ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
14.02.2013
ახალი ხელისუფლების მუშაობის 100 დღე

პოლიტიკური დაძაბულობის ტემპერატურამ გასულ კვირას ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პოლიტიკური შოუ პრემიერ-მინისტრმა გახსნა, ხოლო პრეზიდენტმა, კვირის ბოლოს, დახურა. შუაში კი იყო პარლამენტის ორი ფრაქციის - უმრავლესობისა და უმცირესობის პაექრობა ანუ უფრო ზუსტად წყლის ნაყვა, რამეთუ პრეზიდენტის ფუნქციების შეზღუდვასთან დაკავშირებით უმცირესობის დაყოლიება იმთავითვე შეუძლებელი იყო.

არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ამ სამი მოვლენიდან საზოგადოების ინტერესი გაცილებით მეტი იყო პირველისადმი, ვინაიდან ძალაუფლების ბერკეტი პრემიერის ხელშია და რახან ეს ასეა, მისგან მოელის საზოგადოება პრაქტიკულ ნაბიჯებს და არა პარლამენტისგან ან პოლიტიკურ საიქიოში მიმავალი პრეზიდენტისგან.

 გაუმართლა თუ არა პრემიერ-მინისტრის თითქმის სამსაათიანმა გამოსვლამ ხალხს - არცთუ იოლი დასადგენია, ვინაიდან ჟურნალისტებთან გამართულ პრეს-კონფერენციას თან სდევდა, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მომენტები. ობიექტური შეფასებით, დადებით-უარყოფითი განწყობა თანაბარი გამოდგა, თუმცა საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე, არა „ნაციონალურზე“, პრეს-კონფერენციამ უდავოდ ნეგატიური შთაბეჭდილება დატოვა.

100 სამუშაო დღის შეფასება ხელისუფლებისთვის ახალი ხილია - უცხოეთიდან გადმოღებულ-ატაცებული და ერთობ მოუხერხებელი ქართული პოლიტიკური სივრცისთვის, განსაკუთრებით ქართული პოლიტიკური აზროვნებისთვის. რატომ არის მიუღებელი ასდღიანი შეფასება საქართველოს ან მსგავსი ქვეყნებისთვის?

უპირველესად იმიტომ, რომ ახალგაზრდა ქვეყნისთვის, ქორფა პოლიტიკური სისტემითა და პოლიტიკოსებით, ჩამოუყალიბებელი სახელმწიფო სტრუქტურებითა და გაუმართავი აპარატით, შეუძლებელია 100 დღეში გაწეული შრომის ზუსტი ან მიახლოებითი შეფასება, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც წინა ხელისუფლების მიერ ჩაოხრებული საქმე არ იძლევა ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას.

100 დღის მუშაობის შეფასება იქ ჩვეულებრივი რამ არის და არა იმიტომ, რომ იქ გაცილებით გონებაგახსნილები არიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი მრავალი ათეული წლის განმავლობაში არიან ასეთები, გარდა ამისა ნაკლებად კორუმპირებულები, ნაკლებად ზარმაცები. ისინი ნულიდან არ იწყებენ. მათ არ ხვდებათ მიწასთან გასწორებული ქვეყანა, რასაც სამწუხაროდ აქ აქვს ადგილი.

ოცი წლის დამოუკიდებლად ცხოვრების მანძილზე საქართველოში მეოთხე ხელისუფლებაა. არც ერთ მათგანს არ მიცემია შანსი იმისა, რომ თუნდაც მცირე პრობლემებით დაეწყო საქმე. ოთხივე ხელისუფლება ახლიდან იწყებდა ყველაფერს. ასე მოხდა ამჯერადაც. ივანიშვილის ხელისუფლებას არა მარტო კოჭლი ქვეყანა ერგო წილად, არამედ გაყოფილი მმართველობა, მტრად ქცეული ოპოზიცია.

მიუხედავად ამისა, მან რაღაც მოახერხა 100 დღის განმავლობაში, რის შესახებაც ვრცლად და ამაყად ილაპარაკა პრეს-კონფერენციის დასაწყისში. ამდენად, რომ არ გავიმეორო, მიღწევებზე არ გავამახვილებ ყურადღებას, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ საზოგადოებას მიღწევები ცოტად მოეჩვენა.

