აგვისტოს ომი და ზოგიერთი გაურკვევლობა ქართულ-თურქულ ურთიერთობებში

აგვისტოს ომი და ზოგიერთი გაურკვევლობა ქართულ-თურქულ ურთიერთობებში

 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების ობიექტური გამოძიებისა და პასუხისმგებლობის საკითხების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნამ, საქართველოს პოლიტიკურ წრეებში მითქმა-მოთქმა და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. აღნიშნული საკითხის სამართლებრივი განხილვის მეტად სერიოზულად წინ წამოწევამ და მთავრობისა და ოპოზიციური ძალების  დაპირისპირებამ, თანაც ქვეყნის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების ერთმანეთისთვის გადაბრალების მცდელობამ, წარმოშვა აუცილებლობა, რომ კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების უცხოური პრესის განხილვას.

თავისთავად, ისევ დგება 2008 წლის აგვისტოს დღეების გახსენების აუცილებლობა და საინტერესოა, იმდროინდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა დღევანდელი გადასახედიდან. 2008 წლის 9 აგვისტოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დირექტორი სინან ოღანი წერდა „ ეს ომი დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ დაიწყო. საქართველოს ხელისუფლება მუდამ ლაპარაკობდა ომის დაწყების შესახებ. შეერთებული შტატები და თურქეთი აიარაღებდნენ საქართველოს, ამერიკელი სპეციალისტები წვრთნიდნენ ქართულ ჯარს და ერთობლივ სწავლებებსაც გადიოდნენ მათთან. აშშ-ს, ერაყში ჩატარებული ოპერაციის წარუმატებლობა აწუხებდა და თავისი გეოსტრატეგიული მიზნების განხორციელების ძიებაში იყო. ამ შემთხვევაში აშშ-ს აწყობდა ერთი ქვით ორი ჩიტი მოეკლა:

1.      08.08.08. თარიღი „სპეციალურად“ შეირჩა;

2.      აშშ-ს ყველაზე დიდი მოწინააღმდეგის ჩინეთისთვის, ოლიმპიური თამაშების „სპეციალურად“ ჩრდილის მიყენება;

3.      რუსეთის ჩაბმა კონფლიქტში;

4.      აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნებიდან ყურადღების სხვა მიმართულებისკენ მიპყრობა.

  

პროფ. მეჰმედ ჯანმა 2009 წელს გამოსცა წიგნი „თურქეთის საგარეო პოლიტიკის გამოცდა საქართველო-რუსეთის ომით“. ამ წიგნში ავტორი ეხება ამერიკის სამხედრო გემების სრუტეებში შემოსვლის პრობლემას, რომელმაც თავის დროზე მითქმა-მოთქმა გამოიწვია. (თავისთავად საინტერესოა, რომ თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა და აშშ-ს სტრატეგიული მოკავშირე,  რომელმაც ჯერ 2003 წლის მარტში ამერიკის სამხედრო კონტინგენტს არ მისცა უფლება, მისი ტერიტორიიდან ერაყში შეჭრილიყო. ახლა კი, 2008 წლის აგვისტოში თავისი მოკავშირე და ნატო-ს წევრი ქვეყნის გემებს არ მისცა ჰუმანიტარული ტვირთის შეტანის საშუალება, ომისაგან დაზარალებული მეგობარი ქვეყნის ლტოლვილებისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით). „ამერიკის მიერ საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების ტვირთით მიმავალი სამხედრო გემის გატარება, მონტრეს ხელშეკრულების შესაბამისად შესაძლებელი იყო თუ არა, კამათის თემად იქცა. სრუტეებში მიმოსვლის თაობაზე მონტრეს ხელშეკრულების მიხედვით, შავი ზღვის სანაპიროს არმქონე ქვეყნების გემების სრუტეებში გავლა, გარკვეული კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება. ამ კრიტერიუმებისათვის თავიდან შეტყობინება, ტონაჟის ლიმიტი, შავ ზღვაში დარჩენის ვადის სესახებ წინასწარ ეცნობება. აშშ-ის მხრიდან გამოგზავნილი სამხედრო გემების ამ კრიტერიუმების შესრულებისას მონტრეს ხელშეკრულების საწინააღმდეგო  არაფერი ჩანდა და თურქეთის მხრიდან აშშ-ის გემებისათვის ნებართვის მიცემა სავსებით ნორმალური ქმედება იყო. თურქეთი, ხელშეკრულების 21-ე პარაგრაფის მიხედვით „მისთვის ძალზე ახლოს ომის საფრთხის საშიშროების გამო“, სრუტეებში გავლის ნებართვა შეეძლო არ მიეცა. მაგრამ, რა ზომის სამხედრო გემიც  არ უნდა ყოფილიყო, გემებს ბოლოსდაბოლოს ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი მიჰქონდათ და აშშ-სთან ახალი, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული კრიზისი რომ არ შექმნილიყო, თურქეთმა არჩია ხელშეკრულების ეს პუნქტი არ გამოეყენებინა“. (სინამდვილეში, თურქეთმა „კლასიკური“ ორმაგი თამაშის მასტერ-კლასი ჩაატარა, რომლის შემდეგაც თავმოყვარე, თუნდაც პატარა ქვეყანას, დაფიქრება სჭირდებოდა) .

