ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
21.11.2011
ტიტულოვანი ერის პრობლემები

საკითხი, რომელიც მწერალმა ვახტანგ ხარჩილავამ გააჟღერა „საერთო გაზეთში“ სათაურით -„ვინ ამოშალა ქართველი ერი მსოფლიოს ხალხთა სიიდან“, არაერთხელ შეგვახსენებს თავს, განსაკუთრებით იმ თაობას, რომელიც ხელისუფლებამ ესოდენ დიდი გულმოდგინებით, 40 წლის ასაკიდან დაწყებული, კანალიზაციას გააყოლა.

საკითხი პირადობის მოწმობაში ანუ ე.წ. პასპორტში ეროვნების ჩაწერას ეხება. „საქართველოში ქართველი, როგორც ასეთი, რამდენიმე წელია არ არსებობს, ანუ ოფიციალურად საპასპორტო მონაცემების მიხედვით, ქართველი ერი თითქოს საბოლოოდ გადაშენდა და შესაბამისად ის გულდაგულ ამოფხიკეს და ამოშალეს მსოფლიოს ხალხთა სიიდან“, - წერს ბატონი ვახტანგი.

ეს, რომ ასე არ მომხდარიყო, დიდ შეხლა-შემოხლას, ვნებათა ღელვას ჰქონდა ადგილი საქართველოს 1999-2003 წლების მოწვევის პარლამენტში. ის, ვინც ფრაგმენტულად მაინც თვალს ადევნებდა იმჟამინდელი პარლამენტის სხდომების პირდაპირ სატელევიზიო ტრანსლაციას, აუცილებლად ემახსოვრება ბლოკ „აღორძინების“ წევრებისა და „მოქალაქეთა კავშირის“ სხვაგვარად მოაზროვნე მეცნიერის გურამ შარაძის უკომპრომისო ბრძოლა მოქკავშირის ახალგაზრდულ ფრთასთან, პასპორტში ეროვნების ჩაწერისათვის.

ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დებატები, ხშირად შუაღამემდე. ერთ-ერთ სხდომაზე, რომელიც ღამის 12 საათზე დასრულდა, თითქოს მიღწეულ იქნა შეთანხმება, რამაც დებატებში მონაწილე რეზო მიშველაძეს ათქმევინა - აქედან მთაწმინდაზე ავალ, ილიას საფლავზე და ვეტყვი, საქართველო გადარჩაო.

მაგრამ ამაოდ. მომდევნო სხდომაზე „მოქალაქეებმა“ დაპირება დაივიწყეს, რითაც ყველაფერი საწყის ეტაპს დაუბრუნდა, ოთხწლიანი უთანასწორო ბრძოლა უშედეგოდ დასრულდა. შემდეგ იყო „ვარდების რევოლუცია“, ძველი პარლამენტისთვის ვადის გაგრძელება 2004 წლის გაზაფხულამდე, შემდეგ ახალი პარლამენტის არჩევა და ა.შ. ახალ პარლამენტს, მოქკავშირის მემკვიდრეს ნაციონალთა სახით, აღარ გახსენებია პასპორტში ეროვნების დაბრუნების საკითხი.

ნაციონალების კულუარული განმარტებით, ეროვნების ამოღება პირიქით ტიტულოვანი ერის პოზიციების გამაგრებას და სხვა ერების გაქრობას ემსახურება. ერთის შეხედვით, თითქოს ამაში არის თავისებური ლოგიკა - საქართველოს მოსახლეობა, ყველა ერთად, საქართველოს მოქალაქეს შეადგენს, რითაც იშლება სომეხი, რუსი, აზერბაიჯანელი. . . მაგრამ ქართველიც, რომ იშლება?

მოქალაქეობა თავისთავად ფარავს პრობლემას, რომელიც იყო და იქნება საქართველოში, რამეთუ საქართველო იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც ისტორიულად არის ჩამოყალიბებული მრავალეროვნული სახელმწიფოებრიობა ერთი დომინირებული ეთნოსით - ქართველით. ანალოგიური სურათია ესპანეთში, რუსეთში, იტალიაში, სხვაგან.

თუ მე-17-18 საუკუნებიდან დაწყებული, მეოცე საუკუნის პირველი ნახევრით დამთავრებული, თითქმის მთელ მსოფლიოში ადგილი ჰქონდა ეროვნული სახელმწიფოების მშენებლობას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვითარება კარდინალურად შეიცვალა. ევროპის სახელმწიფოთა ნაწილი გადაიქცა ისეთად, სადაც სახელმწიფო ეროვნულობაზე მაღლა დგას. ტრანსფორმაციაში დიდი წვლილი შეიტანა აშშ-ს მაგალითმა.

