ბიძინა ივანიშვილი და მასმედიის ობიექტურობის თემა

ნიშნავს თუ არა საქართველოს ზოგიერთი ელექტრონული მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიმართ ბიძინა ივანიშვილის მიერ ახლახანს გაკეთებული მკვეთრი განცხადებები იმას, რომ მილიარდერი ცდილობს საზოგადოებრივი აზრის მონოპოლიზებას, ჟურნალისტების მოსყიდვასა და მათ დაქვემდებარებას? ამ კითხვაზე, ისევე როგორც ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენასთან დაკავშირებულ ზოგ სხვა შეკითხვაზე, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე პასუხობს ყოველდღიური გაზეთ „ახალი თაობის“ ჟურნალისტს შორენა გონგლაძეს.

– ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. როგორია თქვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით?

 

– აზრთა ეს სხვადასხვაობა ბუნებრივია. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი შეიძლება პირობითად ორ ნაწილად გავყოთ. პირველი ნაწილი შედგება ხელისუფლებისა და ე. წ. ზომიერი ოპოზიციისგან, რომლებიც არსებული ვითარებით კმაყოფილნი არიან და მათ ნამდვილად აქვთ შეშფოთების საფუძველი ახალი მძლავრი ფიგურის გამოჩენის გამო, რადგან ივანიშვილი მათ მდგომარეობას საფრთხეს უქმნის. მეორე ნაწილია ის ოპოზიციური სპექტრი, რომელიც თავისი არაპოპულარობის, შეცდომების თუ სხვა მიზეზთა შედეგად ხელმოცარულია და ივანიშვილის გამოჩენას იმედით შეჰყურებს, რათა შეძლებისდაგვარად მიეტმასნოს მას და ამით თავი გადაირჩინოს. მხოლოდ ძალიან მცირე შრეა ოპოზიციურ სპექტრში, რომელიც ნეიტრალურია და სიტუაციას პირადი გამორჩენის მიზნით არ აფასებს. ვგონებ, რომ ივანიშვილი ამას ხვდება, მის განცხადებაში შემთხვევით არ უნდა იყოს ნახსენები, რომ იგი დიდი ხნის მანძილზე აკვირდებოდა პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ საბოლოო ჯამში საკუთარი პარტიის შექმნა გადაწყვიტა. ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იქნება. მთავარია, როგორი პარტია შეიქმნება, რა იდეოლოგიითა და კადრებით.

 

პირადად მე, ისევე როგორც ქართველ პოლიტოლოგთა და კომენტატორთა დიდი უმრავლესობა, არ ვიცნობ ბატონ ბიძინას და მისი შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, გარდა პრესაში არსებული ძუნწი ცნობებისა, მაგრამ გულახდილად ვიტყვი, აქამდე მის მიმართ უფრო უარყოფითი განწყობა მქონდა, ვიდრე დადებითი. ამის მიზეზი მისი პოლიტიკური პასიურობა იყო. მე მიმაჩნდა, რომ მისი მასშტაბის პიროვნებამ აქტიურად უნდა იღვაწოს ქვეყნის გადასარჩენად – სწორედ პოლიტიკურ ასპარეზზე, რადგან ქველმოქმედება კარგია, მაგრამ იგი ქვეყანას ვერ უშველის, საქვეყნო მასშტაბის ცვლილებები მხოლოდ პოლიტიკის საშუალებით შეიძლება განხორციელდეს. იმაშიც გამოგიტყდებით, რომ ახლა, როდესაც ივანიშვილმა გააჟღერა თავისი გადაწყვეტილება, აზრი რადიკალურად შემეცვალა მასზე და ოპტიმიზმის საფუძველი გამიჩნდა, რომ შეიქმნება ძალა, რომელიც რეალურად დაუპირისპირდება არსებულ რეჟიმს და არ გაიყიდება. აშკარაა, მარტო მე არ შემექმნა ასეთი განწყობა, საზოგადოების დიდი ნაწილს უეცრად იმედი მიეცა და გარკვეული ეიფორიაც კი წარმოიშვა.

 

– სააკაშვილისთვის რამდენად რეალურ კონკურენტად მიგაჩნიათ და წარმატების რა შანსი აქვს ივანიშვილს?

