საქართველო და აშშ-ირანის შესაძლო ომი

როგორც ცნობილია, ბოლო თვეებში მწვავდება სიტუაცია ირანის გარშემო, რომელსაც დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა, აშშ-ს მეთაურობით, ბირთვული იარაღის შექმნის საიდუმლო მცდელობაში ადანაშაულებს. თუმცა თეირანის „ბოროტი განზრახვების“ არავითარი დამადასტურებელი საბუთი არ წარმოდგენილა, აშშ-ს ადმინისტრაცია მაინც ახროციელებს ძლიერ ზეწოლას ევროკავშირის ქვეყნებზე და აზიის სახელმწიფოებზე, რათა მათ გაწყვიტონ ირანთან კონომიკური კავშირები, კერძოდ, უარი თქვან ირანული ნავთობის შეძენაზე.

ამგვარი აგრესიული პოლიტიკა იწვევს სპარსეთის ყურეში დაძაბულობის ზრდას, რომელშიც მსოფლიოს ნავთობის ექსპორტის 40% გადის. დღეისათვის შეიარაღებული დაპირისპირების კერების წარმოქმნა აღარ გამოიყურება დაუჯერებლად.

ამ სიტუაციაში, საქართველო, რომელიც ირანთან ახლოს მდებარეობს, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგება.

ისტორიულად საქართველოს და ირანს (სპარსეთს) მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდათ. დაწყებული პირველი ათასწლეულით ჩვენს ერამდე, როცა აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების აღმოცენება დაიწყო, ეს ტერიტორია სპარსული კულტურის და რელიგიის გავლენის სფეროში იმყოფებოდა. ძველი ირანული იმპერიების გაძლერების პერიოდებში, საქართველო მათ შემადგენლობაში ხვდებოდა და ვასალურ ქვეყნად ან შემადგენელ ნაწილადაც კი იქცეოდა. ქართულ ენაში, ანტროპონიმიკაში (ადამიანთა სახელები) და ტოპონიმიკაში სპარსული და არაბულ-სპარსული გავლენის ძლიერი კვალი შეინიშნება. მე-15 საუკუნიდან მოყოლებული, მე-19 საუკუნის დასაწყისამდე, საქართველოს, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის მთელი ტერიტორია, სპარსეთის და თურქეთის მეტოქეობის ასპარეზად იქცა. აღმოსავლეთ საქართველო (ქართლ-კახეთი) ძირითადად სპარსეთის გავლენის სფეროში შედიოდა.

ამ დროს წარმოიქმნა ქართული დიასპორა ირანში. როგორც ვიცით, მე-17 საუკუნის დასაწყისში, სპარსეთის შაჰმა აბას I-მა ბრძანა, კახეთის რამდენიმე ათეული ათასი მცხოვრები ირანის შიდა რეგიონებში ჩაესახლებინათ. მათი დიდი ნაწილი აღმოჩნდა ოლქში, რომელსაც ეწოდება ფერეიდანი. დღეისათვის ამ რაიონში სახლობს 10-15 ათასამდე ქართველი (1 ქალაქში და ათზე მეტ სოფელში). მათ შენარჩუნებული აქვთ ქართული ენა და ეთნიკური იდენტობა.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს, დაიწყო მცდელობები, რომ ამ ხალხის ნაწილი საქართველოში გადმოსახლებულიყო. მართლაც, რამდენიმე ათეული ოჯახი ჩამოვიდა აქ, თუმცა მათი ნაწილი 90-იან წლებში ისევ უკან გაბრუნდა. პრაქტიკულად ყველა ირანელი ქართველი, ვისაც შენარჩუნებული აქვს ქართული ენის ფლობა ამა თუ იმ დონეზე, აღმსარებლობით მუსლიმია. ეს ფაქტორი აძნელებს მათ ადაპტაციას ქართულ გარემოში, სადაც ეჭვის თვალით უყურებენ სხვა რელიგიების წარმომადგენლებს. ეს ეხება არა მარტო ფერეიდნელებს, არამედ ე.წ. „თურქ-მესხებსაც“.