მაინც რა არის ივანიშვილის უმთავრესი მიღწევა? უპირველესად ის, რომ საზოგადოებაში 9 წლის განმავლობაში არსებული შიშის ფაქტორი თუ სრულიად არა, მნიშვნელოვნად დაიძლია. დაიწყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი, დამნაშავე მოხელეთა დაკავება-დაკითხვები და სხვა. ციხიდან განთავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები - წინა ხელისუფლების მიერ ტყუილი, გამოგონილი დანაშაულისათვის დასჯილნი.

ამასთანავე საზოგადოება კატეგორიულად მოითხოვს დამნაშავე წინა ხელისუფალთა დასჯას. ის ვერაფრით ეგუება აშკარა დამნაშავეთა მცირე ხნით დაკავებას და გირაოთი გამოშვებას. საზოგადოების მოთხოვნები ანგარიშგასაწევია. ზედმეტი ლოიალურობა უარყოფითად აღიქმება ხალხში, თან ხელისუფლებას უარყოფით ქულებს უგროვებს.

ივანიშვილმა ბრძანა მიღწეულ წარმატებებზე, რომლის ნაყოფი მერე გამოჩნდება. ამით ის შეეცადა გადაეფარა უსაფუძვლო წინასაარჩევნო დაპირებები ენერგომატარებლებზე გადასახადის შემცირების კუთხით. დანაპირები შემცირება შეუსრულებელი დარჩება, თუმცა უმნიშვნელოს მაინც ექნება ადგილი.

სულ არარაობას „უმნიშვნელო“ სჯობს. ჩემი აზრით, გაცილებით უმჯობესი იქნებოდა, რომ მას თავისქების ნაცვლად, გულწრფელად ეთქვა - ამ ეტაპზე ტარიფების დაპირებული რაოდენობით შემცირება არ მოხერხდება, თან ბოდიში მოეხადა. პირიქით, ივანიშვილმა უყოყმანოდ აღნიშნა, რომ მან და მისმა გუნდმა ყველა დანაპირები შეასრულეს და რაც ვერ, წლის ბოლომდე ან მეოთხე წლისთავზე შესრულდებაო.

როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი მართლაც დარწმუნებულია იმაში, რომ მან შეასრულა დანაპირები. აქედან  გამომდინარე გასაკვირი არ იქნება, რომ 2-3 წლის შემდეგ გვითხრას - მე ყველაფერი გავაკეთე - თქვენ ვერ ხედავთო. მსგავსს ხალხი მიჩვეულია სააკაშვილის ხელისუფლებისგან და ამდენად აღარ „ჭამს“. რომ იტყვიან - ჰა ბურთი და ჰა მოედანი. შემოდგომაც მალე მოვა და უნდა ვიმედოვნოთ, რომ პრემიერის დაპირების ნაწილი მაინც შესრულდება.

ძნელია დაიჯერო ბენზინზე ფასების შემცირება, ვინაიდან საწვავის საერთაშორისო ბაზრიდან გამომდინარე, ათთეთრიან დაკლებას ხელისუფლების მიზანმიმართულ მოღვაწეობას ვერ მიაწერ. ბენზინის შესყიდვა-გასაღების სფეროში არსებული მონოპოლიური ყაჩაღობის სისტემა, სერიოზულ შესწავლა-გაანალიზებას საჭიროებს, რასაც სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ადგილი არ აქვს და როგორც ჩანს, არც ექნება ანტიმონოპოლიური სამსახურის ჩამოყალიბებამდე.

სერიოზული შესწავლის საგანი უნდა იყოს წამლების ფასების საკითხი. ივანიშვილისა არ იყოს, ამ დარგში მომუშავე ფირმებმა მართლაც დააკლეს ფასები ზოგიერთ მედიკამენტს, მაგრამ ზოგიერთს ისეთს, რომელსაც უზომოდ გაზრდილი ფასები ჰქონდა, და არა სხვას. ავიღოთ მაგალითად „ალზეპილი“ - წამალი, რომელიც 180 ლარი ღირდა, 80 ლარამდე შემცირდა ანუ წამლის გუშინდელ ფასს 100 ლარი მოაკლდა.

მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ რომელ ქვეყანაში, თუ არა ჩალით დახურულში, ექნებოდა ადგილი ფასების ესოდენ მკვეთრ დაკლებას? როდის იყო „პე-ეს-პე“ მართალი, როდესაც 180 ლარად ყიდდა წამალს თუ დღეს, როდესაც 80 ლარად ყიდის? „საწყალი“ „პე-ეს-პე“, ასე ხომ შეიძლება გაკოტრდეს? მაგრამ ეს ფირმა და მისი შეფი აშკარად არ ჩანს ისეთი, რომ თავს რაიმე მოაკლოს, მით უმეტეს მომხმარებლის სასარგებლოდ - დასტურად „ნიუ ჰოსპიტლის“ (ფირმის საკუთრება) „მომსახურეობაც“ კმარა. ასე, რომ პრემიერის ხმამაღალი განცხადება წამლების გაიაფებასთან დაკავშირებით ჯერაც ბევრ შრომას მოითხოვს.

