ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
08.04.2013
დასავლური რელიგიური ორგანიზაციები საქართველოში და მათი პოლიტიკური მიზნები

როგორც „პოლიტფორუმი“ იუწყებოდა, ევრაზიის ინსტიტუტმა 4 აპრილს ორგანიზება გაუკეთა საქართველოში არატრადიციული რელიგიური მიმდინარეობების თემაზე საზოგადოების წარმომადგენელთა შეკრებას - პრობლემას განიხილავდნენ თეოლოგები, პოლიტოლოგები, უსაფრთხოების საკითხებში სპეციალისტები. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი, ბიზანტიოლოგი, რელიგიის საკითხების მკვლევარი, პროფესორი გვანცა კოპლატაძე, ყოფილი ომბუდსმენი, ევრაზიის ინსტიტუტის სპეციალისტი ნანა დევდარიანი, ყოფილი პარლამენტარი და დიპლომატი ჰამლეტ ჭიპაშვილი, თეოლოგი დავით გელაშვილი, ყოფილი პოლიტპატიმარი, მართლმადიდებელი აქტივისტი შოთა აფხაიძე, უშიშროების საკითხების ექსპერტი, პოლკოვნიკი დავით ფურცხვანიძე, პოლიტოლოგი, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე და სხვები.

 ქვემოთ მკითხველების ყურადღებას ვთავაზობთ მეუფე იოანესა და ქალბატონ ნანა დევდარიანის გამოსვლების რეზიუმეს, ხოლო შემდეგ, „ნეტგაზეთის“ მიერ კონფერენციასთან დაკავშირებულ მასალას (კომენტარის გარეშე).

 

მეუფე იოანე (გამრეკელი)- რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი: არავისთვის არის გასაკვირი, რომ ათეიზმის მსოფლიოში გავრცელების შედეგად მოხდა მთელ რიგ ერებში რელიგიური ცნობიერების ნიველირება და ამ უნიფიცირებულ ნიადაგზე აღმოცენდა ახალი რელიგიური მიმდინარეობები, ორგანიზაციები, რომელთა ბუნება და წარმომავლობა ბევრისთვის იყო უცნობი, მაგრამ თანდათან ცხადდება და ცნობიერდება. ცხადია, ადამიანებს აქვთ არჩევანის უფლება, როგორც მოციქული ამბობს, მე ყველაფრის უფლება მაქვს, მაგრამ ყველაფერი არ არის ჩემთვის სასიკეთო. ყველაფერი შემიძლია, მაგრამ ყველაფერი არ მზრდის მე. ქართველ ერს საუკუნეების მანძილზე ჰქონდა გაკეთებული არჩევანი და ამ არჩევანს ის იცავდა თავისი ბრძოლით და შრომით, ამტკიცებდა ამ გზას, რომელიც მან აირჩია, ჯერ პირველი საუკუნიდან მოყოლებული, შემდეგ მე-4 საუკუნიდან, და ასე შემდეგ, საკუნეების განმავლობაში. საბჭოთა რეჟიმის დაშლის შემდეგ უცხოური რელიგიური ორგანიზაციები აქტიურად შემოვიდნენ საქართველოში. ეკლესიამ პირველმა აღიმაღლა ხმა თავის დროზე, იგი აფრთხილებდა მოსახლეობას ამ რელიგიური ექსპანსიის შესახებ, რომ სიფხიზლე გამოეჩინა, იმიტომ რომ არ იცი, ვისთან გაქვს საქმე და რა ძალები დგას ამის უკან. გვმართებს სიფხიზლე და გაცნობიერება იმისა, თუ ვისთან და რასთან გვაქვს საქმე.

