ისრაელის ინტერესები სირიაში, შეერთებული შტატების პოზიცია და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოება

ისრაელის ინტერესები სირიაში, შეერთებული შტატების პოზიცია და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოება

ვაგრძელებთ 28 ივნისს მოსკოვში გამართული წარმომადგენლობითი კონფერენციის შესახებ ინფორმაციებისა და მასალების მოწოდებას. წინამდებარე მოხსენება სწორედ ამ კონფერენციაზე იქნა წაკითხული, ხოლო პირველად გამოქვეყნდა კავკასიის მკვლევართა სამეცნიერო საზოგადოების ვებ-გვერდზე.

   სირიაში 2011 წელს სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ისრაელმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და მეზობელი სახელმწიფოს საქმეებში არ ჩაერია. მაგრამ, დროსთან ერთად, სულ უფრო გახშირდა ცნობები ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ქმედებების შესახებ, რომლებიც მიუთითებს, რომ ნეთანიაჰუს მთავრობა პრეზიდენტ ასადის დასუსტებაზე უარს არ იტყოდა: „სირიის არმიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ 30 იანვრის ღამით ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაბომბეს დამასკოსთან ახლოს, ჯამრაში მდებარე სამხედრო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ავიადარტყმის შედეგად არის მსხვერპლი“(1). „კვირას, 5 მაისის ღამით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ შეტევა მიიტანა დამასკოს შემოგარენზე და გაანადგურა სამხედრო საწყობები. სირიული მასმედია იტყობინება დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ, ხოლო ამ არაბული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, რომ ამგვარი მოქმედებები რეგიონში სრულმასშტაბიან ომს გამოიწვევს“(2)... ამასთან, ისრაელის მხარე, ისევე, როგორც მისი მთავარი მოკავშირე აშშ, აღნიშნავს, რომ სირიის ტერიტოზიაზე ობიექტების დაბომბვის შემთხვევაში მისი მიზანი იყო, დაებრკოლებინა ისრაელის სახელმწიფოს დაუძინებელ მტრად მიჩნეული ორგანიზაციის - „ჰისბოლასთვის“ სირიული შეიარაღების ხელში ჩავარდნა. ეს ნამდვილად არგუმენტია ისრაელისათვის - დაებომბა ასადის არმიის ობიექტები, როგორც ლიბანური „ჰისბოლას“ მფარველისა. მაგრამ ეს მაინც მხოლოდ ერთი არგუმენტთაგანია და არა ერთადერთი („ჰისბოლა“ ხომ სირიულ შეიარაღებებს ტერორისტებისა და აჯანყებულების - ასადის მოწინააღმდეგეების, და არა ისრაელის წინააღმდეგ იყენებს). სინამდვილეში ისრაელს ბევრად უფრო შორს მიმავალი მიზნები ამოძრავებს, როდესაც ცდილობს, დასავლეთს ირიბად დაეხმაროს ასადის დამხობაში.

 მაგრამ ჯერ გამოვრიცხოთ მოსაზრება, რომ ისრაელის მთავრობის პოზიციაზე აშშ-ის პოზიცია ახდენს გავლენას, რომელიც ღიად უჭერს მხარს პრეზიდენტ ასადის დამხობას. უფრო პირიქით, შეერთებული შტატების ახლოაღმოსავლური პოლიტიკა ისრაელის კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ამაზე, ისევე, როგორც აშშ-ში უმძლავრესი ისრაული ლობის მოღვაწეობაზე, საუბარი მიღებული არ არის (3). როგორც შეერთებული შტატების პოლიტიკურ წრეებში, ისე ფართო საზოგადოებაში ბატონობს მოსაზრება, რომ ისრაელი ამერიკის მთავარი მოკავშირე და ინტერესების გამტარებელია მთელ ახლო აღმოსავლეთში (ამასთან, არაფერი ითქმება იმ ფასზე და ნეგატიურ მხარეებზე, რომლებიც თან ახლავს აშშ-ის მხრიდან ისრაელის ცალმხრივ მხარდაჭერას, აშშ-ის საზიანოდ). ამიტომ, უფრო რეალისტურია შეფასება, რომ ისრაელს მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს - ისე, როგორც მას თავად ესმის ეს ინტერესები და განსაზღვრავს მათ. ხოლო ისრაელში დომინირებს აზრი, რომ ამ სახელმწიფოს უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას ირანის ატომური პროგრამა და თავად ისლამური რესპუბლიკა, როგორც ასეთი, წარმოადგენს. ირანთან მჭიდრო, ფაქტობრივად სამოკავშირეო ურთიერთობებში მყოფი ასადის სირია, უნდა შეიცვალოს და ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერების მიმართ არალოიალური უნდა გახდეს. ამ გზაზე ხელისშემშლელი გახდა ასადი, რომელიც ძალაუფლებას არ უთმობს აჯანყებულ სუნიტებს, ამიტომ იგი ნებისმიერ ფასად დამხობილ უნდა იქნას.

