„მამაქალაქი“ ქუთაისი ცირკ-სახელმწიფოში

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ ინტერვიუ მისცა ჟურნალ „ქართულ ელიტას“ (N7, 2011 წლის სექტემბერი), რომელშიც განხილულ იქნა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თბილისიდან ქუთაისში გადატანის პრობლემები.

– რამდენად წარმატებულ ნაბიჯად მიგაჩნიათ ხელისუფლების მხრიდან საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადატანა?

- ნამდვილად წარმატებულად მიმაჩნია და როგორც თბილისელი, ვისურვებდი, რომ ე. წ. პრეზიდენტის სასახლეც გადაიტანონ, ქუთაისში თუ არა, ანაკლიაში მაინც, ჰაერი ცოტა მაინც გასუფთავდება ჩვენს ქალაქში.

– ხელისუფლება ირწმუნება, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანა აღნიშნული ქალაქის განვითარების წინაპირობა გახდება...

- განვითარების წინაპირობისა რა მოგახსენოთ, ჯერჯერობით პარლამენტის ქუთაისში გადატანამ მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი მემორიალის აფეთქება, ნგრევა და ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სსრკ დაშლის შემდეგ ეკონომიკური ფუნქციების გარეშე დარჩენილ ქუთაისს ნამდვილად სჭირდება ახალი ბიძგი, მაგრამ ეს უნდა იყოს ინვესტიციები და ეკონომიკური პროექტები, და არა “რუსული ოკუპაციით” გამოწვეული პარლამენტარების მჭმუნვარე ფიზიონომიები. ქუთაისლებს, ყოველ შემთხვევაში მათ იმ ნაწილს, ვინც ხბოს აღფრთოვანებასაა მიცემული და ჰგონია, რომ პარლამენტარების წყალობით მათი გაფხეკილი ჯიბეები შეივსება, მალე მოუწევთ ეიფორიიდან გამოსვლა და მწარე რეალობასთან დაბრუნება.

– როგორც ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, ამით ხელისუფლებას სურს, ოპოზიციის მომავალი აქციები თავიდან აიცილოს... რამდენად შეესაბამება რეალობას?

- რადგან ლეიბორისტები ამბობენ, ალბათ ლეიბორისტებს გაურბიან ნაცები ქუთაისში, მაგრამ ნუთუ ქუთაისში არ შეიძლება აქციების მოწყობა თუ ქუთაისი სხვა ქვეყანაა – მაგალითად, ბრუნეის სასულთნო? გადაიტანონ ლეიბორისტებმაც თავიანთი ცენტრალური ოფისი თბილისიდან ქუთაისში, სხვა პარტიებიც აიყოლიონ. საინტერესო იქნება, რა გამოვა.

– როგორც ამბობენ, აღნიშნული პროექტი ნაკარნახევია გარეშე ძალების მიერ (განსაკუთრებით სომხები გააქტიურდნენ), რომელიც თბილისის დაცლას გამოიწვევს...

- რას წარმოადგენს ეს პარლამენტი ასეთს, რომ მის გამო თბილისი დაიცალოს? თბილისი და მთელი საქართველო ქართველებისგან სულ სხვა მიზეზით იცლება და ეს მიზეზია გაუსაძლისი ეკონომიკური და სოციალური ვითარება, უმუშევრობა, ახალგაზრდებისთვის პერსპექტივების არარსებობა. პარლამენტის გადატანა-გადმოტანა ამ პრობლემებს ვერც მოაგვარებს და ვერც გაამძაფრებს. სომხურმა ლობიმ სააკაშვილს და მის ამალას შეიძლება “შალახოს” ცეკვა დაუკვეთოს ავლაბრის შუშის სასახლეში, მაგრამ ქუთაისში პარლამენტის გადატანით თბილისის “დაცლა” სომხებს არ მოაფიქრდებოდათ.

– როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, შეიძლება თუ არა, ქვეყანას ჰქონდეს სამი დედაქალაქი – თბილისი, ქუთაისი და ბათუმი?

- დღეს ქვეყანაში ოთხი დედაქალაქია და რატომ არ შეიძლება, სამი იყოს? სააკაშვილს თბილის-ბათუმთან ერთად სოხუმ-ცხინვალიც უნდა ეხსენებინა, ესენიც ხომ დედაქალაქებია, მაგრამ იგი ამ რეგიონებს, როგორც ჩანს, შინაგანად უკვე აღარ მიიჩნევს საქართველოდ (ქურთა დავკარგეთ, თორემ ისიც დედაქალაქი იქნებოდა, სანაკოევითურთ). ახლა ქუთაისიც რომ მივუმატოთ, სამი და ოთხი კი არა, უკვე ხუთი დედაქალაქი გამოგვდის. მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო, სადაც პარლამენტი დედაქალაქად აღიარებულ ერთ ქალაქში არ იყოს განთავსებული, დედაქალაქში შეიძლება არ იყოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიმე სახელმწიფო უწყება (ისიც გარკვეული ტრადიციის ან კონკრეტული მიზეზის გამო), მაგრამ პარლამენტი დედაქალაქიდან 250 კილომეტრის მანძილზე მოისროლო, ეს უკვე ნამდვილად ცირკია და არა სახელმწიფო. სააკაშვილი ყოველთვის აქცენტს აკეთებს ძლიერ სახელმწიფოზე, მაგრამ მისი ეს ქმედებები საპირისპიროზე მეტყველებს. ჩვენ ვართ არშემდგარი სახელმწიფო, ცირკი-სახელმწიფო.

