ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
24.10.2011
შესაძლო სცენარები

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამ მთელი ქართული პოლიტიკა ააფორიაქა. ჯერჯერობით სჭარბობს ემოციები, და მიმდინარე მოვლენების განხილვა. მაგრამ შევეცადოთ ეს ემოციები ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ და არსებული სიტუაციის ძირითადი მომენტები გამოვყოთ.

პირველ რიგში, მოკლედ აღვწეროთ მდგომარეობა, რომელიც იყო ბ-ნი ბიძინას 7 ოქტომბრის განცხადებამდე. ეს მდგომარეობა ხასიათდებოდა სააკაშვილის და მისი ნაცმოძრაობის სრული უპირატესობით ოპონენტებზე, რომელთა ნაწილი იძულებული გახდა უშუალოდ ხელისუფლების თამაში ეთამაშა, ნაწილი კი დაუძლურდა და მარგინალად იქცა. რეჟიმის მონოპოლია იქამდე მივიდა, რომ მომავალ არჩევნებს ერთგვარი „საფრთხეც“ კი დაემუქრა. ეს საფრთხე მდგომარეობდა ხალხის ტოტალური პასიურობაში და უინტერესობაში პოლიტიკური პროცესების, და მათ შორის არჩევნების მიმართ, რადგან მათი შედეგი წინასწარ ცნობილი იყო.

თუ გავიხსენებთ უახლეს ისტორიას, სიტუაცია სხვაგვარი იყო. თითქმის ყველა არჩევნებზე არსებობდა მეტ-ნაკლებად „ინტრიგა“, რაც იწვევდა ხალხის ინტერესს საარჩევნო პროცესის მიმართ. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როცა ამომრჩეველი ფაქტიურად არ მივიდა საარჩევნო უბნებში. სხვათა შორის, ამ არჩევნებიდან რამდენიმე თვეში შევარდნაძის ერთგულმა მომხრეებმა (ჟვანია-სააკაშვილის გუნდმა და გაჩეჩილაძე-გამყრელიძის გუნდმა) მოქკავშირის დაშლა და ახალი ძალების ჩამოყალიბება დაიწყეს.

ინტრიგა არსებობდა 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როცა ლევან გაჩეჩილაძე და ბადრი პატარკაციშვილი უპირისპირდებოდნენ მიხეილ სააკაშვილს. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჯერ კიდევ ინერციით შემორჩენილი იყო „გრეჩიხას და მისი რაზმის“ ოპოზიციურობის ინტრიგა. 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში (იგულისხმება თბილისი) ახალი ინტრიგა გაჩნდა. ეს იყო ირაკლი ალასანიას პირველი გამოჩენა ხელისუფლების ალტერნატივად. თუმცა, ალასანია ვერ ჩამოყალიბდა თუნდაც გიგი უგულავას სერიოზულ კონკურენტად, არაფერს ვამბობთ თავად სააკაშვილზე.

ფაქტიურად, პოლიტიკური პროცესი საქართველოში ჩიხში შევიდა. პროდასავლური ოპოზიცია (ალასანია, რესპუბლიკელები, მემარჯვენეები) მარგინალად ქცევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მემარჯვენეებს არაფერი დარჩენოდათ გარდა იმისა, რომ, თარგამაძის ჟურნალისტებივით, ხელისუფლებას მიკედლებოდნენ. ერთ დროს პოპულარული ეროვნული ფორუმი 500 კაცს ძლივს აგროვებდა მიტინგზე. ლეიბორისტებს თავისი ერთგული 5-7 % ისევ შემორჩენილი ჰქონდათ (და აქვთ), მაგრამ მათი არჩევნებზე გამარჯვების არავის სჯერა, თავად ლეიბორისტების ჩათვლით.

