ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
26.09.2011
გაერო და ვანოს პოლიცია
გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიის საერთო-პოლიტიკური დებატების ფარგლებში სახელმწიფოთა მეთაურები ჩვეულებისამებრ გამოვიდნენ გულდასმით მომზადებული მოხსენებებით.

როგორც წესი, ეს მოხსენებები ნაკლებად პრაქტიკული მნიშვნელობისაა, უფრო სახელმწიფოთა და მათ მეთაურთა მხრიდან საკუთარი თავის წარმოჩენის, რეკლამირების ერთგვარ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე მხოლოდ ფორმალობასთან გვაქვს. მიუხედავად მოხსენებებში წარმოდგენილი ინიციატივების პრაქტიკული განუხორციელებლობისა, მათი საშუალებით აქცენტები ისმება, ამა თუ იმ საკითხზე ყურადღება მახვილდება და შემდგომ პერიოდში განსჯის საგანი ხდება. მაგალითად, ძნელია, გვერდი აუარო ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის გამოსვლაში გაჟღერებულ შეფასებას, რომ მსოფლიოს დღევანდელი მოწყობა უსამართლოა, როდესაც სახელმწიფოთა ნაწილს მონოპოლიზებული აქვს ბირთვული ტექნოლოგიები, მათ შორის, ბირთვული შეიარაღება, და სახელმწიფოთა ეს ჯგუფი სხვა სახელმწიფოებს უკრძალავს ანალოგიური ტექნოლოგიების განვითარებას. ამასთან, ნაზარბაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ატომური შეიარაღებით ძალთა ბალანსის დაცვა თანამედროვე ვითარებაში უკვე აღარ შეიძლება, ატომური შეიარაღება უფრო დაძაბულობას უწყობს ხელს, ამიტომ მან მოუწოდა ბირთვული შეიარაღების მფლობელ სახელმწიფოებს, იფიქრონ გლობალური კონვენციის მიღწევის თაობაზე, რომლის მიხედვით ატომური სახელმწიფოები არაატომური სახელმწიფოების მიმართ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას ძირშივე გამორიცხავენ.

ჩვეულებისამებრ მწვავე იყო ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოსვლა. მის სიტყვაშიც სამართლიანობის თემა წამყვანი იყო. დასავლეთი ამაოდ ცდილობს, წაუყრუოს ირანის პრეზიდენტის მიერ დასმულ საკითხებს, მათ შორის, დასავლეთის ფსევდოდემოკრატიულობის შესახებ, როდესაც დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა დაცვის ლოზუნგებით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხორციელდება სამხედრო ინტერვენცია, ოკუპაცია, ადამიანთა სიცოცხლის და თავისუფლების ხელყოფა. დასავლეთს მის მიმართ კრიტიკის მოსმენაც არ სურს და რამდენიმე სახელმწიფოს წარმომადგენელი აჰმადინეჟადის გამოსვლის დასაწყისშივე სხდომათა დარბაზს სტოვებს ხოლმე. ასე მოხდა ამჯერადაც – დასავლეთი სირაქლემის პოზაში დადგა და კრიტიკის მოსმენის ნაცვლად თავი ქვიშაში ჩარგო, როდესაც ისრაელის დელეგაციასთან ერთად ამერიკელთა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს. ეს, რა თქმა უნდა, ირანის პრეზიდენტის მარგინალად წარმოჩენის მიზნით კეთდება, მაგრამ ევრო–ამერიკელთა დემარში მიზანს ვერ აღწევს. აჰმადინეჟადი გაეროს დაარსების ფაქტს უდიდეს მოვლენად მიიჩნევს უახლეს ისტორიაში და გაეროს საშუალებით მსოფლიოში კოორდინირებულ, კოლექტიურ გადაწყვეტილებებს და მშვიდობიან პოლიტიკას ემხრობა. ძნელია, ამგვარ პოლიტიკურ ხედვას მარგინალობა დასწამო. პირიქით გამოდის, დასავლეთი თავად იმარგინალებს თავს, როდესაც კრიტიკის მოსმენას კონტრარგუმენტების არარსებობის გამო გაურბის, ეს კი აჰმადინეჟადის სასარგებლოდ მეტყველებს.

გაეროს წევრ–სახელმწიფოთა კიდევ რამდენიმე ლიდერი შეიძლება გამოიყოს, რომლებმაც არა მხოლოდ ლამაზი სიტყვებით, არამედ შინაარსიანი, არგუმენტირებული გამოსვლებით დაამახსოვრეს თავი მსმენელებს, გაეროს ტრიბუნიდან.

