ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
15.01.2012
ჩაივლი მტკვართან ხეივანს...

საუკუნის დასაწყისში, როდესაც აჭარის ლიდერმა, ასლან აბაშიძემ საქართველოს სხვა რეგიონების ბათუმთან სწრაფი და კომფორტული დაკავშირების მიზნით, სამანქანო გვირაბის მშენებლობას მიჰყო ხელი, სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად თურქული ფირმა მოიწვია.

2004 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ახალმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, აჭარაში ვიზიტისას, ასლან აბაშიძესთან ერთად, ავტომანქანით გაიარა დაუმთავრებელი გვირაბი და კმაყოფილმა ქათინაურებით აავსო აბაშიძე.

პრემიერმა სხვა მშენებლობებისთვისაც შეაქო აჭარის ლიდერი, რაც არ იყო გასაკვირი, ვინაიდან აღმშენებლობით არცთუ განებივრებული თბილისისთვის აჭარის მშენებლობა თვალშისაცემი იყო. მაშინ, რატომღაც არც ჟვანიას და არც მის თანამებრძოლებს ხმამაღლა არ უთქვამთ აჭარის საქართველოდან განცალკევებულად არსებობის თაობაზე. არც ერთ მათგანს არ განუცხადებია, რომ აჭარა ასლანის საფაშოა ან თურქეთ-რუსეთის შემადგენელი ნაწილი. მკითხველს ემახსოვრება მსგავსი განცხადებები, განსაკუთრებით ცენტრში მოკალათებული პოლიტიკოსებისა და ვაი საზოგადო მოღვაწეების მხრიდან.

აჭარის მონახულების შემდეგ, ჟვანიას არც ის უთქვამს, რომ სხვა ქვეყანაში იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი განსხვავება, ცენტრსა და რეგიონს შორის, საგრძნობი იყო, ცხადია რეგიონის სასარგებლოდ. მძიმე ენერგეტიკული, მრავალწლიანი კრიზისის დროს თბილისელს თუ რამ ხვდებოდა თვალში, განათებული აჭარიდან თბილისამდე წყვდიადში მგზავრობა იყო.

ცენტრსა და რეგიონს შორის განსხვავებული დეტალების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა ერთი „დეტალის“ გახსენება უდავოდ ღირს და მას აჭარის საქართველოში „დაბრუნება“ ჰქვია, რასაც შემდეგ ჰქონდა ადგილი, მანამდე კი ეიფორიაში მყოფმა პრეზიდენტმა თავისი მმართველობის დასაწყისში სიტყვა არ დაიშურა აჭარის ლიდერის საქებრად. მან არც მოსკოვის მერი, აბაშიძის მეგობარი იური ლუჟკოვი დაივიწყა აჭარის განათებისთვის.

ახალმა ხელისუფლებამ გამოთქვა მოსაზრება, ასლან აბაშიძის ლუჟკოვთან მეგობრული კონტაქტის გაღვივებით არა მარტო აჭარის, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოს გაენათება.

ძნელია ვარაუდი იმისა, რამ შეაცვლევინა ახალ ხელისუფლებას ამ ჩანაფიქრის განხორციელება ან აჭარის ლიდერისადმი დამოკიდებულების მკვეთრი შეცვლა და მისი „საპიარო“ „დაბრუნებით“ ჩანაცვლება.

ცენტრის ახალი პოლიტიკისა და ძლევამოსილების დასამტკიცებლად საჭირო გახდა ძალის დემონსტრირება, ვითომდა განდეგილი აჭარის საქართველოში დაბრუნებისთვის. აჭარის „დაბრუნება“ თავისთავად მიანიშნებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ძალისმიერ დაბრუნებას, დაახლოებით ისეთს, რასაც აჭარასთან მიმართებაში ჰქონდა ადგილი. აჭარა, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დაბრუნების სტიმული უნდა ყოფილიყო.

სამწუხაროდ, ბავშვურ-ქარაფშუტული ოცნების განხორციელების გზა, ოცნებად დარჩა. დღეს, ცოტას თუ ჰგონია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის საახალწლო მილოცვაში ნათქვამი სოხუმში ახალი წლის შეხვედრა ოდესმე ასრულდება.