  ავტორი ბოლოს აღნიშნავს, რომ „რუსეთ-საქართველოს ომით გამოწვეულმა რეგიონულმა აფორიაქებამ, თურქეთის როლისა და მნიშვნელობის დონე  დღითიდღე გაზარდა. კავკასიის სტაბილურობისა და თანამშრომლობის სამშვიდობო პროექტმა, თურქეთს რეგიონში ახალი მიზნების განხორციელების შესაძლებლობები გაუჩინა. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და მონტრეს ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რუსეთთან არსებული პარტნიორული სიახლოვის გაგრძელება და საჭიროება არის შესანარჩუნებელი. მოკლედ, თურქეთის მიერ გატარებული პოლიტიკური სვლებით, თურქეთმა კავკასიაში მონაპოვრების შენარჩუნებისა და რეგიონის სტაბილურობის განხორციელებისთვის აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას“.

2008 წლის ომის შემდეგ წამოჭრილი კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღესაც თავმოუბმელობისა და უთავბოლოობის სენი შეჰყრია. გაზეთ „VATAN - HABER MERKEZİ“ ( 24.12.2010 - 21:07 Wikileaks) ინფორმაციის თანახმად და სტატიის სათაურით „თურქეთი, აჭარაში ჯარს შეიყვანდა“, გახმაურდა იმით, რომ 2008 წლის 13 აგვისტოს ერდოღანის მოსკოვში ყოფნისას, მან მედვედევი გააფრთხილა „1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით მოცემულ უფლებას გამოვიყენებთ და ჯარს გავაგზავნით“-ო.

„ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს (თურქეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უწყებას ასე უწოდებენ) საიდუმლო მიმოწერის  WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო ცნობებში თურქეთის მიერ 2008 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შესაჭრელად მზადყოფნა იყო გამოცხადებული. 2008 წლის აგვისტოში თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან 70 კილომეტრში შემოსული რუსეთის არმიის წინააღმდეგ  შესაძლო ღონისძიებების მიღების შესახებ, პრემიერ ერდოღანის მეთაურობით მოსკოვში ვიზიტად მყოფმა მეჯლისის დელაგაციამ რუსეთის პრეზიდენტს მედვედევს აცნობა. 90 წლის წინ რუსეთთან დადებული ყარსის ხელშეკრულება და ნატო-ს წევრი ქვეყნის წარმომადგენლობითმა დელეგაციამ, რუსეთის მხარეს მოსკოვში ასე მიმართა: „თურქეთს აქვს უფლება და შეუძლია, მეზობელი ქვეყნის დაცვის მიზნით, საომარი მოქმედებების ზონაში ჯარი გააგზავნოს. თანაც სახმელეთო ძალების გარდა, შეუძლია საჰაერო ძალების გაგზავნაც. გამოქვეყნებულ ცნობებში ასევე არის ცნობა, რომ 2009 წლის 3 მარტს საქართველოს შსს-ს მინისტრს ვანო მერაბიშვილს ქართველი ჟურნალისტებისთვის უთქვამს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს, იმ შემთხვევაში თუ მთავრობა  ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას, თურქეთის ჯარი აჭარაში შეიჭრება“-ო.

