სატანისტების გააქტიურება რუსეთსა და საქართველოში

სატანიზმის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინებაა შეგნებული მოქმედება, რომლის საშუალებითაც ხაზგასმით ხდება ადამიანის მხრიდან ღვთისადმი შეგნებული უპატივცემულობის დემონსტრირება (განზრახ მკრეხელობა) – მით უმეტეს, ისეთ წმინდა ადგილებზე, როგორიცაა ტაძარი.

სწორედ სატანიზმის კლასიკურ აქტად უნდა შეფასდეს ე. წ. „პანკური ლოცვის“ გამართვა გოგონათა ერთი ჯგუფის მიერ მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში.

 

ტაძარში შაბაშის მომწყობნი, შეიძლება, მსხვერპლად განვიხილოთ, შევიბრალოთ ისინი, როგორც საკუთარი სულის წამწყმედი ცოდვილები, მაგრამ სისულელედ მიგვაჩნია, ვიკამათოთ საკუთრივ ფაქტზე, რომელიც აშკარად სატანისტური გამოწვევაა საზოგადოების მიმართ, მაგრამ მისი კვალიფიკაცია საბჭოური ინერციით, სისხლის სამართლის კოდექსში „ხულიგნობასთან“ არის გათანაბრებული.

 

ერთის მხრივ, „ხულიგნობა“ ძალზე მსუბუქი შეფასებაა ტაძარში შეურაცხმყოფელი ქმედების მიმართ – თუნდაც სუფთა სეკულარული კანონმდებლობის პოზიციიდან რომ შევხედოთ. „ტაძარში ჩადენილი ხულიგნური ქმედებები“ – სულაც გროტესკულად ჟღერს. მაგრამ მეორეს მხრივ საზოგადოება იმდენად მწიფე უნდა იყოს, ხოლო რწმენას ამ საზოგადოებაში იმდენად ღრმად უნდა ჰქონდეს ფესვები მოკიდებული, რომ საჭიროებას აღარ უნდა წარმოადგენდეს სპეციალური კანონები ტაძრების, რწმენის, ეკლესიის მსახურთა „ხულიგნებისგან“ დასაცავად. სამწუხაროდ, დღევანდელ რუსეთში ასეთი სპეციალური კანონმდებლობის არარსებობა სულაც არ არის განპირობებული საზოგადოებაში ქრისტიანობის პოზიციების განსაკუთრებული სიძლიერით. მეტიც, საზოგადოების მცირე, მაგრამ მაინც ნაწილი, ცალკეული ეკლესიის მსახურთა ჩათვლით, ფაქტობრივად „გოგონების“ მხარდამჭერად მოგვევლინა. სწორედ ეს ადასტურებს სატანისტების გააქტიურებას, და არა „ხულიგნობის“ ერთჯერადი ფაქტი.

 

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთის სულიერი გახრწნის პროცესი ძალზე შორს წავიდა. ევროპაში ქრისტიანობა დევნილი რწმენა ხდება. ასე მაგალითად, ინგლისის პარლამენტში უკვე მისაღებად გამზადებული დევს კანონპროექტი, რომლის მიხედვით სხვადასხვა კომპანიების თანამშრომლები დამქირავებლის მიერ შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლებულნი იქნან მკერდზე ჯვრის ტარების მიზეზით (ამის არგუმენტაცია ხდება მოსაზრებით, რომ თურმე ჯვრის ტარება რელიგიის აუცილებელი მოთხოვნა არ ყოფილა). ამ მიზეზით სამსახურიდან ადამიანების დათხოვნას უკვე რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი. ეს მხოლოდ ერთი მცირე მაგალითია, ყველაზე ახალი, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რაოდენ შორს წავიდა ევროპის ქრისტიანობისგან დაშორების პროცესი, რომელიც ანტიქრისტიანობაში გადაიზარდა. ჩვენს პოსტსაბჭოურ სივრცეს რაც შეეხება, „პანკური ლოცვის“ მონაწილეთა ტიპის ანტიქრისტიანები თავიანთ შთაგონებას სწორედ დასავლეთში არსებული ანალოგიური ტენდენციებიდან და აქციებიდან იღებენ. საქართველოში, როგორც ცნობილია, ასევე მოქმედებენ ახალი „მებრძოლი ათეიზმის“, სინამდვილეში კი სატანიზმის წარმომადგენლები (მათ ფონზე საბჭოთა „მებრძოლი ათეიზმის“ წარმომადგენლები ძალზე ღირსეულად გამოიყურებიან). მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენთან ამ ნაძირლებს ჩვენი საკუთარი ხელისუფლება აძლევს სტიმულს (შეგახსენებთ: საქართველოში დააპატიმრეს არა მორწმუნეთათვის შეურაცხმყოფელი სათაურის წიგნის სულით მახინჯი ავტორი, არამედ ამ წიგნის გამოცემის ფაქტზე პროტესტით გამოსული მართლმადიდებლური მოძრაობის წევრები), მაგრამ ისევ რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში ჯერ კიდევ რთულად წარმოსადგენია ტაძარში „პანკური ლოცვის“ მსგავსი რამ – მორწმუნეთა პროცენტული შეფარდება საქართველოში უფრო დიდია, ვიდრე რუსეთში, და ეს ფაქტორი თავის როლს ასრულებს. ეს ჩვენი პლიუსია. მაგრამ ქართველები ამ უპირატესობასაც მალე გაუშვებენ ხელიდან, თუკი პროცესები ისე გაგრძელდება, როგორც ახლა მიდის, და ამჟამინდელ ხელისუფლებას საშუალება ექნება, განაგრძოს ქვეყნის სათავეში ყოფნა საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ეტაპზეც.

 

გამოსავალი არ შეიძლება, იყოს მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე (მით უმეტეს, რომ საქართველოში ჯერ-ჯერობით აშკარად ანტიქრისტიანული ხელისუფლებაა, რომელიც ფლობს საკანონმდებლო ბერკეტებს). საზოგადოებამ თავად უნდა მიაჩვიოს ყველა ჯურის პროვოკატორი თავის მიმართ შიშს. ჯერ კიდევ ანტიკურ სამყაროში დაუწერელი კანონები დაწერილ კანონებზე უფრო მაღლა იდგა. ეს ნორმა ჩვენს დროშიც უნდა მოქმედებდეს. ხდება, რომ ველური მხეცების მსგავსი სატანისტები მხოლოდ უხეშ ძალას უფრთხიან. ამიტომ ძალის გამოყენება არ უნდა იქნას გამორიცხული პროვოკატორებთან ბრძოლის არსენალიდან. საუბარი, რასაკვირველია, არ არის მკვლელობებზე და მისთ., მაგრამ ფიზიკური დასჯა გათვალისწინებული უნდა იყოს. როდესაც ზოგიერთებზე არ მოქმედებს „ცივილიზებული“ ქმედებები, აუცილებელია სხვა ზომების გატარება. ამ თვალსაზრისით ჩვენ, ქრისტიანებმა, კაცმა რომ თქვას, ზოგი რამ შეგვიძლია ჩვენი მონოთეისტი ძმებისგან – მუსლიმანებისგან ვისწავლოთ.

 

გულბაათ რცხილაძე