ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
29.01.2012
პუტინის მორიგი „აღიარებითი ჩვენება“ კი არა, გზავნილი ქართველებს

ეს ბოლო კვირაა, ქართული მედიის მთავარი სალაპარაკო თემა, რუსეთის ახლანდელი პრემიერის და მარტიდან უეჭველად პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოულოდნელი მიმართვაა ქართველი ხალხისადმი.

დიახ, ხალხისადმი და არა მომავალი და მით უმეტეს, ახლანდელი ხელისუფლებისადმი.

რატომ მოულოდნელი? იმიტომ რომ რუსული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, არავის რომ არ უხსენებია საქართველო, ვლადიმერ პუტინმა, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე, საკმაოდ ვრცლად ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ბოლო დროინდელ ურთიერთობებზე. უფრო სწორედ, ამ ურთიერთობების პრაქტიკულად არ არსებობაზე...

პუტინის მიმართვის, ჩემის აზრით გულწრფელი პათოსი, თითქმის თანაბრად მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც მმართველი მიშნაცებისთვის, ასევე რესპუბლიკელების თამადობით იმ ოპოზიციისათვისაც, ვინც წლეულსვე აპირებს არჩევნების გზით ხელისუფლების ჩანაცვლებას. დიახ, ჩანაცვლებას, რადგან ჩანაცვლებასა და შეცვლას შორის, როგორც დიდი შოთა იტყოდა – „შუა უზის დიდი მზღვარი“ და ამაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ ქართველი საზოგადოების გონიერ, ანალიზის უნარის მქონე ნაწილში.

მაგრამ ეს სხვა თემაა და ამაზე სხვა დროს...

მიშნაცებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, აკუკი მინაშვილების და ნუგზარ წინკლაურების პირით, ამ ყველაფერს პუტინის „მორიგი აღიარებითი ჩვენება“ უწოდეს იმის შესახებ თუ ვინ და რატომ დაიწყო 2008 წლის აგვისტოში ომი. მორიგი, რადგანაც ამ მიმართებით პირველ აღიარებად დიმიტრი მედვედევის „ჩვენება“ ითვლება.

ხოლო ბიძინაჩვენის ოპოზიციაში ვერავითარი განსაკუთრებული ვერ აღმოაჩინეს და ეს მიმართვა, პუტინის წინასაარჩევნო პიარს მიაწერეს მხოლოდ. თუმცა, ყასიდად ისიც აღინიშნა, რომ ნატოსკენ სწრაფვასთან ერთად, რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაა საჭირო. რაც ერთმანეთს გამორიცხავს. ეგეც არ იყოს, ქართველი საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნა, არა „დალაგებაა“ (დალაგება ოთახის გამიგია, აი, „უბორკასაც“ რომ ეძახიან), არამედ იმ კეთილმეზობლური, უფრო მეტიც, ყოფით დონეზე რუს-ქართველთა შორის უაღრესად თბილი, მეგობრული (და არა მარტო ე.წ. შემოქმედებით ელიტებს შორის) ურთიერთობების აღდგენაა!

რასაც, მიუხედავად რუსი ერის გენეტიკურად და აქედან სავსებით ლეგიტიმური თუ არა, გასაგები და ახსნადი იმპერიული მენტალობისა, მაინც ახერხებდნენ ჩვენი ძველები!

და ვინ ვისი მონა, ან მსახური იყო, ეგ კიდევ საკითხავია...

„ვინც ერთხელ უკვე გაიკვლია გზა რუსეთისკენ და პუტინს ხელი ჩამოართვა“ _ პალიკო კუბლაშვილის ამ „სხარტ“ ნიშნისმოგებას თუ გავიხსენებთ, რომელიც ხშირად ტრიალებს „მაესტროს“ სარეკლამო რგოლში (ვისაც უგებს ნიშნს, არც ეგ არის საიდუმლო) და წინამდებარე წერილის თემას მივუსადაგებთ _ ჩვენმა წინაპრებმა ამ 200 წლის წინ გაიკვლიეს გზა რუსეთისკენ და იმ გზებით მატერიალური თუ სულიერი ფასეულობების შემოზიდვა დაიწყეს გაპარტახებულ-დაქცეულ საქართველოში.

