ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
19.12.2011
არ გვაინტერესებს, რის გაკეთებას შევძლებთ დამოუკიდებლად?

„აირაის“ დაკვეთით შესრულებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ, საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების რეიტინგების დადგენის გარდა, სხვა საკითხებსაც მიაქცია ყურადღება, კერძოდ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

ის, რომ ამერიკელებს აწუხებთ ეს თემა, გასაკვირი არაფერია. დასავლეთის სახელმწიფოებიდან აშშ-ს და ზოგიერთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანას, ყოფილ სოციალისტურს, გაცილებით მეტად სურს საქართველოს ნატოში ხილვა, ვიდრე ე.წ. ძველ ევროპას.

აშშ-ის და მისი მოკავშირე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მთავარი მიზანი, ცხადია, ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ ძირითადში - რუსეთისთვის, სამხრეთ საზღვრებთან პრობლემების შექმნა, საერთოა.

რუსეთი ავადმყოფურად გამოხატავს თავის მოსაზრებას აღნიშნულთან დაკავშირებით და რაც არ უნდა ამტკიცოს აშშ-ს ადმინისტრაციამ, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება არაფრით ემუქრება რუსეთს, შედეგს ვერ გამოიღებს, ვერ დაარწმუნებს მას დასავლეთთა კეთილ ზრახვებში.

დასავლეთის მსგავსად, საქართველოს პრეზიდენტიც აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებით, რუსეთს არაფერი დაუშავდება, მაგრამ 2008 წლის აგრესიის შემდეგ, კრემლი ვერაფრით დაიჯერებს ამას.

რუსეთმა კარგად იცის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებით, რუსეთი დაემშვიდობება ამიერკავკასიას, დაკარგავს გავლენას კასპიის ზღვის აუზში, რაც თავისთავად ნიშანი იქნება კასპიის ზღვის ენერგომატარებლებზე დასავლური კონტროლის გაძლიერების.

საქართველოს ნატოში შესვლასთან დაკავშირებით თავისი მტკიცე მოსაზრება გამოთქვა ვლადიკავკაზში მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა. მისი ნათქვამის მიხედვით, საქართველოსთვის 2008 წლის ცხინვალის ომის პოზიტიური დასასრული ნატოში შეყვანით დამთავრდებოდა, რაც დროულად ალაგმა რუსეთმა.

საქართველოს ნატოში შეყვანის თემა კვლავ აქტუალურია, რაც თავისთავად მეტყველებს ვაშინგტონ-მოსკოვს შორის არსებული „გადატვირთვის“ პროცესის შენელებაზე. მთელ რიგ საკითხებში ორი ბირთვული გიგანტი ვერ პოულობს საერთო ენას, რაც თავისთავად იწვევს ურთიერთის საწინააღმდეგო მოქმედების გააქტიურებას.

როგორც ჩანს მომავალი ერთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებამდე, ორი ქვეყნის დამოკიდებულება ზომაზე მეტად დაძაბული იქნება. პრეზიდენტ ობამას მხრიდან რუსეთის მიმართ სიმტკიცის გამოსავლენად „გადატვირთვის“ საწინააღმდეგო ქმედება რჩება, რასაც ესოდენ დაბეჯითებით ითხოვენ მისგან რესპუბლიკელები.

ვითარებას ძაბავს ამერიკელ პოლიტიკოსთა უარყოფითი გამონათქვამები რუსეთის დუმის არჩევნებთან დაკავშირებით - რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვასა და დემოკრატიის დეფიციტზე მსჯელობა და სხვა.

აშშ-ს ნებისმიერ ადმინისტრაციას მთავარ მიზნად ერთპოლუსიანი მსოფლიო და ამ პოლუსზე აშშ-ს სამარადისო ყოფნა ესახება. ის გამორიცხავს მეტოქეობას, მითუმეტეს რუსეთის მხრიდან. უახლოეს პერსპექტივაში ნაკლებად ჩანს ამერიკა-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობა, ის რაც შეუნიღბავი თვალით ჩანს - სტრატეგიული პაექრობაა.

