ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
26.08.2012
კონფლიქტი სირიაში, რუსეთი და კავკასია (მე-2 ნაწილი)

განხილულ საკითხთან დაკავშირებით გვეხმაურება კიდევ ერთი რუსი პოლიტოლოგი, სტრატეგიული განვითარების მოდელირების ცენტრის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გრიგორი ტროფიმჩუკი:

 

საკითხის ისე დასმა, თითქოს სირიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე რუსეთი თითქოს იძულებული იქნება, თავის კონტროლს დაუქვემდებაროს სამხრეთი კავკასია, უფრო საქართველოსთვისაა მომგებიანი, ვიდრე რუსეთისთვის. რუსეთი რომ ისეთი აგრესიული ყოფილიყო, როგორც მასზე ამბობენ, იგი ყველაზე იოლ გზას აირჩევდა - სიტუაციის გაკონტროლებას შეეცდებოდა უფრო შორეულ მისადგომებთან - სირიასა და ლიბიაში, უფრო ადრე კი იუგოსლავიასი და სხვაგან. თუკი სიტუაცია არ არის გამოსწორებული ამ მისადგომებთან, მაშინ უშუალო სიახლოეში ეს თითქმის შეუძლებელი იქნება.

 

აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ თანამედროვე რუსეთი არ არის საბჭოთა კავშირი. რუსეთი ისეთივე საბაზრო, ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოა, როგორც ყველა სხვა ანალოგიური ფორმატის სახელმწიფო. დემოკრატები, ბოლშევიკებისგან განსხვავებით, არ აპირებენ სხვათა გამოკვებას ან დახმარებას. თანამედროვე რუსეთის შედარება ჰიტლერთან და სტალინთან კი არა, უფრო 1930-იანი წლების საფრანგეთთან შეიძლება, მაგალითად. აქტუალურია სამხრეთ ოსეთის იძულებითი დაცვის მაგალითი, სადაც თითქმის არაფერი აშენებულა, სადაც მოსახლეობა თავს მიტოვებულად უგულებელყოფილად გრძნობს.

 

სწორედ ამ მიზეზით რუსეთმა ფაქტობრივად უარი თქვა ლიბიაზე, იგივე ხდება სირიაშიც. აქედან რუსეთის პარტნიორებისთვის გამომდინარეობს მძიმე კითხვა: დაიცავს კი მოსკოვი სომხეთს, ბელორუსიას, ყაზახეთს, ტაჯიკეთს, თუკი მათ ისეთივე საფრთხე დაემუქრებათ, თუკი მათ შიგნით გააქტიურდება დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ოპოზიცია? სამწუხაროდ, ამგვარ კითხვებზე პასუხების ნაწილი ისეთ მაგალითებზე გვაქვს, როგორებიცაა 2010 წელს ყირგიზეთის სამხრეთში მომხდარი პოგრომები, როდესაც ბიშკეკმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან (ოდკბ) ითხოვა დახმარება, მაგრამ ორგანიზაციამ დახმარება მას არ აღმოუჩინა.

 

ამ ფონზე ამიერკავკასიის ქვეყნებს სერიოზული შეშფოთების საფუძველი აქვთ, ოღონდ სრულიად საპირისპირო აზრით: შეძლებს რუსეთი მათ დახმარებას, თუკი სირიის ანალოგიური დესტაბილიზაციის პროვოცირება მოხდება, ამჯერად კავკასიაში? ხომ სწორედ რუსეთი რჩება ერთადერთ ძალად, რომელსაც თეორიულად შეუძლია ესკალაციის შეჩერება, რადგან ჩინეთი აშკარად არაა მზად, დაიცვას კავკასია ადგილობრივი აჯანყებული ჯარებისაგან. მეტი ძალა მსოფლიოში უბრალოდ არ არსებობს.