 

– ივანიშვილი არ მოიაზრებოდა პოლიტიკოსად, მაგრამ საზოგადოება შინაგანად მაინც ელოდა და სურდა კიდეც მისი პოლიტიკაში გამოჩენა. ეს სურვილი განსაკუთრებით 2008 – 2009 წლებში, საპროტესტო ტალღის პიკში იგრძნობოდა, დარწმუნებული ვარ, მას რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ეყარა კენჭი 2008 წლის 5 იანვარს, იგი ამ არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებდა. მას შემდეგ სიტუაცია დაცხრა, ხალხის დიდი ნაწილი ნიჰილიზმს განიცდის, ამიტომ ივანიშვილისადმი ინტერესიც შედარებით განელდა. მაგრამ ამის მიუხედავად, იგი კვლავ რჩება რეიტინგულ პიროვნებად, რომელსაც უდიდესი პოლიტიკური პოტენციალი აქვს, თუკი ამ პოტენციალს სწორი გზით წარმართავს. ივანიშვილის პოლიტიკურ პასიურობას ერთი პლიუსი მაინც ჰქონდა – იგი დღეს ყველაზე კარგად „შენახული“ ფიგურაა, ამდენი ხანი ნეიტრალური იყო და ახლა, ყველა სხვა გაცვეთილი პოლიტიკური ფიგურის ფონზე, და ამ „გაცვეთილებში“ სააკაშვილიც უნდა მოვიაზროთ, იგი ღირსეულად გამოიყურება. ამდენი ხნის მანძილზე მისმა ჩუმმა ქველმოქმედებამ, რომელიც ვერ იმალება, ივანიშვილს დამსახურებულად მოუხვეჭა ძალიან კარგი სახელი. ასე რომ, სააკაშვილს პიროვნულად კი არა, მთელ მის რეჟიმს გამოუჩნდა სერიოზული კონკურენტი, რომელიც, როგორც პირველი შთაბეჭდილებით შემიძლია ვიმსჯელო, უკან არ დაიხევს და ბოლომდე იბრძოლებს.

 

– ივანიშვილი უკვე შეფასდა რუსეთის პროექტად...

 

– მე ვისურვებდი, რომ ჟურნალისტებმა საერთოდ იგნორირება გაუკეთოთ ხელისუფლების ამ „რუსულ“ კოშმარებს. თავიდან ასეთი ბრალდებები აღმაშფოთებელი იყო, შემდეგ სასაცილო გახდა, ახლა კი უბრალოდ მოსაწყენია. სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება ამაზე. ხელისუფლება ცდილობს, რომ ოპონენტები მუდმივად თავდაცვის მდგომარეობაში ჩააყენოს და ამით ინიციატივას თვითონ დაეუფლოს. მაგრამ ხალხი უკვე კარგად ხვდება ამ ხრიკებს, დაუძველდათ სააკოიდებს მეთოდები, აღარ ჭრის რუსეთი, როგორც მტრის ხატი. ამიტომ: სრული იგნორირება ამგვარ სისულელეებს, დაე სააკოვ–სააკაშვილმა თვითონ იმართლოს თავი საკუთარი ბიძისა და მთავრობის ზოგიერთი წევრის რუსულ კავშირებზე. ივანიშილი კი სწორად მოიქცევა, თუ ყურადღებას არ მიაქცევს ნაციონალების ბოდვას და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას თავის ერთ–ერთ უმთავრეს პრიორიტეტად აქცევს, ხელს შეუწყობს რუსულ–ქართულ დიალოგს თავისუფალ ექპერტთა შორის, მხარს დაუჭერს ეკონომიკური კავშირების აღდგენას და სავიზო რეჟიმის შერბილებას.

 

– მისმა გამოჩენამ ქართულ პოლიტიკაში ნაციონალური არხები, ფაქტობრივად, პანიკაში ჩააგდო. მიანიშნებს თუ არა ეს ხელისუფლების ანალოგიურ მდგომარეობაზე?