 სირიაზე ზეწოლა ერაყში ირანის გავლენის პარალელურად იზრდებოდა, როდესაც ერაყის შიიტურმა მთავრობამ თეირანთან კავშირების გამყარება დაიწყო. ერაყი ხმელეთით აკავშირებს ირანს სირიასთან და სამხრეთ ლიბანთან „ჰისბოლასთან“ ერთად, ამიტომ ისრაელი, მასთან ერთად კი აშშ, დასავლეთის - ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით ირანის გეოპოლიტიკურ გარღვევას შეუშინდა. ამ ყველაფერს დავუმატოთ ისრაელის სურვილის არქონა, სირიას გოლანის სიმაღლეები დაუბრუნოს და გასაგები გახდება, თუ რატომ აწყობს ისრაელს ქაოსი სირიაში, რომელსაც იქ უკვე ადგილი აქვს და გაგრძელდება (თუკი არ გაძლიერდება) ასადის დაცემის შემთხვევაში.

  მაგრამ მეორეს მხრივ, არსებობს სერიოზული რისკები ისრაელისთვის, დაკავშირებული სირიის დესტაბილიზაციასთან. ისრაელში არავის მოსწონს ის, რაც არსებობს ღაზას სექტორის სახით, ისრაელის უსაფრთხოებისთვის ღაზაც სერიოზულ მუქარად აღიქმება. არასტაბილური სირია, დიდი ალბათობით, შეიძლება, „მეორე ღაზას სექტორად“ და ებრაული სახელმწიფოსთვის დიდ თავის ტკივილად იქცეს. მაგრამ, როგორც ჩანს, მთავრობას იერუსალიმში ეს მეორე ვარიანტი ნაკლებ ბოროტებად მიაჩნია, ვიდრე პირველი და „უარესი“. ბოლოსდაბოლოს, „მართულმა ქაოსმა“ ლიბიასა და ეგვიპტეში აჩვენა, რომ ისრაელი არ დაზარალდა რეგიონში წარმოშობილი „არაბული გაზაფხულის“ შედეგად, თუმცა ჯერ კიდევ რჩება რეგიონის „ავღანეთიზაციის“ შესაძლებლობა და რაიმის პროგნოზირება რთულია.

    ისრაელის მთავრობამ გრილად მიიღო ირანში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად დოქტორ როუჰანის გამარჯვება: „ირანის ახალი პრეზიდენტი არჩეულ იქნა სიიდან, რომელიც აიათოლა ხამენაიმ წარადგინა. ის კანდიდატები, რომლებიც არ შეესაბამებოდნენ მის ექსტრემისტულ იდეოლოგიას, თავიდანვე იქნენ ჩამოცილებულნი. სწორედ ხამენაი, და არა ირანის პრეზიდენტი, განსაზღვრავს ქვეყნის ბირთვულ პოლიტიკას. არჩევნების შემდეგ, ისევე, როგორც არჩევნებამდე, ჩვენ ირანის შესახებ განვსჯით მისი რეალური ქმედებების მიხედვით, ტერორისა და ატომური პროგრამის მიმართ. ირანმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნას ბირთვული შეიარაღების და მსოფლიოში ტერორის გავრცელების შეწყვეტის მოთხოვნას“ - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა იგალ პალმორმა (4). ამრიგად, კიდევ ერთხელ ესმება ხაზი ვითარებას, რომ ისრაელი ირანს მთავარ სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ განიხილავს.