 

თავის დროზე მეზობელი რესპუბლიკები რუსეთს იმიტომ კი არ ჩამოცილდნენ, რომ იგი ძლიერი და აგრესიული იყო, არამედ პირიქით, რომ იგი გახდა ზედმეტად რბილი და უწყინარი. გამომდინარე აქედან, ნატოს ნაცვლად ოდკბ რომ ამყარებდეს თავის წესებს ლიბიაში, სწორედ მაშინ მოინდომებდნენ საქართველოც და დანარჩენებიც რუსეთთან დაახლოებას.

 

ამრიგად, საკითხი მდგომარეობს არა იმაში, რომ რუსეთი მოახდენს სამხრეთ კავკასიის „ოკუპაციას“, არამედ იმაში, შეძლებს თუ არა იგი რეგიონის რეალური უსაფრთხოების შენარჩუნებას იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის ხალხები შეევედრებიან მას ამის გაკეთებას. სწორედ მაშინ, როდესაც კავკასია ჩავარდება ყველაზე ცუდ მდგომარეობაში, მოსკოვი უნდა გახდეს ამიერკავკასიის ქვეყნების ბოლო იმედი და შენარჩუნდეს „სომხური დერეფანი“. ამაში თვით აზერბაიჯანიც არის დაინტერესებული, რომელმაც არ იცის, რას უნდა ელოდოს ირანთან დაკავშირებული მომავალი ამერიკული პროექტებისგან.

 

მეორეს მხრივ, ცუდი არ არის, რომ რუსეთის სადღაც ჯერ კიდევ ეშინიათ. როგორც ნათქვამია - ეშინიათ, მაშასადამე, პატივს გცემენ. მძლავრი საბჭოეთის „საფუარი“, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ჯერ კიდევ მოქმედებს. თუკი საქართველოში დიმიტრი მედვედევს დიდ მხედართმთავრად და ბელადად მიიჩნევენ, რომელმაც 2008 წელს კავკასიურ ტერიტორიებზე კონტროლის დაწესება შეძლო, ყოფილი პრეზიდენტისათვის ეს მეტად საპატივსაცემო დახასიათებაა, რომელსაც იგი არასოდეს ღირსებია თვით რუსეთის შიგნითაც-კი.

 

ამიერკავკასია დგას დიდი გადანაწილების წინაშე. თუკი დასავლეთი ირანის განადგურებას მოახერხებს, დასავლური კოალიცია პირდაპირ გამოდის კასპიისა და კავკასიის ნაპირებთან და რესურსებთან. თურქეთის, საქართველოს და სხვა რეგიონული პარტნიორების დახმარება მას უკვე დანამდვილებით აღარ დასჭირდება. ამ შემთხვევაში მცირე კავკასიური ქვეყნები ვეღარაფერს შეცვლიან, მათ უბრალოდ გვერდით მოისვრიან.

 

დღეს საქართველოცა და აზერბაიჯანიც ცდილობენ, დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული წინააღმდეგობებიდან საკუთარი თავისათვის მაქსიმალური სარგებელი ნახონ. მაგრამ არ შეიძლება ასეთი გულუბრყვილობა: ლიბერალურ სამყაროში არავინ და არასოდეს გამოკვებავს ვინმეს მუდმივად, და არც ფულით დაეხმარება. ამის გაკეთება მხოლოდ უცნაურ საბჭოთა კავშირს შეეძლო, რომელიც კავკასიაში აშენებდა ქარხნებსა და ფაბრიკებს, უფასოდ ასწავლიდა ადგილობრივ ბავშვებსა და მათ მშობლებს ურიგებდა უფასო ბინებს. დრო, როდესაც „მზიანი კავკასია“ საბჭოთა სამოთხედ ითვლებოდა, ხოლო მოსკოვში მიიჩნევდნენ, რომ ქართველები საერთოდ არ მუშაობენ, დიდი ხანია, დასრულდა. ამჟამად კავკასია ხდება ბრძოლების არენად, სიკვდილისა და ოკუპაციის ადგილად, მოსკოვი ამაში ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე.

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"