რაც შეეხება ურთიერთობებს სახელმწიფო დონეზე ირანს და საქართველოს შორის, მათი განვითარება დაიწყო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტიდან, 1992 წელს. 90-იანი წლების პირველ ნახევარში შედგა პრეზიდენტ შევარდნაძის ვიზიტი ირანში, ხოლო შემდეგ პრეზიდენტი რაფსანჯანიც ეწვია საქართველოს. აღდგა ეკონომიკური კავშირები ქვეყნებს შორის. მაგრამ იმის გამო, რომ ქართულ პოლიტიკაში იმძლავრეს ე.წ. პროდასავლურმა ძალებმა, ირანთან ურთიერთობებმა, მათ შორის ეკონომიკურმა, სერიოზული განვითარება ვერ ჰპოვა.

“ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, თითქოსდა, ირან-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაყინულიყო, რადგან ხელისუფლებაში მოსული სააკაშვილი მთლიანად პროამერიკულ ფიგურად ითვლებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. სააკაშვილი უკვე 2004 წელს გაემგზავრა ირანში ვიზიტად, სადაც ფერეიდნელებსაც შეხვდა. და აგიტაციასაც კი უწევდა საქართველოში დასაბრუნებლად. თუმცა, ეს უფრო სტანდარტული პროპაგანდისტული ნაბიჯი იყო მისი მხრიდან, რადგან, როგორც ცნობილია მიშა თავს ნაციონალისტ მოღვაწედ ასაღებს.

2006 წლის ზამთარში, ენერგეტიკული კრიზისის დროს, რაც გამოწვეული იყო ჩრდილო კავკასიაში გაზსადენების აფეთქებით, ირანმა მზადყოფნა გამოხატა საქართველოსთვის მოეწოდებინა გარკვეული რაოდენობის ბუნებრივი აირი. ამის შესახებ განცხადება თავად სააკაშვილმა გააკეთა. ამის შემდეგ ქვეყნდებოდა წინააღმდეგობრივი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის გაზი მოეწოდა საქართველოს, რა ფასად და საერთოდ, იყო თუ არა მოწოდება. მაგრამ, როგორც ჩანს, თავად განცხადებამ ამის შესახებ იმოქმედა აფეთქებული გაზსადენის აღდგენის ტემპებზე და გაზის მოწოდება საკმაოდ მალე განახლდა.

მაგრამ ამის შემდეგ ირანის და საქართველოს ურთიერთობები ისევ გაუარესდა. 2007 წელს თბილისში დაპატიმრებული იქნა ირანის მოქალაქე ჰ. არდებილი, რომელიც შემდგომ ამერიკის ხელისუფლებას გადაეცა. მას ბრალი წაუყენეს სამხედრო თვითმფრინავებისთვის მარაგნაწილების შესყიდვის მცდელობაში. ირანის მოქალაქის დაკავების ოპერაცია ერთობლივად ჩაატარეს ქართულმა და ამერიკულმა სპეცსამსახურებმა. ამან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია თეირანის მხრიდან, რომელმაც საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებების მაღალჩინოსანთა დელეგაცია გამოგზავნა თბილისში. 2010 წელს, ირანული ინგლისურენოვანი გაზეთის „ტეჰრან თაიმსის“ მტკიცებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშაძემ ბოდიში მოუხადა ირანულ მხარეს იმ ინციდენტის გამო და ქართული მხარის გადაწყვეტილება 2007 წელს ქვეყანაში შექმნილ მძიმე შიდაპოლიტიკურ ვითარებას დააბრალა. თუმცა, ვაშაძის უწყება უარყოფდა ბოდიშის მოხდის ფაქტს.