 

– რა თქმა უნდა, ნაციონალური არხები – ნაციონალური, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის, ისე პარტიული გაგებით, საკმაო სიზუსტით ასახავენ ხელისუფლებაში არსებულ განწყობებს, ხელისუფლების დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხისადმი. ზემოთ უკვე ვთქვი, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვა ხელისუფლების უშფოთველ მდგომარეობას საფრთხეს უქმნის. ასე რომ, ამ ტელეარხების მწვავე რეაქციაში გასაკვირი არაფერია. მაგრამ თუ ნებას მომცემთ, მინდა, ივანიშვილის 7 ოქტომბრის განცხადების იმ ნაწილს შევეხო, რომელმაც ვნებათაღელვა „მაესტროს“ და „კავკასიის“ მფლობელებსა და ჟურნალისტებში გამოიწვია. ბევრს არ მოეწონა ის ტონი და არც შინაარსი, რომლითაც ბატონმა ბიძინამ მათ მიმართა. მაგრამ ცოტა მეტი დაკვირვებაა საჭირო, რა დგას ამ სიტყვების მიღმა, რა იკითხება სტრიქონებს შორის. საერთოდ, ნებისმიერ დამწყებ პოლიტიკოსს თუ პოლიტიკაში მოსვლის მსურველს პროფესიონალები უპირველეს ყოვლისა მასმედიასთან, ჟურნალისტებთან კარგი ურთიერთობების დამყარებას ურჩევენ. უაღრესად წამგებიანია მასმედიასთან პოლიტიკოსის დაპირისპირება ამ პოლიტიკოსისთვის. ქართულ რეალობაში ამან გამოიწვია ის, რომ ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსები ჟურნალისტებს ემლიქვნელებიან, ქათინაურებს ეუბნებიან, ლამის ფამილარული საუბარი მიდის პირდაპირ ეთერში... ამ ფონზე მე, და ვფიქრობ, ხალხის დიდ ნაწილს, მოეწონა კიდეც ივანიშვილის განსხვავებული მიდგომა. არ იქნება სწორი, თუ ჟურნალისტები ახლა „ჟურნალისტური სოლიდარობის“ გამოცხადებაზე დახარჯავთ დროს და ენერგიას. არ ჩანს ივანიშვილი ის პიროვნება, ვინც თავისუფალი აზრის ჩახშობას აპირებს. მწარე სიტყვები კი, კეთილი ინებონ და, ჟურნალისტებმაც მოისმინონ თავიანთი მისამართით. აღიქვან ეს კრიტიკად და არა „კახპასთან ლაპარაკად“. კახპებად ისინი ხელისუფლებამ აქცია, როდესაც დაარბია და შემდეგ უკანონოდ გაასხვისა „იმედი“, დააშინა და მოქრთამა მისი ჟურნალისტები, ნაციონალურ არხებზე ტოტალური კონტროლი დაამყარა და იქაურ ჟურნალისტებს ისე „ამღერებს“, როგორც მოესურვება. „კახპად“ იქცა ყველა ის მედიასაშუალება, რომელსაც აგვისტოს ომის დროს კი არა, ომიდან კარგა ხნის შემდეგაც სიმართლის თქმისა შეეშინდა...

 

ახლა მივუბრუნდეთ „მაესტროს“ და „კავკასიას“. ამ არხების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ისინი არ არიან „ოპოზიციური არხები“. ივანიშვილის განცხადებაში სწორედ ასეთი ფორმულირება იყო. კეთილი და პატიოსანი, ფორმალურად „მაესტრო“ და „კავკასია“ მართლები არიან, ტელევიზია არ შეიძლება იყოს სახელისუფლებო და ოპოზიციური, ტელევიზია ობიექტური უნდა იყოს. მაგრამ არ შეიძლება ამ კონტექსტში სიტყვა „ოპოზიციურის“ აღქმა, როგორც არაობიექტურობის მოთხოვნისა. „ოპოზიციური“ ამ შემთხვევაში არ ნიშნავს „პარტიულს“, „ოპოზიციური ტელევიზია“ კი – პარტიების სამსახურში დგომას. საქართველოში დღეს ისეთი ვითარებაა, რომ ხელისუფლება ფლობს პროპაგანდის მძლავრ საშუალებებს – ძირითად ტელეარხებს. დააკვირდით იქ მომუშავე ჟურნალისტებს. ისინი საკუთარ თავს განიხილავენ, როგორც გარკვეული პოლიტიკური სისტემის ნაწილს, პოლიტიკური პროცესის განმახორციელებელ რაღაც რგოლს. ისინი მომართულნი არიან ჯარისკაცებივით, მათში დევს ფანატიზმის არც თუ მცირე დოზა. ისინი, რა თქმა უნდა, ფულის სანაცვლოდ, მაგრამ ამავე დროს იდეურად ემსახურებიან რეჟიმს.