 „მსგავსი სიტუაცია უკანასკნელად 1921 წელს მოხდა, როდესაც რუსეთის წითელი არმია საქართველოში შევიდა, თურქული ჯარი აჭარიდან გავიდა. ორ ქვეყანას შორის შექმნილი მდგომარეობის კვალად, რუსეთთან ხელმოწერილი ყარსის ხელშეკრულების მიხედვით, თურქეთს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჯარის გაგზავნისა და შესვლის უფლება რომ აქვს, ეს რუსეთის მხარემ სცნო“.

„ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კავკასიის სპეციალისტი ჰასან კანბოლატი ამბობს: „ყარსის ხელშეკრულება, საზოგადოებისთვის ღია დოკუმენტია, მასში საიდუმლო პარაგრაფი არ არის. პარაგრაფებს თუ გადავხედავთ აჭარასთან დაკავშირებით, თურქეთის ცნობილ უფლებებს ვნახულობთ. ეს უფლებები, ბათუმის პორტის ერთობლივი გამოყენებისა და აჭარაში არსებულ  საძოვრებზე თურქეთიდან ცხვრის ფარის გადმორეკვითა და მათი მოძოვებით არის შემოსაზღვრული. თურქულ რესპუბლიკებთან ურთიერთობების პასუხისმგებელი ყოფილი სახელმწიფო მინისტრი აჰად ანდიჯანი ამბობს: „ამ ხელშეკრულებაში საძოვრების ერთობლივად გამოყენებისა და პორტის ერთობლივად მოხმარების მსგავსი პარაგრაფები იყო. სამხედრო შეზღუდვებთან დაკავშირებული სანქცია არ მახსოვს“.

კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რაც უფრო შორს  მივდივართ გაურკვევლობაში თურქეთთან ურთიერთობებში, მით უფრო გვიძნელდება მათთან თანასწორი საუბარი ნებისმიერ საკითხზე და სამწუხაროდ, უკვე ნებისმიერ დონეზეც. „ყარსის ხელშეკრულება“ დაიდო 1921 წლის 13 ოქტომბერს ერთის მხრივ, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის წარმომადგენლებსა და მეორეს მხრივ, სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (სსრ), საქართველოს სსრ და აზერბაიჯანის სსრ წარმომადგენლებს შორის, რუსეთი იყო დამკვირვებელი მონაწილე და მას წარმოადგენდა რუსეთის ელჩი ლატვიაში, ვინმე განეცკი. ზემორე სტატიაში გაჟღერებული ფრაზები (ორჯერ), რომ ეს ხელშეკრულება რუსეთთან მოაწერა თურქეთმა,  სრული აბსურდია და  დიდი ისტორიული შეცდომა (ფაქტიურად, და არა იურიდიულად, საბჭოთა რუსეთმა კავკასიის რესპუბლიკებს თავს მოახვია  თურქეთის მეჯლისის წარმომადგენლებთან დადებული 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულების პირობები და ყარსის ხელშეკრულებაში კავკასიის საზღვრებთან და სტატუსთან დაკავშირებით, უცვლელად გამეორებულ იქნა მოსკოვის ხელშეკრულების პარაგრაფები).

ხელშეკრულებაში არსად არ არის ნახსენები, რაიმე სამხედრო ჩარევასა და ჯარების გამოყენების თაობაზე. ერთადერთი, რაც ეჭვს (მხოლოდ ეჭვს) იწვევს ის არის, რომ მე-6 პარაგრაფში წერია „თურქეთი თანხმდება, რომ მე-4 პარაგრაფში მითითებულ საზღვრებში ბათუმის ლივაში შემავალ ტერიტორიებზე, ბათუმის ქალაქსა და პორტზე სუვერენიტეტის უფლება, საქართველოს დაუტოვოს, შემდეგი  პირობებით“... ჩამონათვალ პირობებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის კულტურული და რელიგიური უფლებების მიცემაა, ასევე მიწათმოწყობის რეჟიმის ნებართვა და ფართო მართვის ავტონომია იგულისხმება (რაც შეეხება ცხვრების მოძოვებასა და საძოვრების გამოყენებას, იგი მე-7 პარაგრაფშია).