არ არის უცხო ის მოსაზრება,  რომელიც წარმოთქვა ახალი რელიგიური მიმდინარეობის ერთ-ერთმა ამერიკელმა ფუძემდებელმა, რომ რელიგიური ცნობიერება არის კარგი ნიადაგი ბიზნესისთვის. ამას რელიგიასთან კავშირი არ აქვს და სწორედ რელიგიის საფარქვეშ იმალება პოლიტიკური და მატერიალური ინტერესები. ამ დროს სულიერებაზე საუბარი ზედმეტია. ეს არის მხოლოდ ნიღაბი. ამიტომაც ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ქართველ ადამიანს, რომ ვიდრე არჩევანს გააკეთებს, შეისწავლოს საწყისი, წყარო, საიდან მოდის ესა თუ ის მიმდინარეობა. ჩვენ ვიცით, რომ მართლმადიდებლობა მოდის უფლისგან, მისი მოწაფეებისგან და მათმა მოწაფეებმა გადმოგვცეს და მოიტანეს დღემდე. ხოლო ყოველი ახალი მოძრაობის ფუძემდებელი, მუნი იქნება, რაჯნიში, თუ სხვა ვინმე, ისინი არიან ჩვენი დროის ადამიანები და ამ დროის ინტერესებით შეზღუდული ადამიანები, ამიტომ მათ მიერ შემოთავაზებული მოძრაობები, ცხადია, მხოლოდ წარმავალი დროის ნაკარნახევი სწავლებანი არიან. ორი საზომი გვაქვს ჩვენ, რომლითაც შეიძლება შევიცნოთ და გავარჩიოთ, სწორი არჩევანი გავაკეთოთ: ერთია შეიცან საწყისი, წყარო, საიდან მოდის ის, მეორე საზომი კი არის - არის ნაყოფით განსაჯეთ, რასაც უფალი გვეუბნება, ანუ, რა შედეგები მოჰყვება ამა თუ იმ რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობას. დღევანდელი შეკრება ეძღვნება იმას, რომ ჩვენ უკვე დაგროვილი მასალა, ცოდნა ამ ორგანიზაციების მოღვაწეობის შესახებ და მათ უკან მდგომი ძალების შესახებ კიდევ ერთხელ მოვისმინოთ და ვიზრუნოთ ჩვენი ერის სულიერი დაცვისთვის ამ ექსპანსიისგან და შესაბამისად, არ გავხდეთ ცენტრი მეზობელ ქვეყნებში და ერებში მათი ცნობიერების რღვევის პროცესების და მათგან არ იყოს საყვედური ამ მიმართებით, რომ ჩვენ ჩვენი უყურადღებობით და არცოდნით სხვებსაც ზიანს ვაყენებთ.

 