 

ამისთანა პროპაგანდისტულ მანქანას ვერ დაუპირისპირებ ბოლომდე ობიექტურ, უფრო ზუსტად ვთქვათ – არატენდენციურ ტელევიზიას. მე მგონი, „მაესტროს“ და „კავკასიის“ ხელმძღვანელებს ლატენტურად უფრო „იმედის“ დარბევის ფაქტი აშინებთ, მათ მეხსიერებაში ეს დევს და ამიტომაც გაურბიან ოპოზიციონერობას და აქცენტს „ობიექტურობაზე“ აკეთებენ. არადა, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ქვეყანაში ხელისუფლება როგორც ომს, ისე აწარმოებს პროპაგანდას, ასეთ ვითარებაში კი ტენდენციურობის გარეშე წინააღმდეგობა არ გამოვა. უფრო გარკვევით: ობიექტურობა კი, მისაღებია, მაგრამ საჭიროა ტენდენციურობაც. ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს. დავუშვათ, მოხდა რაღაც ფაქტი, ხელისუფლებისთვის მომგებიანი. ამ ფაქტს არ მალავ, მაგრამ არ აშუქებ ფართო მასშტაბით, ნაკლებად იწვევ ხელისუფლების წარმომადგენლებს სტუდიაში... არ არის ეს არაობიექტურობა, მაგრამ არის ტენდენციურობა, ანუ რაღაც ტენდენციას ასახავს, ტყუილის თქმისა და ფაქტების დამალვის გარეშე. სახელისუფლებო არხები ამაზე ბევრად შორს მიდიან ხოლმე, მოგეხსენებათ, ავრცელებენ სიცრუეს, ჭორებს, ცალკეული პიროვნებების მიმართ აგორებენ შავ პიარს და კიდევ სხვა სიბინძურეებს სჩადიან. ხალხი კი ხვდება ამას, მაგრამ ეს იმდენად ტოტალურად და დამთრგუნველად კეთდება, რომ თავის ეფექტს მაინც ახდენს. ხალხი ითრგუნება და ორიენტირებს კარგავს, მათი შემხედვარე.

 

მცირებიუჯეტიანი, ვიზუალურად ნაკლებად მიმზიდველი და თან პოლიტიკურად „რბილი“ ტელევიზიები, „ობიექტურობაზე“ მომართულნი, ვერ ანეიტრალებენ ამ ვითარებას. მით უმეტეს, სტუდიებში ექსპერტებად იწვევენ ერთ და იმავე სახეებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მეტად თუ ნაკლებად დასავლურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა და თანამშრომლობს. ვფიქრობ, რომ ივანიშვილს ეს მომენტი აქვს დაფიქსირებული და ნაგულისხმები. ბოლოსდაბოლოს, ისიც ტელემაყურებელია.

 

