ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
16.10.2011
საერთაშორისო ცხოვრებაში საკუთარი პრობლემებით გაჩხერილი საქართველო

ჩვენგან შორს თუ ახლოს განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური გადაწყვეტილებები და განცხადებები პირდაპირ თუ ირიბად საქართველოსაც ეხება, რაც თავისთავად მოითხოვს ხელისუფალთა მხრიდან საკითხებისადმი წვდომას, ანალიზსა და შესაბამისი დასკვნების გამოტანას.

საერთაშორისო ცხოვრება სათუთი და მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, მითუმეტეს ისეთისათვის, როგორიც საქართველოა, რამეთუ საქართველოს ხელისუფალთა წყალობით ქვეყანა ისეთ ჩიხშია შესული, საიდანაც გამოსვლა არცთუ იოლია.

შენს პრობლემებზე გამუდმებული ლაპარაკი, თანაც საერთაშორისო არენაზე, არ იძლევა მათი მოგვარების მცირედ შანსაც კი. დასტურად განვლილი პერიოდიც კმარა.

თუ ამ საზომით შევხედავთ საქართველოს „კეთილმოსურნე“ დასავლეთის ლიდერთა საჯარო განცხადებებს, უმალ მივხვდებით, რაოდენ დაშორებულია მათ მიერ წარმოთქმული სიტყვა და რეალური საქმე.

ავიღოთ ბოლო მაგალითი - სარკოზი. მისი თბილისში წარმოთქმული სიტყვა თავიდან ბოლომდე მასპინძელი პრეზიდენტის მხარდაჭერის აშკარა გამოხატულება იყო. დითირამბებში ჩაიმალა მთავარი - საქართველოს გამთლიანების საკითხი.

მაღალი სტუმრის მიერ ნათქვამი - საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - რიტუალურია, ვიდრე შედეგის მომტანი. თავისუფლების მოედანზე სარკოზი-სააკაშვილის დუეტის მიერ შესრულებული სიმღერა ორთა პერსონალური პოლიტიკის განდიდება უფრო იყო, ვიდრე დაბეჩავებული საქართველოსთვის ჭმუნვა.

საქართველოსადმი დამოკიდებულება გამოხატა აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ, რუსეთში ელჩად გამწესებულმა მაიკლ მაკფოლმაც სენატში გამოსვლის დროს. მან განაცხადა, რომ ელჩობის პერიოდში მუდამ შეახსენებს მასპინძელი ქვეყნის ხელმძღვანელობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებას, გარდა ამისა მხარს დაუჭერს საქართველოს სურვილს ნატოში შესვლასთან დაკავშირებით და სხვა.

ყოველი ასეთი განცხადება რუსეთისათვის ძნელად მოსასმენია, ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, განსაკუთრებით ნატოსთან მიმართებაში, მაგრამ რა გაეწყობა რეფერენდუმმა დააფიქსირა, თანაც უმრავლესობით, საქართველოს მოსახლეობის სწრაფვა. თუ რამდენად შეესაბამება რეფერენდუმის შედეგები სინამდვილეს, სხვა საკითხია.

ამ ხელისუფლების ხელში ახალ რეფერენდუმს არავინ ჩაატარებს. არადა ხალხის განწყობიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს ნატოსადმი ნეგატიურობა. ვერა და ვერ მოახერხა ხელისუფლებამ, ნატოს საინფორმაციო ოფისმა მოსახლეობის დაჯერება - რა კარგია ნატო.

მაკფოლთან შედარებით, ამ საკითხში სარკოზი უფრო მოკრძალებული იყო ანუ - რას გადაწყვეტს ნატოს წევრი სახელმწიფოები.