პრეს-კონფერენციამ ბევრი ისეთი ნიუანსი გააშიშვლა, რომელმაც არცთუ ჯანსაღი რეაქცია გამოიწვია ხალხში. მაგალითად, პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხი. ბატონი ბიძინას აზრით, ამ პროცედურის განხორციელება იმიტომ არის აუცილებელი, რომ იოლად აკონტროლოს პარლამენტი. სწორედ ეს ფრაზა აიტაცა უმცირესობამ და მომაბეზრებლად, თუმცა სამართლიანად ატრიალა საპარლამენტო დებატების მსვლელობის დროს.

არადა, ივანიშვილი მართალი იყო, ოღონდ თავისი სიმართლე სჯობდა გულში შეენახა, ხოლო საჯაროდ სხვა სიტყვები გამოეყენებინა.

სააკაშვილს არაერთი ახირება განუხორციელებია ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში. მათ შორისაა პარლამენტის ქუთაისში გადატანაც. სახელმწიფო დაწესებულებების საქართველოს სხვადსხვა კუთხეებში მიმობნევა აშკარა დანაშაულია, რამეთუ აუარესებს ქვეყნის მართვის სისტემას, ზრდის საბიუჯეტო ხარჯებს, ასუსტებს ოპერატიულობას, შლის ადამიანურ კავშირებს და სხვა.

მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში, გარდა თითო-ოროლისა, ვერ იხილავთ პარლამენტს დედაქალაქის გარეთ. ქუთაისში გადატანილმა პარლამენტმა რომ დააკნინა კანონშემოქმედებითი მუშაობა და ოპერატიულობა, ფაქტია. პარლამენტართა და პარლამენტის აპარატის მუშაკთა აქეთ-იქით სირბილმა არ შეიძლება, დადებითად იმოქმედოს მათი შრომის ნაყოფიერებაზე. მთავრობა და პარლამენტი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და მათი ხელოვნური გაყოფა დანაშაულია.

პარლამენტის ქუთაისში ყოფნა უცხოელებსაც ურთულებს საქმეს. მცირე ხნით ჩამოსული უცხოელი პარლამენტარები თავიანთი ქართველი კოლეგის სანახავად ქუთაისში უნდა ჩავიდნენ ან ქართველ პარლამენტარებს თბილისის რომელიმე სასტუმროში შეხვდნენ, რაც ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული. საქართველოს ბიუჯეტი ნამდვილად არ არის იმ ზომის, მსგავსი ახირება აიტანოს.

გარდა აღნიშნული დისკომფორტისა - მიუღებელია ქუთაისში პარლამენტართა და აპარატის მუშაკთა მიერ დაქირავებული ბინების საფასურის ბიუჯეტიდან ხარჯვა. და ეს ყველაფერი ე.წ. ქუთაისის განვითარების იდეის გამართლებით. ქალაქის განვითარებისთვის საფუძვლიანი პროექტია შესამუშავებელი, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს ეკონომიკურ-კულტურული გეგმის შემუშავება, ადგილობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით. მსგავსი რამ უნდა შემუშავდეს ყველა ქალაქისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის თავკომბალობა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება.

რა მოიგო ბათუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადატანით? არაფერი, ქვეყანამ კი იზარალა, თანაც სერიოზულად. ერთი კაცის, თუნდაც პრეზიდენტის ხუშტურზე არ უნდა დადიოდეს ქვეყანა და ეს უნდა შეიგნოს ყველამ - პოლიტიკაში დღეს მყოფმა თუ პოლიტიკაში მოსვლის მსურველმა. ჰარი-ჰარად ნასროლ იდეებს არა მარტო მსუყე საბიუჯეტო თანხები ეწირება, არამედ ფუჭი შრომაც.

ივანიშვილის მიერ უნებლიედ (ვფიქრობ ასე იყო) წამოსროლილ წინადადებას პარლამენტის კონტროლთან დაკავშირებით სხვაც მოჰყვა, რომელმაც აშკარად დაგვანახა, რომ კონტროლის სურვილსა და კონტროლის განხორციელებას შორის დიდი ზღვარია.

