ე. წ. „კრემლის პოლიტოლოგები“ და ქართველი ჟურნალისტების პრობლემა

ე. წ. „კრემლის პოლიტოლოგები“ და ქართველი ჟურნალისტების პრობლემა

საქართველოში რუსეთის შესახებ ბევრი სტერეოტიპი არსებობს, რომლის დამკვიდრებაში ლომის წილი ქართველ ჟურნალისტებს მიუძღვით.

მათი გავლენა იგრძნობა ე. წ.  „ექსპერტებზეც“, თუმცა ხანდახან პირიქითაც ხდება, „ექსპერტები“ აწვდიან პრესის წარმომადგენლებს თავიანთ მოსაზრებებს და მასმედიაც ამ კერძო, რეალურად ნაკლებად ექსპერტულ, მოსაზრებებს დროთა განმავლობაში ისე ავრცელებს, როგორც შეუვალ ფაქტს. ყოველივე ეს კი, ზოგ შემთხვევაში, გავლენას ახდენს ქართული პოლიტიკური სპექტრის მიერ რუსული პოლიტიკის არასწორ შეფასებებსა და აქედან გამომდინარე, მავნე გადაწყვეტილებების მიღებაზე (პოლიტიკაშიც და სახელმწიფო თანამდებობებზე ჟურნალისტებსა და „ექსპერტებზე“ უფრო მომზადებული კადრები არ გვყავს).

  ამჟამად მოკლედ, სულ ორიოდე ფაქტის ილუსტრირებით შემოვიფარგლებით. ჯერ იყო და, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში დაინერგა აზრი, რომ „ვლადიმერ ჟირინოვსკი კრემლის რეალურ ზრახვებს ახმოვანებს“, „ჟირინოვსკი კრემლის რუპორია“ და ასე შემდეგ. გაუგებარია, საიდან და როგორ გაჩნდა ეს აზრი, მაგრამ იგი მეტად სიცოცხლისუნარიანი გამოდგა.

  ბოლო პერიოდში უკვე ალექსანდრ დუგინზე მიდგა საქმე, ახლა დუგინი იწოდება „კრემლის რუპორად“ და „კრემლის პოლიტოლოგად“ ქართულ მასმედიაში. ბუნებრივია, ისევე, როგორც ჟირინოვსკის შემთხვევაში, დუგინის ყოველი გამონათქვამი საქართველოს შესახებ, კონტექსტიდან იგლიჯება, ხელოვნურად მძაფრდება და საზოგადოებას მიეწოდება, როგორც ოფიციალური მოსკოვის არაოფიციალური პოზიცია. დუგინის შემთხვევაშიც გაურკვეველია, რატომ მოიაზრება ეს მართლაც ორიგინალური მოაზროვნე „კრემლის პოლიტოლოგად“ მაშინ, როდესაც მას კრემლთან გაცილებით უფრო სუსტი კონტაქტი აქვს, ვიდრე ბევრ სხვა რუს პოლიტოლოგს. ზოგიერთი ქარაფშუტა „ექსპერტი“ იმასაც ფიქრობს, რომ დუგინი პრეზიდენტ პუტინთან ყოველ კვირას ჩაიზეა დაპატიჟებული და მას თავის იდეებს კარნახობს.

  რეალურად არც ჟირინოვსკი და არც დუგინი კრემლის გეგმების, ან, უბრალოდ, განწყობის გამხმოვანებლები არ არიან. რუსულ პოლიტიკაში ორივე ამ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ფიგურას, თავ-თავიანთი ღირსეული ადგილი უკავიათ, მაგრამ კრემლისათვის მათი მნიშვნელობა საქართველოში აშკარად გადაჭარბებულია.

  ჩვენ იმის კონსტატაცია შეგვიძლია მხოლოდ, რომ ჟირინოვსკის ბრწყინვალე არტისტიზმთან და ორატორულ ნიჭთან ვერც ერთი ქართველი პოლიტიკოსი მივა ახლოს, ისევე, როგორც მათ ვერ დასწამებ დუგინის განათლების დონესა და აზროვნების მასშტაბურობას, გულახდილობასთან ერთად.