ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ტრიბუნა
09.02.2013
რამდენად ემთხვევა ერთმანეთს კავკასიის რეგიონში საქართველოსა და აშშ-ის ინტერესები

როგორც ცნობილია, დიპლომატია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, რომელიც უცხო ქვეყნებთან ურთიერთობაში სახელმწიფოს მიზნების შესრულებას, ქვეყნებს შორის საერთო შეხების წერტილების, შეხედულებებისა და ინტერესების გამოძებნას ემსახურება. დიპლომატის შეიარაღებაში «ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი»- პრინციპია ერთ-ერთი მთავარი, რამეთუ ამ პროფესიის ადამიანებს და პოლიტიკოსებს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ისინი ხომ ვალდებულნი არიან კარგი დიპლომატებიც იყვნენ.

როგორც ჩანს, აღნიშნულ საკითხში კარგად ერკვეოდნენ ჩვენი სახელოვანი წინაპრები: ერეკლე მეორე, ილია ჭავჭავაძე, სხვები და სხვები, რომლებიც რეალურად აფასებდნენ რა ჩვენს დიდ და ძლიერ მეზობელს, მაქსიმალურად ცდილობდნენ არა სულსწრაფობითა და აგრესიული რიტორიკით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ გამჭრიახობით, სიბრძნითა და გარკვეული დათმობების გზით, რუსეთისგან მაქსიმალური «გამორჩენის» მიღებას საქართველოსთვის, კარგად იცოდნენ რა, სხვანაირად ვერაფერს გახდებოდნენ და პირიქით, შესაძლოა, ბევრად მეტი დაეკარგათ, ვიდრე მიეღოთ.

 

ამ ადამიანებს იმდენად უყვარდათ სამშობლო, რომ არ ემეტებოდათ მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად, სასწორზე შესაგდებად, ისინი არ იყვნენ ავანტიურისტები და კარგად იცოდნენ, რომ გადამეტებულ ამბიციურობას და ძლიერი მეზობლების ინტერესების გაუთვალისწინებლობას პოლიტიკაში მძიმე შედეგები მოაქვს ხოლმე...

 

უფალმა ასეთი ხვედრი გვარგუნა: საუკუნეების მანძილზე რუსეთი და საქართველო მეზობლები არიან და საფუძვლიანი ეჭვი გამაჩნია, რომ ეს მომავალშიც ასე იქნება. თუ ეს ასეა და ცხადია, რომ ასეა, მაშინ საქართველომ თავისი საგარეო პოლიტიკა, პირველ რიგში, სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ააგოს, გაითვალისწინოს რიგი ისეთი ნიუანსებისა, რომლებიც, გასაგები მიზეზების გამო, ჩვენთვის ნაკლებად მოსაწონი, ზოგი კი საერთოდ მიუღებელია.

 

 სწორედ რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლობისა და იგნორირების შედეგებს იმკის დღესდღეობით  საქართველო. ბოლო 23 წელი ამის ნათელი დადასტურებაა. როგორც აღმოჩნდა, თურმე არ ყოფილა მხოლოდ დამოუკიდებლობის დეკლარირება და აღიარება საკმარისი იმისთვის, რომ რეალურად გავხდეთ დამოუკიდებელი ქვეყანა და საზოგადოებას შევუქმნათ  მეტ-ნაკლებად მისაღები ეკონომიკური და სოციალური პირობები, ვიგრძნოთ თავი დაცულად გარეშე მტრისგან.

 

სწორედ რუსეთია ის ქვეყანა, რომელსაც 1989 წლიდან ჩვენ ხელი ვკარით და განვუდექით, საკუთარი თავისა და კიდევ ვერ გეტყვით, რის იმედად, ალბათ, იმის იმედად, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და უფალი არ გაგვწირავს... თუმცა, როგორც დრომ ნათლად გვიჩვენა, ძალიან სწორი და აქტუალური ყოფილა რუსული ანდაზა: «На бога надйся а сам не полощай», ნამდვილად _ უფალს დიდება, ის იცავს ჩვენს მრავალტანჯულ ერს, უკვე რამდენი საუკუნეა, მაგრამ, თუკი ჩვენ საკუთარი სიბრიყვით, არაკომპეტენტურობითა  და ამბიციურობით, ყოველგვარი წინასწარი გათვლების გარეშე გადავჭრით იმ ტოტს, რომელზეც მეტ-ნაკლებად ჩვენთვის მისაღებად მაინც ვსხედვართ, გავხდებით ავანტიურისტები და საკუთარი სამშობლოს ბედ-იღბალს სასწორზე შევაგდებთ, მაშინ კარგს არაფერს უნდა ველოდოთ... ამ წლებმაც კარგი ნაკლებად მოგვიტანეს, ძირითადად, ეკონომიკის ნგრევა, ტერიტორიების დაკარგვა, ხალხის გაღატაკება....