პარლამენტის კონტროლის მსურველ პრემიერს მინიმუმ კონტროლქვეშ უნდა  ჰყავდეს ის ორგანო, რომელიც უდავოდ მოითხოვს მის, როგორც პრემიერ-მინისტრის მკაცრ კონტროლს - ეს მთავრობა და პრემიერის აპარატია. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა - ერევანში, დავოსში ვიზიტებმა და პრეს-კონფერენციამ გამოავლინა სრულიად საწინააღმდეგო რამ, ანუ უკონტროლობა, სახელმწიფო მართვის მანქანის ჩამოუყალიბებლობა, აუცილებელი სახელმწიფო სუბორდინაციის არარსებობა, სახელმწიფო მოხელეთა სრული უცოდინარობა ამ არც თუ უმნიშვნელო საქმისა.

ჩვენდა და რაც მთავარია ივანიშვილის სავალალოდ, პრეს-კონფერენციაზე შევიტყვეთ ვიცე-პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის ალასანიას უცხოური, მე ვიტყოდი სალაღობო ვოიაჟების შესახებ. მინისტრი თავს უფლებას აძლევს, პრემიერის დაუკითხავად გაემგზავროს უცხოეთში, თანაც სამ ქვეყანაში. მსგავსი გაუგებრობა არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. გამგზავრების შესახებ პრემიერ-მინისტრი, თავის მხრივ ხელქვეითთა კონტროლის მსურველი, ჟურნალისტებისგან იგებს საკუთარი მინისტრის მოგზაურობის თაობაზე.

სახელმწიფო აპარატი, თანაც ნებისმიერი ქვეყნისა, იერარქიული, რანგობრივი დაქვემდებარების მთავარი ინსტრუმენტია. აქედან მოდის სახელმწიფო დისციპლინა, შრომისადმი გულწრფელი დამოკიდებულება, სახელმწიფო დავალებების შესრულება, მოხელეთა ერთმანეთისადმი და ქვეყნისადმი პატივისცემა.

აწყობილი სახელმწიფო მანქანა წარმატებით უნდა აკონტროლებდეს სახელმწიფო სისტემის ნებისმიერ რგოლს, ვინაიდან, სახელმწიფო რგოლების ეფექტიან მუშაობაზეა დაყრდნობილი ქვეყანა. როგორც კი ქვედა რგოლები შეამჩნევენ ზედათა ცუღლუტობას, ფუქსავატობას, ზერელეობას, კორუმპირებულობას, გულს აიყრიან პატიოსან შრომაზე და ზემდგომთა დარად ლაზღანდარობას მიჰყოფენ ხელს.

სახელმწიფო აპარატის აუწყობლობამ, განსაკუთრებით ბოლო ცხრა წლის განმავლობაში გამოვლენილმა შეგნებულმა თუ შეუგნებელმა ქმედებამ, ავხორცობამ, სახელმწიფო ფულის ხარჯვამ და სალაღობო ვოიაჟების მოწყობამ, შეუყენა წყალი ნაცებს და არა მარტო მათ, არამედ სახელმწიფოს.

ფუჭად ჩაიარა თავისუფლების ოცმა წელმა არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ სახელმწიფო მანქანის ჩამოყალიბებისთვის. და მე-20-ე წლისთავზე რაც დავინახეთ ისაა, რომ მსგავსი მანქანა საქართველოში აშკარად არაეფექტიანია, უფრო სწორად ბერწია. სხვას ვერაფერს იტყვი, როდესაც პრემიერ-მინისტრმა არ იცის, სად იმყოფება მისი მინისტრი. მინისტრმა არ იცის, რომ კაბინეტიდან გასვლის წინ პრემიერს უნდა შეუთანხმდეს - სად და რისთვის მიდის. თუ იცის და შეგნებულად აკეთებს - პრემიერის ფეხებზე დაკიდებაა. და ეს ორივე შემთხვევა - დანაშაულია.