ნანა დევდარიანი, ყოფილი ომბუდსმენი, ევრაზიის ინსტიტუტის სპეციალისტი: გულბაათმა გაიხსენა ის პერიოდი, როცა მე საზოგადოებაში ცნობილი ვიყავი იმით, რომ ვიცავდი რელიგიურ უმცირესობებს. მე ამას არ ვნანობ, რადგან ეს ის იყო ის საკონსტიტუციო დავალება, რასაც სახალხო დამცველს აკისრებს მოქმედი კანონმდებლობა. გარდა ამისა, არასოდეს ძალადობით, წიგნების დაწვით და მსგავსი ქმედებებით არ შეიძლება ვინმეს მოქცევა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ეს ყველაზე უკეთ იცის საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ. ადამიანი შეიძლება მოაქციო მხოლოდ საკუთარი მაგალითით. ასევე მინდა გითხრათ, რომ არც ერთ სხვა ენაში, გარდა ქართულისა, არ არსებობს ასეთი გამოთქმა: ძალად მაცხონე. არ შეიძლება ადამიანი აცხონო, თუ ის გაჯიუტებით ადგას არა ღვთის გზას, არამედ იცით, რა გზაც არის ეს. ყველა შემთხვევაში, ძალადობა, აგრესიული მიდგომა ამ საკითხებში არის უკუშედეგის მომტანი. ამასწინათ ერთ-ერთ რადიოეთერში დარეკა ქალბატონმა, რომელმაც განაცხადა, რომ მართალია ის არ არის სამაგალითო მორწმუნე, ბოლომდე ეკლესიური, მაგრამ როცა კი მიდის ეკლესიაში, ხვდება მრევლის რამდენიმე წარმომადგენელი, ძალიან აგრესიული, რომლებიც მარხვას იცავენ, ყველა რიტუალს ასრულებენ, მაგრამ არიან აგრესიულები. მან დაუსვა მოძღვარს კითხვა, არის თუ არა ასეთი ადამიანები მართლმადიდებელნი. ჩვენ ამას ვერ განვსჯით და მოძღვარმაც ასეთი პასუხი გასცა. მარხვა მხოლოდ დიეტა არ არის და ხორცზე და ზოგიერთ პროდუქტზე უარის თქმა. ეს არის სულის მდგომარეობა, როცა სავსე ხარ სიყვარულით. როცა შენ მარხვა გაგაბოროტებს და თავს ესხმი სხვა ადამიანებს, ეს უკვე მარხვად ნაკლებად ჩაითვლება. მე მინდა შეგახსენოთ, რომ დასავლურ ქრისტიანობაში მარხვაზე საერთოდ უარია ნათქვამი და სულ რამდენიმე წლის წინ კათოლიკურ ეკლესიაში იყო კამათი იმ თემაზე, რომ ხომ არ არის საჭირო შემოვიღოთ მართლმადიდებლური რამადანი. ანუ მათ გააერთიანეს რამადანი, მუსლიმების მარხვა და  მართლმადიდებლური მარხვა. ისინი მიხვდნენ, რომ რაც უფრო კომფორტულ გზას ადგას მრევლი, რომ ყველაფერი ეპატიება, ცოდვა ცოდვა აღარ არის, მარხვა აუცილებელი არ არის, მას შეუძლია ჩვეულებრივად იცხოვროს და ამას ყველაფერს შეუნდობს მოძღვარი, აქ მიხვდნენ, რომ დადგა სერიოზული პრობლემები. ყველაზე სერიოზული პრობლემა, ჩემი აზრით, არის ის, რომ ჩვენ გვინდა რელიგია მოვარგოთ ჩვენს ადამიანურ ვნებებს. რომ გადავხედოთ წმინდა წიგნებს, დავრწმუნდებით, რომ ადამიანი არ შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ გადაადგილების და კომუნიკაციების საშუალებები. ადამიანი არის ისეთივე ვნებებით აღსავსე, როგორიც ის იყო, სამოთხიდან განდევნის შემდეგ. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის და ჩვენი საუკუნის თავისებურება არის ის, რომ ადამიანი ცდილობს საკუთარი ცოდვების გამართლებას მიაღწიოს რელიგიური ინსტიტუტებისგან. და დიდწილად დასავლური ქრისტიანობა ამაზე მიდის. რაც უფრო მეტს თმობენ ისინი, მით უფრო ეცემა რელიგიური ცნობიერება. აღარ მაქვს საუბარი იმაზე, რომ მთელ რიგ ქვეყნებში დაკანონდა ერთსქესიანი ქორწინება, რაც უკვე იწვევს ბევრ პრობლემებს და კოლიზიებს. ეს რატომღაც არ შუქდება ჩვენს პრესაში და მედიაში. ბევრმა არ იცის, რომ ინდულგენციების პრაქტიკა კათოლიკურ სამყაროში გაუქმდა სულ ოციოდე წლის, როცა მიხვდნენ, რომ მხოლოდ ფული არ არის საკმარისი ცოდვების შესანდობად და საჭიროა სინანულის განცდაც.  თუ გადმოვთარგნით ამას ჩვენს პოლიტიკურ ენაზე, ეს ძალიან ჰგავს იმ კოაბიტაციას, რომელზეც დღეს არის საუბარი საქართველოში. საკმარისი იყო ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ოდნავ სინანული მაინც გამოეხატათ, რომ ხალხი ბევრ რამეს აპატიებდა. მაგრამ როდესაც არ არის სინანული, იქ ძალიან ძნელია, რომ შეუნდო. ამიტომ ეს კოაბიტაცია ემსგავსება მოძალადის და მსხვერპლის თანაცხოვრებას.

