ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
07.10.2011
„ბორის, შენ მართალი ხარ!“

ბიძინა ივანაშვილმა, რომელიც რუსეთში უფრო ბორის ივანიშვილის სახელით არის ცნობილი, დიდი ძალით მოისროლა ლოდი საქართველოს პოლიტიკურ ჭაობში, როდესაც განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, დააარსოს პოლიტიკური პარტია და აქტიური მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკაში.

აიშალა ჭაობი თავის ბინადრებიანად, მათი რეაქციები განსხვავებულია. მაგრამ ხალხი მხარს უჭერს და დაუჭერს. მთავარია, რომ ივანიშვილმა განაგრძოს თავისივე განცხადების სულისკვეთებით მოქმედება, რომელმაც დღეს აშკარად დაჩრდილა დიდი საფრანგეთის პატარა პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში.

 

რა თქმა უნდა, ყურადღებიანი დამკვირვებელი შეამჩნევს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურება, რომელსაც ხალხი ამაოდ ითხოვდა და ელოდა ჯერ კიდევ 2 – 3 წლის წინ, იმ მომენტში მოხდა, როდესაც რუსეთის ქართული დიასპორის, კერძოდ, ალექსანდრე ებრალიძისა და საქართველოში მისი პარტნიორების ხელშეწყობით იწყება რუსულ და ქართულ კომპანიებს შორის ურთიერთობების აღდგენა, იხსნება მრავალი ქართველი მეწარმისათვის სანუკვარი უზარმაზარი რუსული ბაზარი. ყველას მოეხსენება სააკოვ–სააკაშვილის ისტერიული რეაქცია ამ ნაბიჯებზე – „რუსული ბაზარი ჩვენ არ გვჭირდება!“ მას და მის დამქაშებს, რომლებმაც მილიარდები დაიტაცეს, რა თქმა უნდა, რუსული ბაზარი არ სჭირდებათ, სამაგიეროდ ძალზე სჭირდება ქართულ საშუალო კლასს. ხოლო საშუალო ფენის გამოცოცხლება და გაძლიერება სიკვდილის მომასწავებელია ქვეყანაში დღეს გამეფებული ბანდიტური ბიუროკრატიული ოლიგოკრატიისთვის. ამიტომ „პრეზიდენტი“ ჯიუტობს, მისთვის უფრო ხელსაყრელია მთელი ხალხის მშიერი ყოფნა, ვიდრე ხალხს მიეცეს შესაძლებლობა, იშოვნოს ფული რუსეთთან ვაჭრობის პირობებში.

 

ანუ, თეორიულად ივანიშვილი, შესაძლოა, პოლიტიკაში ჩაერთო სწორედ ამ ახალ ტალღაზე, როდესაც გაჩნდა რუსეთთან ქართული ბიზნესის, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობის დაახლოების შესაძლებლობა. ივანიშვილის პოტენციური ელექტორატი – მაშასადამე, ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი, ხომ მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების სრულმასშტაბიან დარეგულირებას, ივანიშვილს კი შეუძლია, თავისკენ მიიზიდოს ეს პერსპექტიული ელექტორატი, ხოლო შემდეგ შეგნებულად გადადგას რაიმე არასწორი ნაბიჯი და მიატოვოს თავისი პოლიტიკური წამოწყება. ამ შემთხვევაში „ნაციონალების“ ტრიუმფი და „პრორუსული“ ძალების ფიასკო გარანტირებულია.

 

მაგრამ ნუთუ ასე სულმოკლეა მილიარდერი ივანიშვილი, რომელიც ჩუმად ეწევა ქველმოქმედებას განსაკუთრებით დიდი მასშტაბებით? შეუძლია მას, ითამაშოს სააკოვ–სააკაშვილის თამაში, თუნდაც ამერიკის წაქეზებით, რომელსაც, როგორც ცნობილია, გრძელი ხელები აქვს? ალბათ არა. ამ იმედს ამყარებს მისი დღევანდელი განცხადება – ძალზე თამამი და მართალი. ეს განცხადება „გაფილტრავს“ გამყიდველ ფსევდოოპოზიციონრებსა და ჟურნალისტებს: ვინც იყვირებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული შემოთავაზება, იყიდოს ტელეარხები, „შეურაცხმყოფელია“ ჟურნალისტებისა და მთელი საზოგადოებისათვის, იგი სააკოვ–სააკაშვილის ქვეშაგია და მას ყველამ უნდა მიაფურთხოს. ხალხს არ აქვს უფლება, კიდევ ერთხელ შეცდეს და ყური უგდოს ფსევდოოპოზიციონრებს.

 

 

ბევრი სიბინძურე გადმოიღვრება ივანიშვილის მისამართით. მას, ისევე როგორც თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილს, შეახსენებენ, რომ იგი, თურმე ბიძინა კი არა, ბორისია, ისევე, როგორც ბადრი იყო არა ბადრი, არამედ არკადი. ანუ მდიდარი კაცი „რუსული“ სახელით, რომელიც ახორციელებს „მოსკოვის გეგმებს“. მერე რა, რომ „მიშაც“ რუსული სახელია, გვარი კი არაქართულია... მაგრამ არსებობს იმედი, რომ ივანიშვილი არ შედრკება პროპაგანდისტული მანქანის ზეწოლის პირობებში, განსაკუთრებით, როცა საუბარი იქნება რუსეთთან ურთიერთობებისა და მეგობრობის აღდგენის აუცილებლობაზე. ამ შემთხვევაში საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი, საქართველოს პოლიტიკური ჭაობი კი სუფთა ტბად გადაიქცევა, რომელშიც ყველასთვის იქნება სასმელი წყალი.

 

აწ განსვენებული არკადი პატარკაციშვილის მთავარი პოლიტიკური შეცდომა ხელისუფლებასთან დაპირისპირებისას მდგომარეობდა იმაში, რომ მან არ შექმნა თავისი საკუთარი პოლიტიკური პარტია, არ გააჩნდა იდეოლოგია, სამაგიეროდ ცდილობდა ლავირებას პროფესიულად გამოუსადეგარ პოლიტიკანებს შორის. შემდეგ, როდესაც თავის შეცდომას მიხვდა, ნაჩქარევად ეცადა წინასაარჩევნო ჯგუფის შეკოწიწებას, რომელსაც მხარი უნდა დაეჭირა მისი კანდიდატურისთვის პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ ქმედითუნარიანი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად ძალზე გვიანი იყო. ივანიშვილმა, როგორც ჩანს, გაითვალისწინა ეს გარემოება – მის განცხადებაში ტყუილად არ არის ნათქვამი, რომ იგი დიდი ხანია, თვალს ადევნებს პოლიტიკურ პარტიებს, საბოლოო ჯამში კი გადაწყვიტა, თავისი პარტია შექმნას. ასე რომ, განაგრძეთ, ბატონო ბიძინა, როგორც 1989 – 1991 წლების მოსკოვურ მიტინგებზე ამბობდნენ ხოლმე, „Борис, ты прав!“ – „ბორის, შენ მართალი ხარ“!

 

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"