და თუ როგორი დაქცეული იყო იმჟამინდელი საქართველო, დიდი ილიას ციტატებს მოვიყვან მისი ბრწყინვალე პუბლიცისტური წერილიდან, „ასის წლის წინათ“. რომელიც 1899 წელს დაწერა და რუსის ჯარის საქართველოში პირველად შემოსვლის ასი წლისთავს მიუძღვნა საქართველოს უგვირგვინო მეფემ, აწ, ილია მართალმა:

... „დასუსტებული საქართველო, რომელსაც მეფე ერეკლეს სიკვდილით „რკინის კარი შეეხსნა“, უფრო კარღია შეექმნა და ადვილი საცილობელი გაუხდა გარს შემორტყმულ მტერს. ცალკე სპარსეთი, ცალკე ოსმალეთი, ხმალამოღერებულნი თავს ადგნენ დამარცხებულს საქართველოს და მუქარას, მუქარაზე უთვლიდნენ“... (რადგანაც. ავტ.)

... „ფეხის შემოდგმა რუსეთისა საქართველოში და მათი აბრუს გატეხა და თითქმის დაქვეითება დასავლეთ და მცირე აზიაში _ ერთი იყო“...

მიშნაცებს კი, ილიას სურათები მხოლოდ ანტურაჟად სჭირდებათ კაბინეტებში და მის ნააზრევთან მწყრალად გახლავან. იქამდეც კი, რომ მიხეილ მაღალს ამას წინათ გადატრიალება მოუხდენია ქართულ ისტორიოგრაფიაშიც („ც“ იმიტომ, რომ მანამდეც ბევრი რამე გადაუტრიალებია, არქიტექტურა და ა.შ.), როცა გიორგიევსკი ტრაქტატისთვის საქართველოს პირველი ოკუპაცია უწოდებია.

ამაზე „თურმეობითში“ იმიტომ ვსაუბრობ, რომ თავად არ მომისმენია მსგავსი რამ და მიშიკოს ამ „აღმოჩენაზე“ რუსეთის საგარეო მინისტრის შეშფოთებული კომენტარი წავიკითხე სოციალურ ქსელში _ ეტყობა ამას ქართველ ბავშვებს ასწავლიან სკოლებში, რაც საშიშიაო..

და მეც არანაკლებ შევშინდი და შევშფოთდი, რადგანაც შეიძლება სულ მოკლე ხანში უკანასკნელი დიდი ქართველი მეფის, ერეკლე მეორეს ძეგლის აღების მოწმენიც გავხდეთ თელავში! პატარა კახის, როგორც გეორგიევსკი ტრაქტატის მთავარი შემოქმედის და ააქედან, რუსეთის მიერ საქართველოს პირველი ოკუპაციის თანამონაწილისა.

როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე _ რა, ჭკუა დაუშლით თუ თანამდებობა?

თუ დიდიან-პატარიანად გამოვალთ ქუჩაში და არ დავანებებთ ჩვენი ისტორიის ხელყოფას?

ისე, როგორც არ დავანებეთ დავით აღმაშენებელი თბილისსა თუ ქუთაისში და გორში იოსებ სტალინი...

მაგრამ, როგორც იტყვიან, მგონი კალამი გამექცა და მთავარს დავუბრუნდეთ. ანუ რა აღიარა ამისთანა ჯერ დიმიტრი მედვედევმა და ახლა ვლადიმერ პუტინმა?

რა აღიარებითი ფაღარათი დაეწყოთ მიშნაცებს, რომ ყველა ერთად და ცალკცალკე, ვითომ ნიშნს უგებენ პუტინს _ ამათ, რუსთხელმწიფე ოფუცხოველ თუ გალელ კოჭოიაში ხომ არ ერევათ, აღიარა, აღიარაო, რომ გაჰყვირიან?

