ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
25.01.2012
ეგვიპტეში ახალი ხელისუფლება ჩამოყალიბდა

დაახლოებით ერთთვიანი პროცედურის შემდეგ დასრულდა საპარლამენტო არჩევნების ძირითადი ნაწილი ეგვიპტეში. არჩევნები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და აირჩეოდა პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატები.

მუბარაქის დიქტატორული რეჟიმის დამხობის შემდეგ ეგვიპტეს დროებით მართავდა სამხედრო საბჭო, რომელიც ძირითადად პროამერიკული გენერალიტეტის მიერ იყო დაკომპლექტებული. სამხედრო საბჭოსა და რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას, და ასევე პოლიტიკური პარტიების აქტივისტებს შორის პერიოდულად ხდებოდა შეტაკებები, რომელთაგან ყველაზე სერიოზული გასული წლის დეკემბერში მოხდა, როდესაც ამ შეტაკებებში ორმოცზე მეტი მომიტინგე დაიღუპა. პარალელურად მიდიოდა მზადება არჩევნების ჩასატარებლად.

როგორც მოსალოდნელი იყო, ეგვიპტის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა „თავისუფლების და სამართლიანობის პარტიამ“, რომელიც მოძრაობა „მუსლიმი ძმების“ მიერ არის შექმნილი. ვარაუდობდნენ, რომ ეს პარტია პარლამენტში ადგილების 30-35%-ს დაიკავებდა. მაგრამ საბოლოო შედეგის მიხედვით 47% აიღო, ანუ სულ ცოტა დააკლდა აბსოლუტურ უმრავლესობამდე.

„მუსლიმი ძმების“ მოძრაობა ამ ბოლო დროს ყურადღების ცენტრში მოექცა. ბევრი მსჯელობებია მისი მომავალი ქმედებების შესახებ, რაც ჯერჯერობით ვარაუდების საგანია მხოლოდ. ერთი მხრივ, მათზე „ისლამისტების“ მიკერებული იარლიყი არც მთლად შეესაბამება სინამდვილეს, მეორე მხრივ, შექმნილი სიტუაცია, როგორც ჩანს, აიძულებს ამ მოძრაობას და მასთან დაკავშირებულ პარტიას, რომ გარკვეულად „ისლამისტური“ პოლიტიკა მართლაც გაატაროს.

ამის მიზეზია ის, რომ ეგვიპტურ საზოგადოებაში არსებობს საკმაოდ დიდი მოთხოვნა ე.წ. ისლამური პოლიტიკის განხორციელებაზე. ეს ჩანს იქიდანაც, რომ საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა კიდევ უფრო რადიკალურმა ისლამისტურმა პარტიამ „ნურ“, რომელმაც პარლამენტის დეპუტატთა მეოთხედი მოიპოვა. თუმცა გამარჯვებული პარტია არჩევნების წინ აცხადებდა, რომ არ აპირებდა „ნურ“-თან თანამშრომლობას, მაგრამ ძალთა გადანაწილებამ პარლამენტში შეიძლება აიძულოს ის ამგვარ ნაბიჯზე წავიდეს.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, არჩევნებში კრახი განიცადეს ე.წ. ლიბერალურმა და ღიად პროდასავლურმა ძალებმა. მათ პარლამენტის წევრთა მანდატების 10%-ზე ნაკლები მოიპოვეს.

მას შემდეგ, რაც ახალი პარლამენტი დაიწყებს მუშაობას და ჩამოყალიბდება მთავრობა, ხელისუფლება სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. ერთ-ერთი მთავარი თავსატეხი ახალი ხელისუფლებისთვის იქნება ისრაელთან ურთიერთობების საკითხი. როგორც ცნობილია, „მუსლიმ ძმებს“ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ პალესტინურ ორგანიზაცია „ჰამასთან“. ეს უკანასკნელი ფაქტიურად „მუსლიმი ძმების“ ერთ-ერთ ფილიალად ითვლება. ამავე დროს, ჯერ კიდევ 1979 წელს ეგვიპტის იმდროინდელმა პრეზიდენტმა სადათმა გააფორმა სამშვიდობო ხელშეკრულება ისრაელთან, რომელიც დღემდე ძალაშია. რამდენიმე თვის წინ, ეგვიპტელი „ისლამისტები“ ფრთხილად საუბრობდნენ ამ თემაზე და აცხადებდნენ, რომ არ მოხდება ამ ხელშეკრულების ერთბაშად გაუქმება. თუმცა იმ პირობებში, როცა ისრაელი არავითარ დათმობებზე არ მიდის და განაგრძობს რეპრესიებს პალესტინელების წინააღმდეგ (კერძოდ, ამ დღეებში ისრაელის ძალებმა დააპატიმრეს ხუთი პალესტინელი დეპუტატი, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე), ეგვიპტის ახალ ხელისუფლებას საკმაოდ გაუჭირდება ამ დაპირების შესრულება.

კიდევ ერთი რთული პრობლემა იქნება ეგვიპტის მოშლილი ეკონომის ფეხზე დაყენება და კორუფციის შემცირება. სწორედ ამას ელოდება მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც გამწარებული იყო მუბარაქის დროს არსებული სოციალური უთანასწორობით და უპერსპექტივობით. თუ ჩამოყალიბების პროცესში მყოფმა ხელისუფლებამ ნაწილობრივ მაინც შესძლო ეკონომიკური სიტუაციის სტაბილიზაცია, მაშინ მას საშუალება მიეცემა უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკა გაატაროს. ამან კი ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა შეიძლება გამოიწვიოს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"