ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ტრიბუნა
05.04.2010
”რუსეთი არ არის საქართველოს მტერი!” - ვლადიმერ ხომერიკის რეპლიკა ფრიდონ დოჩიას

Geurasia.org-ის რედაქციისგან: რუსეთი, როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ დანერგილი მტრის ხატი, როგორც ჩანს, ჩვენს საიტზეც, ისევე როგორც ქართულ მას-მედიაში მთლიანად, ”უჭკნობი” თემა ხდება. თვით ”ანტიმიშისტური” ფლანგიდანაც ხშირად გვესმის, რომ ”რუსეთი საქართველოს მტერია”.

ასე მაგალითად, ზოგიერთი ”მოღვაწე”, რომელიც ფულის გამოსაცინცლად რუსეთში ხან ვის ხვდება და ხან ვის, ქართული პრესის ფურცლებზე ალბათ ალიბის შესაქმნელად გაჰკივის (თან შეცდომით ჰგონია, რომ რუსეთში ქართულ პრესას არ თარგმნიან): ”რუსეთი ისეთივე მტერია, როგორც ამერიკა! ოღონდ რუსეთმა ორასი წლის მანძილზე ვერ დაგვაქცია ისე, როგორც ამერიკამ სამი წლის მანძილზე!” - გამოდის, რომ რუსეთი მთელი ორასი წლის მანძილზე გვებრძვის (და ვერ მოგვერია!), არაფერი კარგი ჩვენს ურთიერთობებში არ ყოფილა... აღარაფერს ვამბობთ ”მიშისტურ” ფლანგზე, რომლისთვისაც რუსეთის მტრის ხატი ძალაუფლების შენარჩუნების უკანასკნელი ბერკეტია. "მტერმა-რუსეთმა" სახელმწიფო პროპაგანდაში თუმცა უკვე დიდი ხანია, ჩვეულებრივი ბოსტნის საფრთხობელის გროტესკული სახე მიიღო, მაგრამ ამ პროპაგანდას ჯერ კიდევ შერჩა ქართული საზოგადოების განწყობებზე ზეგავლენის მოხდენის ძალა.

პროფესორი ვლადიმერ ხომერიკი (თუ ვინ არის ვლადიმერ ხომერიკი და რას მოღვაწეობს იგი, იხილეთ ეს ბმული; და კიდევ ეს ბმულიც) მოსკოვიდან ეხმაურება ნამდვილად წესიერი და პროფესიონალი ჟურნალისტის ბ-ნი ფრიდონ დოჩიას ერთ სტატიას, რომელიც მეტად თუ ნაკლებად კავშირშია დამკვიდრებულ სტერეოტიპთან, რომ თითქოს რუსეთი საქართველოს ობიექტური მტერია. ამ მიმართვას გთავაზობთ ქვემოთ:

ბატონო ფრიდონ,

გიცნობთ, როგორც შესანიშნავ ადამიანს, საქართველოს პატრიოტსა და მაღალკვალიფიცირებულ ჟურნალისტსა და ანალიტიკოსს. თქვენი ეს სტატიაც სერიოზულ ანალიზს წარმოადგენს, მაგრამ  სტატიის (იხ. აქ:  Dochia - statia ) ფინალი სწორედ ის ერთი კოვზი კუპრია, რომელიც მთელ ტრაპეზს აფუჭებს. ბოლო წინადადება: ”სააკაშვილისთვის კი სულ ერთია, თუკი დაიწყება საომარი მოქმედებები მაშინ იგი და მისი უახლოესი გარემოცვა საზღვარგარეთ გაიქცევიან და ქართველ ხალხს მტერს დაუტოვებენ საჯიჯგნად”.

არა მგონია, რომ ისეთ სერიოზულ ანალიტიკოსს, როგორიც თქვენ ბრძანდებით, მართლა ისე მიაჩნდეს, რომ რუსეთი ის მტერია, რომელიც საქართველოს დასჯიჯგნის მას მერე, როდესაც სააკაშვილის მოღალატური გარემოცვა ქვეყნიდან გაიქცევა.