ასეთ ვითარებაში დაბეჯითებული ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ნატოში, ქვეყნის სასწორზე დადებაა. ზოგიერთი ოპოზიციონერის განცხადება, რომ საქართველოს ნატოში შეყვანით რუსეთი ვერაფერს იღონებს, ისე, როგორც ვერაფერი იღონა ბალტიისპირა სამი ქვეყნის მიმართ, არასერიოზულია.

სუსტი, ახალშობილი რუსეთის დღევანდელთან შედარება ჩვენს წისქვილზე არ ასხამს წყალს. ფეხზედამდგარი რუსეთი სერიოზული, ანგარიშგასაწევი ძალაა და რომ ეს ასეა, 2008 წლის ცხინვალის ომის დროს დადასტურდა, ცხადია არა იმით, რომ რუსულმა არმიამ იოლად დაჯაბნა ქართული, არამედ იმით, რომ ვერც ნატომ და ვერც აშშ-ა ვერ გაბედა ბირთვულიარაღიან რუსეთთან ომში ჩაბმა.

ბოლო წლების ეკონომიკური აღმავლობა, რაც რუსეთში შეინიშნება, სავალუტო ფონდის მიერ ამ ქვეყნის ერთიანი ეროვნული პროდუქტის ტემპის 4.1%-ით შეფასება და ამავე ორგანიზაციის მიერ აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში იმავე მაჩვენებლების მხოლოდ 1.5%-ით დაფიქსირდა, თავისთავად მეტყველებს რუსეთის ძალაზე.

რუსეთი არ აპირებს შეეგუოს აშშ-ს პრივილეგირებულობას, თუნდაც შეიარაღებაში. მართალია, უახლოესი ათი წლის განმავლობაში, აშშ-ს სამხედრო ხარჯები კვლავინდებურად ბევრად გადააჭარბებს რუსეთისას, მაგრამ არც ამ უკანასკნელის სამხედრო მისწრაფებებია მისაფუჩეჩებელი. ერთად აღებული, ორივეს სამხედრო ხარჯები უფრო მეტია, ვიდრე ერთად აღებული მსოფლიოს ქვეყნების ხარჯები.

ასეთ ვითარებაში სიბრიყვეა ნატოში შესვლასთან დაკავშირებით გამოკითხვის ჩატარება. ეს არა მარტო რუსეთს აღიზიანებს, არამედ სხვა მეზობლებსაც და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საკუთარ ხალხს, მით უმეტეს, როდესაც ყველამ კარგად იცის, როგორ ტარდება მსგავსი გამოკითხვები.

ქართველი პოლიტიკოსები დაბეჯითებით გაიძახიან ნატოში შესვლა საქართველოს მოსახლეობის მტკიცე გადაწყვეტილებააო, თანაც ე.წ. რეფერენდუმით დადასტურებული. საინტერესოა, როგორ უნდა იწამოს მოსახლეობამ რეფერენდუმის სისწორე, როდესაც არც ერთი არჩევნები არ ჩატარებულა ლეგიტიმურად?

ამას წინათ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ჭეშმარიტების დასადგენად აუცილებელია ახალი რეფერენდუმი ერთადერთი შეკითხვით – „გინდათ თუ არა საქართველოს ნატოში შესვლა?“ რეფერენდუმამდე საზოგადოება თანაბრად უნდა მომზადდეს თემასთან დაკავშირებით. მას უნდა მიეცეს არჩევანის შესაძლებლობა, რისთვისაც უნდა ჩატარდეს ნატოში გაწევრების პოზიტიური და ნეგატიური ასპექტების განხილვა, რას მოუტანს ნატო ქვეყანას, რას გადაეყრება იქ შესვლით და სხვა.