 პოლიტიკას დიდწილად განსაზღვრავს ჩვენი რელიგიური შეხედულებები. ითვლება, რომ აშშ არის ღრმად მორწმუნე ქვეყანა, მასში, იცით, რომ უამრავი სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობა არსებობს, ძირითადად პროტესტანტული. მაგრამ მოდით შევხედოთ, როგორ წარმოიშვა ეს მიმდინარეობები და რა საფუძველი ჰქონდა ამას. სოციალურ ქსელებში ხშირად მოისმენთ მოწოდებებს, რომ მართლმადიდებლობა სიბნელეა, ეს არის წარსული, ჩვენ არ გვინდა წარსულში ჩარჩენა, დროა რომ გარდაიქმნას მართლმადიდებელი ეკლესია და ა.შ. ეს არის მეთოდური თავდასხმები. მათ მართლა სჯერათ, რომ კაპიტალიზმის და დემოკრატიის აშენება შესაძლებელია იქ, სადაც პროტესტანტობაა. სადაც პროტესტანტული შრომის ეთიკაა. როგორც ადამიანების მიერ შექმნილი ყველა სააზროვნო სისტემა, ისიც სცოდავს ნაკლოვანებებით. მაგალითად, ვერ ხსნიან აზიური და ისლამური ქვეყნების წარმატებას. გავიხსენოთ, რა წინადადებით გამოვიდა ნაცმოძრაობის ყოფილი დეპუტატი ბესო ჯუღელი ერთ-ერთ პარლამენტში. მან მოითხოვა, რომ შევამციროთ უქმე დღეებიო. ეს არის წმინდა პროტესტანტული მიდგომა. მინდა შეგახსენოთ, რომ პროტესტანტობის წარმოშობას ჰქონდა ერთი მძლავრი საფუძველი, კერძოდ, კათოლიკური ეკლესია კრძალავდა ლათინურის გარდა სხვა ენაზე ღვთისმსახურებას. ხოლო მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არსებობს ეს პრობლემა, რადგან წირვა-ლოცვა უძველესი დროიდან მიმდინარეობს ქართულ ენაზე. ანუ პროტესტანტიზმის ეს საფუძველი საქართველოში არ იყო. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მინდა ხაზი გაუსვა. სოციალურ ქსელებში ხანდახან ისმის „ბრალდებები“, რომ „ბნელმა“ მართლმადიდებლებმა კათოლიკობის გამო წვერით ითრიეს სულხან-საბა. სინამდვილეში, სულხან-საბას არავინ ერჩოდა იმის გამო, რომ მან კათოლიკობა მიიღო. ის წვერით ითრიეს იმის გამო, რომ საფრანგეთში მეფის კარზე თქვა: თუ თქვენ დაგვეხმარებით, მე გავაკათოლიკებ საქართველოს. მუდმივად გვესმის ჩვენ, რომ ძალიან შეზრდილია ეკლესია და სახელმწიფო. პირველ რიგში ამას საყვედურობენ რუსეთს, ასევე საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. მოდით დავუკვირდეთ, რა მოხდა ეკლესიის გაყოფის შემდეგ 1054 წელს. პაპის ძალაუფლება იმთავითვე საერო ხასიათს ატარებდა. ხოლო მართლმადიდებელ სამყაროში ეკლესია არ იყო საერო ხელისუფლების მატარებელი. ამიტომ როცა დღეს ევროპაში საუბრობენ სეკულარიზმის აუცილებლობაზე, ეს სრულიად ზედმეტია ჩვენთვის, რადგან საქართველოში ეკლესიას არასოდეს ჰქონია საერო ხელისუფლება.

 მეუფე იოანემ ბრძანა, რომ ძალიან ხშირად რელიგია არის კარგი საფუძველი ბიზნესისთვის, ეს მართლაც ასეა. ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაცია აგებულია როგორც მსხვილი ბიზნეს-კორპორაცია. თქვენ შეამჩნევდით, რომ ამ რელიგიური მიმდინარეობის მიმდევრები ძალიან აქტიურად დადიან და ეწევიან პროზელიტიზმს. რატომ არიან ეს ადამიანები ასე დაინტერესებულები? რამდენ ადამიანსაც გადაიბირებენ, მით უფრო მაღალ სოციალურ საფეხურზე ადიან ამ ბიზნესივით აგებულ რელიგიურ მიმდინარეობაში, პირამიდაში. ანუ პირდაპირი მოტივაციაა - როგორც მატერიალური, ასევე სოციალური სტატუსის თვალსაზრისით. მართლმადიდებლობის წინააღმდეგ აშკარა განცხადება ბევრ პოლიტიკოსს არ გაუკეთებია დასავლეთში, მაგრამ ისინი მიიჩნევენ, რომ იქ, სადაც არის მართლმადიდებლური დოგმები, და რაც მთავარია, ჩამოყალიბებული ცხოვრების წესი, იქ ძალიან ძნელია ადამიანები მიიყვანო სხვა დასკვნამდე, გადაადგმევინო ის ნაბიჯები, რაც შენ გინდა. ამისთვის საჭიროა საზოგადეობის დანაწევრება, ატომიზაცია. რაც მეტი სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობა შემოვა, და რაც უფრო დაიქსაქსება საზოგადოება, მით უფრო ნოყიერი ნიადაგი იქმნება გარე ძალისთვის სასურველი რეფორმების გასატარებლად.