სააკაშვილს, რომელსაც წინ სერიოზული გამოცდა ელის საპარლამენტო არჩევნების სახით, ვერაფრით წარმოუდგენია, რომ მსგავსი დაპირებით ან თუნდაც ძველის მსგავსი ვიდეოკლიპებით - „კოკოითი ფანდარასტ“ და „წავიდეთ ჩვენთან სოხუმში“, რამის მიღწევა შეიძლება. სააკაშვილს დღემდე PR-ს დიდოსტატად თვლიან, მაგრამ მისი ფანტაზია იმდენად დაბლაგვდა, უჭირს შექმნილი ვითარების გაჭრა. საზოგადოებაზე აღარ მოქმედებს ახალი საავადმყოფოების გახსნა, აღარც მტკიცება იმისა, რომ ევროპარლამენტის მიერ რაღაც დოკუმენტში ჩაწერილი სიტყვა „ოკუპაცია“ დეოკუპაციის დასაწყისია. ხალხს აღარც ეკონომიკურ წარმატებებზე ფუჭი ლაქლაქი ხიბლავს, ვინაიდან საკუთარი ჯიბიდან გამომდინარე ზომავს „წარმატებას“. ჯიბე კი უწინდებურად ცარიელი აქვს.

რაღაც ახლის მოგონებაა საჭირო, რამაც უნდა იხსნას სააკაშვილის დრომოჭმული PR-ი და ასევე დრომოჭმულ-კრიმინალური ხელისუფლება. ხელისუფლების შესანარჩუნებლად არც საარჩევნო კოდექსის ნაციონალურ ტანზე მორგება კმარა და არც იმის ძახილი, რომ ყველა ჩვენი მეგობარია, რუსეთის გარდა.

სააკაშვილის ერთაერთი ხსნა ანტისახალხო მმართველობიდან ნამდვილ სახალხო მმართველობაზე გადასვლაა, მაგრამ მსგავსი ფერიცვალება დროის მოკლე პერიოდში შეუძლებელია. დღევანდელი ნაციონალური გუნდით, მისი გამოკვეთილი და ხალხისთვის მიუღებელი ლიდერებით, სააკაშვილს გაუჭირდება ახალ ძალასთან ბრძოლა, თუმცა არც ახალი, ჯერაც უხილავი ძალაა ისეთი, წინააღმდეგობა რომ გაუწიოს დასუსტებულ, მაგრამ მაინც ადმინისტრაციული რესურსის მქონე ძველს.

ამჟამინდელი პოლიტიკური ვითარება, მედიაში გამოთქმული მოსაზრებები დაახლოებით ისეთი განაწილების მომასწავებელია, „აირაიმ“ რომ შემოგვთავაზა - პარლამენტის ნაციონალებს, ივანიშვილებსა და თარგამაძეებს შორის განაწილება. არჩევნებამდე საკმაო დროა დარჩენილი. ამ ხნის განმავლობაში მრავალ მოსალოდნელ და მოულოდნელ ამბავს ექნება ადგილი, მათ შორის ტორტის გაყოფასაც.

სააკაშვილის გადარჩენა თვით სააკაშვილის ხელშია, მაგრამ, სამგლე გოჭივით ატეხილი, ზედიზედ ისეთ შეცდომებს უშვებს, მტერს რომ გაახარებს. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მხოლოდ რამდენიმეს ვახსენებ - ნაგვისა და შუქის გადასახადის შეწყვილებას, თბილისის ქუჩებში „სიტი-პარკის“ აღვირახსნილობას, ორლარიანი ავტოსადგომების შემოღებას, პრესის ჯიხურების გაუქმებას, საარჩევნო კოდექსის გაუპატიურებას, ახალი „გრანდიოზული“ მშენებლობებისთვის საფუძვლის ჩაყრას და სხვა.

დავუბრუნდეთ სხვასთან ურთიერთობის თემას. სტატიის დასაწყისში აჭარის გვირაბების თემა შემთხვევით არ მიხსენებია, ვინაიდან მთელი რიგი პროექტები, მათ შორის ბათუმის აეროპორტის, ასლან აბაშიძის დროს იშვა და რომ არა შევარდნაძის მოუქნელობა, ნაციონალების მოსვლამდე ამოქმედდებოდა, თანაც არა ისეთი დათმობით, რასაც ნაცთა მმართველობის დროს აქვს ადგილი, უპირველეს ყოვლისა მეზობელ თურქეთთან.

თურქეთი ძლიერი ქვეყანაა, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. მისი არმია ნატოში ყველაზე მრავალრიცხოვანია. მიუხედავად მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისისა, თურქეთის ეკონომიკური წინსვლა თვალშისაცემია. თურქეთის სიტყვა დღითიდღე იძენს ავტორიტეტს არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში. თურქეთი ავტორიტეტით სარგებლობს პოსტრევოლუციურ არაბეთში, ცენტრალურ აზიაში. ოფიციალური ანკარა მკაცრად საყვედურობს საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის სომხების გენოციდის აღიარების საქმეში, თელ-ავივს ღაზის სექტორისთვის გამიზნებული ჰუმანიტარული ფლოტილიის დარბევისთვის, სირიის ხელისუფლებას ოპოზიციასთან უმოწყალო დამოკიდებულებისთვის და სხვა.

თურქეთის პოზიცია კავკასიის მიმართ მკვეთრად შეიცვალა 2008 წლის ომის შემდეგ. მყარმა ეკონომიკურმა გავლენამ აფიქრებინა ანკარას კავკასიაში სხვა პოლიტიკის წარმოებაზე. ანკარის პოზიციების განმტკიცებას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ყურადღებით აკვირდება რუსეთი, რომლის დამოკიდებულება თურქეთისადმი არასდროს ყოფილა ისეთი პრაგმატული, როგორიც დღეს. რუსეთს აფიქრებს თურქეთის გავლენის გაფართოება. მეგობრობა-მეგობრობად, მაგრამ საკუთარი ინტერესები უპირველეს ყოვლისა - ამ დევიზს იცავს და მუდამ დაიცავს რუსეთი.

რუსეთი დიდი ქვეყანაა, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, თანაც ბირთვულიარაღიანი. მას არ უჭირს თურქეთთან საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. უჭირს საქართველოს და რომ უჭირს, აშკარად ჩანს თურქული ეკონომიკური ექსპანსიიდან. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ყარსის ცნობილი ხელშეკრულება ბათუმთან და მის ოლქთან დაკავშირებით, საუკუნის შემდეგ, ისე ამოქმედდა, როგორც თურქეთს სურდა. საქართველოს ხელისუფლების თურქეთის მიმართ დაყვავებამ და აღტაცებამ სალაპარაკო თემად აქცია საქართველოში თურქეთის მიერ მეჩეთების აშენება, აჭარაში კი რეალობად. თურქული გავლენა იგრძნობა აჭარიდან დაწყებული თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირით დამთავრებული.

ქართული მხრიდან მოუზომავმა, დაუბალანსებელმა ჩახუტებამ სხვაგვარი მადა გაუჩინა თურქულ მხარეს, რომელიც მშვენივრად გრძნობს საქართველოს ხელისუფლების ქარაფშუტობას, სამოქალაქო საზოგადოების უმოქმედობას, პარლამენტის უსუსურობას და ცდილობს ისეთი პროექტების განხორციელებას, თავში რომ არც ერთ სხვა მეზობელს, მათ შორის „მტერ“ რუსეთსაც, არ მოუვა.

დასაწყისში აბაშიძე ვახსენე და მის მიერ გვირაბის გაჭრისთვის თურქული კომპანიის გამოყენება. ამ შეთავაზებით გახალისებულმა თურქულმა მხარემ აბაშიძეს სხვა პროექტიც შესთავაზა - სარფიდან დაწყებული აჭარა-აფხაზეთის გავლით საავტომობილო ჰაივეის მშენებლობა, რაზეც აბაშიძემ უარი უთხრა. ჩემს შეკითხვაზე, რით იყო გამოწვეული უარი, აბაშიძემ მითხრა - სამხრეთელ მეზობელთან დოზირებული მოქმედებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოვა და არსად წავაო.

როგორც ჩანს, ნაცი ხელისუფლება ამ დოზას არ იცავს, თორემ ის, რაც „ბეშიკაიას“ კასკადის მშენებლობის პროექტის გაჟღერებას მოჰყვა, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსთვის თავზე ლაფის დასხმა.

„ბეშიკაიას“ ჰიდროელექტროსადგური საქართველოს საზღვართან, არდაღანში იგეგმება. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია მდინარე მტკვრის დინების შეცვლა, თანაც სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით. მტკვარი, რომელიც სათავეს თურქეთში იღებს და საქართველო-აზერბაიჯანის გავლით კასპიის ზღვაში ჩაედინება, პროექტის ამოქმედების შემდეგ, შავ ზღვას შეუერთდება, ცხადია საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოტოვებით.

თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის მტკვარი, ამის ახსნა ზედმეტია. ის მარტო სიმღერა „თბილისოს“ სიტყვები - „ჩაივლი მტკვართან ხეივანს. . .“ არ არის. ის უფრო მეტია ეკოლოგიური, ენერგეტიკული, ისტორიული თვალსაზრისით. მტკვარი და საქართველო განუყოფელია. მაგრამ იცის ეს ჩვენმა „რეფორმატორმა“ და გლობალისტურმა ხელისუფლებამ?

როგორც ამბობენ, სააკაშვილს ჰქონდა ამ თემაზე თურქეთის პრემიერ ერდოღანთან ლაპარაკი. საუბრის დეტალები საზოგადოებისთვის უცნობია. საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილმა ამ თავზარდამცავი ამბვის შესახებ გაზეთ „რეზონანსიდან“ გაიგო. მას კი საქართველოში სტუმრად მყოფმა თურქეთის პარლაენტის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა გაანდო. გაანდო იმიტომ, რომ თურქი პარლამენტარი მიიჩნევს, თურქეთისთვის პროექტის უვარგისობას - ეკოლოგიური თვალსაზრისით.

