ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
15.01.2012
ბიძინა ივანიშვილის პოლიტ-საჭადრაკო პარტია: ძლიერი სვლა – სუსტი სვლა – ძლიერი სვლა...

ევრაზიის ინსტიტუტმა არაერთხელ მისცა შეფასება ბ.ივანიშვილის ამა თუ იმ მოქმედებას პოლიტიკურ არენაზე და, ბუნებრივია, განაგრძობს ვითარებაზე დაკვირვებას. ენერგიული და არასტანდარტული დასაწყისის შემდეგ ივანიშილმა ერთგვარი „დამუხრუჭება“ და ინიციატივის ხელიდან გაშვება იწყო. მისი ცალკეული ნაბიჯების კრიტიკული ანალიზი ჩვენს საიტზე საკმარისადაა წარმოდგენილი. მაგრამ ევრაზიის ინსტიტუტი არ ეწევა კრიტიკას კრიტიკის მიზნით, არამედ შეძლებისდაგვარად ცდილობს რეკომენდაციების შემუშავებას.

შეიძლება დავასკვნათ, რომ ივანიშვილის გუნდი, ჩვენი დახმარებითა თუ მის გარეშე (ეს არ არის გადამწყვეტი საკითხი) მიხვდა, რომ გაიზიაროს ჩვენს რეკომენდაციებში წარმოდგენილი იდეები. პირველ რიგში, ჩვენი რეკომენდაცია იყო ივანიშვილის იურისტების შტაბის გაძლიერება. მართლაც, ამის შემდეგ მალევე მის გუნდში პირველ პლანზე გამოვიდნენ ისეთი პროფესიონალები, როგორებიც არიან ადვოკატები ა.კბილაშვილი და ზ.ქუცნაშვილი. ჩენ ასევე ვწერდით, რომ ივანიშვილისთვის ქართული მოქალაქეობის არარსებობის პირობებში აუცილებელია და გარდაუვალიცაა პოლიტიკაში მისი ოჯახის იმ წევრების ჩართვა, რომლებსაც აქვთ მოქალაქეობა. ივანიშვილმა თავდაპირველად განაცხადა, რომ შესაძლოა, მან ფორმალურად თავის უფროს ვაჟს გადასცეს პარტიის ხელმძღვანელის სტატუსი, ახლა კი, როდესაც ივანიშვილის მეუღლე ე.ხვედელიძემ მიაღწია მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქართული მოქალაქეობის აღდგენას, სწორედ იგი ჩაუდგება სათავეში მომავალ პარტიას, რათა რეჟიმს არ მიეცეს კანონიერი საბაბი რეპრესიული ღონისძიებების გასატარებლად.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილის ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტნიორმა, თინა ხიდაშელმა სიტყვა ჩამოაგდო საქართველოს იმ მოქალაქეების ფინანსური დაცვის აუცილებლობის შესახებ, რომელთაც ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს სახელმწიფო სექტორში დაკავებული პოზიციებიდან (თუმცაღა კერძო სექტორიც არ არის დაცული რეჟიმის თვითნებობისაგან). “მივმართავ საქართველოს მოსახლეობას – ყველა ადამიანს, ვინც საჯარო სექტორშია დასაქმებული, აქვს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება და გააჩნია განცდა, რომ ამის გამო მას სამსახურიდან გაათავისუფლებენ და ლუკმა-პურის გარეშე დატოვებენ, გარანტირებულად ვთავაზობთ მათი უფლებების დაცვას, არავის მივცემთ მათი დევნა-შევიწროების უფლებას და გარწმუნებთ, რომ ყველა ასეთი ადამიანი გარანტირებულად მიიღებს კომპენსაციას პრობლემისთვის, რომელსაც მათ მიხეილ სააკაშვილი უქმნის“ – განაცხადა ხიდაშელმა გუშნდელ პრესკონფერენციაზე.