იმავე 2010 წელს, ქვეყნებს შორის მორიგი დათბობა მოხდა. იმ წლის იანვარში მინისტრი ვაშაძე ვიზიტით იმყოფებოდა ირანში, სადაც შეხვდა არა მარტო თავის კოლეგა მოტაკის, არამედ პრეზიდენტ აჰმადინეჟადსაც. შემოდგომაზე მოტაკი საპასუხო ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა. მას-მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის ელჩთან შეხვედრის დროს სააკაშვილმა პრეზიდენტი აჰმადინეჟადი მოიწვია თბილისში. თუმცა თავად მიშამ უარყო ეს ინფორმაცია, განაცხადა რა, რომ ამის შესაძლებლობა იყო 4-5 წლის წინათ, ახლა კი სიტუაცია შეიცვალაო.

ამ ვიზიტების დროს განიხილებოდა უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი ორი ქვეყნის მოქალაქეებსითვის. პროდასავლური მას-მედია საქართველოში მკვეთრად აკრიტიკებდა ამგვარი რეჟიმის შემოღების საშუალებას და პროგნოზებს აკეთებდა, რომ ეს გამოიწვევდა ამჟამინდელი ხელისუფლების მთავარი სპონსორის - ვაშინგტონის გაღიზიანებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, უვიზო რეჟიმი საქართველოს და ირანს შორის რეალობა გახდა 2011 წელს. სხვადასხვა მოსაზრება გამოითქმებოდა, თუ რატომ „დაუშვა“ აშშ-მ თბილისის მხრიდან ამგვარი ნაბიჯის გადადგმა, დაწყებული იქიდან, რომ თავად ამერიკელები არ იყვნენ ამის წინააღმდეგი და დამთავრებული იმით, რომ სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა დაენახვებინა „სტრატეგიული პარტნიორისთვის“ საკუთარი შემორჩენილი ბერკეტები.

ამგვარი გადაწუვეტილების შედეგად, მკვეთრად გაიზარდა ირანელ ტურისტთა ნაკადი საქართველოში. ოფიციალური მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობა ისლამური რესპუბლიკიდან გასამმაგდა და 60 ათასს მიაღწია. ბათუმში გაიხსნა ირანის საკონსულო. ამავე დროს, სავაჭრო ბრუნვა ირანს და საქართველოს შორის შედარებით მოკრძალებული რჩება - ირანი არ შედის საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში. თუმცა ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა საკმაოდ გაიზარდა, განსაკუთრებით ირანის ექსპორტი საქართველოში.

დავუბრუნდეთ ირანის ირგვლივ სიტუაციის გამწვავებას. თუმცა საქართველო უშუალოდ არ შედის ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, მაგრამ მჭიდროდ ემეზობლება მას. ამგვარად, ნებისმიერი სერიოზული დესტაბილიზაცია უშუალოდ შეეხება მასაც. როგორც ცნობილია, საქართველო არ ფლობს ნავთობის და გაზის რესურსებს და მათი იმპორტიორია. შეიარაღებული კონფლიქტი სპარსეთის ყურეში აუცილებლად გამოიწვევს ნავთობზე ფასების ზრდას, რაც ძლიერ დარტყმას მიაყენებს საქართველოს ისედაც მყიფე ეკონომიკას. ასევე გართულდება სიტუაცია ტურისტულ სექტორში, რომელიც ძალზე მგრძნობიარეა ფორს-მაჟორული მდგომარეობების მიმართ.