  ნიშანდობლივია, რომ ამგვარი პოზიცია ირანის შესახებ, რომლიდანაც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, გამომდინარეობს ოფიციალური იერუსალიმის ფორმალურად ნეიტრალური, მაგრამ ფაქტობრივად ასადის საწინააღმდეგო პოზიცია, დომინირებს ისრაელის პოლიტიკურ ექსპერტებს შორისაც (და, რაც არ არის უმნიშვნელო, ებრაული წარმოშობის ამერიკელ ექსპერტებს შორისაც). ბეგინისა და სადატის სახელობის სტრატეგიული კვლევების ცენტრში, რომელიც ისრაელის უდიდეს, ბარ-ილანის უნივერსიტეტთან ფუნქციონირებს ქალაქ რამატ-განში (The Begin-Sadat Center for Strategic Studies at Bar-Ilan University), ახლახანს ირანის თემატიკას სპეციალური განხილვა მიეძღვნა, ამ ქვეყანაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში. განხილვა გაშუქდა ისრაულ პრესაში (5). განხილვის მთავარი „მესიჯი“ იყო ის, რომ ირანის მხრიდან რაციონალური ქმედება, თუკი მას ბირთვული იარაღი გაუჩნდება, სულაც არ არის გარანტირებული, განსხვავებით, მაგალითად, ბირთვული საბჭოთა კავშირისაგან. „არის თუ არა ირანი საერთაშორისო ურთიერთობების რაციონალური მოთამაშე?“ - აი მთავარი კითხვა, რომელიც აინტერესებდათ ისრაელელ და ამერიკელ-ისრაელელ პოლიტოლოგებს. აშშ-დან მოწვეული პროფესორი სტივენ დავიდი, მაგალითად, შეახსენებს კოლეგებს, რომ რაციონალური აქტორების ქცევა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი კონკრეტული რეჟიმი „ბოროტების“ მხარეს დგას, „საკუთარი ქმედებების ხარჯებისა და დივიდენდების გათვლას“ ითვალისწინებს.

  დავიდი არ იზიარებს გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ ვინაიდან ირანს „ფანატიკური“ სულიერი ლიდერები მართავენ, რომელთაც სწამთ უხილავი იმამი მაჰდის აპოკალიფსური დაბრუნება, დედამიწაზე სამოთხის დასამყარებლად, ირანი ატომური იარაღის საშუალებით მიიტანს შეტევას ისრაელზე, თუკი მას ეს შეიარაღება გაუჩნდება. სამაგიეროდ, პროფ. დავიდი ირანის ლიდერთა ქმედებებში სხვა მოტივებს შიშობს: „ლიდერებს აქვთ მიდრეკილება არამდგრადი ქმედებებისაკენ, როდესაც ისინი თავიანთი მმართველობის დასასრულის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე“. ამავე მიზეზით დავიდი „შესაძლო“ ფაქტად მიიჩნევს ბაშარ ასადის მიერ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას(6), როდესაც მან ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე იგრძნო. თავის მხრივ, რონენ ა. კოენი - ირანის ისრაელელი ექსპერტი და არიელის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის მკვლევარი, მსგავს მოსაზრებას გამოხატავს ირანის „რაციონალურობის ლიმიტთან“ დაკავშირებით და აცხადებს, რომ ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტი სულიერი ლიდერის „კლერკად და პაიკად“ რჩება. თუმცა რ. კოენი ხაზგასმით აღნიშნავს ირანელთა პატრიოტიზმს და მათი მხრიდან ისლამური რესპუბლიკის საშინაო საქმეებში ჩარევის მიუღებლობას, გაზეთმა ქვესათაურად კოენის წინა სიტყვები გამოიტანა, რომლებიც პრეზიდენტის სულიერ ლიდერზე დამოკიდებულებას ეხება, რითაც ისრაელელ მკითხველთა თვალში ირანის მიმართ ნეგატიური აქცენტი ძლიერდება.