დღეს ნატოში შესვლის სასარგებლოდ ლაპარაკობს ყველა, ვისაც არ ეზარება – ხელისუფლებიდან დაწყებული, ოპოზიციური პარტიებით დამთავრებული, გარდა ერთი გამონაკლისისა – კახა კუკავას სახით.

რა ხანია, ნატოს სასარგებლო პროპაგანდას ეწევა ორგანიზაცია, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტი თენგიზ გოგოტიშვილი ხელმძღვანელობს. მიუხედავად ესოდენ მძიმე და პერმანენტული ზეწოლისა, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ იზიარებს ნატოში შესვლას, როგორც ქვეყნის ხსნას.

ნატომ ვერ იხსნა კვიპროსი აგრესიისგან. ნატო ვერ დაიხსნის საქართველოს რუსეთისგან. ეს მოსაზრება არ არის რუსეთის სიყვარულით გამოწვეული. ეს რეალობით არის ნაკარნახევი, რთული გეოპოლიტიკური სივრცით, სადაც საქართველოს უწევს არსებობა.

გეოპოლიტიკის შეუფასებლობამ გამოიწვია 2008 წლის სამხედრო აგრესია და ტერიტორიების დაკარგვა. გეოპოლიტიკურმა შეუფასებლობამ გამოიწვია სტამბოლის სამიტის შედეგების უარესობისკენ შემობრუნება – ნაცვლად გაყვანილი ბაზებისა, გაცილებით მძლავრის შექმნა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

გეოპოლიტიკური ვითარების შეუფასებლობას მრავალი არასასიკეთო შედეგი შეიძლება მოჰყვეს, რაც უნდა იცოდეს არა მარტო მმართველმა პარტიამ, არამედ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, მთლიანად საზოგადოებამ. ღირს სააკაშვილის ხელისუფლებისთვის მიცემული ნატოური გრანტები იმად, რომ ქვეყნის ყოფნა-არყოფნა ეჭვის ქვეშ დადგეს? ღირდა დაკარგული ტერიტორიები ამერიკა-ევროკავშირის სამოწყალოდ გადმოგდებულ 4.5 მილიარდად?

დასავლელთა დაკრულზე აცეკვებულმა საქართველოს ხელისუფლებამ სულ რაღაც თითზე ჩამოსათვლელ დღეებში ქარს გაატანა მამათა და პაპათა გარჯით, შრომით, ოფლითა და სისხლით 2008 წლამდე მოტანილი საქართველოს მიწა.

საბჭოთა კავშირზე ფაშისტური გერმანიის თავდასხმის პირველ დღეებში, როდესაც წითელი არმია ქალაქს-ქალაქზე სტოვებდა, გაფიცხებულმა სტალინმა თავის პოლიტბიუროელ თანამებრძოლებს გამოსაფხიზლებლად უთხრა - „Ленин нам оставил страну, а мы ее просрали“.

ეს ნათქვამი არ იყო ფარ-ხმლის დაყრა ან რეალობისადმი შეგუება, პირიქით, ის თავდაუზოგავი ბრძოლისკენ მოწოდება იყო, როგორც პარტიელი თანამებრძოლების, ისე საკუთარი თავისადმი.

სააკაშვილმაც „просрал страну“, თანაც ისე, რომ მისი უკან დაბრუნების არავითარი ნიშან-წყალი არ დატოვა. უბედურება ის არის, რომ ამ პროცესში მის გვერდში იდგა ოპოზიცია, გაურკვეველი თანაც დანაშაულებრივი მორატორიუმით და საზოგადოების ნაწილი.

ცეცხლზე ხელდამწვარი უფრთხის ცეცხლს – ასე იყო ოდითგან. ასე იქნება, ვიდრე იარსებებს ცეცხლი და ადამიანი. სააკაშვილისა და ქართული ოპოზიციის სახით კი ისეთ ფენომენთან გვაქვს საქმე, ქირურგიულ ჩარევას რომ საჭიროებს.

მგლის შიშით ტყეში აღარ შევიდეთო? – შემედავება ოპოზიცია. შედით ბატონებო, ოღონდ პერსონალურად, ქვეყნის გარეშე.