მეორე მხრივ, საქართველოს ტერიტორია თეორიულად შეიძლება განიხილებოდეს როგორც პლაცდარმი ირანის წინააღმდეგ დარტყმების განსახორციელებლად. საქმე ისაა, რომ აშშ-ს სახმელეთო ინფრასტრუქტურა ირანის გარშემო მუსულმანურ ქვეყნებში არის განლაგებული, და მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნების მმართველი ზოგიერთი რეჟიმი საკმაოდ მტრულად არის ისლამური რესპუბლიკის მიმართ განწყობილი, საზოგადოებრივი აზრი მათში მკვეთრად უარყოფითი იქნება ირანის წინააღმდეგ სამხედრო შეტევის. ამან შეიძლება აიძულოს დასავლეთი, ძალების გასაშლელი სხვა ადგილები მოძებნოს, საქართველო კი, ერთი შეხედვით, გამოდგება ამისთვის, რადგან მთლიანად პროდასავლურ სახელმწიფოდ ითვლება, რომელიც ნატო-ში შესვლას ცდილობს. საზოგადოებრივი აზრი საქართველოში არ არის დიდად სიმპატიით განწყობილი ირანის მიმართ, თუმცა არც მტრული განწყობებია.

ახლახან ქართველმა ოპოზიციონერმა ე. ჯაველიძემ გაავრცელა „სენსაციური“ ინფორმაცია, თითქოს ის საავადმყოფოები რეგიონებში, რომლებიც სააკაშვილის მონაწილეობით იხსნება, ამერიკის თანხებით არის აშენებული და გამიზნულია საომარო მოქმედებების შემთხვევაში დაჭრილების მისაღებად. ზემოთქმულიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამგვარი შესაძლებლობის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ინფორმაციის სიზუსტე ეჭვს იწვევს. უფრო ალბათ წინასაარჩევნო პიარ-კამპანიასთან გვაქვს საქმე. ვრცელდება ხმები, რომ ეს კლინიკები გარედან მტერს უბრმავებს თვალს და შინიდან მოყვარეს, რადგან მათში დადგმულია 90-იანი წლების ჩამოწერილი აპარატურა, რომელისაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ერთი ადგილიდან მეორეში დაატარებენ, თავად სააკაშვილთან ერთად.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება დგას დილემის წინაშე, თუ როგორ მოიქცეს იმ შემთხვევაში, თუკი ამერიკელები გადაწყვეტენ ირანზე თავდასხმას: შესთავაზოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ამისთვის და დაადასტუროს მისწრაფება ნატო-ში ინტეგრაციისკენ, თუ თავი შეიკავოს ამ რისკიან საქმეში ჩართვისგან. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში წელს უნდა ჩატარდეს არჩევნები (შესაბამისად, საპარლამენტო და საპრეზიდენტო). სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, დაძაბულობა რეგიონში დიდხანს არ შენელდება, თუნდაც აქტიური ფაზა დროებით შეჩერდეს. ამგვარად, წინასაარჩევნო პერიოდი დაემთხვევა ახლო აღმოსავლეთში მასშტაბურ დესტაბილიზაციას. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის, რომელსაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა აშშ-ს წინა, რესპუბლიკურ ადმინისტრაციასთან, ხოლო თეთრი სახლის ახლანდელ ბინადართან ურთიერთობა მანიცდამანიც არ აეწყო, ამგვარი სიტუაცია შეიცავს როგორც შესაძლებლობებს, ასევე რისკებს.

ერთი მხრივ, ამერიკელები სხვა საქმეებით იქნებიან დაკავებული და მათ არ ეცლებათ ქართული არჩევნებისთვის. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებაში ღიად პროამერიკული რეჟიმის ყოფნის ფასი მათთვის აიწევს. ამ ფაქტორის გამოყენებას შეეცდება სააკაშვილი და მისი გუნდი.

მეორე მხრივ, თუკი თეთრი სახლი მოითხოვს თბილისისგან საქმით დაამტკიცოს თავისი ლოიალურობა და ჩაერთოს შესაძლო ანტიირანულ ქმედებებში, ეს მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს რეჟიმს. აშშ შორსაა, ირანი კი ახლოს, და იმ შემთხვევაში, თუკი მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი ამერიკის წინააღმდეგ იქნება, საქართველო ასევე აღმოჩნდება იზოლაციაში. ახლაც კი, თბილისი თავს იკავებს ირანთან უერთიერთობების გამწვავებაზე. უვიზო რეჟიმის შემოღების გარდა, შეიძლება აღინიშნოს ისეთი ფაქტიც, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებზე ქართული დელეგაცია თითქმის არასოდეს არ უერთდება ანტიირანული რეზოლუციების პროექტებს (თავს იკავებს ან არ ესწრება სხდომებს).