მაშ ვინ არის საქართველოს მეგობარი? აშშ, რომელმაც, როგორც თქვენ თავად აღნიშნავთ, კრიტიკულ მომენტში მიაგდო საქართველო? და საერთოდ ჰყავს კი საქართველოს მეგობრები? მე ვფიქრობ, რომ თუკი საერთოდ ჰყავს, ეს პირველ რიგში რუსეთია, რომელმაც თავის დროზე გადაარჩინა და გააერთიანა საქართველო, გადააქცია იგი იმპერიად, შეუქმნა შესანიშნავად განვითარებული სახელმწიფო 5 მილიონი მოსახლით, მაღალკულტურული და მეცნიერულ-განათლებული ერით, 1990 წელს კი თავად მოგვცა ის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რომელზეც ჩვენ თითქოს საუკუნეების განმავლობაში ვოცნებობდით. მაგრამ როგორ მოვიქეცით ჩვენ, როდესაც ჩვეულებისამებრ დავიწყეთ ახალი ბატონის ძებნა (ვინაიდან თავად არ აღმოგვაჩნდა უნარი, გვეარსება და გვემართა ჩვენი ქვეყანა), დავიწყეთ მტრის ძებნაც, რომელიც თითქოს ყველა ჩვენს უბედურებაშია დამნაშავე, და რომელმაც მიგვატოვა და შეწყვიტა ჩვენი კვება?

დიახ, ჩვენდა საუბედუროდ, ამჯერად ჩვენ შევცდით და თუკი ერეკლე მეორის მმართველობის ჟამს, როდესაც ჩვენ ჩვენი ქვეყნისა და ერის მხსნელად ავირჩიეთ რუსეთი, ეს იყო სწორი და გამართლებული არჩევანი საქართველოსთვის, ხოლო ახლა, როდესაც ჩვენ ზურგი ვაქციეთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ერთმორწმუნე ძმებსა და მფარველებს რუსეთის სახით და ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ სწორედ რუსეთი გვექცია საქართველოს მთავარ მტრად, ეს იყო და არის საქართველოსთვის ყველაზე უფრო არასწორი და დამღუპველი გადაწყვეტილება. საქართველოს ახალმა ”უფროსმა ძმამ”, უფრო სწორად კი მისმა მტერმა და ბატონმა - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა - თავისი მარიონეტებისა და ჩვენი სამშობლოს გამყიდველების საშუალებით, რომელთა სათავეშიც მიშიკოა, საკუთარი ანგარებიანი ინტერესებიდან გამომდინარე ერთმანეთს წაჰკიდა საქართველო და რუსეთი, რითაც საქართველოს დააკარგინა ღირსეული შვილები და ტერიტორიების მეხუთედი, ქვეყანა გასწირა ეკონომიკური დეპრესიის, შიშის, სიღატაკისა და დამცირებისათვის, ქართული კულტურა, სულიერება და მენტალობა დეგრადაციისა და განადგურების ზღვრამდე მიიყვანა, ქართული სახელმწიფო შემდგომი დაშლის, ეროვნული კატასტროფისა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის პირას დააყენა.

ამ დროს კი რას აკეთებენ ნაძირალა მიშიკოს სამშობლოს გამყიდველი რეჟიმის პატრონები? ისინი რუსეთის მიმართ პირფერობენ, რადგან ხედავენ თავიანთი მსოფლიო ჟანდარმობის ახლო დასასრულს და მათ საქართველო მისი ძაღლისებრი ერთგულებით ფეხებზე ჰკიდიათ. ისინი ითრევენ საქართველოს ახალ ომებში, ავღანეთში, ერაყში და სხვ., ისინი ჩვენს ქვეყანას ისე ეპყრობიან, როგორც სანაგვეს, სადაც შეიძლება გამოყარო თავიანთი უკანონოდ დაპატიმრებული ტუსაღები (შესაძლო ტერორისტები) გუანტანამოდან. მათ გადააქციეს ჩვენი ქვეყანა ნარკოტრაფიკის ცენტრად და ჩვენს ხალხს აყალიბებენ ნარკომანებად, მეძავებად და უსულგულო მონებად. ისინი ჩვენს ქვეყანას ტერორისტული დარტყმების საფრთხეს უქმნიან და ამავდროულად იყენებენ მას ტერორისტების მოსამზადებელ ბაზად და მათი ტრანზიტის კორიდორად. ისინი არ აძლევენ ქართველებს სამუშაო ადგილებს თავიანთ ქვეყანაში და არ ქმნიან მათ საქართველოში, ისინი არ ხსნიან საკუთარ ბაზარს ჩვენი პროდუქციისათვის.