 

 დავუბრუნდეთ დღევანდელ დღეს, როდესაც ჩვენ წინასწარ  ვითხოვთ რუსეთისგან გარანტიებს – «აი, ჩვენ კი დაგიდგებით გვერდით და თქვენ რას გვთავაზობთ? დაგვიბრუნებთ აფხაზეთს და «სამხრეთ ოსეთს»? – ეს უკვე თავშივე არასწორია და გეტყვით, თუ რატომ.

 

ჩვენ არ ვართ რუსეთთან ურთიერთობების მხრივ პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რაიმე რომ მოვთხოვოთ ან, მითუმეტეს, ვაიძულოთ, რომ მან გააკეთოს. რუსეთი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი ქვეყანა თავისი გავლენით, რესურსებით, «შიშის ფაქტორის» მხრივაც, უკიდეგანო ტერიტორიებით, თუ გნებავთ, და ასე შემდეგ.

 

მოდით, შევადაროთ საქართველო რუსეთს. ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ ვართ  დიდ გულზე მყოფი მცირე ერი, რომლის ამბიციებიც აშკარად სჭარბობს მის შესაძლებლობებს. ჩვენი გავლენა თუ სიძლიერე გინდაც მსოფლიოში, თუ გნებავთ, რეგიონში, ნულს უახლოვდება. აქედან გამომდინარე, როდესაც ასეთ დიდ და ძლიერ იმპერიას ვესაუბრებით თუ მივმართავთ, ტონიც შესაბამისი უნდა გვქონდეს.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენი წინაპრების ბრძნულმა და პრაგმატულმა ქმედებებმა თავისი შედეგი გამოიღო _ გასახლეჩად და გასაძარცვად განწირული ქვეყანა 90-იან წლებამდე შემოგვრჩა მეტ-ნაკლებად ჩვენთვის მისაღებ ტერიტორიულ ფარგლებში და ეკონომიკურ მდგომარეობაში, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ შიმშილობდა და არ იყო დაბეჩავებული, ისე, როგორც დღესაა.

 

სსრკ-ის რესპუბლიკებს შორის საქართველო და მისი მოსახლეობა ერთ-ერთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვიყავით,  რისიც საშინლად შურდათ სხვებს, განსაკუთრებით ეს იწვევდა ისევ და ისევ, თავად რუსეთის გარკვეული წრეების გაღიზიანებას, თუმცა დანარჩენი რუსეთი ამას საკმაოდ გაგებით ეკიდებოდა, მათ შორის ქალბატონების უდიდესი ნაწილი, ინტელიგენციის ფართო წრეები, სხვა და სხვა. რუსეთსაც აწყობდა, საქართველო მის გვერდით ყოფილიყო და, აქედან გამომდინარე, სასათბურე პირობებსაც გვიქმნიდა ხშირად. მეორე საკითხია, რამდენად სასარგებლო გამოდგა ეს ჩვენთვის, რამდენად გააზარმაცა ჩვენი ხალხი, მაგრამ ახლა ამაზე ნუ ვისაუბრებთ, ეს ცალკე საუბრის თემაა.

 

ნელ-ნელა ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ ამა თუ იმ ფორმით სსრკ დაიშლებოდა და ისევე, როგორც სხვა დანარჩენი რესპუბლიკები, ჩვენც მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ შევეგუებოდით ახალ ამპლუაში ყოფნას, რისი გარანტიც, ცხადია,  რუსეთთან ნორმალური, კეთილმეზობლური და ერთმანეთის გათვალისწინებაზე აგებული ურთიერთობები უნდა ყოფილიყო. მაგრამ რეალურად მოხდა სულ სხვა რამ _ ზემოაღნიშნულის გაკეთება ამა თუ იმ ფორმით, ჩვენზე უკეთესად და ბევრად ნაკლები ტერიტორიული თუ სხვა დანაკარგებით შეძლო ყველა დანარჩენმა რესპუბლიკამ, ყველამ _ საქართველოს გარდა.

