საქართველო-რუსეთის ურთიერთობა - რა შეიგნო ქართულმა "ექსპერტობამ" აგვისტოს ომიდან სამი წლის თავზე?

საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში, თუ ამას ურთიერთობა ჰქვია, ერთობ არასასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა ცხინვალის რეგიონში დაწყებულმა სამხედრო ავანტიურის მესამე წლისთავმა.

ომს ყურადღება დაუთმო არა მარტო რუსეთმა და საქართველომ, არამედ ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ, მეტ-ნაკლებად გათვიცნობიერებულმა საქართველო-რუსეთის კონფლიქტში. უხვად იყო ომის ამსახველი სიუჟეტები ელექტრონულ მედიაში. იყო ანალიტიკური სტატიებიც და ურთიერთდამადანაშაულებელი მოსაზრებებიც.

კონფლიქტის ორივე მხარეს საკუთარი სიმართლე აქვს, ხშირ შემთხვევაში სიმართლისგან შორს მყოფი. ორივე მხარეს - საკუთარი პოზიციების უტყუარობის განსამტკიცებლად, დაქირავებული შინა და გარე ექსპერტობა და ჟურნალისტობა ჰყავს, თავდაუზოგავი მტკიცებით, რომ თეთრი შავია და პირიქით. ამ მხრივ დაზარალებული მხარე გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე გამარჯვებული, ვინაიდან გამარჯვებულის დამარცხებულთან უდიდესი უპირატესობა აფიქრებინებს მას, რომ გამარჯვების ფაქტი ურყევია და სულაც არ საჭიროებს PR-ულ მოქმედებას, მითუმეტეს მასში უზომო ფულის ხარჯვას.

სხვა ვითარებაა მეორე მხარეს, მას დასაკარგი არაფერი აქვს, გარდა საკუთარი თავისა, ამდენად ამ მძიმე შემთხვევას ადგილი რომ არ ჰქონდეს, ის თავდავიწყებით აქტიურობს PR-ის ფრონტზე - ქვეყნის შიგა და გარე საზოგადოების საკუთარი პოზიციის სიმართლეში დასარწმუნებლად. ამ „კეთილშობილურ“ საქმეში ხელისუფლებას ზურგს უმაგრებენ ხელისუფლების მიერ დაპურებული ექსპერტები, სახელისუფლებო ჟურნალისტები. ყველა მათგანი თავ-თავიანთ სტატიებსა თუ ინტერვიუებში იცავენ საქართველოს ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მაშინდელ ვოლუნტარისტულ გადაწყვეტილებას, ქოქოლას აყრიან რუსეთის პრეზიდენტის ამასწინანდელ ინტერვიუს ცხინვალის ომთან დაკავშირებით, ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება საქართველოს ხელისუფალთა სიმართლეში, რითაც აშკარა დათვურ სამსახურს უწევენ, როგორც ერს, ისე ბერს.

სიმართლე ერთია და არა ორი, როგორც ეს ზოგიერთ მათგანს ჰგონია. ეს სიმართლე გარკვევით ითქვა ევროკავშირის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ. გვაწყობს თუ არა, უნდა გავიზიაროთ კომისიის დასკვნა, თანაც ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. „ტალიავინის კომისიაც იძულებული იყო ეღიარებინა, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენაო“, - აცხადებს პროფესორი ლევან ალექსიძე თავის ამასწინანდელ ინტერვიუში. „ტალიავინის კომისიაცო“ - ისე ამბობს პატივცემული ლევანი, თითქოს ეს კომისია რუსეთის მიერ იყო შექმნილი. მას მოჰყავს უცხოელი ექსპერტების გამონათქვამები, ცხადია, რუსეთის დადანაშაულებით - ერთ-ერთი მათგანის, იტალიელი ექსპერტის კესესეს სიტყვები - „აგვისტოს ომში საქართველოს არც ერთი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა არ დაურღვევია“.