ისინი ფულს მხოლოდ სესხად გვაძლევენ (საქართველოს საერთო დავალიანებამ უკვე 7 მილიარდ დოლარს მიაღწია, რომელიც ჩვენი შთამომავლების გადასახდელია), რაც მთავარია, ისინი ამ სესხებს იძლევიან პირველ ყოვლისა მათთვის საჭირო გზებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისათვის. ამასთან ამ ფულის ნაწილს ისინი უკან იბრუნებენ ე. წ. ”ოტკატების” სახით, მეორე ნაწილი კი წარმატებით ილექება სააკაშვილისა და მისი დამქაშების ჯიბეებში.

ასე რომ, გვიბრძანეთ, ბატონო ფრიდონ: ნუთუ თქვენ მართლაც დანანებით მიიღებთ იმ ამბავს, თუკი ჩვენი საქართველოს დამაქცევარი მ.სააკაშვილი ქვეყნიდან გაიქცევა? ნუთუ თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ რუსეთია ის მტერი, რომელიც დაჯიჯგნის საქართველოს?

ნუთუ თქვენ არ ფიქრობთ, რომ რუსეთის ინტერესებშია დამშვიდებული და კეთილმეზობლური საქართველო, რომელსაც რუსეთისთვის კავკასიაში სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს?

მე ვფიქრობ, ძვირფასო ბატონო ფრიდონ, რომ თქვენ ცოტა ”იეშმაკეთ” თქვენი სტატიის ბოლოს და შეუშინდით იმას, რომ თქვენი სტატია, ღმერთო დაგვიფარე და, რუსეთის ინტერესების გამომხატველად არ მიიჩნიონ.

რა თქმა უნდა, თქვენი გაგება შეიძლება, რადგან თქვენ ცხოვრობთ ტერორისა და ნების გამოხატვის უფლებებისა და თავისუფლებების ტოტალური დარღვევების პირობებში. მაგრამ როდემდე უნდა გვეშინოდეს და ველოდოთ ჩვენი სახელმწიფოს საბოლოო დანგრევას, ჩვენი სარწმუნოების, კულტურისა და ჭეშმარიტად ქართული მენტალიტეტის განადგურებას?

ჩემო ძვირფასო ფრიდონ და ძვირფასო თანამემამულეებო,

გაიგეთ, რომ დამნაშავე და გამყიდველი რეჟიმის მმართველობის ყოველ ახალ დღეს საქართველოსათვის შეუქცევადი და კატასტროფული ხასიათის დანაკარგები მოაქვს. ეს ეხება როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივების დაკარგვას, ისე მისი შემდგომი დაშლის პროცესის გაღრმავებას, ქართული კულტურისა და სულიერების დეგრადაციას, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის სრულ განადგურებასა და დეფოლტს, ისევე როგორც ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართული იდენტობის სრულ დაკარგვას. ხალხს აქვს კონსტიტუციური ბერკეტები მისთვის საძულველი რეჟიმის ჩამოსაგდებად და პროქართული ხელისუფლების ასარჩევად, რომელიც თავისი სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ააწყობს პოლიტიკას და შეაჩერებს მოახლოებულ კატასტროფას.

ძვირფასო ფრიდონ, თუკი დიდი სამამულო ომის დროს არსებობდა ლოზუნგი - ”ჩვენს უკან მოსკოვია - უკან დასახევი გზა არ არსებობს”, ამჟამად ქართველებისთვის უნდა არსებობდეს ლოზუნგი: ”ჩვენთან მოსკოვია და უკან დასახევი გზა არ არსებობს”. ასე რომ, ეს კუპრით სავსე კოვზი საქართველოს ნამდვილ მტერზე - მ. სააკაშვილზე დაცალეთ, რომელიც უკვე მეშვიდე წელია, რაც ჯიჯგნის და მოიხმარს საქართველოს.

თქვენს უკან სიმართლე დგას, და თუ ეს სიმართლე იქნება სრული და გაბედული, მაშინ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის სახელით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

საქართველოს ნამდვილი მტერი მ. სააკაშვილი და მისი ამფსონები არიან, რომლებიც ნამდვილად გაიქცევიან ქვეყნიდან და ეს იქნება საქართველოს ზეიმი, რომელიც, როგორც ვიმედოვნებ, შეძლებს, ღირსეული მმართველები აირჩიოს. და მერწმუნეთ, რუსეთი იქნება პირველი, რომელიც ჭეშმარიტად პროქართული მთავრობის მოსვლას გულწრფელად მიესალმება და ყოველმხრივ დახმარებას აღმოუჩენს კეთილმეზობლურ და ერთმორწმუნე საქართველოს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"