მიაღწევს თუ არა ევროპა ენერგოდამოუკიდებლობას? (ნაწილი მეორე)

მიაღწევს თუ არა ევროპა ენერგოდამოუკიდებლობას? (ნაწილი მეორე)

ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ დამოუკიდებლად ისევე როგორც ერთიანად იმუშაონ თავისი ენერგო საკითხების მოგვარებაში. საკანონმდებლო და ნორმატიულ დონეზე თითქმის ყველა დადგენილების მიღება ხდება ევრო კომისიის დონეზე. მაშინ როდესაც ენერგო წყაროების შერჩევა ხდება ლოკალურ დონეზე რამეთუ ყველა ქვეყნის ენერგო სისტემა არის უნიკალური.

 სტატიის პირველი ნაწილი იხ. აქ.

დაძაბული არჩევნების შემდეგ, დამატებით რომ არ დავძაბო მკითხველის ყურადღება, მეორე ნაწილში შევჩერდები მხოლოდ ყველაზე საინტერესო და ეგზოტიკურ პროექტებზე.  

 

 

შვედები ირჩევენ თბო ტუმბოებს

 

თბო ტუმბო გახლავთ დანადგარი, რომელიც მიწის სიღრმიდან, წყლიდან ან ჰაერიდან ახდენს სითბოს (ან საჭიროების შემთხვევაში სიცივეს) ექსტრაქციას და ბინის გათბობას. დანადგარი იძლევა საშუალებას 3-4 ჯერ ნაკლები ელექტროენერგია დაიხარჯოს გათბობაზე. ათიოდე წლის წინ შვედეთის მთავრობამ აქტიურად დაიწყო ამ პროდუქტის სტიმულირება; შედეგად, შვედეთში საცხოვრებელი ფონდის 10% უკვე ამ მეთოდით თბება.

 

 

კანალიზაცია გაათბობს პარიზს

 

სიმართლე რომ გითხრათ როცა მოვისმინე რომ პარიზის გათბობას კანალიზაციით აპირებენ, ხუმრობა მეგონა, მაგრამ, როგორც ჩანს ფრანგები სერიოზულად უდგებიან ამ საკითხს. პარიზის კანალიზაციის უზარმაზარი ლაბირინთები, მოხსენებული არაერთ რომანში, გადახლართულია მთელს ქალაქში. ხელისუფლება გეგმავს 2020 წლისთვის ქალაქისთვის საჭირო ენერგიის 30% მიიღოს განახლებადი ენერგიიდან. პარიზის კანალიზაციაში ტემპერატურა სტაბილურად მერყეობს +12-20C. ენერგეტიკოსები გეგმავენ ამ სითბოს ექსტრაქციას დუშის და სარეცხი მანქანის ცხელი წყლიდან რომელიც კანალიზაციის სისტემებში აღმოჩნდება. შენობები განლაგებული უნდა იყვნენ წყაროსგან 200 მეტრში რის გამოც ქალაქის ცენტრალური უბნების გათბობა იქნება მხოლოდ შესაძლებელი/მომგებიანი. პირველი ობიექტი რომელიც მიიღებს ენერგიეს ამ წყაროდან იქნება საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლე რომელიც ამ ტექნოლოგიით დაზოგავს ენერგიის 70%.

 

 

ნავთობიდან ქარის ენერგიისკენ

 

ენერგოდეფიციტმა და გაზის და ნავთობის მოპოვების შემცირებამ ჩრდილოეთ ზღვაში აიძულა ბრიტანელები, მოეძებნათ პრობლემის არასტანდარტული გადაწყვეტილებები. ზოგიერთი ნავთობსაბადოს გამოფიტვის შემდეგ, გამოუყენებელი დარჩა ოკეანეში მდებარე პლატფორმები. სამაგიეროდ, ამ ადგილებში არის მუდმივი და ძლიერი ქარი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი რაოდენობით ქარის ენერგიის გენერირება. იმისათვის რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ პლატფორმების გამოყენება, მათზე იგეგმება ქარის ტურბინების დაყენება, რომლებიც მიაწვდიან ელექტროენერგიას დიდ ბრიტანეთს.

 

 

ოკეან ენერგია

 

ბევრისთვის ალბათ საკვირველი იქნება, მაგრამ ოკეანე ინახავს გიგანტურ ენერგომარაგებს. ერთადერთი, რაც აფერხებს მათ ექსპლუატაციას, არის მაღალი თვითღირებულება. ენერგიის მოპოვების ეს მიმართულება გახლავთ ყველაზე დინამიურად განვითარებადი და ტექნიკური გადაწყვეტილებების მხრივ ყველაზე მრავალფეროვანი. თუ მზის და ქარის ენერგიასთან დაკავშირებით 6-მდე გადაწყვეტილებაა, ოკეანეს ენერგიასთან დაკავშირებით უკვე ათამდე დანადგარია გამოგონებული და მიმდინარეობს მათი დახვეწა. სხვადასხვა ქვეყნებში უკვე მიდის მუშაობა 18 ობიექტზე, შოტლანდია კი აპირებს მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელოს ამ მიმართულებით. ოკეანედან ენერგიის მიღების 2 წყარო გახლავთ ტალღების ენერგია და წყალქვეშა დინების ენერგია (ამ დროს ტურბინები ყენდება წყალის სიღრმეში და დინების ენერგია მოქმედებს იგივე პრინციპით, როგორც ჰიდროელექტროსადგურებში).