 

სწორედ აქ და ამ დროს იჩინა თავი საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების, რეგიონში ჩვენი რეალური ადგილის არაადეკვატურმა შეფასებამ ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან, წინდაუხედაობამ, სულსწრაფობამ, გადამეტებულმა ამბიციებმა და საკუთარი ისტორიის გაუთვალისწინებლობამ.

 

ჩვენ დავანგრიეთ ეკონომიკური, კულტურული, ადამიანური და სხვა კავშირები რუსეთთან  და ამით მოვახდინეთ თვითიზოლირება გარე სამყაროსგან, პირველ რიგში კი რუსეთისგან, შედეგად კი დავკარგეთ უსაფრთხოების გარანტია და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი მეზობელი რუსეთი მტრად გავიხადეთ, მაშინ, როდესაც ამის არანაირი ობიექტური აუცილებლობა არ არსებოდა. გავიმეორებ, რომ იმავეს გაკეთება ნაბიჯ-ნაბიჯ და გეგმაზომიერად შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ ხომ ყველაფერში პირველები უნდა ვყოფილიყავით და გავხდით კიდეც, ოღონდ პირველები _ ბოლოდან, თუ, რასაკვირველია, მოვინდომებთ განვლილი წლების კრიტიკულ ანალიზს, რეალურ შედეგებზე დაყრდნობით  ვიმსჯელებთ და არა ემოციებით, როგორც გვჩვევია.

 

პრაქტიკულად ხომ ჩვენ არანაირი «ჯოკერის» მსგავსი ხელში არ გვეჭირა და მხოლოდ ჩაის, ციტრუსების, მინერალური წყლების  იმედად გადავდგით  თითქოს თამამი, ამაყი, ემოციური, მაგრამ, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, საქართველოს  მოსახლეობისთვის  და ტერიტორიული მთლიანობისთვის დამღუპველი ნაბიჯი, ამ ეიფორიაში ისიც კი ვერ გავთვალეთ, რომ ყველაფერთან ერთად გასაღების ბაზარსაც ვკარგავდით რუსეთის ბაზრის სახით, რასაც დღემდე უმძიმესი შედეგები მოაქვს ქვეყნისთვის.

 

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ვაგინეთ ბუშს, ხელი დავუქნიეთ და «დავემშვიდობეთ» რუსეთს, ის კი ვერ გავთვალეთ, რომ რუსეთში თვლა ჩვენზე მეტად თუ არა, არანაკლებ მაინც იციან, მათ ყველაფერი, მისხალ-მისხალ, კაპიკ-კაპიკ ჰქონდათ დათვლილი, მიაჩნდათ და ახლაც მიაჩნიათ, რომ ისინი, რუსები, ჩვენი კეთილდღეობისა და ბედნიერი მომავლის შემქმნელ-განმახორციელებლები და გარანტები იყვნენ, ჩვენ კი უმადური ყოფილი უმცროსი ძმა, რომელმაც ვერ შეირგო ეს სიკეთე.

 

უნდა ვაღიაროთ, რომ ამაში სიმართლის დიდი წილიცაა _ საქართველო ხომ საჯიჯგნად იყო განწირული იმ აგრესიულ და მტრულად განწყობილ მუსლიმანურ გარემოცვაში, რომელშიაც საუკუნეების მანძილზე უხდებოდა თავის გატანა. ჩვენივე თხოვნით, რუსეთმა შეგვიფარა, საფასურად კი «უმცროსი ძმის» სტატუსით უნდა დავკმაყოფილებულიყავით... რაც, ცხადია, რომ დამოუკიდებლობის იდეით «გულანთებული» ერისთვის 90-იან წლებში მიუღებელი აღმოჩნდა, რამაც რუსეთის უდიდესი გაღიზიანება და ადეკვატური რეაქცია გამოიწვია.

