კახა ბენდუქიძის „გამონათების“ არასაკმარისი ფაქტები

კახა ბენდუქიძე ალბათ ერთადერთი პიროვნებაა ამჟამად ცოცხალი ქართული სახელისუფლებო ელიტის წარმომადგენლების რიგებიდან, რომელსაც შეიძლება პიროვნება ვუწოდოთ და თან, საინტერესო პიროვნება.

ბენდუქიძე, განსხვავებით სხვა „ვარდების რევოლუციონერებისაგან, არ ამჟღავნებს შიშს, რომ ამა თუ იმ მოვლენას თავისი სახელი დაარქვას, ყოველ შემთხვევაში, საკუთარი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე. სწორედ ბენდუქიძე იყო მაღალი რანგის პირველი ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც მინისტრის პორტფელის აღების შემდეგ საქართველოს მიმართ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზოგიერთ მიდგომასა და მოთხოვნას „იდიოტური“ უწოდა, თანაც ეჭვი შეიტანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ზოგიერთი ჩინოვნიკის გონებრივ შესაძლებლობებში. ახლა კი, როდესაც თუმცა აღარ არის მინისტრის პოსტზე, მაგრამ საქართველოში მაინც გავლენიანი ფიგურაა, მან ასევე სამართლიანად გააკრიტიკა ევროპული ბიუროკრატია და იგი გაჩაღებული ეკონომიკური კრიზისის მიზეზად მოიაზრა. "მე მინდა ვიყო იმ ევროპის ნაწილი, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლების პატივისცემას, კაპიტალის მოძრაობის პრინციპებს. მაგრამ არსებობს კიდევ სხვა ევროპა, რომელიც ბიუროკრატიული არსებაა და განსაზღვრული აქვს, როგორი უნდა იყოს საგადასახადო განაკვეთი, როგორი ფორმა უნდა ჰქონდეს კიტრს. მე არ მინდა ასეთი ევროპა. ასეთი ევროპა აგონიაშია. კრიზისშია ის ევროპა, რომელიც ზედმეტად დააწესებს ბიუროკრატიულ წესებს" – აღნიშნა ბენდუქიძემ თბილისში, გუშინ, ჟურნალ „ეკონომისტის“ ეგიდით გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე.

 

მშვენიერი ნათქვამია, მაგრამ ამით შეიძლება, ამოვწუროთ კიდეც საქებარი სიტყვები კახა ბენდუქიძის მისამართით, რომელსაც მართლა აქვს „გამონათებები“ და შეუძლია რეალობის სწორად აღქმა. ახლა იმაზე არ არის საუბარი, რომ უკიდურესად მემარჯვენე ეკონომიკური შეხედულებების წარმომადგენელი ბენდუქიძე თავად ბოლომდე გულგრილი დარჩა მწარმოებლების, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში, პრობლემების მიმართ – ვერავინ გაიხსენებს, რომ ბენდუქიძე შეეწინააღმდეგა თურქული და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უბაჟო შემოტანას ქართულის საზიანოდ, საგადასახადო სამსახურების თვითნებობას, რომლებსაც ტერორში ჰყავთ მთელი ბიზნესი, და ჯიბის სასამართლოებს, რომლებიც სახელმწიფოსთან ბიზნესმენის დავის შემთხვევაში ყოველთვის სახელმწიფოს მხარეს იკავებენ. ბენდუქიძემ არჩია, ხელისუფლებასთან არ შესულიყო კონფრონტაციში და მშვიდად განაგრძო ქონების დაგროვება, ამ ქონების სიდიდე კი, მისი საქართველოში მოღვაწეობის მანძილზე, რამდენჯერმე გაიზარდა. მაგრამ დროდადრო „გამონათებულ“ ბენდუქიძეს ავიწყდება, რომ მისი რჩევები ევროპაში აბსოლუტურად არ სჭირდებათ და მას იქ არავინ მოუსმენს. ბენდუქიძეს შეუძლია, თბილისის სასტუმროებში თუნდაც ათობით ასეთი ეკონომიკური სემინარი მოაწყოს, გამოთქვას თუნდაც ფრიად ჭკვიანური აზრები, მაგრამ ევროპაში (მით უმეტეს, შეერთებულ შტატებში), იგი მსუბუქწონოსანია, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ისე ავტორიტეტის თვალსაზრისით. ევროპა ყოველთვის იყო ბიუროკრატიული. ბრიუსელი არასოდეს დაინახავს საქართველოში პარტნიორს, მისთვის იგი მხოლოდ მარადიული „მოსწავლე“ და მეორეხარისხოვანი არშემდგარი პარტნიორია. ქვეყანა, სადაც ბოლო დრომდე ქართველებს უსმენდნენ და არა უბრალოდ უსმენდნენ, მეტიც, ამ ქვეყნის კურსის ჩამოყალიბებაში ქართველები ღებულობდნენ უშუალო მონაწილეობას და მის ბედსაც კი წყვეტდნენ, რუსეთია. სწორედ რუსეთში ხდება დღემდე კ.ბენდუქიძის სხვადასხვა გამონათქვამების ტირაჟირება, სწორედ იქ არის იგი საინტერესო, რომ არაფერი ვთქვათ იმის შესახებ, რომ ისევ და ისევ რუსეთში გახდა ბენდუქიძისთვის შესაძლებელი, მილიონობით დოლარი დაეგროვებინა (რაც არ უნდა უცნაური იყოს, წარმოების სფეროში).