– ქვეყანაში ორი პოლიტიკური ცენტრის არსებობით საფრთხე ხომ არაა მოსალოდნელი? კარგავს თუ არა თბილისი დედაქალაქის სტატუსს? ის ხომ კავკასიის რეგიონის კულტურულ–პოლიტიკური ცენტრის როლს ასრულებს?

- თბილისი და ქუთაისიც გაურკვეველი სტატუსის ქალაქები ხდებიან, არასრულყოფილად განსაზღვრული ფუნქციებით. სულ მთლად “ნინიას ბაღი” რომ არ გამოვიდეს და ვისაც რა უნდა, ის არ იფიქროს ამ ქალაქებზე, რეკომენდაციას ვიძლევი ჩვენი ინსტიტუტის სახელით, თბილისი დარჩეს “დედაქალაქად”, ქუთაისი კი “მამაქალაქად” მოვიხსენიოთ. სქესობრივ ნიშან-თვისებებს მაინც მივანიჭებთ ამ ორ პოლიტიკურ ცენტრს და მათ შორის კონფლიქტის ნაცვლად სიყვარული დაისადგურებს.

– პარლამენტის დასავლეთში გადატანა ხომ არ წარმოქმნის პრობლემებს ქვეყნის აღმოსავლეთით სასაზღვრო რაიონებში?

- კონკრეტულ სასაზღვრო პრობლემას ვერ ვხედავ, ქუთაისში პარლამენტის გადატანის გამო ამ მხრივ აღმოსავლეთ საქართველოში ბევრი არაფერი შეიცვლება. პრობლემა ახლა უფრო აჭარაშია, რომელიც თურქებს მიაჩუქეს რეალურად, მაგრამ პარლამენტის ფიზიკური მიახლოება აჭარის რეგიონთან აჭარას ვერაფერში დაეხმარება.

– როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა თქვა, ეს პროექტი იაფი ნამდვილად არ დაჯდება, რადგან დემოკრატია ძვირი სიამოვნებაა... რამდენად რეალურია ეს განმარტება?

- იმ დემოკრატიის ტიპი, რომელიც საქართველოში დაამკვიდრეს, ნამდვილად სიამოვნებაა მაჭავარიანისთვის და მისი ტიპის პოლიტიკოსებისთვის. დიახაც, “ძვირი სიამოვნებაა” და მერე რა, რომ ეს სიამოვნება მათთვის მოსახლეობის ხარჯზეა აგებული და მათ მიერ დამკვიდრებული “დემოკრატია” ამ მოსახლეობის 90%-ისათვის ტანჯვაა. კარგად დააკვირდით მმართველი “ელიტის” ლექსიკას, აზროვნებას – მათ დაკარგული აქვთ რეალობის გრძნობა და ელემენტარული სირცხვილიც. “დემოკრატია ძვირი სიამოვნებაა” – ასეთი პათეტიკით სავსე ფრაზებით და სახის ჭკვიანური გამომეტყველებით რომ დაიწყებს მაჭავარიანი საქართველოს დამოძღვრას, ვაი იმ საქართველოს!

კონკრეტულად პარლამენტის გადატანას რომ დავუბრუნდეთ, დიახ, ეს უამრავ ხარჯთანაა დაკავშირებული, პარლამენტის აპარატი თავიდან იქნება მოსაწყობი, ადგილობრივი კადრები არ არსებობს, უნდა მოხდეს მათი მომზადება – ეს ფული ღირს, თუ თბილისიდან გადაიყვან თანამშრომლებს – ესეც ფული ღირს. აღარაფერს ვამბობ უშუალოდ ამ ახალი, უკვე ცოდვიანი და სისხლიანი შენობის ხარჯებზე, რომელიც სამარცხვინოდ აფეთქებული დიდების მემორიალის ადგილზე შენდება. კიდევ მრავალი აშკარა და ფარული ხარჯი ახლავს სააკაშვილის ამ ახირებას, მაგრამ რა ენაღვლებათ – “დემოკრატია ძვირი სიამოვნებაა”, მათ კი უნდა ისიამოვნონ!

– როგორ ფიქრობთ, დაბრუნდება საქართველოს პარლამენტი დედაქალაქში?

- ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება, თუ ქვეყანას სააკოიდურ რეჟიმს მოვაცილებთ და კოლექტიურად მოვალთ გონს. მაგრამ რაც მეტი დრო გადის, ამის უფრო და უფრო ნაკლები შანსი რჩება.

ესაუბრა ნინო კერატიშვილი