არის სხვა საკითხიც, არანაკლებ მნიშვნელოვანი - ვისი ფულით იმყოფებოდა ალასანია უცხოეთში? არა მგონია საკუთარით. ბიუჯეტის ფულით ანუ საქართველოს მოსახლეობის შრომით მოპოვებული ფულით. რა გამოდის? ის, რისთვისაც ნაცებს ვლანძღავდით, „ოცნებელთა“ ოცნებაც ყოფილა? რას ვერჩოდით ნაცებს? თუ ამ აპეტიტით იარა ახალმა ხელისუფლებამ, ნაცებს გადაასწრებენ, რომლებმაც არც ერთი კონტინენტი, არც ერთი ქვეყანა, არც ერთი ეკზოტიკური, თანაც ძვირადღირებული მხარე უვიზიტოდ არ დატოვეს და ყველაფერი ეს - სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

ნაცებმა უცხოეთში სისტემატური ხეტიალის ტრადიცია შევარდნაძის დროს, ჟვანიას პარლამენტში ჩაუყარეს საფუძველი. მაშინ ისინი თავს „ახალგაზრდა რეფორმატორებს“ უწოდებდნენ და აქაური მძიმე ცხოვრებიდან განსატვირთავად, სისტემატურ უცხოურ ვოიაჟებს მიმართავდნენ - თვეში სამჯერ მაინც, თან „გაუთვალისწინებელი“ ხარჯებისთვის პარლამენტის ბუღალტერიიდან ხუთ-ხუთ ათას დოლარს იდებდნენ ჯიბეში, გარდა სამივლინებო თანხებისა.

და ეს ხდებოდა იმჟამინდელ გაღლეტილ საქართველოში. მოგზაურობა -მოგზაურობისთვის და არა სახელმწიფო საქმისთვის. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვოიაჟური პროგრამა კიდევ უფრო დახვეწეს, რაშიც მილიონობით სახელმწიფო ფული შთანთქეს. არადა რა სჯობს ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს, ლიმუზინებს, თვითმფრინავის პირველი კლასის სალონებს, სხვა სიკეთეებს?

როგორც ჩანს „ოცნებელებსაც“ ხიბლავს მსგავსი რამ, ისინიც ხომ ყოფილი ნაცები არიან. ხიბლავთ და ასრულებენ კიდევაც. მათ არა მარტო უცხოური ვოიაჟები ხიბლავთ, არამედ პრემიებიც. 100 დღის განმავლობაში მთავრობამ, როგორც „ავი“ ენები ამბობენ, პრემიით სამჯერ დაისაჩუქრა თავი. ხალხს? - სამი თითის კომბინაცია და „მსუყე“ დაპირება - პენსიის მიზერული თანხის გაზრდით.

ახალ ხელისუფლებას სულ სხვა მოლოდინით ეგეგებოდა ხალხი. უპირველესად სამართლიანობის აღდგენის სურვილით, გაქსუებული, გათავხედებული ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის გაუქმებით, მოხელეთა და დანარჩენ საზოგადოებას შორის სააკაშვილის მიერ შემოღებული სოციალური ზღვარის შემცირებით და ა.შ.

სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით აღნიშნულს ადგილი არ აქვს. მთავრობის შემართებიდან გამომდინარე ალბათ არც ექნება. როგორ არ ჰგავს ოლანდის (საფრანგეთი) ახალ ხელისუფლებას ივანიშვილის ხელისუფლება. ოლანდმა დანაპირება შეასრულა, პრეზიდენტის კაბინეტში შესვლისთანავე, მან და მისმა მთავრობამ საგრძნობლად შეიმცირეს ხელფასები. პრემიებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ფეშენებელური ლიმუზინებიდან ეკონომიურ ავტომანქანებზე გადასხდნენ და ა.შ. არადა ფართო საზოგადოებაში, რაოდენ დიდ სიყვარულს მოიპოვებდა, ეს რომ გაეკეთებინა ივანიშვილის მთავრობას?!

როგორც ჩანს, ქართველობა ვერ უძლებს სახელმწიფო ცდუნებას ანუ ძალას, რომელსაც მაღალი ხელფასები, ნათესავების დასაქმება, მაღალი პრემიები, გაუთავებელი უცხოური ვოიაჟები, სხვადასხვა სახის ბიზნესის „კრიშობა“ და სხვა „სიკეთეები“ მოაქვს.

„რა გაეწყობა - ასეთი ვართ ქართველებიო“, - თავი იმართლა პრემიერმა, ადამიანმა, რომელიც პირადად უნდა ებრძოდეს ჩამოთვლილ მანკიერებას. საკუთარი მაგალითით, სრულიად საქართველოს უნდა უმტკიცებდეს, რომ ასეთი ქართველი და საქართველო მიუღებელია. ვინ უნდა აღზარდოს ხალხი, თუ არა პატიოსანმა, ჭკვიანმა მთავრობამ, პატიოსანმა, ჭკვიანმა და არა ხარბმა, გაუმაძღარმა ინტელიგენციამ, გამსახურდია რომ „წითელს“ უწოდებდა?