პატივცემული ლევანი იმასაც გვიმტკიცებს, რომ აშშ-ს სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია უმნიშვნელოვანესია - „სწორედ ამ რეზოლუციების გამოა ჩვენი პოზიცია მტკიცე... ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს მხარეს მთელი საერთაშორისო საზოგადოებაა“, - ამბობს ის.

კეთილი, მაგრამ რა მოიტანა საერთაშორისო საზოგადოების „ჩვენს მხარეზე“ ყოფნამ? ის, ხომ არა, რაც მედვედევმა თქვა ინტერვიუში - არც ერთი სახელმწიფოს მეთაური ჩემთან აგვისტოს ომზე არ საუბრობსო. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ასეა. მედვედევის ნათქვამი ნებისმიერი რიგითი ექსპერტისათვის არ უნდა იყოს გასაკვირი, მით უმეტეს არარიგითი ალექსიძისთვის. მაგრამ საკუთარი კეთილდღეობა ალაპარაკებს მას და არა ქვეყნის ბედი. ნაცვლად ხელისუფლების გამოსაფხიზლებელი შეძახილისა, ის ნაცადი მაამებლობის გზას ადგას. ასე იცის გამსახურდიადან დაწყებული ყველა პრეზიდენტის მრჩევლობამ.

„იმაში, რომ აგვისტოს ომი საერთოდ მოხდა, პირადად მე, დასავლეთ ევროპას ვადანაშაულებ“, - აცხადებს ის. და არამც-და-არამც საქართველოს ხელისუფლებას და მის უპირველეს მხარდამჭერს - აშშ-ს მაშინდელ ადმინისტრაციას, რაც გამოკვეთილად თქვა თავის ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა.

პროფესორს არც მედვედევის ლაპარაკი მოეწონა - „ძირითადად სააკაშვილის უწმაწური სიტყვებით ლანძღვა-გინება იყო, რაც საერთაშორისო ურთიერთობებში მიუღებელიაო“, - აცხადებს ის. ისე კაცმა რომ თქვას, საკუთარი პრეზიდენტის „ოქროპირული“ ტერმინოლოგიის შემყურეს, მედვედევის ნათქვამი არ უნდა აღიზიანებდეს, მით უმეტეს, როდესაც მასში უწმაწურს სულაც არ ჰქონდა ადგილი.

ჩემი მიზანი სულაც არ არის რუსეთისა და მისი პრეზიდენტის დაცვა ან ალექსიძის კრიტიკა, უბრალოდ სიტყვამ მოიტანა და ვახსენე, გარდა ამისა მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი მარტივ ჭეშმარიტებას - შავის გათეთრება შედეგს ვერ მოიტანს.

სიმართლის და შეცდომის აღიარება უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში დიდი დეფიციტია. ასე იყო გამსახურდიას დროს, როდესაც უხეშმა შეცდომებმა, ცხადია, ხელისუფლების მიერ დაშვებულმა, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანა. ასე იყო შევარდნაძის დროს, როდესაც შეცდომების კასკადმა სამოქალაქო ომი გამოიწვია, შესაბამისი შედეგებით - ტერიტორიების ფაქტიური დაკარგვით. ასე იყო 2008 წლის აგვისტოს, როდესაც ომი გავაჩაღეთ და ფაქტიურად დაკარგული გავალეგიტიმურეთ. ნაცვლად გონს მოსვლისა ჩვენ მაინც ჩვენსას ვაგრძელებთ.

სიჯიუტისა და ავანტიურის ლიანდაგზე შემდგარ საქართველოს ხელისუფლებას უდავოდ ესაჭიროება პოლიტიკური კურსის შეცვლა, რაც თავისთავად უნდა გულისხმობდეს რუსეთის მიმართ არაკონფრონტაციული პოზიციის დაკავებას. მედვედევის ინტერვიუში არაერთი ადგილი იყო ისეთი, რომელიც მოლაპარაკების სურვილის გამოხატულებაა და არა ომის. სწორედ ეს უნდა იყოს ექსპერტებისა და ჟურნალისტების მთავარი მამოძრავებელი და არა ცეცხლზე ნავთის დასხმა, ნიშნის მოგებით ლაპარაკი, რუსეთის პერმანენტული ლანძღვა-გინება.