რა აღიარება და ჩვენება უნდა იმას, რომ თუ ცხვირში მოგვხვდა რუსეთის სახელმწიფოსგან, სწორედ ჩვენი ახირებული ნატო, ნატოს ძახილის გამო. დახედეთ რუკას და დაინახავთ, რომ დაწყებული ბალტიის და გაგრძელებული აღმოსავლეთ ევროპის ახლად გამოჩეკილი „ლიბერალური დემოკრატიის“ ქვეყნებით, რუსეთი პრაქტიკულად ალყაშია მოქცეული ე.წ. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამხედრო ბაზებით თუ რაკეტსაწინააღმდეგო რადარებით.

მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ვიწრო ზოლიღაა დარჩენილი და აქაც თუ რაიმე სახით შემოაღწია ნატოს ინფრასტრუქტურამ, რუსეთის სრული ალყა სახეზე იქნება.

იმ ზღაპრების, რომ ჩვენს რეგიონში აშშ-ს (დავანებოთ თავი ევროპას, რადგანაც კარგად ვიცით თუ „ვინ უკვეთავს მუსიკას“ კონკრეტულად ნატოში და მითუმეტეს გლობალურ გეოპოლიტიკაში) აქტივობა, მხოლოდ ირანული საფრთხის გამოა. და აქედან, რატომ არ გვინდა იმის აღიარება, რომ რუსეთის იძულებითი კონტრაქტივობები, აგვისტოს ომის ჩათვლით, რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, ამ შემთხვევაში ელემენტალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხდებოდა და თუ საჭირო გახდა მომავალშიც მოხდება.

ან, ჯერ პუტინ-მედვედევის „აღიარებითი ჩვენებები“ სად იყო, როდესაც, თუ არ ვცდები 2008 წლის დასაწყისში, ანუ, აგვისტოს ომამდე კაი ხნით ადრე, რუსეთის საგარეო მინისტრმა ლავროვმა განაცხადა ჩვენს საყურადრებოდ _ არ გინდივართ ქართველებს რუსები? კი ბატონო, მაგრამ ამერიკასაც ნუ შემოუშვებთ, ნეიტრალიტეეტი გამოაცხადეთო (ციტირებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ შინაარსით ნაღდად ეს იყო). რაც, როგორც ხელისუფლებამ, ასევე „ოპოზიციამაც“, ერთხმად მასხრად აიგდეს რუსეთის ეს შეთავაზება...

ახლაც დაახლოებით იგივე ხდება – ირანი-აშშ-ს (ალბათ ისრაელისაც) მოსალოდნელი და ბევრის აზრით გარდაუვალი სამხედრო დაპირისპირების წინ, ვლადიმერ პუტინის „აღიარებითი ჩვენება“ სხვა არაფერია თუ არა კეთილისმსურველის გაფრთხილება. რადგანაც რუსეთს, ამა თუ იმ ფორმით (სავარაუდოდ უფრო „იმ“, აქტიური სამხედრო ქმედებების ფორმით) მოუწევს რეაგირება მის სამხრეთ საზღვრებთან მიმდინარე, რბილად რომ ვთქვათ, ცხელ კონფლიქტზე და რუსეთის სამიზნედ ნუ იქცევითო ქართველები.

ჩვენი ხელისუფლება და ივანიშვილის ოპოზიციის რესპუბლიკური ფრთა, ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, შეხმატკბილებულად აფიქსირებენ, რომ ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში, არა გონიერი და ბუნებრივი ნეიტრალიტეტი, არამედ უგუნურად უნდა დაიჭიროს საქართველომ „სტრატეგიული პარტნიორის“, აშშ-ს მხარე.