და ამ დროს, ასპარეზზე გამოვიდა მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რამაც შოკის მომგვრელი ეფექტი იქონია მთელ პოლიტიკურ პროცესზე. დაიწყო ქართული პოლიტიკის ე.წ. გადაფორმატება, თუმცა, ყველაზე საინტერესო ისაა, რა სახეს მიიღებს ეს გადაფორმატება და რას მოუტანს ის ქართულ საზოგადოებას.

ბიძინა ივანიშვილის პირველ განცხადებაში ჩამოთვლილი იყო ის პარტიები, რომლებთანაც ის არ აპირებდა თანამშრომლობას, და ის პოლიტიკური ძალები თუ სუბიექტები, რომელთა მიმართ მას გარკვეული სიმპათია გააჩნია. ზოგიერთი პარტია საერთოდ არ იყო ნახსენები.

იმ ჯგუფებს შორის, რომლებსაც ბიზნესმენმა და აწ პოლიტიკოსმა „წყალი არ გადაუწურა“, დასახელდა ორი სუბიექტი - რესპუბლიკელები და ირაკლი ალასანია თავისი პარტიით. რამდენიმე დღის წინ კი ივანიშვილის რეზიდენციაში იმყოფებოდნენ ეროვნული ფორუმის ლიდერები, რომლის წარმომადგენელი, ნოდარ ჯავახიშვილი, „ქართუ-ჯგუფის“ პრეზიდენტად დაინიშნა. თუმცა, „ფორუმთან“ რაიმე კონკრეტული თანამშრომლობის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა.

ამავე დროს, სააკაშვილის ბრძანებით, ბიძინა ივანიშვილს ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა. დაიწყო „ქართუ ბანკის“ მიმართ ტერორი და ბიზნესმენისთვის ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების შეზღუდვა. თუმცა, ცხადია, რომ ივანიშვილის შემთხვევაში, მაინც შესაძლებელი იქნება გარკვეული თანხების მიმართვა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე.

ოღონდ, საკითხავი ის არის, ვის მოხმარდება ეს თანხები? თუ ივანიშვილმა ვერ მოახერხა მოქალაქეობის მიღება არჩევნებამდე და დღეს ასე ჩანს, რომ ვერ მოახერხებს, ხომ არ შეეცდება ის, დააფინანსოს გარკვეული პოლიტიკური ძალები და მხარში ამოუდგეს მათ, თუნდაც მორალურად, არჩევნების პროცესში?

თუ ეს პოლიტიკური ძალა გახდა ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“, და ასევე, შესაძლოა, რესპუბლიკური პარტია, მივიღებთ შემდეგ სიტუაციას: მოხდება ალასანიას პოლიტიკური რეანიმირება და ხელახლა გამოყვანა პოლიტიკურ სივრცეზე, სერიოზულ მოთამაშედ, რისი შანსიც მას, ივანიშვილის გარეშე, არ ჰქონდა. ამავე დროს, ვერც ალასანია და ვერც ალასანია-რესპუბლიკელების ალიანსი, ვერ დაამარცხებს ნაცმოძრაობას, თუნდაც ივანიშვილისგან მიღებული გარკვეული ფინანსური და მორალური მხარდაჭერით. დღევანდელი რეჟიმის დამარცხება არჩევნების გზით შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ თავად ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება სათავეში საკუთარ პარტიას, და მას ექნება მეტ-ნაკლებად ნორმალურ გარემოში, მინიმუმ 3-4 თვის განმავლობაში, საარჩევნო კამპანიის წარმართვის საშუალება (ხალხთან შეხვედრა, ტელევიზიით გამოსვლა და ა.შ).

თუ ეს არ მოხდა, და ივანიშვილი იძულებული გახდა, დაეყრდნოს გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, დიდი ალბათობით მივიღებთ პარლამენტს, რომელშიც „ნაცებს“ კვლავ ექნებათ უმრავლესობა, თუმცა ისეთი დიდი არა, როგორც ახლა. მეორე ადგილზე დეპუტატების რაოდენობით იქნება ირაკლი ალასანიას (ან ალასანია/რესპუბლიკელების) პარტია, ხოლო მანდატთა გარკვეულ რაოდენობას მიიღებენ ხელისუფლების სატელიტები - ქრისტიან-დემოკრატები და ლეიბორისტები.