ონანიზმს დაემსგავსა დასავლეთის მიერ მიღებული ვითომ პროქართული რეზოლუციები - ყოვლად უნაყოფო და უშედეგო. რა მიზანი აქვს ასეთს, როდესაც ადრესატი აცხადებს - რამდენიც გინდათ იყვირეთ, ჩემზე ეს არ მოქმედებსო.

ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ რეზოლუციებით რუსეთს წააქცევენ? თანამედროვე ისტორიაში უხვადაა შემთხვევები, როდესაც არაფრად ჩაუგდიათ არა თუ სენატის რეზოლუცია, არამედ გაეროს რეზოლუციებიც. ამის ნათელი მაგალითი ისრაელია. თუ პატარა ისრაელს ვერაფერს უხერხებენ, გიგანტ რუსეთს რამეს მოუხერხებენ?

საქართველო-რუსეთის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ახალი ფურცელია ჩასაწერი, ახალი რეალობების, ახალი შეხედულებების გათვალისწინებით, მაგრამ ძველის გადახედვით და რაც მთავარია არდავიწყებით. ქართულ-რუსული ისტორია თავისთავად შეგვახსენებს, რომ დღევანდელი გაუცხოება ხელოვნურია და მას სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

ქართულ-რუსული ურთიერთობების მრავალმხრივობას არც გეორგიევსკის ტრაქტატის (1783 წ.) შემდეგ ჰქონია ადგილი. აქედან დაწყებული 1801 წლამდე ქართლ-კახეთის მეფეები და დიდებულები გამუდმებით თხოვდნენ რუსეთის იმპერატორებს, ეკატერინე მეორეს, პავლეს, ალექსანდრე პირველს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, ჯარის გამოგზავნას და სხვა. ვერ ვიტყვით, რომ რუსეთის მხრიდან არსებობდა განუზომელი სურვილი საქართველოს მიერთების, მაგალითად ალექსანდრე პირველი საეჭვოდ მიიჩნევდა საქართველოს შეერთებას, თვლიდა რა ამ აქტს არასამართლიანად. ამიტომაც გაჭიანურდა საქართველოს რუსეთთან მიერთების მანიფესტის გამოქვეყნება.

საკითხის მოგვარებისთვის საქართველოს მეფე გიორგი ასე მიმართავდა პეტერბურგს: „Царство и владение мое отдайте непрележно и по христианской правде и поставьте его не под покровительство Императорского Всероссийского престола, но отдайте в полную его власть и на полное его попечение, так чтобы отныне царство Грузинское было бы в Империи Российской на том же положении, каким пользуются прочие провинции России.“

იმპერატორის კარზე გაგზავნილ ე.წ. თხოვნის პუნქტებში ერთ-ერთი ასეთი იყო: „Е.В. Царь Георгий Грузинский, Кахетинский и прочих, наш государь, вельможи, духовенство и народ его желает единожды навсегда принять подданство Всероссийской Империи, обязуясь свято исполнять все то, что исполняемо Российскими подданными, не отрекаясь ни от каких законов и повелений, свято исполнять все то, что исполняемо Российскими подданными, не отрекаясь ни от каких законов и повелений, сколько силы того царство позволять будет, с признанием Всероссийского Императора за своего природного Государя и Самодержца.“

აღნიშნული დოკუმენტები უბრალო შეხსენებაა იმ არცთუ შორეული წარსულისა, რომელმაც გარკვეული წვლილი შეიტანა ორი ქვეყნის ისტორიაში. ცხადია, დღეს სხვა ვითარებაა, სხვა დამოკიდებულებებია ქვეყნებს შორის - კარგიც და ცუდიც, თუმცა მცდელობა ცუდის გამოსწორებისა სახეზეა.

დიდ და ძლიერ მეზობელთან სამკვდრო-სასიცოცხლო დამოკიდებულება, პერმანენტული ქიშპი დიდს ვერაფერს დააკლებს, პატარას კი - გადაწვავს, დააძაბუნებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი