ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
05.01.2012
ჩინეთი და იაპონია სავალუტო შეთანხმებას ამზადებენ

მუდმივი კონკურენტები პარტნიორები ხდებიან: პეკინი და ტოკიო ერთობლივ სავალუტო შეთანხმებას გეგმავენ, რომელიც, სავარაუდოდ, უზარმაზარ გავლენას იქონიებს აზიის ეკონომიკაზე.

ორი სახელმწიფოს მთავრობებმა განცხადება ამ მოულოდნელი ნაბიჯის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრ იოშიჰიკო ნოდას პეკინში ვიზიტისას გააკეთეს. ამ გეგმის მიხედვით ჩინეთი და იაპონია ორმხრივ ვაჭრობაში თავიანთი ვალუტების გამოყენებას მიანიჭებენ უპირატესობას.

ბოლო დრომდე მსოფლიოში სიდიდით მეორე და მესამე მაკროეკონომიკებს შორის ვაჭრობის ლომის წილი ამერიკულ დოლარზე მოდის. „უოლ სტრიტ ჯორნელის“ მონაცემებით, დოლარი ჩინეთსა და იაპონიას შორის განხორციელებული ოპერაციების 60 პროცენტ შემთხვევაში გამოიყენება. შუალედური ნაბიჯი აშშ ვალუტის საშუალებით ჩინური და იაპონური საწარმოებისთვის დამატებით ხარჯებს მოასწავებს.

ამ პრაქტიკას ახლა ბოლო უნდა მოეღოს: ნოდასა და მის ჩინელ კოლეგას ვენ ცზიბაოს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, შესაძლებელი უნდა გახდეს იუანისა და იენის პირდაპირი გაცვლა – შორს მიმავალი და მნიშვნელოვანი გეგმა. ჩინეთი იაპონიის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, ორივე სახელმწიფო კი აზიის უდიდეს ეკონომიკებს წარმოადგენს.

იუანის მნიშვნელობა იზრდება

თუკი საფინანსო შეთანხმება განხორციელდება, აღმოსავლეთ აზიაში დოლარის დომინირებული მდგომარეობა საგრძნობლად დასუსტდება – ამავე დროს კი იუანის მნიშვნელობა გაიზრდება. მით უმეტეს, რომ სავალუტო შეთანხმება ითვალისწინებს იაპონური ფირმების მიერ სახელმწიფო სესხების გაყიდვისას ჩინური იუანის გამოყენებას. ამჟამად იუანის გამოყენება ჩინეთის ფარგლებს გარეთ მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფება, ამიტომ იაპონიასთან საფინანსო თანამშრომლობა ამ პროცესს სერიოზულ ბიძგს მისცემს.

როგორც ჩინური ყოველდღიური გაზეთი "China Daily" წერს უმაღლესი დონის სამიტის შესახებ, მოწმენი ვართ „არსებითი ნაბიჯისა იუანის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით“. პეკინი თავის მხრივ აპირებს იაპონური სახელმწიფო სესხების შესყიდვის ინტენსიფიკაციას.

კალიფორნიის შტატის ბერკლის უნივერსიტეტის ეკონომისტი-თეორეტიკოსი ბერი ეიჩინგრინი „უოლ სტრიტ ჯორნელისთვის“ გაკეთებულ კომენტარში აცხადებს, რომ არსებული ფაქტებიდან გამომდინარე, იაპონია „ირიბად აღიარებს, რომ მომავალში მხოლოდ ერთი დომინანტი აზიური ვალუტა იარსებებს, და ეს ვალუტა იაპონური იენი არ იქნება“. თუმცა ჯერ-ჯერობით გაურკვეველი რჩება, როდის შევა ძალაში სავალუტო შეთანხმება: არც ჩინეთს და არც იაპონიას კონკრეტული კალენდარული გეგმა არ გამოუქვეყნებია.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ მოლაპარაკებები ჩინეთს, იაპონიას და სამხრეთ კორეას შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ.

spiegel.de

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"