  მეტად ღია და კატეგორიულიცაა გავლენიანი ექსპერტი და იმავე ბეგინ-სადატის სახელობის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ეფრაიმ ინბარი. იგი პირდაპირ აფრთხილებს ისრაელელ ინტელექტუალთა ნაწილს, რომელთაც სირიაში ასადის გამარჯვება ისრაელისათვის უფრო ხელსაყრელად მიაჩნიათ, ვიდრე მისი დამხობა ისლამისტების მიერ. პროფესორ ინბარის არგუმენტები გამომდინარეობს როგორც რეალპოლიტიკიდან, ისე მორალის სფეროდან. ყურადღებას მივაქცევთ მხოლოდ პირველ არგუმენტაციას. ე. ინბარის მოსაზრება მდგომარეობს იმაში, რომ ისრაელმა მიერ სირიის კონფლიქტში (გარეგნულად) ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს, მაგრამ ამავე დროს უნდა ისურვოს და ხელი შეუწყოს სირიის „არშემდგარ სახელმწიფოდ“ («failed State») გადაქცევას, ასადის დასუსტებისა და სულაც მისი დამხობის გზით. ეს მოსაზრება პირდაპირ მყარდება ირანოფობიით: „ირანის მთავარ ინტერესს წარმოადგენს ასადის რეჟიმის გადარჩენა იმ მიზნით, რომ გაერთიანდეს შიიტური ნახევარმთვარე სპარსეთის ყურიდან ხმელთაშუა ზღვამდე. ამისათვის ირანი იყენებს თავის გავლენას ერაყსა და ლიბანში (7) და შიიტ მებრძოლებს გზავნის სირიაში ალავიტური რეჟიმის მხარდასაჭერად. ირანი ისრაელის დაუძინებელი მტერია და ამიტომ მისი დასუსტება ისრაელის საგარეო პოლიტიკის პირველადი ამოცანა უნდა იყოს. ასადის დაცემა დიდ ზიანს მიაყენებდა ახლო აღმოსავლეთში ირანის გაბატონების ზრახვებს. ისრაელის ინტერესებშია, რეგიონში ირანის გავლენა შესუსტდეს“ (8).          

   ყველაფერი იმას მიანიშნებს, გამომდინარე ისრაელის მთავრობის რიტორიკიდან და ქმედებებიდან, რომ იგი მთლიანად იმ პოზიციით ხელმძღვანელობს, რომელიც პროფესორმა ინბარმა გამოხატა. განსხვავებული მოსაზრების მქონე ორიგინალური ისრაელელი მოაზროვნეები, რომელთა რიცხვს, მაგალითად, ავიგდორ ესკინი განეკუთვნება (9), როგორც ხშირად ხდება ხოლმე, უმცირესობაში არიან.

  საზოგადოებრივი აზრი ისრაელში, საგარეო-პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც თითქმის ყოველთვის, მთავრობის სტრატეგიულ ხაზს უჭერს მხარს. ისრაელის მოქალაქეები უმეტესწილად იზიარებენ პოლიტიკური ელიტების მიერ მოწოდებულ შეხედულებებსა და წარმოდგენებს საგარეო მუქარებისა და პრიორიტეტების შესახებ (10). ხოლო ვინაიდან დღესდღეობით ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობს კონსენსუსი სირიის საკითხის და, განსაკუთრებით, ირანული საფრთხის თაობაზე, მოსახლეობის მხარდაჭერა მთავრობას ამ თემატიკასთან დაკავშირებით, გარანტირებული აქვს.

 