საერთოდ კი, რუსეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობა, ეჭვიანი ცოლისა და უმადური ქმრის ამბავს მაგონებს:

ანუ, ცოლმა მომაკვდავი ქმარი მოასულიეროს, მოუაროს, ასვას-აჭამოს და მერე ამ ქმარმა პირველშემხვედრ მახინჯთან უღალატოს, ასეთ ქმარს ცოლმა ღამით ყურში მარილი რომ ჩააყაროს, ცოლს გაემტყუნება?

ასეა აქაც, 200 წლის წინ, ამერ-იმერ საქართველოს, ზრდასრული მამაკაცებით, ანუ მეომრებით, ერთი პაიჭაძის სახელობის სტადიონის შევსებაც კი გაუჭირდებოდა, 2 საუკუნე გასვას, გაჭამოს, შენს მოსისხლე და ამომგდებ მტრებთან მრავალი ომები აწარმოოს, მათ მიერ წართმეული ტერიტორიები ფორმალურად რუსეთის იმპერიას, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებს შეუერთოს, რეალურად კი ქართულენოვან კულტურულ სივრცეს დაუბრუნოს, მის იმპერიაში ფიზიკური გადაშენების რეალური პერსპექტივით შესული ერი 5 მილიონი გახდე და მოღონიერებულ-მომრავლებულმა განუცხადო – რუს „ნატაშას“, ამერიკელი „ნატო“ მირჩევნიაო, რა ჰქვია ასეთ საქციელს?

როგორც მინიმუმ, ისტორიული უმადურობა!!!

და ბოლოს ისევ დიდი ილია:

... „ამ ღირსსახსოვარ დღიდამ საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა. დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დასცხრა ომებისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლ-შვილებზე, გაქრა ცეცხლი რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამა-პაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრად-ღა დაგვრჩა. დაუდგა ახალი ხანა, ხანა მოსვენებულის. უშიშარის ცხოვრებისა, სისხლდანთხეულ და ქრისტეს ჯვრისათვის ჯვარცმულ საქართველოს, რომელიც ღმერთმა სააქაო სამოთხედ გაუჩინა ადამიანს და კინაღამ ერთ დიდ სასაფლაოდ არ გადაექცა მისს თავდადებულ შვილებს, რომელნიც უმწედ, უნუგეშ, ყველასაგან შორს, მარტოდ-მარტო იხოცებოდნენ ქრისტეს სარწმუნოების სადიდებლად და თავისის ვინაობის გადასარჩენად. დაიდვა საზღვარი მშვიდობის-მყოფელ ცხოვრებისა. ის დღეა და ეს დღე, ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს, კვლავ სასოება-გაღვიძებული მეფე და ერი, გულწრფელად მიენდო თავისს მომავალსა, დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშინით ფრთაშესხმული.

დღეს, 26 ნოემბერს 1899 წ., სწორედ ასი წელიწადია მას აქეთ“.

ამაზე მეტი და კარგად, ვინ და როგორ შეიძლება სთქვას ლიბერასტო ურწმუნო თომებო? თუ, როცა დიდი ილია ამ სტრიქონებს სწერდა, არაფერი სმენოდა გაუქმებული ბაგრატოვანთა სამეფო ტახტის, გადაღებილი ფრესკების, გაუქმებული ავტოკეფალიის, რუსი ეგზარხოსების, ეგზეკუციების თუ სხვა ბოროტებების შესახებ, რაც ვიწვნიეთ ქართველებმა რუსეთის იმპარიაში?

რა თქმა უნდა იცოდა, მაგრამ, როგორც სტალინმა უწოდა უმცირესი ბოროტება საქართველოს რუსეთთან შეერთებას, დიდი ილიაც ამასვე ფიქრობდა, მაგრამ არც ის დიდი სიკეთეები დავიწყნია, რომელიც მჰოყვა უმცირეს ბოროტებას და რომელთაც ასეთი მადლიერებით ჩამოთვლის თავის ბრწყინვალე წერილში „ასის წლის წინათ“.