სულ მოკლე ხნის წინათ, სააგენტო საქინფორმისათვის მიცემულ ინტერვიუში ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე ამბობდა: „ივანიშვილმა უნდა შეძლოს, რომ საზოგადოებას დაანახვოს თავისი ძალა, ის, რომ მას შეუძლია თავისი მხარდამჭერებისა და რეჟიმის მოწინააღმდეგეების ელემენტარული დაცვა. აი მაგალითად, გივი ბერიკაშვილის ქალიშვილი მოხსნეს სამსახურიდან იმის გამო, რომ მან მხარდაჭერა გამოთქვა ივანიშვილის მიმართ და ხელისუფლება გააკრიტიკა. ეს ყველამ გაიგო – არასახელმწიფო სტრუქტურამ, ტელეკომპანია ‘იმედმა’ სამსახური დაატოვებინა ამ პიროვნებას, მაგრამ ახლა რას აკეთებს იგი, ნაკლებად არის ცნობილი. არადა, ივანიშვილმა უნდა გამოაცხადოს, რომ თავად დაასაქმებს მანანა ბერიკაშვილს, ასევე, უყურადღებოდ არ დატოვებს რეჟიმის ყველა მსხვერპლს – თუნდაც იმ კახელ კაცს, რომელმაც თავის ეზოში ტუალეტი გახსნა და სააკაშვილის პოლიტიკური შარჟის შემცველი ვიდეო გამოაქვეყნა ინტერნეტში, რის შედეგადაც იგი, ასევე, სამსახურიდან გაგდებით დაისაჯა. აუცილებლად უნდა გაპიარდეს, რომ ივანიშვილი ყველა ასეთ პიროვნებას დაეხმარება! ეს ხალხს შესძენს იმის რწმენას, რომ ივანიშვილი რეალური კაცია და მის გამო ღირს რაღაც რისკებზე წასვლა. ეს სახუმარო თემა არ არის, ბოლო წლებში ხალხი ძალიან დაიქანცა, ხელისუფლების წნეხის ქვეშ მოექცა. ადამიანებს სჭირდებათ გარკვეული პერსპექტივის დანახვა, რომ რაღაც რისკის სანაცვლოდ ისინი ელემენტარულად მშივრები არ დარჩებიან. თუ ეს ვერ მოახერხა ივანიშვილმა, მისი მოღვაწეობა უპერსპექტივო გახდება“.

თ.ხიდაშელის განცხადება, რომელიც ემთხვევა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის იდეას, მისასალმებელია, თუმცა განცხადებას კონკრეტული ქმედებები უნდა მოჰყვეს (სულ ცოტა, უკვე უნდა დაიწყოს სამუშაო ადგილებიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოქალაქეების რეგისტრაცია).

მაგრამ არ შეიძლება, მივეცეთ კმაყოფილების გრძნობას – არც ევრაზიის ინსტიტუტი და მით უმეტეს, არც ბიძინა ივანიშილის გუნდი. საზოგადოებრიობის მხრიდან ჯერ კიდევ არსებობს მისადმი ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. ივანიშვილის გარემოცვის ერთ-ერთ მთავარ ხარვეზად ისევ და ისევ მიგვაჩნია ფორმულირება, რომელზეც იქნა დაწყებული საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვება (და ისიც, გაურკვეველი შედეგით): საქართველოს ფაქტობრივი პრეზიდენტის მ.სააკაშვილისადმი მიმართული განცხადება შეიცავს თხოვნას, მოქალაქეობა მიენიჭოს (პრინციპში კი აღუდგეს) ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ აუცილებელი იყო არა სააკაშვილისადმი თხოვნა და მუდარა, არამედ მოთხოვნა, ამ კონკრეტულ საკითხზე დაინიშნოს რეფერენდუმი, პარალელურად კი სააკაშვილის ჯიბის სასამართლოზე ივანიშვილისთვის მოქალაქეობის უკანონოდ შეწყვეტასთან დაკავშირებით „შეტევის მიტანა“ (პოლიტიკური ფონის შესაქმნელად და ყველა იურიდიული შესაძლებლობის გამოსარიცხად). შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანაში გარანტირებულია რეფერენდუმის უფლება, თუკი ამას მოითხოვს 200 ათასი მოქალაქე. მიგვაჩნია, რომ ამ რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება ივანიშვილს ძალუძდა. ბუნებრივია, ხელისუფლება ყველაფერს გამოედევნებოდა, იტყოდა, რომ ხელმოწერები „ყალბია“, დროს გააჭიანურებდა, მაგრამ პოლიტიკური ინიციატივა მთლიანად გადავიდოდა ივანიშვილის მხარეს, ხოლო ხელისუფლებაზე ზეწოლა ძალზე მძიმე ხასიათს მიიღებდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენ ვაგრძელებთ მოვლენების მონიტორინგს, ამასთან წარმატებას ვუსურვებთ ივანიშვილს, მაგრამ ვინარჩუნებთ ფხიზელ მიდგომას, ზედმეტად ოპტიმისტური განწყობის გარეშე. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, ივანიშვილმა კი უნდა დაამტკიცოს, რომ მას ნამდვილად ძალუძს რეჟიმის შეცვლა. ჯერჯერობით მის ქმედებებში ერთი ძლიერი სვლა ცვლის სუსტს და პირიქით. მაგრამ წარმატებისათვის საჭიროა გაძლიერებული ზეწოლა, რაც მხოლოდ ბევრი ძლიერი სვლის შედეგად, შეცდომების მინიმალური რაოდენობით არის შესაძლებელი.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"