2008 წლის ომიდან უკვე 5 წელი გავიდა. კარგი იქნება, ახლა მაინც მოხდეს ისე, რომ ქართული დიპლომატია დაინტერესდეს ამ ავადსახსენებელი „ყარსის ხელშეკრულების“ თურქული ან რუსული (მხოლოდ ამ ორ ენაზეა შედგენილი) ტექსტით, წინასწარ მოხდეს შეთანხმება, დათქვან დრო და მოხდეს შეხვედრა ორი სახელმწიფოს საგარეო უწყების ჩინოვნიკთა შორის, წერტილ-მძიმიანად, კონკრეტულობის განსაკუთრებული სიზუსტით შეისწავლონ დოკუმენტი და ორივე ქვეყნის უმაღლესი პასუხისმგებელი პირების ხელმოწერით, ერთხელ და სამუდამოდ დაუსვან წერტილი ამ გაურკვევლობის ნიაღვარს. 

 

    ისტორიული მომენტი
 
  გასული წლის ივნისის პირველ რიცხვებში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთის ვიცე-პრემიერი ბიულენთ არინჩი (მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, 2002-2007 წლებში ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე), რომელსაც თბილისსა და ძირითადად ბათუმში შეხვედრები ჰქონდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან და აჭარის მთავრობის მეთაურთან ლევან ვარშალომიძესთან. ბათუმში პრეზიდენტმა მის საპატივცემულოდ რესტორანში ვახშამი და კონცერტი გამართა, ხოლო იუსტიციის სახლში გიორგი ბარამიძესთან ერთად პრეს-კონფერენცია მოეწყო. ამ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტმა თურქ სტუმარს შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, თუ რატომ არის თურქულ სასკოლო სახელმძღვანელოებში დაბეჭდილ ისტორიულ რუკაზე ბათუმი, თურქეთის საზღვრებში მოქცეული? არინჩმა გაკვირვება გამოხატა და აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია მსგავსი ფაქტის შესახებ და თურქეთში დაბრუნებისთანავე გადაამოწმებს და გაარკვევს ასეთი გაუგებრობის ამბავს.  ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ამგვარი გადამოწმება არ ჩატარებულა და პირიქით, 9 ივნისს, როდესაც ანკარის ცენტრალურ სპორტის სახალეში მსოფლიოს ყველა კონტინენტზე მოქმედი ფეთჰულა გიულენის 135 თურქული სასწავლო დაწესებულებიდან 1500-ზე მეტი ბავშვის მონაწილეობით (საქართველოს დელეგაციაც იყო) თურქული ენის ოლიმპიადის საზეიმო დახურვასა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალზე ვიცე-პრემიერი ბიულენთ არინჩი სიტყვით გამოვიდა, მან აღნიშნა, რომ ერთი კვირის წინ „ჩვენს ბათუმში ყოფნისას“ დიდი სიამოვნება მიიღო ორთა ჯამეს ეზოში თანამოძმეებთან მშობლიურ ენაზე საუბრით და ადგილობრივი ახალგაზრდების თურქული ენისადმი დიდი ინტერესის გამო. გამოდის რომ, თურქმა ვიცე-პრემიერმა ბათუმში ჟურნალისტის კითხვას, თვალთმაქცურად აუარა გვერდი?                                                                                          2012 წლის 12 ივლისს კი, ბიულენთ არინჩმა გაახმოვანა თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილება,  ოსმალეთის პერიოდიდან დამკვიდრებული, მაგალითად, ძველი ქრისტიანული ტაძრების მეჩეთებად გადაქცევის ტრადიციების აღორძინების შესახებ. ასე მოხდა სტამბოლის, იზნიკის (ძველი ნიკეას) ქრისტიანული ტაძრების (1935 წლიდან მუზეუმები) მეჩეთად ამოქმედება.

ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ტრაპიზონის აიასოფიას ტაძარი, რომელიც 1964 წლიდან მუზეუმის სტატუსით მოქმედებდა. ცნობისათვის: ოსმალეთის სულტანმა მეჰმედ II-მ 1453 წლის 29 მაისს კონსტანტინოპოლის აღებისთანავე, ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სალოცავი აია სოფიას ტაძარი, მეჩეთად გადააკეთა (ტაძარი დღევანდელი სახით 532-537 წლებში აშენდა და თითქმის 1000 წელი, რომში 1506 წელს წმ. პეტრეს ტაძრის აგებამდე ყველაზე დიდი იყო).  მეჰმედ II ფათიჰმა (დამპყრობელმა) 1461 წელს ტრაპიზონი, ტრაპიზონის აია სოფიას ტაძარიც დაიპყრო და ტრაპიზონის იმპერიის ისტორიაც ამით დასრულდა. ტრაპიზონის აია სოფიას ტაძარი აშენდა იმპერატორ მანუილ I კომნენოსის (1238-1263) მმართველობის პერიოდში, ბიზანტიური არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს და გამოირჩევა ფრესკების მრავალფეროვნებითა და ბიბლიური სიუჟეტების სიმდიდრით.  ისტორიაში გავრცელებული ცნობა მიუთითებს, რომ ტრაპიზონის აია სოფიაც, აღებისთანავე გადაუქცევიათ მეჩეთად, მაგრამ არსებობს ისტორიული დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც აია სოფიას ტაძარი მეჩეთად, 1572-1584 წლებში გადაუკეთებიათ და ფრესკებისთვისაც ზიანი მიუყენებიათ. I მსოფლიო ომის დროს, 1916-1918 წლებში, როდესაც ტრაპიზონი და დღევანდელი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი რუსეთის არმიის მიერ იყო ოკუპირებული, ტრაპიზონის აია სოფიაში რუსეთის არმიის იარაღის საწყობი და სამხედრო ჰოსპიტალი იყო განთავსებული, რის გამოც ფრესკები კიდევ უფრო დაზიანდნენ. შემდეგ 1962 წლამდე ისევ მეჩეთად მოქმედებდა და 1953 წელს მთელი ფრესკები შეათეთრეს. 1957-1962 წლებში ედინბურგის უნივერსიტეტის ჯგუფმა რასელ ტრასტის ხელმძღვანელობით, სავალალო მდგომარეობაში მყოფი ფრესკების წმენდა-აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა და ტრაპიზონის აია სოფიას ისტორიულმა ტაძარმა,  1964 წლიდან მუზეუმის სტატუსით დაიმკვიდრა ადგილი.  აია სოფიას მუზეუმი, ცნობილი სუმელას მონასტერთან ერთად, ტრაპიზონის ისტორიულ-კულტურულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, 2012 წელს 150 ათასამდე ტურისტმა მოინახულა (მათგან 30 ათასზე მეტმა უცხოელმა) და ტრაპიზონის რეგიონის ტურიზმის განვითარებაში მეტად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

თურქეთის დღევანდელი პროისლამური ხელისუფლების პოლიტიკური ნების შესაბამისად და ზემოხსენებული ვიცე-პრემიერ ბიულენთ არინჩის ძალისხმევით 2013 წლის 12 აპრილიდან, აია სოფიას მუზეუმი, ისევ მეჩეთის ფუნქციით ამოქმედდა.                                                                                                                              

 ქვემოთ გაახლებთ გაზეთ „ზამან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის (რომელიც წინ უძღვის მეჩეთის გახსნას) არაოფიციალურ თარგმანს.

აიასოფია ღვთისმსახურებისთვის აღდგება   (Zaman 12.04.2013)

კეთილი მაგრამ, ფრესკებს რა დაემართებათ?

ტრაპიზონის მუფთი ვეისელ ჩაკი აცხადებს, რომ „აიასოფიაში ღვთისმსახურების აღდგენის მიზნით მუშაობა გრძელდება და ფრესკებს, ნამაზის შესრულების დროს ფარდა ჩამოეფარება“. ჩაკიმ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში მუზეუმად გამოყენებული აიასოფია, მეჩეთად აღდგება და იქ ღვთისმსახურების ჩატარების უზრუნველყოფისთვის ტრაპიზონის ვაკუფების რეგიონული სამმართველო მუშაობას აგრძელებს. ამავე მიმართულებით მუშაობს რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტი, რომელმაც აიასოფიაში ლოცვების შესრულების მოწესრიგებისათვის „იმამთა კადრები“ გამოჰყო. აიასოფია ვაკუფთა რეგიონულ სამმართველოს კუთვნილებას წარმოადგენს, მაგრამ როდესაც იქ აღდგება რელიგიური რიტუალების შესრულება, იგი რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტს გადაეცემა და იმამსაც ისინი დანიშნავენ.                                                                                                                                   ვეისელ ჩაკიმ ასევე განაცხადა - „ადამიანის გამოსახულების მქონე შენობაში ნამაზის შესრულება ცოდვად ითვლება, მაგრამ ნამაზის საათებში, ფრესკები ფარდებით დაიფარება“. მანვე აღნიშნა, რომ მთავარია მორწმუნე ჯამაათს ნამაზის შესრულებისას ყურადღება არ გაეფანტოს და ამიტომ, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, რომ ყიბლის მხარეს (სამხრეთი, მექის მიმართულება) საათის ან რაიმე მოხატულობის მსგავსი ხელისშემშლელი მიზეზი არ არსებობდეს. (თარგმანის დასასრული)