პრემიერის მიერ საქმის ცოდნა სხვა „ნიუანსებიდანაც“ გამოჩნდა. პირველი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დაკავშირებული ამბავი, როდესაც ე.წ. დიპლომატმა ვერ შეასრულა პრემიერის დავალება და ვერ მოამზადა სომხეთში ვიზიტისთვის შესაბამისი მასალა - დიპლომატიურ ენაზე, სასაუბრო რომ ჰქვია.

მედიის მიერ დიპლომატიის „კორიფედ“ მონათლულმა ვაშაკიძემ ვერ შეასრულა დიპლომატიის ანბანი და თავის გასამართლებლად ყველაფერი ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის არასწორ კურსს მიაწერა, არადა მინისტრის მოადგილის ან ნებისმიერი დიპლომატისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგინდეს სასაუბროს მომზადება. ბუნებრივად იბადება კითხვა - სად იყო მინისტრი პრემიერ-მინისტრის უაღრესად მნიშვნელოვანი ოფიციალური ვიზიტის წინ? ნაცვლად იმისა, აქტიურად ყოფილიყო ჩართული ვიზიტის მზადებაში, თვით იმყოფებოდა ვიზიტით ბალტიისპირეთში.

ორიოდ სიტყვით ე.წ. ოფიციალური ვიზიტის თაობაზე. საზღვარგარეთ გასეირნების მსურველი მინისტრები, მათი მოადგილეები და ა.შ. პატარა შანსს არ უშვებენ ხელიდან, გაიფორმონ მივლინება. მიწვევები უამრავია სხვადასხვა ქვეყნიდან, ცხადია მიწვეულის ხარჯზე. ასე და ამრიგად მიემგზავრებიან ჩვენი „სახელოვანი“ მინისტრები, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა, მივლინებებში. არც ერთი დოკუმენტი, თუნდაც ერთფურცლიანი, მივლინების შედეგების შესახებ. მინისტრის წერილობითი ანგარიში საჭირო დოკუმენტი იქნებოდა შემდგომისათვის.

ახალი, ახლიდან იწყებს ყველაფერს - თითქოს ახალი პლანეტა აღმოეჩინოს. საქართველო იმ მნიშვნელობის სახელმწიფო არ არის, რომ მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დაოთხილმა ირბინოს მთელს მსოფლიოში. მინისტრი ყოველი დანა-ჩანგლის გაჩხარუნებაზე არ უნდა გარბოდეს. მას ისედაც ბევრი ექნება გამგზავრების შანსი იმ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნისთვის. მინისტრის ყოველდღიური საქმიანობა სამინისტროს რგოლების დახვეწა-ჩამოყალიბებას უნდა ეთმობდეს და არა უცხოეთში უაზრო ხეტიალს.

სამინისტროს უსუსტეს მუშაობაზე მეტყველებს პრემიერ-მინისტრისთვის ყოველდღიური შესაბამისი ინფორმაციის მიუწოდებლობა, რაც თვალნათლად გამოჩნდა ივანიშვილის დავოსში ყოფნის დროს. ჟურნალისტის კითხვაზე, რას იტყოდა პატრიარქის პუტინთან შეხვედრასთან დაკავშირებით, გაკვირვებულმა ივანიშვილმა გულწრფელად თქვა - არაფერი ვიციო, შემდეგ ვიღაცას უთხრა - რატომ არ მითხარიო.

ჩამოთვლილი მაგალითები ვიღაცას უმნიშვნელოდ შეიძლება მოეჩვენოს. მათ შევახსენებ, რომ სწორედ „უმნიშვნელო“ საქმეების შეუსრულებლობა იწვევს სახელისუფლებო ბზარების გაჩენას, ისეთის, რომელიც ნგრევის მომასწავლებელია.

ახალი ხელისუფლების მუშაობის 100 დღე, გარდა დაპირებული საამური ცხოვრებისა, დასაფიქრებელიცაა. ფიქრს კი ჯერაც ჩამოუყალიბებელი სახელმწიფო მანქანის გაუმართაობა იწვევს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ღრუბლებში მფრინავი ხელისუფლება ბოლოსდაბოლოს დაეშვება ბედკრული ქვეყნის მიწაზე და ხელდაკაპიწებული შეუდგება შავ-თეთრი სამუშაოების კეთებას.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი

 

განხილვა ფორუმზე (
Fatal error: Call to undefined function curl_init() in /home/geurasia/polit/class/ipb_forum.class.php on line 183