ამჟამად იმის ალბათობა, რომ შეიარაღებული კონფლიქტი გაჩაღდება სახმელეთო ძალების მონაწილეობით, არც ისე დიდია, მაგრამ მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, საქართველო კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. გარდა ეკონომიკური ზარალისა, რაც ზემოთ აღინიშნა, არ არის გამორიცხული ლტოლვილების გამოჩენა კავკასიის რეგიონში. რა თქმა უნდა, მათი ძირითადი ნაკადი სავარაუდოდ აზერბაიჯანში და სომხეთში იქნება, მაგრამ გარკვეული (მცირე) რაოდენობის ნაკადი საქართველოშიც შეიძლება მოხვდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია აპოკალიფსურ ხასიათს არ მიიღებს.

რაც შეეხება ქართულ ოპოზიციას, ის ამჟამად თითქმის არ საუბრობს აშშ-ირანის შესაძლო დაპირიპირების თემაზე და საქართველოსთვის მოსალოდნელ შედეგებზე. წარსულში ამაზე განცხადებებს აკეთებდა ეროვნული ფორუმის ლიდერი გ. სანიკიძე, რომელიც აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ არ ჩარეულიყო ამ საქმეებში. დანარჩენი ოპოზიციონერები სხვა საქმეებით არიან დაკავებული და ეტყობა, ვერ იცლიან საგარეო-პოლიტიკური თემებისთვის. მდგომარეობის რეალურად გამწვავების შემთხვევაში, ოპოზიციის ნაწილი, როგორც ჩანს. გარკვეულ კომენტარებს გააკეთებს. ვფიქრობთ, მათი უმეტესობა, ისინიც კი, რომლებიც შემჩნეული არიან ხელისუფლებასთან ფარულ კავშირებში, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას თავშეკავებისკენ. თუმცა თუ ზეწოლა ვაშინგტონიდან ძლიერი იქნა, არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს აშკარად პროამერიკული განცხადებების გაკეთებაც ცალკეული ოპოზოციონერების მხრიდან, რადგან, როგორც ცნობილია, ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში ისეთივე პროდასავლურია, როგორც არსებული რეჟიმი.

თუ შევაჯამებთ ძირითად მომენტებს, შეიძლება შემდეგ დასკვნები გავაკეთოთ: ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის ამ ეტაპზე მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება და 2012-2013 წლების არჩევნების „გადაგორება“ ნებისმიერ ფასად. თავის ქმედებებში ის აქედან გამოვა. ისე უბრალოდ საქართველო ძნელად თუ ჩაერთვება ირანის წინააღმდეგ შესაძლო ავანტურაში, განსხვავებით ავღანეთისგან, სადაც სააკაშვილმა 2000-კაციანი კონტინგენტი გააგზავნა. ამერიკული მხრიდან ძლიერი ზეწოლის შემთხვევაში, რასაც შეიძლება დაერთოს შიდა ოპოზიციის გააქტიურება (ივანიშვილის ფაქტორი), რეჟიმი ალბათ წავა დათმობებზე, ოღონდ იმ პირობით, რომ გარანტია მიიღოს ხელისუფლებაში დარჩენაზე და იმ ეკონომიკური ზარალის შემსუბუქებაზე, რაც საქართველოს ელის. გარდა ამისა, სააკაშვილი შეეცდება სანაცვლოდ მიიღოს ე.წ. მაპი. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას, ამჟამად უკვე კავკასიაში, რადგან პირდაპირ დაარტყამს რუსეთის ინტერესებს. ამ შემთხვევაში მოვლენათა განვითარების პროგნოზირება თითქმის შეუძლებელი ხდება.