                                                                          * * * 

  რუსეთმა საკმაოდ გასაგებად განაცხადა ხმელთაშუაზღვისპირეთში და კერძოდ, სირიაში, თავისი ინტერესების შესახებ (11). მოსკოვის წყალობით გაეროს უშიშროების საბჭოში არაერთხელ დაიბლოკა რეზოლუციათა პროექტები, რომლებიც დასავლეთს ხელს უხსნიდა სირიის წინააღმდეგ პირდაპირი აგრესიისაკენ, ლიბიური სცენარით. მოსკოვში, როგორც ჩანს, აცნობიერებენ რუსული ინტერესებისთვის სირიულ ოპოზიციასთან კონტაქტების დამყარების უპერსპექტიობას (ისევ და ისევ, მოსკოვის მიერ მუამარ კადაფის ჩაბარების მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე). ამიტომ, სურვილისდა მიუხედავად, აუცილებელია ასადის მხარდაჭერა. მაგრამ შეერთებული შტატების რადიკალური მიდგომისგან განსხვავებით, როდესაც პრეზიდენტი ობამა არ მალავს განზრახვას, შეაიარაღოს აჯანყებულები, რიტაც აძლიერებს კანონსაწინააღმდეგო ჩარევას სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში, რუსეთის ხელმძღვანელობა  ფრთხილ პოზიციას იკავებს და აჭიანურებს სირიისათვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-300-ის მიწოდებას, რომელიც სავსებით ლეგალური კონტრაქტით უნდა განხორციელდეს. ისრაელი აქტიურად მოქმედებს სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში რუსულ-სირიული თანამშრომლობის, ისევე, როგორც რუსულ-ირანული თანამშრომლობის საწინააღმდეგოდ. რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში მწვანე შუქი აუნთო ირანის მიმართ საერთაშორისო სანქციების ნაწილის შემოღებას, ხოლო პრეზიდენტმა მედვედევმა 2010 წელს გააუქმა 2007 წელს, ე. ი. ჯერ კიდევ გაეროს სანქციების შემოღებამდე გაფორმებული ანალოგიური კონტრაქტი, ირანისთვის С-300-ს მიწოდების თაობაზე. მოსკოვის ამგვარი ქცევა აიხსნება დასავლეთის ზეწოლით, მაგრამ არა მხოლოდ ამით. ისრაელი მთელი ამ წლების მანძილზე რუსულ მხარესთან კონფიდენციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, სთავაზობდა რა მას, ირანთან თანამშრომლობის გარკვეული ასპექტების შეჩერების სანაცვლოდ, საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხში დათმობებზე წასვლას. ისრაელმა რუსეთს ქართული მხარის მიერ ისრაელისგან შეძენილი გადასცა უპილოტო საფრენი აპარატების კოდები, 2008 წლის ომამდე მცირე ხნით ადრე. „ვიკილიქსის“ ეს ცნობა უკვე დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტმა მ. სააკაშვილმაც (12). ხოლო უშუალოდ ისრაელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის წინ, ამა წლის ივნისში, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საქართველო ისრაელისთვის რუსეთთან ურთიერთობებში ერთ-ერთი ინსტრუმენტთაგანია: ჩინოვნიკის სიტყვებიდან არაორაზროვნად გამომდინარეობს, რომ ისრაელი საქართველოს მიმართ სამხედრო ემბარგოს ინარჩუნებს მანამ, სანამ რუსეთი გაითვალისწინებს ისრაელის ინტერესებს სირიასთან მიმართებით (13).

  ეს ფაქტი საკმაოდ ნიშანდობლივია: საქართველოს ფაქტორმა მოსკოვსა და იერუსალიმს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი როლის შესრულება დაიწყო. ამასთან შეიძლება საუბარი იმაზე, რომ მათ შორის „ჩეინჯის“ ფასი - ისრაელი არ მიაწვდის შეიარაღებებს საქართველოს, სანაცვლოდ კი მოსკოვი არ ითანამშრომლებს სამხედრო სფეროში ირანთან და შეწყვეტს თანამშრომლობას სირიასთან, საკმაოდ არაადეკვატურად და რუსეთის სტრატეგიული ინტერესებისათვის საზიანოდ გამოიყურება. ამიტომ, საქართველოს გადაქცევა რუსეთისთვის საიმედო პარტნიორად მხოლოდ გააძლიერებს რუსეთის პოზიციებს როგორც კავკასიის, ისე ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში.

   მხედველობიდან არ უნდა იქნას გაშვებული ის საფრთხეებიც, რომლებიც დაკავშირებულია სირიისათვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს  С-300-ის მიწოდებასთან, და რომლებისთვისაც მზად უნდა იყოს რუსეთი. ისრაელს განზრახული აქვს, ყველაფერი იღონოს ამ შეთანხმების განხორციელების ჩასაშლელად. აქტიური დიპლომატიის გარდა, არ შეიძლება რუსეთის იმ ხომალდების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების გამორიცხვაც-კი, რომლებიც შესაბამის ტვირთს გადაიტანენ არაბული რესპუბლიკის მიმართულებით. „შემიძლია, განვაცხადო, რომ ტვირთი ჯერ არ არის გაგზავნილი. ვიმედოვნებ, რომ იგი არც გაიგზავნება. მაგრამ თუკი, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ეს მოხდება, ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ“ - ეს სიტყვები, რომლებიც განგებ ცუდად მალავს მუქარას, ისრაელის თავდაცვის მინისტრ აიალონს ეკუთვნის (14). მე არ გამოვრიცხავდი ამ სიტყვების ინტერპრეტირებას, როგორც სამხედრო დარტყმის მუქარას, თუნდაც იმიტომ, რომ ისრაელის შეიარაღებულ ძალებს უკვე აქვთ გამოცდილება, ზესახელმწიფოთა ხომალდზე თავდასხმის გამოცდილება: 1967 წელს ისრაელის სამხედრო ავიაციის მსხვერპლი გახდა ამერიკული სადაზვერვო ხომალდი “US-Liberty”. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავები ერთი საათის განმავლობაში ახორციელებდნენ დარტყმებს ამერიკულ ხომალდზე ნეიტრალურ წყლებში, ამასთან, აშშ-ის დროშა გემზე გარკვევით ჩანდა. დაიხოცა და დაიჭრა ასზე მეტი ამერიკელი სამხედრო პირი, მაგრამ აშშ-ში საქმე მიჩქმალეს, დაზარალებულებს და მათ ნათესავებს კომპენსაციები გადაუხადეს და თან სამხედრო საიდუმლოს გაცემისათვის სამხედრო სასამართლოთი დაემუქრნენ... (15).