სხვათაშორის მაკფოლმა, ისე, როგორც სარკოზიმ, ხაზგასმით ილაპარაკა საქართველოს პროგრესულ რეფორმებზე, რაც დიდად გასახარი იყო ხელისუფლებისთვის და მასზე მიტმასნილი მედიისთვის. არაერთხელ გადაიცა ამ პოლიტიკოსების ნათქვამი სიტყვები. თუ რატომ - კარგად არის ცნობილი და მას სააკაშვილის რეჟიმის აღვირახსნილი მხარდაჭერა ჰქვია. მსგავსი მხარდაჭერის მოპოვებისთვის ხანგრძლივი, თანმიმდევრული მოქმედებაა საჭირო, რასაც წარმატებით ართმევს თავს სააკაშვილი.

მედვედევმა ერთ-ერთ გამოსვლაში ლამის ისიც თქვა - ფანჯარა, რომ დაუკეტო, უნიტაზიდან ამოვაო (ჩემი ინტერპრეტაცია). და მართლაც ასეა. ეს ის პიროვნებაა, რომელსაც არ უჭირს ფურთხის მოწმენდა ან გადაფურთხებულის ალოკვა. მჯერა, რუსეთის ტანდემს რომ გაუჩნდეს მასთან შეხვედრის სურვილი, ის უმალ დათანხმდება, თანაც ყოველგვარი მოფიქრების გარეშე.

მიზანსწრაფულობასთან ერთად, როგორც ამბობენ ამოქმედებულია ძვირფასი საჩუქრების და მატერიალური წახალისების მეთოდიც. მოხიბლული დასავლეთიც არ რჩება ვალში და არის ატეხილი ერთი ჭია-კოკონა საქართველოს წარმატებებზე. „ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი თქვენ 746 დოლარიდან 4.500 დოლარამდე გაზარდეთო“, - ბრძანა სარკოზიმ.

ნეტავი ვინ ჰყავდა მხედველობაში? თუ სააკაშვილის მოხელეები, ბანკის მუშაკები, მარეგულირებელი კომისიების წევრები ან დანიშნული ბიზნესმენები, ისინი ხომ დღეში იღებენ ამდენს. შვიდასი ათასი პენსიონერი, თვიური 110 ლარის შემოსავლით, ვერაფრით შეადგენს 4.500 დოლარს. დაუმატეთ ამას 40 წლის ასაკიდან ზევით უმუშევრები, რომელთა ოცნებაა თუნდაც მიზერული 110 ლარის მიღება და მივიღებთ სულ სხვა შედეგს.

მაგრამ სარკოზიმ თქვა და ნაცარი შეგვაყარა თვალში. იქნებ მასაც ვიღაცამ შეაყარა ნაცარი თვალში? არც ეს არის გამორიცხული. საინტერესოა თუ ინგლისელი, რომლის კვირის შემოსავალი 367 ფუნტი სტერლინგი უაღრესად დაბალ დონედ ითვლება ანუ სიღარიბის ზღვარს მიღმად, 4.500 დოლარი როგორღა აღიქმება სიკეთედ და წარმატებად?

დასავლეთს, განსაკუთრებით აშშ-ს აწყობს სააკაშვილი და ყველაფერს ცდილობს მისი შენარჩუნებისათვის. დასტურად ამერიკული NDI-გამოკითხვაც კმარა. მისი მიხედვით, სააკაშვილის და ნაციონალების რეიტინგი იმდენად მაღალია, ავ თვალსაც რომ არ ენახება. გამოკითხულები მხარს უჭერენ ხელისუფლებას ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ქუთაისში პარლამენტის გადატანა, 26 მაისს მომიტინგეთა ძალისმიერი დარბევა და სხვა.

როდესაც გამოკითხულ 2.400 კაცს ასეთი აზრი აქვს, ამ ხელისუფლებას ვერავინ შეარყევს. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ გამოკითხვა ფალსიფიცირებულია, არაფერი გვეშველება.

გამოკითხვა ისე ჩატარდა, როგორც ვაშინგტონს აწყობდა. NDI შეასრულა ცენტრის დავალება ან ხელი-ხელს ბანს პრინციპიდან გამომდინარე, შეეცადა ჩვენსა და ვაშინგტონის მორიგ „დაბოლებას“. ორივე ერთად სააკაშვილის პირად საქმეს ემსახურება.