 კიდევ რა ძირეული განსხვავებაა ქართულ მართლმადიდებლობასა და დასავლურ ქრისტიანობას შორის. მთელი რიგი სხვაობებია, მათ შორის ცხოვრების წესის და რჯულის ერთგულება, დამთავრებული იმით, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ სამყაროს. დასავლური ქრისტიანობისთვის დამახასიათებელია იმის მტკიცება, რომ ადამიანს გონებით შეუძლია შეიმეცნოს ყველაფერი. ნებისმიერი მართლმადიდებელი, რომელიც ჩახედულია რჯულის საფუძვლებში, გეტყვით, რომ ყველაფერი გონებით არ შეიმეცნება. სამყარო სავსეა ისეთი საიდუმლოებებით, რომელსაც გონებით ვერ ახსნი. რაც დრო გადის, მეცნიერები სულ უფრო რწმუნდებიან, რომ მათი წარმოდგენები სამყაროს შესახებ არის ხელოვნური ან სულაც არ შეესაბამება სინამდვილეს. მეცნიერება ვერ იძლევა პასუხებს იმაზე, რაზეც იძლება პასუხებს ეკლესია, რწმენა და მართლმადიდებელი ეკლესია.  

 ავიღოთ კიდევ ერთი საკითხი - მართლმადიდებლობა და ისლამი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სისხლი დაღვრილა, სინამდვილეში მართლმადიდებლობას და ისლამს ბევრად მეტი აქვთ საერთო, განსაკუთრებით ცხოვრების წესის და ტრადიციების შენარჩუნების თვალსაზრისით, ვიდრე მართლმადიდებლობას და დასავლურ ქრისტიანობას. ერთ-ერთი დიდი თანამედროვე ფილოსოფოსი წერდა იმის შესახებ, რომ ჩვენ (იგულისხმება დასავლეთი) წავაგეთ ბრძოლა ისლამთან, იმიტომ რომ მათ აქვთ ფასეულობები, ჩვენ კი ეს ფასეულობები ხელიდან გვეცლება. მე არ ვლაპარაკობ აგრესიულ ისლამზე, პოლიტიზირებულ ისლამზე. ისლამურ კულტურაში მყოფი ადამიანი ბევრად უფრო დიდი პატივისცემით არის გამსჭვალული მართლმადიდებლობის მიმართ, ვიდრე დასავლური ქრისტიანობის მიმართ და ამას ძალიან სერიოზული ისტორიული საფუძველი აქვს - მართლმადიდებლებს არ მიუღიათ მონაწილეობა ჯვაროსნულ ლაშქრობებში. მათ წილი არ უდევთ იმ ბარბაროსობაში, რომელიც ჩაიდინეს ჯვაროსნებმა იერუსალიმში. ისლამი თავისი ცხოვრების წესით უფრო ჰგავს ქართულ ცხოვრების წესს: ეს არის ტრადიციების პატივისცემა, უფროსის პატივისცემა და ა.შ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი არის მუსლიმი. დაპირისპირება ქვეყნის შიგნით ქრისტიანებს, მუსლიმებს და იუდეველს შორის ჩვენთან არასოდეს ყოფილა. ანუ ჩვენ გვაქვს ტოლერანტობის ის ფორმულა, რომელიც არ ჰქონიათ ევროპელებს.

 

"ნეტგაზეთის" მიერ გამოქვეყნებული მასალა:

დისკუსია საფრთხეებზე, თუ რელიგიური შუღლის გაღვივება

რა საფრთხეებს უქმნის საქართველოს “არატრადიციული რელიგიური მიმდინარეობის საქმიანობა” - ეს საკითხი შეარჩია "ევრაზიის ინსტიტუტმა" კონფერენციის თემად, რომელიც დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გაიმართა.

ევრაზიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე აცხადებს, რომ “ბოლო დროს მომრავლებული რელიგიური სექტების” საქმიანობა პოლიტიკურ ხასიათსაც ატარებს და აუცილებელია ამის შესახებ სახელმწიფოს და საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდოს.

"ტოლერანტობის ცენტრის" ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი კი აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ტერმინ “სექტას” არ ცნობს:

 “არანაირი სამართლებრივი მექანიზმი და სამართლებრივი ჩარევის შესაძლებლობა სახელმწიფოს არ აქვს ამა თუ იმ რელიგიური გაერთიანების საქმიანობაში და ამგვარი შეხვედრები მხოლოდ შუღლს აძლიერებს რელიგიურ ნიადაგზე”, – აცახდებს ბექა მინდიაშვილი.