ამის შემდეგ, მიხეილ სააკოვ-სააკაშვილი გამოვა ტელევიზიით, და ცინიკური ღრეჭვით განაცხადებს, რომ: 1) მისმა ხელისუფლებამ არ დაუშვა „რუსეთის ბინძური ფულით“ საქართველოს ყიდვა და ხელახალი დამონება, და 2) ჩატარდა „თელ სოფლიოში“ და საქართველოს ისტორიაში ყველაზე უფრო დემოკრატიული არჩევნები, რომლის შედეგი თითქოსდა არავინ იცოდა ბოლო წამამდე, მაგრამ მაინც გაიმარჯვა „ეროვნულმა ძალამ“ (ანუ ნაცებმა), რადგან საქართველო „არასოდეს დაიჩოქებს“ და ა.შ. (იხ. სააკაშვილის გამოსვლების ჩანაწერები).

ამ შემთხვევაში, სააკაშვილის ამერიკელი და დასავლელი მფარველები თვალს დახუჭავენ იმაზე, რომ ივანიშვილს ჩამოართვეს მოქალაქეობა და საქართველოდან გააძევეს, სამაგიეროდ, ისინი ხაზს გაუსვამენ მომავალი პარლამენტის „მრავალპარტიულობას“ და იმას, რომ „ნაცების“ პროცენტული წილი მასში შედარებით ნაკლები იქნება ამჟამინდელთან შედარებით. ამას ჩათვლიან „პროგრესად“ და „წინგადადგმულ ნაბიჯად“, რაც მათ არჩევნების „გაპრავების“ საშუალებას მისცემს. ეს კი გახდება ახალი და სახიფათო პროვოკაციების საბაბი, მათ შორის, ე.წ. „ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზე“, სადაც კვლავ აპირებენ ყბადაღებული „მაპის“ საკითხის დასმას აშშ-ს გარკვეული პოლიტიკური ძალები.

თუ ბატონი ივანიშვილი არ თამაშობს მორიგ თამაშს აშშ-ს და ხელისუფლების დაკვეთით, მან უნდა ნათლად განაცხადოს შემდეგი: მისთვის მოქალაქეობის არდაბრუნების და მრავალთვიანი საარჩევნო კამპანიის ნორმალურად ჩატარების აკრძალვის შემთხვევაში, ის მოუწოდებს ყველა პარტიას არჩევნების ბოიკოტისკენ, არ დააფინანსებს არც ერთ ძალას და არჩევნებს არალეგიტიმურად გამოაცხადებს. სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში ბ-ნი ბიძინას მიერ ამის შესახებ მოკლედ ითქვა, მაგრამ ეს პოზიცია საბოლოოდ უნდა დაფიქსირდეს, და რაც შეიძლება ადრე.

როგორც კი ნათელი გახდება, რომ ხელისუფლება არ აპირებს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიცემას და საარჩევნო კამპანიის დაწყების საშუალებას, ბიზნესმენმა აქცენტი უნდა გადაიტანოს არა უკვე დისკრედიტირებული პოლიტიკური ძალების ხელახალ რეანიმირებაზე, არამედ მართლაც ჯანსაღი საზოგადოებრივი სეგმენტების მოზიდვაზე, საკუთარი იდეოლოგიის კორექტირებაზე და განსაზღვრაზე. უნდა შეიქმნას ე.წ. grass-roots (სახალხო) მოძრაობები, რომლებიც ნატო-ს ფეტიშზე და ევროკავშირში მითიურ გაწევრიანებაზე კი არ იქნებიან ორიენტირებული, არამედ რეალისტურად და ახლებურად ჩამოაყალიბებენ საქართველოს განვითარების გზებს, მის ადგილს მსოფლიოში.

გიორგი ვეკუა
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"