ტრანსფორმირებულ სახელმწიფოში პრიორიტეტულობა ენიჭება მოქალაქეობას. ეთნიკურ ფაქტორს მხოლოდ პირადულ-მორალური ხასიათი შემორჩა. სახელმწიფოთა დაპირისპირების შემთხვევაში ეთნიკურ ფაქტორს არავითარი პრიორიტეტი არ ენიჭება. უფრო მეტიც - მოქალაქე, მიუხედავად თავისი ეთნიკური წარმოშობისა, ვალდებულია იარაღით ხელში დაიცვას საკუთარი მოქალაქეობის სახელმწიფო იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონფლიქტი საკუთარი სისხლისა და ხორცის ქვეყანასთან ანუ ეთნიკურ სამშობლოსთან არის. მოქალაქე ვალდებულია დაემორჩილოს საკუთარი მოქალაქეობის ქვეყნის კანონებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის პასუხს აგებს კანონით.

მრავალეროვან სახელმწიფოში ეთნიკური იდენტიფიკაციის და რელიგიურ-პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხს პიროვნება წყვეტს, მაგრამ ის სრულ იურიდიულ პასუხისმგებლობაშია ქვეყნის მიმართ, რომლის მთავარი კანონი ანიჭებს მას ისეთ უფლებებს, როგორსაც ყველა სხვა მოქალაქეს. დასტურად ისეთი მაგალითის მოყვანაც შეიძლება, როდესაც ტიტულოვანი ერისგან ეთნიკურად ან რასობრივად განსხვავებული ადამიანი ხდება ლიდერი. მაგალითად, ნიკოლა სარკოზი, ბარაკ ობამა.

მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთს, მხოლოდ განვითარებულ, სოციალურად დავარცხნილ, მაღალი ხარისხის დემოკრატიისა და დახვეწილი პოლიტიკური ინსტიტუტების მქონე ქვეყნებში აქვს ადგილი. ისეთ განვითარებადში, როგორებიცაა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის საქართველოშიც არატიტულოვანი ერის წარმომადგენლებისადმი დამოკიდებულება, რბილად რომ ვთქვათ, ალმაცრულია.

ძნელი წარმოსადგენია საქართველოში, სომხეთში ან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სხვა ეროვნების წარმომადგენელი გახდეს პრეზიდენტი, რაც თავისთავად იწვევს არატიტულოვანთა მხრიდან წინდახედულობის გამოჩენას, შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიებას. ასეთად გვარის და ეროვნების გადაკეთებაა, რაც თავის მხრივ საზოგადოებაში კულუარული განსჯის, ხშირად მწვავეს, საგანი ხდება.

სრული ჭეშმარიტებით შეიძლება ითქვას, რომ სახელოვანი რეჟისორის რობერტ სტურუას ნათქვამი - ქვეყნის პრეზიდენტის არაქართულ წარმოშობაზე, მარტო სტურუას არ არის, ის სხვა ცნობილ ქართველთა, სხვათა და სხვათა ნათქვამიც არის. თუ ამას დავუმატებთ ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ სომხური წარმოშობის პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა გვარგადაკეთებულ სიას, დავრწმუნდებით, რომ ნანატრ ევროპულ დემოკრატიამდე ჯერაც ბევრი გვაქვს გასავლელი.

ფესვგამდგარი შეხედულებების მოშლა ხელის გრეხითა და ძალისმიერი კამპანიურობით მხოლოდ მოჩვენებით, დროებით შედეგს იძლევა.

ეროვნების ჩაწერის მომხრეები იმთავითვე აცხადებდნენ, რომ ამას სხვა დატვირთვაც აქვს - თვითკონტროლის, გაფრთხილების, საგანგაშო ზარის შემოკვრის. ის იძლევა საშუალებას, დადგინდეს რა რაოდენობის ქართველი ან სხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაში.