 

რა მოხდა შემდეგ? ჩვენი ცხოვრებიდან თითქმის მთლიანად ამოიშალა დაახლოებით ათი წელი, რა დროსაც ჩვენზე განაწყენებულმა რუსეთმა მაქსიმალურად გასაგებად დაგვანახა ჩვენი ამბიციების არაადეკავატურობა _ დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა ერის გენოფონდის დიდი ნაწილი, უსახლკაროდ დავტოვეთ ასიათასობით ადამიანი და ოჯახი, «თავზე დავისვით» ქურდები და «ბესპრედელშჩიკები», ვერაგ და უსინდისო შევარდნაძეს მუხლებზე დავუჩოქეთ, საქართველოს მოსახლეობის 50 პროცენტმა მეორე 50 პროცენტი ფულში გადააგდო, გავხდით ამერიკის მარიონეტი, მათი ინტერესების გამტარებელი რეგიონში, სადაც ჩვენი მეზობელი არა ამერიკა, არამედ რუსეთია, რითაც, ცხადია, დამატებითი  პრობლემები შევიქმენით, გავიჭყლიტეთ რა ორი ზესახელმწიფოს ინტერესების ჭიდილში, მოვყევით შუაში და შემდგომ, ჩვენდა გასაკვირად, აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ამერიკელებიც  არ ყოფილან მთლად «კეთილი ბიძიები» და ტყუილად არ გაირჯებოდნენ ჩვენს საკეთილდღეოდ, მითუმეტეს, რუსეთს არ დაუპირისპირდებოდნენ სამხედრო ძალით. სამაგიეროდ, დღემდე ამერიკელები ჩვენს რელაქსაციას შეშფოთება-აღშფოთების მეთოდით აგრძელებენ, რაც, ცხადია, როგორც მინიმუმარაეფექტურია  «დათვის» მიერ ადამიანის დატორვის მკურნალობისას და მხოლოდ პიარზეა გათვლილი.

 

ამ ყველაფერს თუ დავუმატებთ იმას, რომ ამერიკის წახალისებითა და ხელშეწყობით  ბოლო 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის  მარიონეტი  რეჟიმის მიერ მიმდინარეობს პრაქტიკულად  ქართველობის გენოციდი,  მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და ტრადიციების გეგმაზომიერი გაუფასურება, მოსახლეობის ღირსების აყრა და უცხო ქვეყნის ტრადიციების იძულებითი დანერგვა, კიდევ უფრო ნათელი გახდება,  თუ რა უმძიმესი შედეგები მოაქვს ინფანტილურობასა და დილეტანტიზმს, სულსწრაფობასა და ავანტიურიზმს მცირე ქვეყნებისთვის.

 

2008 წელს სააკაშვილმა კიდევ ერთი, მორიგი  ავანტიურა წამოიწყო, შედეგად კი ჩვენი საჯარისო ნაწილების, ჯარისკაცების, მოსახლეობის განადგურება, უამრავი დევნილი და დამატებითი ტერიტორიების დაკარგვა მივიღეთ,  მაგრამ თურმე ნუ იტყვით, და როგორც «დიდმა» მხედართმთავარმა, საკუთარ ჰალსტუხდამგემოვნებელმა მიხეილ სააკაშვილმა ბრძანა, ამით მან  მთელ მსოფლიოს აჩვენა  რუსეთის სახე!  როგორია? ჩნდება კითხვა:  ვინ გთხოვა, ვისი შეკვეთა იყო რუსეთის სახის ჩვენება?! ვინ დგას ამის უკან?  მაგრამ, ამ კითხვებზე ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში, პასუხგაუცემელი გვრჩება სხვა, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა:  ყველაფერი ხომ შედეგებით იზომება _  ყირმოთ ომ მგპთ ყვეჩ?! რა თქმა უნდა, არა! თუმცა კოსმოპოლიტი სააკაშვილისთვის ეს პასუხი მიუღებელი იყო, მან ხომ  უდიდესი გმირობა ჩაიდინა, როცა რუსეთის პროვოკაციას წამოეგო და მისი სახე მსოფლიოს დაანახა....

 

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქართველოს საზოგადოების, პირველ რიგში კი, ინტელიგენციის ნაწილის უღირსი ქმედება, რომელიც, ამ ყველაფრის მიუხედავად, სააკაშვილის დაკრულზე, მის მიერ საკუთარი თავის გასაპიარებლად და სარეაბილიტაციოდ მოგონებულ ჯაჭვში ჩაება და ქვეყნის დამაქცევარი «ვაიმხედართმთავარი» მთელი მსოფლიოს თვალში კიდევ ერთხელ გააპიარა და დაჩაგრულ რაინდად წარმოაჩინა «სარკო, სარკოს» და «მიშა, მიშას» შეძახილების თანხლებით.