ერთი მომენტიც მინდა აუცილებლად აღვნიშნო: ქართული პოლიტიკის მთავარი უბედურება ის არის, რომ ქართულ პოლიტიკაში არ ტრიალებს ქართველების კაპიტალი. ნახეთ, რა გამოდის: გამოჩნდება რომელიმე შეძლებული ქართველი, მაგალითად, იყო ბადრი პატარკაციშვილი. ატყდა გნიასი, როგორ შეიძლება თურმე „ოლიგარქის“ ფული პოლიტიკაში. შემდეგ ალექსანდრე ებრალიძე გამოჩნდა, ამ კაცს გულწრფელად სურს, დაეხმაროს ქვეყანას, არც მას აძლევენ ამის საშუალებას. ახლა ივანიშვილიც არ ვარგა თურმე და მისი ფულიც „რუსულია“. მაშ რა გამოდის, რით იარსებოს პოლიტიკურმა პარტიამ, ან, ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში – ტელევიზიამ? საშუალო ფენა ან თუნდაც მსხვილი ქართული ბიზნესი პოლიტიკას, ხელისუფლების გარდა, გასაგები მიზეზების გამო არ და ვერ დააფინანსებს. მარტო რეკლამით, სამწუხაროდ, საქართველოში ვერ იარსებებს ტელევიზია, ხარჯები მაინც ბევრად მეტია, ვიდრე შემოსავალი. მაშ დაფინანსების რა წყაროები რჩება? რჩება მხოლოდ ორი წყარო: ხელისუფლების მიერ ბოძებული ფული (შეიძლება საბიუჯეტოც და შავი ფულიც) და დასავლეთის სახელმწიფოების შემოწირულობები, რომლებიც ასევე არ გაიცემა უანგაროდ. გვინდა ჩვენ ასეთი ტელევიზიები? განა ეს უფრო დემოკრატიული იქნება, ვიდრე ის, რომ ქართველმა კაცმა – ბიძინა ივანიშვილმა ჩაიბაროს ისინი გარკვეული დროის მანძილზე? აი მოდით, ამას გასცენ პასუხი ბატონებმა ღლონტმა და აქუბარდიამ, სანამ ივანიშვილს გაკილავდნენ.

 

– ივანიშვილი არცთუ ისე აშკარად, მაგრამ ყოველთვის სააკაშვილის მხარდამჭერთა გუნდში მოიაზრებოდა, მოულოდნელად ისინი სხვადასხვა ორბიტაზე აღმოჩნდნენ. რამდენად დიდია შანსი იმისა, რომ ეს კიდევ ერთი დიდი პოლიტიკური თამაშის დასაწყისი იყოს?

 

 

– ასეთი შთაბეჭდილება უფრო ივანიშვილის პოლიტიკურმა პასიურობამ შექმნა, თანაც მას თავს ესხმოდა მასმედიის ნაწილი და სააკაშვილთან ალიანსში სდებდა ბრალს. მაგრამ მე არ მესმის, რით შეუძლია სააკაშვილს, რომ დააინტერესოს ივანიშვილი, რათა ასეთ სამარცხვინო თამაშში მიაღებინოს მონაწილეობა. სააკაშვილს მასზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. ბატონ ბიძინას არც ერთი ბიზნესი საქართველოში არ აქვს, მისი აქტივები უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებშია, ძირითადად რუსეთში.

 

– საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე ძნელია, არაპოლიტიკური ფიგურა ამხელა ამბიციებით ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ასე თამამად და თავდაჯერებულად ჩაერთოს იმ ქვეყნის პოლიტიკაში, სადაც ხელისუფლებისათვის მიუღებელი პოლიტიკოსების უეცარ გარდაცვალებასთან დაკავშირებით დღემდე საკმაოდ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

 

– სააკოვ–სააკაშვილის უკვე რვაწლიანმა პარპაშმა ქვეყანა მორალურად იქამდე მიიყვანა, რომ ადამიანებს თითქმის აღარაფრის სჯერათ. მით უმეტეს დაუჯერებლად გვეჩვენება, რომ შეიძლება ვინმემ, იქნება ეს ებრალიძე, ივანიშვილი, თუ სხვა, უანგაროდ გადაწყვიტოს ქვეყნის დახმარება და არსებულ საფრთხეებს არ შეუშინდეს. მე, კიდევ ვიმეორებ, არ ვიცნობ ბატონ ბიძინას, ვერც თავს დავდებ იმის ცოდნაზე, რა მოხდება, მაგრამ მისი პირველი განცხადებები და ნაბიჯები მართალი კაცის პოზიციად მეჩვენება, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაზე. თუ მე ვცდები, ეს ძალიან მალე გამოჩნდება.

 

– როგორ ფიქრობთ, ვინ დგას ივანიშვილის უკან?

 

– ივანიშვილის უკან ისევ ივანიშვილი დგას. ანუ თავისით ჩაერთო პოლიტიკაში...

 

 

 

12.X.2011.