აღნიშნულ მოვლენას, ტრაპიზონისა და შავიზღვისპირეთის მეცნიერთა, ტურიზმის  და კულტურის სფეროს მუშაკთა დიდი ნაწილის საპროტესტო წერილები და გამონათქვამები მოჰყვა. ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა საპროტესტო ხელმოწერების აქცია წამოიწყეს და ცდილობენ ფართო საზოგადოების ყურადღების მიქცევას იმაზე, რომ ქვეყნის ტურისტულ სფეროს დიდი ზარალი მიადგება ხელისუფლების ამგვარი ქმედებების გამო. მათი განცხადებით, აია სოფიამ თუ მუზეუმის ფუნქცია დაკარგა და მეჩეთად ამოქმედდა, ტრაპიზონს ტურისტების ნაკადი შეუწყდება.

აია სოფიას ბედით ძალზე შეწუხებულია, ტრაპიზონის შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვეისელ უსტა, რომელიც მრავალი წელია ტრაპიზონის ისტორიისა და კულტურის შესახებ კვლევით მუშაობას ეწევა და უამრავი ნაშრომის ავტორი-მეცნიერია.  წლების განმავლობაში ტრაპიზონის კულტურის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, ახლა სტუდენტ-ახალგაზრდობას ისტორიისა და კულტურის სფეროში ცოდნას აწვდის.     

       ვეისელ უსტა ხაზს უსვამს სულტან მეჰმედ II-ის დიდსულოვნებას, როდესაც ტრაპიზონის აღებისას მან აია სოფიას ტაძარი მაშინვე არ გადააკეთა მეჩეთად, პატივი სცა რა მის ისტორიულ  მნიშვნელობას და ფრესკების განსაკუთრებულობას. მან აია სოფიას და სუმელას ტაძარს არ შეუწყვიტა ქრისტიანული რიტუალების შესრულების რეჟიმი. მიუხედავად იმისა, რომ ტრაპიზონის დაპყრობისთანავე, შუაგულ ქალაქში ორი ეკლესია: საკათედრო ტაძარი ოქროსგუმბათიანი წმიდა მარიამის ეკლესია, ორთაჰისარის მეჩეთად გადაკეთდა, ხოლო წმ. ეუგენიოსის ეკლესია, იენი ჯუმას მეჩეთად.                                                                                                                                      ვეისელ უსტა აცხადებს,  რომ აია სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაქცევის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და თურქეთის რესპუბლიკის დემოკრატიულობისა და კანონის უზენაესობის მონაპოვარს ჩრდილს აყენებს. თანაც მთავრობას შეახსენებს, რომ აია სოფიას უბანში 3 მეჩეთი და ამდენივე მესჯიდი მუშაობს, რაც სრულად აკმაყოფილებს ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის სულიერი ცხოვრების მოთხოვნებს და აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება ტურიზმის განვითარებით დაიმედებული ტრაპიზონელების წინააღმდეგ განხორციელებული უსამართლობაა. ამასთანავე, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კანდიდატ ძეგლად მიჩნეული აია სოფიას მუზეუმის გაუქმება, საყოველთაო კულტურისა და ადამიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს.

ვეისელ უსტა ბოლოს მოუწოდებს მმართველი პარტიის პოლიტიკურ მოღვაწეებს - „ხელები შორს, ტრაპიზონის კულტურისა და ტურიზმის ულამაზესი მონაპოვრისგან... ნამაზი ყოველ ადგილას შეიძლება შესრულდეს, მაგრამ აია სოფიას მუზეუმს თუ მოსპობთ, მას უკან ვეღარასოდეს დაიბრუნებთ“.

P.S. დღესდღეობით თურქეთში გროვდება ხელმოწერები სტამბოლის აია სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთების თაობაზე.

 

ზაურ მჭედლიშვილი