 

ამ უაზრო ომით მოგებული კი მხოლოდ აშშ დარჩა, ისიც დროებით – რუსეთის სახის ჩვენებამ ის როლი ვერ შეასრულა ბოლომდე, რისიც ამერიკელებს ეიმედებოდათ. რუსეთის გავლენა გლობალურ პოლიტიკაზე და რეგიონშიც თითქმის უცვლელი დარჩა, სამაგიეროდ საკუთარი ხალხის და ქვეყნის გაუბედურების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი სააკაშვილი, ამერიკელების პირდაპირი დახმარებითა და ხელშეწყობით, გაყალბებითა და ტყუილებით, თავზე მოაჯდა ქართველ ხალხს შემდგომი წლების მანძილზეც და დღესაც ქვეყნის პრეზიდენტის ტიტულით აღჭურვილი იკმაყოფილებს თავის ავადმყოფურ ამბიციებს.

 

დღემდე საქართველო კვლავ ამერიკის დაკრულზე ცეკვავს და მისგან მიღებულ დირექტივებს უპირობოდ ასრულებს, აშშ-ის მიერ დაფინანსებული და მსუყედ გამოკვებილი საქართველოს პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობოების უმეტესი ნაწილი, ძირითადად, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან, მათ შორის ხშირ შემთხვევაში საკუთარი ქვეყნისა და ხალხის  ინტერესების საზიანოდ და აშშ-თან ერთად, სატყუარად შემოგდებულ, მითიურ ნატოში შესვლის  იმედად, რუსეთთან ურთიერთობების მაქსიმალურად გაფუჭების ხარჯზე, საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებენ, რასაც ყველა შემთხვევაში სუვერენიტეტის საბოლოო დაკარგვა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საბოლოოდ დაშლა მოჰყვება.

 

სააკაშვილის მმართველობის თითქმის პირველი დღიდანვე და მთელი შემდგომი პერიოდის განმავლობაში, ხელისუფლების და მისი «კუდის» _ ჯიბის მედიასაშუალებების და არასამთავრობოების მხრიდან მუდმივი ანტირუსული რიტორიკისა და პროპაგანდის წყალობით, რუსეთისგან მტრის ისეთი «ხატი» შეიქმნა, რომ რუსეთის ხსენებაც კი შეუძლებელი გახდა დამამცირებელი ეპითეტების გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის აგენტისა და მონის იარლიყი გქონდა უმალვე აკრული...

 

რუსეთის პოზიტიურ კონტექსტში ხსენება კი მინიმუმ სამშობლოს მოღალატის იარლიყის მიკერებით მთავრდებოდა. სააკაშვილის რეჟიმმა ამერიკის შეერთებული შტატების მითითებითა და წახალისებით ანტირუსული ისტერიის ფონი შექმნა საქართველოში, რომელიც, შესაძლოა, პირველის ინტერესებს გარკვეულწილად ემსახურება, მაგრამ საქართველოსთვის დამღუპველი და ყოვლად უპერსპექტივოა.

 

ამდენად, ჩვენ გვაქვს ორი გამოსავალი: ან დავიოკოთ ამბიციები და უპირობოდ უარი ვთქვათ ნატოში შესვლაზე, აღვადგინოთ «ეკონომიკური და კულტურული კავშირები  რუსეთთან და შევეცადოთ, საბოლოოდ არ დავკარგოთ ჩვენი სათაყვანებელი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ამა თუ იმ ფორმით მაინც დაბრუნების შანსი, შევინარჩუნოთ იდენტურობა _ სარწმუნოება  და ტრადიციები ან კიდევ ამერიკული ოცნების განხორციელებას, მათი ინტერესების გატარებას რეგიონში  შევწიროთ ჩვენი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე, საქართველო გადავაქციოთ ერთ-ერთ უსახო ქვეყნად, რომელსაც ჰქონდა ოდესღაც წარსული, მაგრამ  აღარასოდეს ექნება მომავალი.

 

კოტე ჩიკვილაძე

P.S. წინამდებარე სტატია გამოქვეყნდა "ნეზავისიმაია გაზეტაში", იხ.: Другой путь для Грузии

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"