 

ყოველივე ამას ბენდუქიძის ტიპის „რეალისტები“ იოლად ივიწყებენ, რითაც ზიანს აყენებენ საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესებს. რუსეთში დღეს პრაქტიკულად ყველა კავკასიელის ხმა ისმის – აზერბაიჯანლების, სომხების, აფხაზების, ოსების, ჩეჩნების, ყაბარდოელების, დაღესტნელების... რუსეთის ცენტრთან რთულ ურთიერთქმედებებში ისინი თავიანთთვის სარგებელს პოულობენ. მხოლოდ საქართველომ დაკარგა იქ ხმა და არაფერს წყვეტს. მოხერხება უნდოდა აქამდე მისვლას, ქართველებს ხომ ყველა სხვა კავკასიელზე უკეთესი სასტარტო შესაძლებლობა ჰქონდათ, ისინი სხვებზე მეტი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდნენ რუსეთში – ახლაც სარგებლობენ, მაგრამ ეს აღარ არის პოლიტიკურად ტრანსფორმირებადი მომენტი. ბოლო 20 წელზე მეტია, ქართველები კახა ბენდუქიძისნაირთა ხელით წყვეტდნენ რუსეთთან დამაკავშირებელ ყველა ძაფს, თავად ამღვრევდნენ წყალს. რა თქმა უნდა, მესამე ძალის ჩარევის გარეშე ეს არ მომხდარა, მაგრამ აღნიშნული ფაქტორი გამართლებად არ გამოდგება.

 

ევროპა არ „გამოსწორდება“, უფრო უარესი გველის. ახალი 2012 წლიდან ქართულ ავიაკომპანიებს, ისე როგორც სხვა არაევროპულ ავიაკომპანიებს, მოუწევთ აბსურდული გადასახადის გადახდა „ევროპული საჰაერო სივრცის დაბინძურებისათვის“, რაც ხელოვნურად გაართულებს ევროპულ ავიაკომპანიებთან მათ კონკურენციას. ევროპაში მომავალშიც გაყიდიან თვით „გამელფლაიშს“ – საკუთარი წარმოების გაფუჭებულ ხორცს (როგორც არაერთხელ იყო აქამდე), მაგრამ არ დაუშვებენ კავკასიის ტიპის სხვა რეგიონებიდან ცხოველური პროდუქტების შემოტანას. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღნიშნოს, რომ ევროპული ბიუროკრატია თავის მახინჯ სახეს მხოლოდ არაევროპელებს როდი უჩვენებს, მან განაპირობა სოფლის მეურნეობის ნაწარმის შიდაევროპულ ბაზარზე მსხვილი კორპორაციების მოძალება მაშინ, როდესაც გლეხურ ამხანაგობებში მომუშავე საშუალო კლასის წარმომადგენლებს კონკურენცია უჭირთ და განსაკუთრებით, საქმე ეხება  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, ე. წ. ბიოპროდუქტებს. როგორც გაზეთი „ფრანკფურტერ ალგემაინე“ (25.10.2011) წერს, „საცალო ვაჭრობის ქსელები ახდენენ წესების კარნახს, რომლებიც ევროპულ ეკოლოგიურ ინსტრუქციებს სცილდება და განაპირობებს იმას, რომ მოსავლის დაახლოებით ერთი მესამედი „ნარჩენებად“ ითვლება. ბოსტნეული ხან ძალიან დიდია, ხან ძალიან მსხვილი, ან სულაც შესახედავად არამიმზიდველი. არადა, უმეტეს შემთხვევებში ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრა შეიძლება ბოსტნეულის გაწმენდით, მისთვის უბრალოდ კანის გაცლით“.

 

ამგვარ ვითარებაში, როდესაც თავად გერმანულ ამხანაგობებს ძალზე დიდი გარჯა უწევთ საკუთარ ბაზარზე დასამკვიდრებლად, „ევროპულ საქართველოს“ არაფრის შანსი არ გააჩნია. თუკი ბენდუქიძეს სურს, ევროკავშირის შემადგენლობაში იხილოს საქართველო ეკონომიკის გარეშე, მაშინ, ბუნებრივია, ყველაფერი გასაგები ხდება.