თუმცა, როდესაც ამ წერილს წერდა ილია ჭავჭავაძე. რუსეთის იმპერიაში ნელ–ნელა კარგავდა ინერციას ქართველთა რუსიფიკაციის უტოპიური იდეა და რომანოვების დინასტიის მიწურულს სერიოზულად აღარავინ ფიქრობდა ამაზე. და რომ არა მსოფლიოს მასონთა შეთქმულება მართლმადიდებელი რუსული მონარქიის წინააღმდეგ, ჯერ თებერვლის ბურჟუაზიული რევოლოციის, ხოლო შემდეგ ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების სახით, საქართველო დღეს, თუნდაც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, ერთერთი განვითარებული ქვეყანა იქნებოდა კულტურული ავტონომიით.

სწორედ ამას, კულტურულ ავტონომიას ითხოვდნენ იმ ეტაპზე და არა სრულ დამოუკიდებლობას რუსეთისგან, დიდი ილიას მეთაურობით ე.წ. თერგდალეულები, 60-იანელები, საქართველოს უკეთესი შვილები. თუმცა ვინ იცის, დროთა განმავლობაში იქნებ სრული დამოუკიდებლობისათვისაც მიგვეღწია. მაგალითად, რუსეთის მონარქიის დომინიონის სტატუსით და იქნებ ქართული მონარქიის აღდგენითურთაც.

ან ისე, როგორც დღეს არსებობენ ბრიტანეთის დომინიონი ქვეყნები.

მაგრამ სამწუხაროდ ისტორიამ არ იცის იქნებ, ასე რომ ყოფილიყო და მსგავსი სენტიმენტები და ისა გვაქვს, რაც გვაქვს. უფრო მეტიც, ჩვენ, ილიაზე კიდევ მეტი ბოროტებები გვახსოვს სსრკ-ს სახით, მაგრამ რომანოვების რუსეთის არ იყოს, ბოლშევიკურ ბოროტებებსაც ახლდა სიკეთეები, თუნდაც ქართული კულტურის, ლიტერატურის, კინოს, მეცნიერების არნახული რენესანსის სახით. აღარაფერს ვამბობ პრაქტიკულად უფასო კომუნალურ მომსახურებაზე, მედიცინაზე, გაზზე და შუქზე.

სხვათა შორის სტალინის გენიამ გაშიფრა თავის დროზე ბოლშევიკებში მსოფლიო მასონების აგენტები, ტროცკისტი სიონისტების სახით და მათი განადგურებით მინიმუმ 50 წლით შეაჩერა, დღეს მიშნაცებისთვის სანატრელი, რუსეთის ჩამოშლა.

ახლა კი, ხრუშჩოვ-ბრეჟნევ-გორბაჩოვს გადარჩენილ რუსეთს, მხსნელად ვლადიმერ პუტინი და ზოგადად ახალი რუსების თაობა მოევლინა და გვინდა თუ არა, კიდევ მინიმუმ 50 წელიწადი რუსეთს ვერავინ, მათ შორის ამერიკაც ვეღარ ჩამოშლის და იქნებ ამ რეალობიდან ამოვიდეთ?

სწორად გავიგოთ პუტინის „მორიგი აღიარება“, რაც სხვა არაფერია, თუ არა ცნობილი რუსული მულტსერიალიდან „კოტ ლეოპოლდის“ რეფრენად ქცეული რეპლიკა – „Ребята, давайте жить дружно!“ რაც ასე ითარგმნება – ქართველებო, რაც იყო, იყო, მოდით ამიერიდან მაინც ძველებურად, მეგობრულად ვიცხოვროთ, ყველაფერს მოევლება, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებსაცო!

თორემ იმ თაგუნებივით კატას გამოვთხრით, თუმცა არა ლეოპოლდივით კეთილს, რომ მსუბუქ-უწყინარ წკიპურტებს დაგვაჯეროს და ახი იქნება ჩვენზე...

დავით მხეიძე

ევრაზიის ინსტიტუტის კომენტარი პუტინის განცხადებაზე: იხ. "რატომ ალაპარაკდა პუტინი საქართველოს შესახებ".

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"