ევრაზიის ინსტიტუტი მზად არის, „ინფო 9“ და „ტვ 9“ შეძენის საკითხი განიხილოს

ევრაზიის ინსტიტუტი მზად არის, „ინფო 9“ და „ტვ 9“ შეძენის საკითხი განიხილოს

ბატონი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილებაში არსებული საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“ და ტელევიზია „ტვ 9“, მათი გასხვისების შემდეგ,

 ევრაზიის ინსტიტუტის წევრების აზრით, შესაძლოა, ჩამოყალიბდნენ სრულიად განსხვავებულ და ძალზე ეფექტურ მედია-საშუალებებად. სწორედ ამიტომ, ევრაზიის ინსტიტუტი დაინტერესებას გამოთქვამს, მფლობელის სურვილის შემთხვევაში, განიხილოს ამ მედია-საშუალებათა შეძენის საკითხი. საამისოდ, არაკომერციული იურიდიული პირი „ევრაზიის ინსტიტუტი“ გამონახავს შესაბამის იურიდიულ ფორმებსა და მატერიალურ საშუალებებს. პირველ რიგში, საჭიროა აუდიტის დასკვნა გასაყიდი ობიექტების რეალურ ღირებულებასთან დაკავშირებით და აგრეთვე იმ პიროვნების თუ პიროვნებათა ჯგუფის ვინაობა, ვინც გაყიდვასთან დაკავშირებით იქნება მფლობელის მიერ უფლებამოსილი.

  ევრაზიის ინსტიტუტის წევრთა აზრით, აუცილებელია შეიქმნას იდეოლოგიურად სრულიად განსხვავებული და დამოუკიდებელი მასმედია, რაც ესოდენ დიდი დეფიციტია დღევანდელ ქართულ მედიაბაზარზე. იმ შემთხვევაში, თუკი „ინფო 9“ და „ტვ 9“ გადმოეცემა ევრაზიის ინსტიტუტს, მკაცრად აღიკვეთება დილეტანტიზმი, დამკვიდრდება სალიტერატურო ქართული ენის ნორმები, უხვად მომზადდება საგანმანათლებლო ტიპის გადაცემები, დიდი ყურადღება დაეთმობა კულტურას, მეცნიერებას, სპორტს, საბავშვო გადაცემებს. გამორიცხული იქნება მდარე ხარისხის სერიალების, პორნოგრაფიული ელფერის მქონე ფილმების, უხამსობის, ძალადობისა და სხვა მანკიერებათა ჩვენება ტელეეკრანზე, საინფორმაციო პოლიტიკა კი იქნება მიუკერძოებელი და ამავე დროს, პროფესიონალიზმზე დაფუძნებული. ტრიბუნა დაეთმობათ საქართველოში არსებული ნებისმიერი პოლიტიკური ორიენტაციის წარმომადგენლებს, სიღრმისეულად გაშუქდება უცხოეთში მიმდინარე მოვლენებიც.

ევრაზიის ინსტიტუტის პრესსამსახური