უცხოეთი - სააკაშვილის იდილიის შემყურე ქართულ საზოგადოებას, უაღრესად იმედგაცრუებულს და ხელისუფლების მიერ დაშინებულ-დამონებულს თუ რამე გამოაფხიზლებდა - კათალიკოს-პატრიარქის პოლიტიკაში წასვლა იქნებოდა ან ცნობილი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის მსგავსი გადაწყვეტილბა.

მეხის გავარდნას ჰგავდა ივანიშვილის განცხადება, უფრო მეტად მისი გამოქვეყნებული „კონსტიტუცია“.

ახალმა ამბავმა თავდაყირა დააყენა მდორე, უიმედო ქართული ცხოვრება. ერთ კვირაზე მეტია ძილი დაკარგა ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, რიგითმა ქართველობამ. ყველა ერთხმად ალაპარაკდა საქართველოს გადარჩენაზე.

ხელისუფლება - ივანიშვილის და მასთან ერთად მოსალოდნელი რუსული ექსპანსიიდან გადარჩენაზე, ქუჩის ოპოზიცია - ქვეყნის სათავიდან ხელისუფლების ჩამოშორების კეთილშობილურობაზე, ხალხი - თავისუფალ, საამურ მომავალზე.

ხელისუფლება ახალ მტერთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის ემზადება, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ნაცთა ერთ-ერთი ბელადის, მაშინდელი მოქკავშირელის ასლან აბაშიძესთან დაქადნებით ნათქვამიდან - ჩვენ 50 წლით მოვედით ხელისუფლებაში, მცირედითაც არ არის შესრულებული.

ამბიციურ გეგმას ხელს უწყობდა და უწყობს ე.წ. ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ქუჩის და მათ შორის ისეთებიც, როგორებიცაა რესპუბლიკელები და ალასანიას პარტია, სხვებზე, რომ არაფერი ვთქვათ. სწორედ ეს ორი პარტია აირჩია ივანიშვილმა სამომავლო პარტნიორებად ჯერ-ჯერობით, რამაც ბევრში ერთგვარი იმედგაცრუება გამოიწვია. საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ისინი ანტიეროვნულ ძალებად მიაჩნიათ, პროამერიკულად.

ივანიშვილის არჩევანმა სხვასაც იმედი ჩაუსახა, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც „შავად“ იყვნენ მოხსენებულნი ივანიშვილის „კონსტიტუციაში“. მაგალითად კიწმარიშვილი წუთს არ ტოვებს რადიო-ტელევიზიებში გამოსვლებისას ივანიშვილისთვის სასიყვარულო მესიჯების გასაგზავნად. ოღონდ მიმიღე და ტელევიზიას კი არა, (მხედველობაში აქვს მაესტრო), სულსაც მოგყიდიო.

არანაკლები პრობიძინური გამოსვლები აქვს გოგა ხაინდრავას. იცავს და მერე როგორ ბიძინას, სულ ეროვნულობის სარჩულით. აბა სხვანაირად, როგორ წარმოვიდგენთ ბატონ გოგას. ერთი კია, ვერა და ვერ შეიყვარა კიწმარიშვილი. ყველა გამოსვლაში სულ მოღალატედ და თაღლითად მოიხსენიებს წვერშეყრილ პოლიტიკოსს.

ეროვნული სულისკვეთებით იღვრებიან სხვები და სხვები. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მრავალს დაუგრძელდა ყური სატელეფონო ზარზე - იქნებ ტრიპოლსკი გვირეკავსო. რა სამომავლო ბედნიერების კოშკები არ იგება.

ხელისუფლება კი დაბეჯითებით გაიძახის - ქართველი ბრძენია, ფულზე არ იყიდებაო. და ეს მაშინ, როდესაც მრავალწლიანი უკუგამოცდილება არსებობს. ყოველი არჩევნები ხალხის მოსყიდვით იწყება და თავდება. იყენებენ როგორც ფულს, ისე კვების პროდუქტებს, ცხადია დაშინებასთან ერთად.