 

                                                                               * * *

  რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სახიფათო ტენდენციებისაგან კავკასიის რეგიონის დასაცავად? გარდა იმისა, რომ რუსეთმა ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი ინტერესები სირიაში, მან ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა. ამასთან საქმით უნდა გამოჩნდეს, რომ ასეთი თანამშრომლობა გამორიცხავს ანტიისრაულ მიმართულებას და ისახავს პოზიტიურ, არააგრესიულ მიზნებს. ირანისთვის ალბათ უფრო ლოგიკური იქნებოდა, სხვაგვარად შეხედოს ვითარებას პალესტინაში: ვისთვის იღვწის ირანი, როდესაც პალესტინელები და თვით თანამოაზრეებად მიჩნეული ვითომ-მოკავშირეები „ჰამასიდან“ ასადის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომელსაც თეირანი უჭერს მხარს? (16). „ჰამასის“ უკანდახევა სირიის საკითხში, როდესაც მისი ლიდერები მოუწოდებენ არა საუდის არაბეთს, არა ყატარის ამირას, არამედ „ჰისბოლას“, თავი დაანებონ სირიას და იარაღი ისრაელის წინააღმდეგ მიმართონ, უპრიანი იქნებოდა, ისლამურმა რესპუბლიკამ თავისი საგარეო-პოლიტიკური ენერგია პალესტინის ხარჯზე კავკასიის რეგიონისკენ მიმართოს. ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა პერსპექტივაში ორივე მხარეს დიდ ეკონომიკურ სარგებელს უქადის, ხოლო კავკასიას - ბალანსს, დასავლეთისა და მისი კიდევ ერთი მოკავშირის, სირიის საკითხის ჩათვლით, - თურქეთის საპირწონედ. ამ სქემაში აუცილებელია სარკინიგზო და სხვა კომუნიკაციების აღდგენა აფხაზეთის გავლით, საქართველოსთან, სომხეთთან და შემდეგ ირანთან რუსეთის დასაკავშირებლად.

 

 

გულბაათ რცხილაძე,
პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი,
ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

 

შენიშვნები:

(1) «Сирия: Израиль разбомбил военный объект». 31.01.2013, http://newsru.co.il/mideast/31jan2013/jamraya8002.html

(2) «США и Канада: ВВС Израиля разбомбили в Сирии склады с оружием для «Хизбаллах»«. 06.05.2013, http://www.newsru.com/world/06may2013/usareact.html

(3) ამასთან დაკავშირებით, გვაგონდება ამერიკელი მკვლევარების, მირშეიმერისა და უოლტის გაფუჭებული კარიერა მას შემდეგ, რაც მათ გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომელშიც აშშ-ში ისრაელის ლობის ძალაუფლება და გავლენა იქნა გაანალიზებული: John Mearsheimer,  Stephen Walt: The Israel Lobby and U.S. Foreign Policy, New York 2007. აშშ-ში ამ წიგნის გამოსვლით გამოწვეული მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით, იხ. გულბაათ რცხილაძე: აშშ საგარეო პოლიტიკის საფუძვლები ამერიკელი და ევროპელი ავტორების მიხედვით - დასკვნები საქართველოსთვის, თბილისი 2008, გვ. 104–109.

