, მაგრამ, როგორც დასავლური წყაროები წერენ, „შეშფოთება“ მხოლოდ ფართო მასებისთვის არის გამიზნული, რეალურად, დროდადრო ხდება ქიმიური ობიექტების უსაფრთხოების შემოწმება ამერიკელი სპეციალისტების მიერ, რომლებიც სირიაში შედიან, ვითარცა იორდანელი სპეციალისტები, ცხადია ოფიციალური დამასკოს თანხმობით.

ავიღოთ მეორე მაგალითი - ტალიბანთან მოლაპარაკება. აშშ-ი რახანია ხვდება ტალიბანის წარმომადგენლებს ყატარში. თვალთმაქცობის ერთ-ერთი მაგალითი იყო გაეროში პალესტინის სასარგებლო კენჭისყრა. გახსოვთ ალბათ, ამ საქმეში საქართველოც გარიეს. ოფიციალურმა ვაშინგტონმა „შეიმცხადია“ კენჭისყრის შედეგები და განაცხადა, რომ ის არ წაადგება პალესტინას. კულუარულად კი ვაშინგტონმა ურჩია გაეროს წევრ ქვეყნებს მხარი დაეჭირათ პალესტინისთვის. მხარდაჭერა აშშ-ს მოკავშირე ისრაელის წინააღმდეგ იყო მიმართული. რა გაეწყობა, ასეთია ეს ქვეყანა (აშშ) ჰეგემონიზმის შესანარჩუნებლად მისთვის დიპლომატიური მაქინაციებიც მიღებულია, თუნდაც ის მისი სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ იყოს მიმართული.

ჩრდილო კორეა კარგა ხანია იპყრობს ყურადღებას. კარგა ხანია ვაშინგტონი დგამს ჩრდილო კორეის რაკეტების „თავდასხმისგან“ დასაცავ ნაბიჯებს. ერთ-ერთი ასეთი არის თავდაცვის მინისტრის ჰეიგელის გადაწყვეტილება ალასკაზე სტრატეგიული, შემკავებელი რაკეტების გაზრდის თაობაზე.

2017 წლისთვის მსგავსი სისტემების რაოდენობა 30-დან 74 ერთეულამდე გაიზრდება. გარდა ამისა იაპონიაში დაიდგმება ახალი რადარი, რომელიც ამერიკულ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის გამართული მოქმედებისთვის არის გამიზნული. წყნარ ოკეანეში უკვე დაცურავს 26 სამხედრო გემი, აღჭურვილი Aegis სახის შემკავებელი სარაკეტო სისტემებით. სამხრეთ კორეასა და იაპონიაში განლაგდებიან Patriot-3 სახის რაკეტსაწინააღმდეგო ბატარეიები. აღნიშნული სისტემები უზრუნველყოფენ ჩრდილო კორეის შეიარაღებაში არსებული მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების თავდასხმების ნეიტრალიზებას.

ჰეიგელის გადაწყვეტილება ეხმიანება პენტაგონის ერთი წლის წინანდელ განცხადებას - აშშ-ს სამხედრო პოლიტიკის აზია-წყნარი ოკეანის სივრცეში გადატანის თაობაზე. ჩრდილო კორეის სარაკეტო თავდასხმის საბაბით, წყნარ ოკეანეში ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება, მიანიშნებს აშშ-ს სურვილზე გაანეიტრალოს ჩინეთის სარაკეტო-ბირთვული ძალები.

ამერიკელთა მონაცემებით, ჩინეთს აქვს 50-დან 75-მდე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა. წყნარ ოკეანეში შექმნილი ამერიკული ანტისარაკეტო სისტემები შეძლებენ ჩინური რაკეტების განეიტრალებას. აშშ-ი არ აპირებენ ჩინეთთან დადონ ურთერთგანადგურების ხელშეკრულება. ასეთი მას ჰქონდა საბჭოეთთან.

50 წლის წინათ დადებული ხელშეკრულება იძლეოდა რუსულ-ამერიკული ურთიერთობების სტაბილურობას. აღნიშნულზე დაყრდნობით, 1972 წელს დადებული იქნა რაკეტსაწინააღმდეგო ხელშეკრულება. 2002 წელს, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს, აშშ-ი გამოვიდა ხელშეკრულებიდან. მოგვიანებით, 2009 წელს, ობამამ შეცვალა პრიორიტეტები და უარი განაცხადა მესამე პოზიციაზე ანუ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებაზე აღმოსავლეთ ევროპაში. ამან საშუალება მისცა ვაშინგტონსა და მოსკოვს განეხორციელებინათ „გადატვირთვა“. მაგრამ ვითარება კვლავ დაიძაბა, როდესაც ვაშინგტონმა გადაწყვიტა რაკეტსაწინაარმდეგო სისტემების ეტაპური განლაგება რუმინეთსა და პოლონეთში.