რა ასეთი ავიტეხეთ ნატოში შესვლა-არშესვლით, სხვები რატომ არ იკლავენ თავს ამით, რა ჩვენზე ნაკლები „ბიჭებია“, ჩვენზე ნაკლები ქვეყანა აქვთ, თუ ჩვენზე ნაკლებად უნდათ მათი ნატოში ხილვა?

რას არ ეცადა ამერიკა და ნატო, მაგრამ ვერაფრით შეძლო უკრაინელი ხალხის დაყოლიება. არც აზერბაიჯანთან გამოუვიდა. აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს დაიცვას ბალანსი დასავლეთსა და ჩრდილოეთს შორის, ანგარიში გაუწიოს მეზობელ რუსეთს და ირანს. აზერბაიჯანი ჩართულია ნატოს პროგრამაში, მაგრამ გაწევრებიდან კატეგორიულად იკავებს თავს.

ნატოს დიდი სურვილია იხილოს ენერგორესურსებით მდიდარი თურქმენეთი თავის რიგებში, მაგრამ თურქმენეთი მტკიცედ იცავს საკუთარ ნეიტრალურ სტატუსს. ზედმეტია ლაპარაკი ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებზე, სომხეთზე, ბელორუსსზე.სამგლე გოჭივით მხოლოდ საქართველოა ატეხილი. ქართული პოლიტიკა ამტკიცებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უმთავრესია ნატოში შესვლა. კეთილი, მაგრამ ასეთი საფრთხე არ არის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის? რაღა მაინც-და-მაინც რუსული დათვი ჩვენს წინააღმდეგ არის ამხედრებული? ამდენხანს ვამბობდით, საქართველოს ზღვის სანაპირო ხიბლავსო, მაგრამ, დღეს ეს სანაპირო რომ აღარ არის?

ცნობისთვის - ახალმა რუსებმა საკუთრებაში მოაქციეს მსოფლიოს, მათ შორის ევროპა-ამერიკის დავარცხნილ-აშენებული კურორტები და რაღა ნესტითა და ჭაობით, უხვი ნალექებით გამორჩეული ქართული ზღვის ზოლით მოიკლავენ თავს? გაავებულ რუსულ დათვს არ იტაცებს აზერბაიჯანის ენერგორესურსები და იტაცებს აჭარის ზღვისპირეთი? ვინ დაიჯერებს ამას?

საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია დღენიადაგ ჩასჩიჩინებს საკუთარ მოსახლეობას და ე.წ. დასავლელ პარტნიორებს – გვიშველეთ, თორემ საცაა რუსეთი დარჩენილ საქართველოსაც მოგვტაცებსო. რომ არა საქართველოს ხელისუფალთა უპასუხისმგებლო სამხედრო ნაბიჯი, საქართველოს მთლიანობას არავინ დაემუქრებოდა.

იქნებ შეიცვალოს ვექტორი ნატოდან საქართველოზე ანუ იმაზე, რასაც რეალური დამოუკიდებლობა ჰქვია. ოცი წელია, ვაცხადებთ, რომ დამოუკიდებლები ვართ, ატრიბუტიკაც გვაქვს, დროშის, ჰიმნის, გერბის სახით, მაგრამ არ გვაქვს დამოუკიდებლობა, არ გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკა. სხვის ხელისშემყურეებად ვართ ქცეული. იოლი, უდარდელი ცხოვრების მსურველებს ერთი მიზანი გვამოძრავებს, სხვის სახლში მდგმურად შესვლა, სხვის მიერ გაშლილ სუფრაზე შემოსხდომა, სხვის მიერ შექმნილი დოვლათის მირთმევა. საფასურად საკუთარი მიწის, საკუთარი სიმდიდრის, საკუთარი სინდისის გაცემა.