 (4) «Репутация Рухани может ослепить Обаму в то время, как центрифуги продолжают вращаться». 15.06.2013, http://9tv.co.il/news/2013/06/15/152706.html

(5) იხ. გაზეთი The Jerusalem Post от 13.06.2013: “Experts: Elections meaningless for Iran’s nuclear policy”, также на сайте газеты: http://www.jpost.com/Middle-East/Experts-Elections-meaningless-for-Irans-nuclear-policy-316363

(6) სტივენ დავიდის ანალიზის მთლიანად წაკითხვა შეიძლება ბეგინ-სადატის სახ. ცენტრის საიტზე (http://besacenter.org/perspectives-papers/with-nothing-to-lose-the-limits-of-a-rational-iran-2/ ), სადაც იგი კიდევ ერთხელ გამოხატავს ფრთხილ პოზიციას ბირთვული ირანის „რაციონალურობასთან“ დაკავშირებით.

(7) ამის შესახებ ევრაზიის ინსტიტუტი ჯერ კიდევ 2011 წელს წერდა: «Геополитический триумф Ирана близок» - http://geurasia.org/rus/1028/iranis-geopolitikuri-triumfi-axlosaa.html

(8) Prof. Efraim Inbar: «Israel’s Interests in Syria», 20.5.2013, http://besacenter.org/perspectives-papers/israels-interests-in-syria/

(9) Авигдор Эскин: «Израиль хотел бы продолжения существования режима Асада», 27.07.2012, http://rus.ruvr.ru/radio_broadcast/no_program/82879567/ 

(10) ისრაელელი პოლიტოლოგი ალექსანდრე ეტერმანი წინამდებარე სტატიის ავტორთან ინტერვიუში განმარტავს: „ჩვენთან არსებობს გასაოცარი ერთიანობა მთავრობას, ძალოვან სტრუქტურებსა და ხალხს შორის, ამ საკითხებთან დაკავშირებით. ძალზე მაღალია პატრიოტიზმის დონე, თავაწყვეტილობამდეც კი... უხეშად რომ ვთქვათ, როდესაც ქვეყნის მმართველები ხალხს ეუბნებიან, რომ „ყველაფერი ძალზე ცუდად არის და ემზადეთ ომისთვის“, ეს ძალზე სჯერათ. შეიძლება, მთავრობა ლანძღონ ეკონომიკური პრობლემების, კორუფციის და სხვა მიზეზთა გამო, მაგრამ უსაფრთხოების, თავდაცვის საკითხებთან მიმართებით, როგორი უცნაური არ უნდა იყოს, მთავრობას ენდობიან. იგივე ადამიანები (პოლიტიკოსები), რომელთაც კორუმპირებულებად, უვარგისებად და ასე შემდეგ, მიიჩნევენ, სავსებით მისაღებნი ხდებიან, როდესაც საუბრობენ უსაფრთხოების საკითხებზე. ერთი პირობით: რომ ამ დროს ისინი მემარჯვენე პოზიციებს აჟღერებენ“.

(11) «Путин: флот РФ в Средиземном море — не бряцание оружием», 06.06.2013, http://www.bbc.co.uk/russian/rolling_news/2013/06/130606_rn_putin_mediterranean_sea.shtml

(12) «Саакашвили заявил, что Израиль передал России коды грузинских БПЛА», 07.07.2013, http://newsru.co.il/world/07jul2013/gruzia_a203.html 

(13) «Израиль сохраняет эмбарго на поставки оружия Грузии – дипломат», 23.06.2013, http://www.newsgeorgia.ru/politics/20120623/215063187.html

(14) «Министр обороны Израиля пригрозил Москве ответными мерами в случае поставки в Сирию комплексов С-30», 28.05.2013, http://www.newsru.com/world/28may2013/otvet.html

(15) James Ennes: “Assault on the Liberty”, Random House 1980; James Bamford: “Body of Secrets: Anatomy of the Ultra-Secret National Security Agency”, Doubleday, New York 2001; см. также заявления отставного военного юриста, капитана Уорда Бостона (младшего) от 9 января 2004 года. 

(16) «ХАМАС призвал “Хезболлу” вывести боевые группы из Сирии», 18.06.2013, http://www.islamnews.ru/index.html/captcha/uploads/news/2013-03/1363152335/138762/social/social/index.php?name=news&op=view&id=140251