აღნიშნული გადაწყვეტილება კრემლის მიერ ერთობ ნეგატიურად შეფასდა. მან მოითხოვა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებასთან დაკავშირებით იურიდიული გარანტიების გაცემა, რომ ეს სისტემა არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული, რაზეც ვაშინგტონმა უარი თქვა. მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, რამაც თავისთავად გამოიწვია „გადატვირთვის“ პროცესის დასრულება.

ახალი სახელმწიფო მდივნისა და თავდაცვის მინისტრის გამოჩენამ შეარბილა ვითარება. ერთიც და მეორეც მზადაა რუსეთთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად. თავდაცვის მინისტრმა ჰეიგელმა ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განსათავსებელი თანხები მიმართა ალასკაზე ანალოგიური სისტემის განთავსებისკენ. ალასკის სისტემა მიმართულია ჩრდილო კორეის წინააღმდეგ და ამასთანავე ჩინეთის რაკეტების ნეიტრალიზაციისკენ, რაც თავისთავად იწვევს ჩინეთის ხელისუფალთა გაღიზიანებას.

ამერიკელებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი სახელმწიფოების შავი სია აქვთ შედგენილი. სიის თავში რახანია ორი სახელმწიფო ფიგურირებს - ჩრდილო კორეა და ირანი. ვაშინგტონს ორივესთან მიმართებაში უმკაცრესი კურსი აქვს აღებული, სადაც პირველ პლანზეა წამოწეული ეკონომიკური სანქციები.

ვაშინგტონი ცდილობს ამ გზით ხელი ააღებინოს ამ ქვეყნებს ბირთვული კვლევებისგან, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება აწარმოოს ბირთვული კვლევები საკუთარი წინსვლისა და განვითარებისთვის.

რაც შეეხება ირანს - აქ სხვა ვითარებაა, გაცილებით პროგნოზირებადი, ვიდრე პირველ შემთხვევაში. ჩრდილო კორეიისა და ირანის ერთ ქვაბში ჩაყრა მხოლოდ უცოდინარობის ბრალია. ჩრდილო კორეა არის ჩაკეტილი სხელმწიფო, სადაც მკაცრი კომუნისტური რეჟიმია - შესაბამისი შედეგებით.

სხვა ვითარებაა ირანში, სადაც არსებობს მთავრობა და მისი მაკონტროლებელი პარლამენტი. ორივეს ერთად ზედამხედველობს ქვეყნის არჩეული სულიერი ლიდერი ჰამენეი. ირანში სისტემატურად იმართება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ა.წ. ივნისში ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას ვეღარ მიიღებს ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი აჰმადინეჟადი. ის ზედიზედ ორჯერ იყო არჩეული პრეზიდენტად, ზედიზედ მესამედ არჩევას - ირანის კონსტიტუცია კრძალავს. აჰმადინეჟადს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში ერთი ან რამდენიმე საპრეზიდენტო ვადის გავლის შემდეგ.

ირანი ის ქვეყანაა, რომელიც ჩართულია მსოფლიო ინტერნეტის ქსელში. ამ ქვეყანაში უხვადაა არასამთავრობო ორგანიზაციები. მთელს მსოფლიოში ცნობილია ირანის მიღწევები ეკონომიკაში, მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, კულტურაში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, განსაკუთრებით მედიცინაში. ირანის კინემატოგრაფია დიდ წარმატებებს აღწევს საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

რაც შეეხება ბირთვულ კვლევებს - ირანი თანმიმდევრულად ახორციელებს მას. ურანის გამდიდრებით ირანს ფართო გზა აქვს გახსნილი სამედიცინო დარგებში სიღრმისეული კვლევებისთვის. დასავლეთს არ სჯერა ირანის ხელისუფლების განცხადების, რომ ის არ ამზადებს ბომბს.

დასავლეთს არც ფეტვის სჯერა, რომელიც სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰამეინიმ გამოსცა. მისი მიხედვით, ირანს ეკრძალება მასობრივი განადგურების იარაღის დამზადება. დასავლეთს არ სჯერა, რომ ფეტვა ისლამურ ირანში ის აუცილებლად შესასრულებელი რამ არის, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის ვერც ერთი შიიტი მუსლიმანი.

არ სჯერა, თუ არ უნდა დაიჯეროს? იქნებ არ უნდა, რამეთუ წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი ეკარგება ირანისგან მტრის ხატის, ახლო აღმოსავლეთში მუდმივი დაძაბულობის შექმნას. „თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო“ - ეს ანდაზა თავისუფლად შეიძლება მივუყენოთ ვაშინგტონის პოლიტიკას. მას, რომ სურვილი ჰქონდეს ჩრდილო კორეასა და ირანთან საერთო ენას დიდი ხანია გამოძებნიდა. ასეთ შემთხვევაში აღარ იქნებოდა პოლიტიკური ამღვრეული წყალი და მასში უკონტროლო ხელის ფათური. მღვრიე წყალში ამერიკული ხელის ფათურის გარეშე კი არც მსოფლიო ბატონობა იქნებოდა და არც დევიზი - იცხოვრეთ ამერიკულად.

 

 ჰამლეტ ჭიპაშვილი

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"