“საქართველო პლაცდარმად იქცა აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, შუა აზიის რელიგიური ლიტერატურით მოსამარაგებლად. ირანელი მოქალაქეები რომ ჩამოდიან საქართველოში, მათ ხელში ჩრიან რელიგიურ, სექტანტურ ლიტერატურას, მიდის დიდი პროპაგანდა. აზერბაიჯანში და ირანში შეშფოთებული არიან, რომ საქართველო გახდა პლაცდარმი მათ ქვეყნებზე სამუშაოდ, როგორც რელიგიური სექტების, ასევე, ამ სექტების მანტიაში გახვეული სხვადასხვა ჯურის სპეცსამსახურებისათვის. გამომდინარე აქედან, ჩვენ ძალიან სიფრთხილე გვმართებს და ამ პრობლემაზე სახელმწიფოს და საზოგადოების ყურადღების გასამახვილებლად შევიკრიბეთ”, – განაცხადა გულბაათ რცხილაძემ. მისი თქმით, უცხო ქვეყნებიდან "სხვადასხვა სექტების" შემოსვლის საფრთხეს ლიბერალური სავიზო რეჟიმი აძლიერებს.

შეხვედრას ესწრებოდა ყოფილი პარლამენტარი ჰამლეტ ჭიპაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში სხვადასხვა რელიგიური დაჯგუფებების შემოსვლა ადრეული პერიოდიდან დაიწყო:

“შემოსვლის პროცედურები იმდენად მძლავრი იყო ფინანსურად, რომ მას მთელი საზოგადოებაც კი ვერ აღუდგებოდა წინ, იმ პერიოდში ამერიკის ელჩი პარლამენტში მოვიდა და თავს უფლება მისცა ჩვენთვის მოეთხოვა, ბასილ მკალავიშვილის საქციელი დაგვეგმო. დღესაც იგივე გრძელდება, რადგან როგორც ძველი, ახალი ხელისუფლებაც ამ ხალხს ამის გასაქანს აძლევს”.

ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკისა და ირანის დაპირისპირების ფორმებზე საუბრობს:


“დღეს მოიყვანეს მაგალითები, რომ ირანიდან ჩამოფრენილ რეისებს ხვდებიან რაღაც ჯგუფები და ლიტერატურას აჩეჩებენ ხელში, საქართველო გახდა პოლიგონი, რომ ირანიდან ჩამოსულს რაღაც შეაჩეჩოს არა ქართველმა, არამედ ისევ უცხოეთიდან ჩამოსულმა, ხშირად ამერიკის დაინტერესება ირანის მიმართ ამ ფორმებსაც იღებს. შუაგულ თბილისში რაღაც ფარდული დგას, ჯვარი აქვს გამოსახული და სპარსული წარწერებია, ესეც რაღაც რელიგიური ლიტერატურაა, რომელიც მიმართულია ირანის მოქალაქეებზე”, - განაცხადა ნანა დევდარიანმა.

ბექა მინდიაშვილის განცხადებით, "ევრაზიის ინსტიტუტი" და მათი მომხრეები რუსეთზე ორიენტირებული არიან და მათი მხრიდან მსგავსი განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების დემონიზაციას ისახავს მიზნად:

“სახელმწიფო არ საზღვრავს იმას, თუ რომელია ტრადიციული რელიგიური გაერთიანება და რომელი არატრადიციული, კონსტიტუცია იცავს რელიგიის თავისუფლებას, ამავდროულად, სინოდი, 2011 წლის დადგენილებით, საქართველოში რწმენის თავისუფლებას აღიარებს და აცხადებს, რომ ყველა რელიგიური გაერთიანება და ნებისმიერი მრწამსის ადამიანი უნდა იყოს თანასწორი კანონის წინაშე. ამ ტიპის განცხადებები ხელს უწყობს შეუწყნარებლობის გაღვივვებას. განცხადებები, რომ სექტების მხრიდან საქართველოს საფრთხე ემუქრება და ამ სექტების მიღმა გაურკვეველი ძალები დგანან, ჩვეულებრივი კარგად ნაცნობი შეთქმულების თეორიების თხზვაა. საქართველომ უკვე გამოიარა ეს ეტაპი, ბასილ მკალავიშვილის და შარაძის პერიოდი”, – აცხადებს ბექა მინდიაშვილი.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"