 

 

თვითმფრინავები იფრენენ საჭმელ ზეთზე და მზის ენერგიაზე

 

მას შემდეგ, რაც ძმებმა რაითებმა შექმნეს პირველი საფრენი აპარატი, ავიაინდუსტრიამ განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია უმარტივესი აპარატებიდან მფრინავ ოფისებამდე და საჰაერო საწვავის გასამართებამდე. თანამედროვე ავიაცია ემზადება შემდეგი მნიშვნელოვანი ნახტომისთვის (უფრო სწორად, ნახტომებისთვის), რომელიც ნაკარნახები იქნება საწვავის გაძვირებით და გარემოს დაბინძურებით.

 

KLM გახდა პირველი ავიაკომპანია, რომელმაც შეასრულა კომერციული რეისი ბიოსაწვავის გამოყენებით 2011 წელს და უახლოეს მომავალში გეგმავს რეგულარული მოკლე რეისების შესრულებას ევროპის ფარგლებში. გადამუშავებული ზეთის საწვევზე. მის გზას გაჰყვა კომპანია Virgin. კომპანიები საწვავის სახით იყენებენ გამოყენებულ სამჭმელ ზეთს. ამ მიმართულებით KLM-მა ჩამოაყალიბა კომპანია SkyNRG რომელიც დაკავებული იქნება ბიოსაწვავის განვითარებით ავიაციაში. სავარაუდოდ ბოისაწვავის წილი ავიაციაში დაიკავებს 1%-ს 2015 წლისთვის. 

 

შვეიცარიულმა კომპანიამ  Bertrand Piccard-მა ევროპულ კოსმოსურ სააგენტოსტან ერთად 2005 წელს დაიწყო მუშაობა თვითმფრინავზე რომელიც შეძლებს მზის ენერგიაზე ფრენას. კომპანიამ უკვე ააშენა პრტოტიპი შოლარ Iმპულსე. საფრენი აპარატი იტევს 2 პილოტს და უკვე ხორციელდება გადაფრები ევროპის ფარგლებში. Bertrand Piccard გეგმავს შემოიფრინოს დედამიწის გარშემო უახლოეს მომავალში.

 

 

გიგანტური პროექტი, რომელმაც ევროპა შეიძლება სამუამოდ იხსნას ენერგოდეფიციტისგან

 

საჰარის უდაბნოს 0.3%-ის ფართზე კონცენტირირებულ მზის ენერგიას შესწევს უნარი სრულად დააკმაყოფილოს ევროპის ენერგო მოთხოვნები.

 

2009 წელს “დესერტეკ”-ის ხელმძღვანელობით 12 ევროპულმა კომპანიამ მოაწერა ხელი მემორანდუმს რომლის თანახმადაც გეგმავენ საჰარაში მსოფლიოში უდიდესი მზის ენერგიის საწარმოს აშენება. შეთანხმება ითვალისწინებს 100 GW სიმძლავრის პანელების დამონტაჟება, რითაც ევროპა შეძლებს თავისი ენერგო მოთხოვნების 15%-ის დაკმაყოფილებას. პროექტის ღირებულება შეფასებულია $555 მილიარდად. პროექტის განხორციელება იგეგმებოდა დაახლოებით 15 წელიწადში, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა კორექტივები შეიტანა ამ გეგმებში.

 

ამ სისტემაში ჩართული ზოგიერთი საწარმო ენერგიის გამოყოფის გარდა მოახდენს ოკეანის წყლის გადამუშავებას სასმელ და მოსარწყავ წყლად და მოსახლეობისთვის მიწოდება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ გლობალური დათბობის გამო მტკნარ წყალზე მოთხოვნა უფრო მალე დადგება ვიდრე ენერგიაზე და მისი დეფიციტი უფრო მწვავე იქნება. პოტენციურად საჰარის უდაბნოს შესწევს უნარყ სრულად დააკმაყოფილოს არამარტო ევროპის არამედ მსოფლიოს ენერგო მოთხოვნები (იხილეთ სურათი).

 

ავთანდილ ეპიტაშვილი,
BRG Building Solutions - London
სპეციალურად პორტალისთვის "პოლიტფორუმი"