წმინდა დემოგრაფიული თვალსაზრისით ისევე, როგორც სტატისტიკური, ერთობ სასიცოცხლო მნიშვნლობა აქვს პასპორტში ეროვნების გრაფის აღდგენას, რამეთუ ტიტულოვანი ერის კლება ავტომატურად უნდა იწვევდეს ხელისუფლების შესაბამის რეაქციას. თუმცა მსგავს მხოლოდ დაწყობილ, დალაგებულ ქვეყანაში აქვს ადგილი და არა სრულიად საწინააღმდეგო განვითარების საქართველოში.

საქართველო ის უნიკალური ქვეყანაა, სადაც არც ბერმა და არც ერმა არ იცის მოსახლეობის რაოდენობა, მისი შემადგენლობა - რამდენია ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი ან სხვა ეროვნების წარმომადგენელი, ქალი, მამაკაცი, ბავშვი, ახალგაზრდა, საშუალო ასაკის, ხანში შესული ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაში, რა რაოდენობის საკუთარი მოქალაქე ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, ბოლოს და ბოლოს რა რაოდენობის ამომრჩეველია და ა.შ.

სულ ახლახანს შეიქმნა საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიის დამდგენი კომისია. მერამდენედ. არადა სტატისტიკური ინსტიტუტის გააზრებულ-გამართულ-მიუკერძოებელი მუშაობის შემთხვევაში ნებისმიერ დროს იქნებოდა შესაძლებელი ამომრჩეველთა ზუსტი სიის მოპოვება.

ხელისუფალთა გულგრილობას საზოგადოება სხვაგვარად ხსნის - საკუთარი ნამდვილი წარმომავლობის დამალვად.

არც ის იქნება გასაკვირი, ერთ მშვენიერ დღეს გავიგოთ, რომ ტიტულოვანი ერი უმცირესობაში აღმოჩნდა. შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური გაუსაძლისობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის სამშობლოდან სხვა ქვეყანაში ლუკმა პურის საძებნელად გადახვეწისთვის. მიუხედავად პრეზიდენტის ამაყი, მაგრამ უსაფუძვლო განცხადებისა, სამშობლოში დაბრუნებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, სრულიად საწინააღმდეგო ტენდენციას აქვს ადგილი.

არაოფიციალური მონაცემებით, მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს საზღვარგარეთ. ისინი კარგა ხანია იქ არიან და თავიანთი შრომით შინ დარჩენილ ოჯახებს კვებავენ, გარდა ამისა ყველაფერს ღონობენ, რათა ისინიც წაიყვანონ იქ.

ცალმხრივი მოძრაობის ტენდენციას თუ დავუმატებთ იქაურობასთან სწრაფ ადაპტაციას, ნათლად დავინახავთ - საით მივექანებით.

„საქმე ის არის, რომ ეს სომეხი, რომელსაც ვითომდა ეროვნულობა წავართვით და უეროვნებო მოქალაქედ ვაქციეთ, გადავა აგერ ორ ნაბიჯზე თავის სომხეთში და ისევ სომეხად იქცევა, ასევე რიგითი აზერბაიჯანელი თავის აზერბაიჯანში გადაირბენს და კვლავ აზერბაიჯანელია, იგივე შეუძლიათ გააკეთონ სხვებმაც, რადგან ყველა მათგანს აქვს თავისი მეორე (თუ პირველი) სამშობლო, სადაც სომეხი სომეხია, რუსი - რუსი, აზერბაიჯანელი - აზერბაიჯანელი. ჩვენ ქართველები სად გავიქცეთ? ჩვენ ხომ სომხებივით ან აზერბაიჯანელებივით სხვა სათადარიგო სამშობლო არ გვაქვს, გარდა ერთისა და იმ ერთადერთიდანაც ამოგვწერეს“, - წერს ბატონი ვახტანგი.

ბატონი ვახტანგის გასამხნევებლად მინდა აღვნიშნო, რომ ქართველებმაც ვისწავლეთ სხვაგან გადასვლა. ჩვენს მარშრუტში არა მარტო ნაკლებად დემოკრატიული მეზობლების ქვეყნებია - ახლო საზღვარგარეთს რომ ეძახიან, არამედ შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებიც არის, ისეთებიც, სადაც მოქალაქეობა ეროვნულობაზე მაღლა დგას. ჰოდა ერთ მშვენიერ დღეს სრული შესაძლებელი იქნება გადახვეწილი ქართველის იქ დაბადებული შვილი პრეზიდენტიც რომ გახდეს.

თუ მანამდე არ წავიშალეთ, აი მაშინ ნახეთ ყოყოჩი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"