„კდემამოსილი“ ხალხი სამთავრობო 30 ლარის ნაცვლად ბიძინას 30 ლარსა და ოც თეთრზეც თანახმა იქნება. იცის ეს ხელისუფლებამ და ამიტომ ეშინია და რომ ეშინია ნაცთა განცხადებიდანაც ჩანს - არ გვეშინიაო.

კაცმა რომ თქვას, რატომ აქვს ასეთ უმაღლეს ხარისხში ნაცებს ხელისუფლების დატოვების საკითხი აყვანილი? ნუთუ არ სჯობს მრავალწლიან ნერვიულობას უდრტვინველი ცხოვრება, მოხვეჭილით ტკბობა? მაგრამ არა! ხარბია ადამიანი. რომელი ჭკუათმყოფელი მიატოვებს ხელისუფლებას? იმ ონკანთან ჯდომას, საიდანაც ფული მოსჩქებს? ამის უამრავი მაგალითებია არაბულ და აფრიკულ ქვეყნებში, თუნდაც ყოფილ საბჭოთა სივრცეში და რატომ უნდა იყოს სააკაშვილი გამონაკლისი? სწორედ რომ არ უნდა იყოს.

ასე თვლის ის და ვინც ამას თვლის, ივანიშვილის ჩათვლით, სააკაშვილი შავ დღეს დააყრის - მოქალაქეობის გაუქმებით დაწყებული, ქვეყნიდან გაძევებით დამთავრებული. რუსეთის აგენტიაო - ამბობენ, პუტინთან შეკრულ-გადაჯაჭვული, ცხონებული გენერალი ლებედის დამფინანსებელი და ა.შ.

ფულს, რომ ართმევდი, კარგი იყო?! თუ ის აღარ ითვლება, ვინაიდან მაშინ შორს იყო პოლიტიკიდან. დღეს სხვაა - პირველი მტერი.

სააკაშვილს ჯერ არ უხსენებია ივანიშვილი, მაგრამ სადაც მივიდა სულ ბდღვინი ადინა რუსეთს. ამ ქვეყანას სააკაშვილის გინება ისედაც არ აკლდა, თუმცა ამჟამინდელი სხვაა - უფრო მიზანმიმართული, გადატანითი მნიშვნელობის მატარებელი, აგინებ რუსეთს, ანუ აგინებ იქ დაფრთიანებულ ივანიშვილს.

ეს, რომ ასე არ იყოს, რა შუაშია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორია და რუსეთის სკოლკოვო. სააკაშვილისგან გავიგეთ, რომ სამეცნიერო ცენტრ სკოლკოვისათვის გამოყოფილი თანხები რუსებს შეუჭამიათ და პროგრამაც ჩაშლილა. ვაშაა? რა ბედნიერებაა საქართველოსთვის.

სააკაშვილის გულის გასახეთქად ბიძინობა გრძელდება. მთელი საქართველო, ერი და ბერი მისი სახლის მიდამოებშია ატუზული - ნათელი სხივის გამონათების მოლოდინში.

ივანიშვილის „კონსტიტუციაში“ აღნიშნული - საქართველოს სად ყავს შვილი დასაკარგი, რატომღაც ყველამ საკუთარ თავზე მოირგო. არადა მათი უდიდესი უმრავლესობა უფრო მეტად წურბელობასაა დაჩვეული, ვიდრე სამშობლოსთვის შრომას.

ესეც იცის ხელისუფლებამ და დარწმუნებული ვარ საყოველთაოდ მოსახიბლ თანხას გაზრდის. ასე იცის კონკურენციამ. ცხადია იმ გეგმის განუხორციელებლობის შემთხვევაში, რასაც ბიძინას მოქალაქეობა ჰქვია, მოსახიბლ თანხასთან ერთად გაიზრდება სადამსჯელო ქმედებაც. ჯოხი და თაფლაკვერა შესანიშნავ შედეგს იძლევა, ყოველ შემთხვევაში ასე აქვს დაცდილი პატივცემულ მიხეილს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"