ვიღაც შემედავება - ასეთია პატარა ქვეყნების ხვედრიო. ვერ დაგეთანხმებით. ეს უთავმოყვარე ხელისუბლების ხვედრია. თავმოყვარე, გეოპოლიტიკური ანალიზის მატარებელი ერი და მისი ხელისუფლება, მიუხედავად ტერიტორიული სიდიდე-სიმცირისა, მოსახლეობის სიდიდე-სიმცირისა, საკუთარ დამოუკიდებელ პოლიტიკას ეწევა. ასეა ყველა ის ქვეყანა, რომელიც ზემოთ ვახსენე. ასეა რუსეთის ერთ-ერთი მეზობელი - ტერიტორიითა და განსაკუთრებით მოსახლეობის სიმცირით ცნობილი ფინეთი.

თვალი გადავავლოთ საბჭოთა კავშირ-ფინეთის ურთიერთობას, ერთობ მძიმეს, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში. ნეგატიური ურთიერთობის პიკი საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომზე მოდის, რომელიც 1939 წლის 30 ნოემბერს დაიწყო და 1940 წლის 12 მარტს დამთავრდა – მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულებით. დღეს უკვე აღარავინ კამათობს, ვინ დაიწყო ომი, ისე, როგორც ამას აქვს ადგილი საქართველოში. ყველასთვის ნათელია, რომ ომი სტალინმა დაიწყო, თუმცა, როგორც ისტორიკოსები მიიჩნევენ, საბჭოთა კავშირისთვის მას ჰქონდა სასიცოცხლო მნიშვნელობა.

ლენინგრადიდან მხოლოდ 30 კილომეტრზე დაშორებული საზღვარი სერიოზული თავსატეხი იყო კრემლისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით, მითუმეტეს ფაშისტური გერმანიის და მისი მოკავშირე ფინეთის ამბიციების გათვალისწინებით. საბჭოთა მხარე სთავაზობდა ფინეთს ტერიტორიების გაცვლას. მოლაპარაკების ბოლო ეტაპზე სტალინიც იყო ჩართული, მაგრამ საბჭოთა მხარის წინადადება მიუღებელი გამოდგა ფინეთისთვის.

ცნობისათვის, იმასაც მოგახსენებთ, რომ ფინეთის მარშალი მანერჰეიმი საბჭოთა წინადადებას, სტრატეგიული თვალსაზრისით, მართებულად მიიჩნევდა. ომი მწარე მაგალითი იყო ფინეთისათვის. მან თვალი აუხილა ფინელ პოლიტიკოსებს, საზოგადოებას. და აქედან გამომდინარე, გადაადგმევინა ისეთი ნაბიჯი, რომელსაც მოჰყვა ორი ქვეყნის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, ფინეთის მიერ რუსეთის რესურსების გამოყენება, რუსეთის უკიდგანო ბაზრის ათვისება, ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ფინეთის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნად გადაქცევა, სხვა მრავალი პარამეტრით ფინეთის სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცება.

საქვეყნოდ გაჟღერებულმა ფინურმა ნეიტრალიტეტმა არა მარტო გადაარჩინა ქვეყანა პერმანენტული კინკლაობისგან, არამედ სამაგალითო გახადა მსოფლიოში. ფინეთი არ არის ნატოს წევრი, მაგრამ ფინეთი ევროკავშირის წევრია. ფინეთი ანგარიშს უწევს რუსეთს და აქედან გამომდინარე ანგარიშს უწევს საკუთარ თავს. ამიტომაც არ არის ის ნატოს წევრი. რა წააგო ამით ფინეთმა? ცხადია არაფერი. პირიქით, მოიგო.

რა გვიშლის ხელს, ვიყოთ ნამდვილი დამოუკიდებლები, რა გვიშლის ხელს, შევეშვათ სხვის მოიმედებას, რა გვიშლის ხელს, ვიყოთ რეალისტები. ნუთუ არ გვაინტერესებს, რის გაკეთებას შევძლებთ დამოუკიდებლად?

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"