თურქ პარლამენტარს ჰგონია, რომ სამშობლოს მოყვარული ქართული საზოგადოება, ოპოზიცია, ხმას ამოიღებს და ქვას-ქვაზე არ დასტოვებს. ამაოდ, ჩემო კეთილისმსურველო თურქო პარლამენტარო.

ის, რომ თურქეთის გარკვეულ წრეებს, მათ შორის სამთავრობოს, მსგავსი პროექტის განხორციელების იდეა გაუჩნდა, სულაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან მათ კარგად იციან რა ბედოვლად ხელისუფლებასთან აქვთ საქმე. იქნებ შეთანხმდნენ კიდეც? დავუშვათ, ამას ადგილი არ ჰქონია, რა დონეზე უნდა მიუშვა მეზობელი, რომ მან მდინარე მოგტაცოს?

ძნელი სათქმელია. განხორციელედება თუ არა პროექტი, მაგრამ იდეის წარმოშობაც, თანაც პროექტის შექმნაც უკვე ბევრს ნიშნავს. უპირველეს ყოვლისა დიდი და ძლიერი მეზობლის აგდებულ დამოკიდებულებას სუსტი, უპრინციპო ხელისუფლების ქვეშ მყოფი საქართველოსადმი. თბილისში რკინიგზის გადატანისა არ იყოს - (გამოთავისუფლებულ ტერიტორიას მერია სარფიანად გაყიდის) მტკვრის გადატანით ხელისუფლება დიდ ფულს გამოჰკრავს ხელს. ვინც წააგებს - საქართველოა. და რომ წააგებს საზოგადოების დუმილიდანაც ჩანს. დუმს ოპოზიციაც, „ქართული ოცნებაც“ ან რაღა „ოცნებააა“, დედა მდინარის გარეშე!

მავანი იტყვის - არ ღირს ამ აბსტრაქტულ პროქეტზე ხმაურის ატეხა და ჩვენს მეზობელთან, ძმასთან, მეგობართან, სტრატეგიულ პარტნიორთან საქმის გაფუჭება. მაგრამ რა ვუყოთ თურქი პარლამენტარის ნათქვამს, რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტაში“ (2011. 28 დეკემბერი) პირველ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თურქეთში აშენებული „დერინერის“ კაშხლის მიერ აჭარის სანაპიროსთვის მიყენებულ სერიოზულ ზარალს? რა ვუყოთ ქართული კულტურის ძეგლების რესტავრაციის, სანაცვლოდ თურქულ ულტიმატუმს - საქართველოში 4 ახალი მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით? და ა.შ. ასე იცის დათმობის პოლიტიკამ. რა მართალი ყოფილა აბაშიძე.

და ბოლოს ახალი ქალაქის „ლაზიკის“ მშენებლობასთან დაკავშირებით. ამ ფანტაზიის ჩვენთვის განდობასთან ერთად უმალ გაჩნდა კითხვა - ფული საიდან? ამ შემთხვევაში „სეროჟას“ პასუხი - „ტუმბოჩკიდან“ - სუპერ უადგილო იქნება, ვინაიდან ასეთი „ტუმბოჩკა“ არც ბიუჯეტს აქვს და არც ბიზნესს. თურქეთში მცხოვრები ლაზები გადაიხდიანო. აჰა, როგორც ჩანს, გაჩნდა „ჩეინჯის“ ახალი სახე - მტკვარი - ლაზიკაზე.

ბარაქალა ჩვენს მეზობლებს - ზოგი ტერიტორიებს გვართმევს და წართმეულს დამოუკიდებლობას ანიჭებს, ზოგმა მთელი სამხრეთი წაგვართვა, შემდეგ კი საქართველო-თურქეთის ჩარჩო ხელშეკრულების სახით, ის წართმეული (ყარსის ხელშეკრულება) დაგვაკანონებინა. ახლა მტკვარს გვართმევს. ზოგი დარჩენილ სამხრეთ საქართველოს გვედავება, ზოგიც დავით გარეჯსა და მიმდებარე ტერიტორიას. იქნებ აუქციონზე გაგვეტანა საქართველო? ბოლოს და ბოლოს ჩვენც დავისვენებთ და ისინიც. ვინ იცის, იქნებ ისეთმა ავტორიტეტულმა პირმა შეიძინოს ეს ქვეყანა, უბატონოთ ხმას რომ ვერავინ გასცემს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"