მათგან განსხვავებით, საქართველოს ფაქტობრივი პრეზიდენტი სააკაშვილი თავისი პერსონისადმი ჭარბი ყურადღებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. საჯარო გამოსვლები, რა თქმა უნდა, მისი სტიქიაა, ყოველ შემთხვევაში, იგი თავად დარწმუნებულია, რომ შესანიშნავი ორატორია. გარკვეული ძლიერი მხარეები სააკაშვილს, როგორც ორატორს, ნამდვილად აქვს, მაგრამ მისი ძლიერი მხარეები მხოლოდ საქართველოში ფასდება უფრო მეტად, ვიდრე სინამდვილეში იმსახურებს. თუმცა ბოლო დროს სააკაშვილი იმდენად არაადეკვატურ, რეალობისგან მოწყვეტილ განცხადებებს აკეთებს საშინაო არენაზე, რომ მას საქართველოშიც აღარ აღიქვამენ მთლად სერიოზულად. სააკაშვილის ერთადერთი ქმედითი არგუმენტია ის, რომ იგი პრეზიდენტის პოსტს არის დაპატრონებული, ეს პოსტი მან საკუთარ ძალაუფლებას მოარგო და შეუძლია, თავს უფლება მისცეს, სისულელეებიც ილაპარაკოს დაუსჯელად. გაეროში, რა თქმა უნდა, სპონტანური გამოსვლები არ ხდება, სიტყვა წინასწარ დაწერილი ტექსტის მიხედვით წარმოითქმება. ეს კი საშუალებას აძლევს სააკაშვილის თანაშემწეებს, მინიმუმამდე დაიყვანონ მათი ბოსის არაადეკვატურობა, თუმცა, როგორც გაეროში სააკაშვილის ბოლო გამოსვლიდან ჩანს, ჯანსაღი ფანტაზიისა და გემოვნების დეფიციტი ტექსტის შემდგენლებსაც ახასიათებთ.

დე ფაქტო პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტი უსაგნო სიტყვამრავლობით გამოირჩევა, მას რეფრენად გასდევს გერმანელი ფილოსოფოსის შელინგის უზუსტო და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატი, სიკეთისა და ბოროტების ერთმანეთში ბრძოლასთან დაკავშირებით (ვერ შევაფასებთ, შელინგის მოხმობის ფაქტში ღრმა აზრი დევს თუ უბრალოდ, გაუნათლებელი სააკაშვილი ერუდიტად უნდათ წარმოაჩინონ). მთლიანობაში კი ტექსტი კომენტარს არ იმსახურებს – ახალი არაფერი თქმულა. მაგრამ სააკაშვილის გამოსვლა საინტერესოა იმდენად, რამდენადაც იგი ერთ გამორჩეულ მომენტს შეიცავს – ქართული პოლიციის თემამ სააკაშვილის საშუალებით უკვე გაეროშიც შეაღწია. თურმე, ნუ იტყვით, ყველაზე რეფორმირებული, არაკორუმპირებული და ქმედითუნარიანი პოლიცია ჰყავს საქართველოს. მაგრამ ამ დებულების მართებულობა–მტყუანობის საკითხს რომ თავი დავანებოთ, რა გაეროში გამოსვლის თემაა პოლიცია? მით უმეტეს, როდესაც ეს პოლიცია მხილებულია უამრავ დანაშაულში, რომელთა „გვირგვინს“ გირგვლიანის მკვლელობის „კლასიკური“ მაგალითი წარმოადგენს.

პოლიციური სახელმწიფო, „მენტობა“ ისე გაუჯდა სისხლში მიშიკოს, რომ თავს გაეროშიც იმდაგვარადვე გრძნობს, როგორც გუბერნატორ გოროზიას მიერ გაშლილ სუფრაზე – არ იცის, სად რა უნდა ილაპარაკოს. ბუნებრივია, საქართველო არ არის ირანის და ყაზახეთის მასშტაბის, რომ მსოფლიოსთვის სიანტერესო ინიციატივები წამოაყენოს, მაგრამ ყბადაღებულ „პოლიციის რეფორმაზე“ გაეროს ტრიბუნიდან საუბარი ყველა დასაშვებ ზღვარს სცილდება. ასეთივე წარმატებით შეიძლებოდა, დე ფაქტო პრეზიდენტს შადრევნებსა და ასფალტის დაგებაზე, ასევე „24–საათიან ელექტროენერგიაზე“ ესაუბრა. საბედნიეროდ, ვერ მოასწრო, გამოსვლების რეგლამენტი 20 წუთითაა შეზღუდული.

სააკაშვილს ისღა დარჩენია, გაეროს გენერალური ასამბლეის შემდეგ სხდომაზე „პატრულის“ ფორმა გადაიცვას და ვანო მერაბიშვილთან ერთად წარსდგეს მსოფლიო საზოგადოების წინაშე. ეს „პიარ-აქცია“ კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს „დემოკრატიულ-პოლიციურ“ იმიჯს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"