ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
19.04.2012
ეგვიპტეში საპრეზიდენტო კამპანია იწყება

ყველაზე დიდი მოსახლეობის მქონე არაბულ ქვეყანა ეგვიპტეში, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა საპრეზიდენტო კამპანია, ხოლო არჩევნებამდე რამდენიმე კვირა დარჩა. 2011 წელს ეგვიპტე მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, როცა იქ მიმდინარეობდა მრავალწლოვანი მმართველის და დიქტატორის, ჰოსნი მუბარაქის საწინააღმდეგო გამოსვლები, რომლებიც მისი დამხობით დასრულდა.

ამ რევოლუციამ აზრთა სერიოზული სხვადასხვაობა გამოიწვია მსოფლიოში. ღიად მის წინააღმდეგ თითქმის არავინ წასულა, გარდა, შესაძლოა, საუდის არაბეთის მმართველი წრეებისა, თუმცა ყველა დაინტერესებული მხარე ცდილობდა მოვლენების სათავისო ინტერპრეტაცია მოეხდინა. დასავლეთში იმედოვნებდნენ, რომ ეგვიპტის, ტუნისის და სხვა ქვეყნების რევოლუციიები „დემოკრატიას“ ჩაუყრიდნენ საფუძველს, ხოლო ისლამური ქვეყნები აქცენტს ისლამის როლის გაძლიერებაზე აკეთებდნენ.

როგორც ჩანს, ეს მეორე ვარაუდი უფრო ახლოს აღმოჩნდა რეალობასთან, რადგან შარშან წლის ბოლოს ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ეგვიპტეში, ისლამისტური პარტიების აშკარა უპირატესობა აჩვენა. პირველ ადგილზე გავიდა ერთ დროს ექსტრემისტულად და ტერორისტულად შერაცხული „მუსლიმი ძმების“ პარტია, ხოლო მეორე ადგილზე - კიდევ უფრო რადიკალური, ე.წ. სალაფიტები. მთლიანობაში მათ პარლამენტის ადგილების სამი მეოთხედი მოიპოვეს.

ამის შემდეგ მთავარი ყურადღება გადავიდა საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც მაისში უნდა ჩატარდეს. რამდენიმე თვის წინ, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „მუსლიმი ძმების“ პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის პოსტზე პრეტენზია არ გააჩნიათ და სხვებს დაუთმობენ ასპარეზს. მაგრამ მას შემდეგ, რაც საკუთარი კანდიდატურები წამოყენეს „სალაფიტების“ ლიდერმა, და ასევე, მუბარაქის დროინდელმა მოღვაწეებმა, მათ შორის, ყოფილი რეჟიმის ერთ-ერთმა ოდიოზურმა ფიგურამ, რომელიც უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა, ამ პარტიამაც გადაწყვიტა საკუთარი კანდიდატურის დასახელება.

შედეგად, იქმნებოდა სიტუაცია, როცა არჩევნებისთვის 3-4 ძირითადი კონკურენტი იკვეთებოდა. მათ შორის იყვნენ „მუსლიმი ძმების“, „სალაფიტების“, ყოფილი რეჟიმის და ლიბერალური საზოგადოების კანდიდატები. მიმომხილველების შეფასებით, ყველაზე დიდი შანსები ჰქონდათ „მუსლიმი ძმების“ წარმომადგენელს ალ-შატერს და არაბთა ლიგის ყოფილ გენერალურ მდივანს, ზომიერ ლიბერალს ამრ მუსას. ასევე სერიოზულ კანდიდატად ითვლებოდა მუბარაქის ყოფილი თანამებრძოლი ომარ სულეიმანი, თუმცა გამარჯვების შანსები ნაკლებად ჰქონდა.

მაგრამ სიტუაცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც ეგვიპტის პარლამენტმა აუკრძალა მუბარაქის რეჟიმის მაღალჩინოსნებს არჩევნებში მონაწილეობა და თანამდებობების დაკავება 10 წლით. ამის შედეგად სულეიმანი არჩევნებს გამოეთიშა. თითქოსდა, ალ-შატერის გამარჯვება გარდაუვალი ხდებოდა, მაგრამ ეგვიპტის უმაღლესმა სასამართლომ მასაც და კიდევ რამდენიმე კანდიდატს, მათ შორის „სალაფიტების“ ლიდერს, ასევე აუკრძალა არჩევნებში მონაწილეობა.

ამან მკვეთრად დაძაბა მდგომარეობა ეგვიპტეში. პარასკევს „მუსლიმმა ძმებმა“ და „სალაფიტებმა“ მრავალათასიანი დემონსტრაციები გამართეს და დროებით ხელისუფლებას დაემუქრენ, რომ თუ მათი წარმომადგენლები არ იქნებიან დაშვებული არჩევნებზე, რევოლუცია თავიდან დაიწყება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ „მუსლიმი ძმების“ რეიტინგი კვლავინდებურად მაღალია და მათ შესწევთ უნარი, ასობით ათასი მომხრე გამოიყვანონ ქუჩაში. დროებით მმართველ სამხედრო საბჭოს, როგორც ჩანს, გაუჭირდება მათი მოთხოვნების იგნორირება. თუ ეს ასე მოხდა და არჩევნებში „მუსლიმი ძმების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გაიმარჯვა, მაშინ მთელი ძალაუფლება ეგვიპტეში, ფაქტიურად მათ ხელში აღმოჩნდება, რადგან პარლამენტშიც უმრავლესობა ჰყავთ. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ეგვიპტის საგარეო პოლიტიკა უფრო დამოუკიდებელი და ისლამისტური გახდება, რაც კიდევ უფრო რთულს და საინტერესოს გახდის სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"