ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
14.12.2011
ვის სჯერა გამოკითხვის შედეგების?

სულ ახლახანს ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა, არც ამჯერად უღალატა დამკვიდრებულ ტრადიციას და ისე, როგორც ყოველთვის, მრავალი კითხვა გააჩინა, უმთავრესად - თარგამაძე ჯობნის ივანიშვილს?

გამოკითხვის არც დანარჩენი შედეგებია სარწმუნო, მაგრამ თარგამაძის პერსონალური და მისი პარტიის მოწინავეობა ყოველგვარ რეკორდებს ხსნის.

დავუშვათ, მართლაც ასეთი შედეგი მიიღეს გამომკითხველებმა, დავუშვათ, არა მარტო ერთი რიგითი დაიცალა გონებიდან, რომ იტყვიან, გამოშტერდა, არამედ 4 ათასი, მაგრამ რა ვუყოთ იმ რეალობას, რასაც ჩვენს ირგვლივ აქვს ადგილი, იმ ანტისახელისუფლებო განწყობას, რასაც ვხედავთ ქუჩაში, საქალაქო ტრანსპორტში, ნებისმიერი თავშეყრის ადგილში.

როგორც ჩანს ქუჩა ერთია და ტელეფონის ყურმილი მეორე - ქუჩაში და სამზარეულოში ნათქვამი - გულწრფელი, ხოლო ტელეფონში ნათქვამი - გულწრფელობის გარეშე.

ოფიციალური შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იმ დოზით გამოშტერებულა, როგორიც ხელისუფლებას სურს, მაგრამ ეს რომ ასე არ არის, ყველა ჩვენგანმა კარგად ვიცით. საქმე სხვაშია - სიცრუეში, ქამელეონობაში, შიშში, სხვა ნეგატიურ თვისებებში. ასე, რომ „აირაის“ ნაცვლად სხვა ინსტიტუტის დაკვეთით შესრულებული გამოკითხვაც თუ იგივე შედეგს არ აჩვენებდა, მიახლოებულს მაინც დააფიქსირებდა, რატომ, რა არის ამის მიზეზი?

უპირველეს ყოვლისა ის, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, შორსაა სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან, არასერიოზულად ეკიდება სატელეფონო შეკითხვებს, საერთოდ მსგავს გამოკითხვას. საზოგადოების დაბალი პოლიტიკური განათლება, ანალიზის უნარის არქონა, მიკერძოება, არ აძლევს მას ობიექტური პასუხის გაცემის შესაძლებლობას. აღნიშნულ „სიკეთეს“ ერთვის ხელისუფლებისადმი ღრმადგამჯდარი შიში.

შეკითხვის დასმისთანავე ყველა ჩვენგანი უმალ ვიხსენებთ საკუთარ სამსახურს, შვილების სამსახურს, სამსახურის ქონის შემთხვევაშიც გაძაღლებულ ცხოვრებას, მისი არარსებობით კატასტროფული ყოფის პერსპექტივას, მინიმალური პრივილეგიის დაკარგვას, პენიტენციური სისტემის გაუსაძლისობას და ზომაზე მეტად გადატვირთულობას, ასეთში მოხვედრის ამაზზრზენ შანსს, სხვა „ბედნიერებას“, რაც ესოდენ უხვად გვარგუნა ჩვენმა „საყვარელმა“ ხელისუფლებამ.

ჩამოარაკრაკებ ყოველივე ამას გონებაში და უმალ მიხვალ დასკვნამდე, რომ ბიძინას მოწოდება - გადავლახოთ შიში კი არა, იესოს მოწოდებაც ვერ გვიხსნის სადამსჯელო აპარატის კლანჭებიდან.

ამომრჩეველი, რომელიც ხმის მიცემის ჯიხურში, ვიდეოთვალის შიშით, სასურველი პარტიის ნომერს არ ავლებს წრეს, სატელეფონო შეკითხვაზე გასცემს ობიექტურ პასუხს? ის სხაპა-სხუპით უპასუხებს იმას, რასაც ელის გამომკითხველი.

მოპასუხე არასდროს ცდება გამომკითხველთა წარმომავლობაში. მან ზედმიწევნით კარგად იცის, რომ ის ხელისუფლების პირმშოა, მისი ძუძუთი ნაკვები, მასთან ანგარიშვალდებული, რომ ის უცხოელი, ამ შემთხვევაში ამერიკელი, კი არა, მისი სისხლი და ხორცია, ოღონდ პრივილეგირებული, მოპასუხის ნამდვილი სახის გამომვლენი და ამით საკუთარი ბედნიერების გამჩარხველი.

საქართველოში, წლის განმავლობაში, განსაკუთრებით პოლიტიკური ცხოვრების ოდნავი გამოფხიზლების დროს, უმალ ტარდება მსგავსი სახის „გამოკითხვები“. მიზანი? რომ ეს ფაჩუნიც ჩაიხშოს. ვის სჭირდება თავის ატკივება? მითუმეტეს არ სჭირდება პატივცემული მიხეილის ხელისუფლებას. სწორედ ამიტომაც გვკარნახობს იგი, ვითომ უცხოელთა პირით, რა მდგომარეობაა ქვეყანაში, ვის, ვინ უყვარს, ვის ვინ მოსწონს პოლიტიკური თვალსაზრისით და ა.შ.

მიხეილ-USA ტანდემი, ისე, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. გაფაჩუნება ვერ მოასწრო ივანიშვილმა და უმალ რეიტინგები აძგერეს - რაც არ უნდა იხტუნაო, ასეთია შენი სახალხო პოპულარობა, გინდ დაიჯერე, გინდ არაო.

საგულდაგულოდ დაშინებული გამოკითხული თარგამაძეს, რომ ამჯობინებს ივანიშვილს, ეჭვი გვეპარება? სააკაშვილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ის ზევით არის, ღრუბლებში, უმაღლესი პროცენტებით.

ყველაფერთან ერთად გამოკითხვის შედეგები იდუმალების მატარებელია ანუ თავისებური მესიჯია ივანიშვილისთვის სააკაშვილის მხრიდან, დაახლოებით ასეთის - საჩხუბარი რა გვაქვს, შევთანხმდეთ საპარლამენტო ადგილების ისეთ განაწილებაზე, როგორსაც „აირაი“ და „გელაპი“ გვთავაზობს, სამპარტიანი პარლამენტით, ისე, როგორც გსურდათ - ნაციონალებით, ივანიშვილებით, თარგამაძეებით. სხვა დანარჩენების ჭაჭანებაც არ იქნება.

გამოკითხვის მიხედვით, ალასანიები და ნათელაშვილები ორ პროცენტს ვერ ასცდნენ. როგორც ჩანს, სრულდება ჩემი წინასწარმეტყველება - ივანიშვილის შიშით ნაციონალებს საკუთარი თავი ექნებათ გადასარჩენი და ისინი სხვა სატელიტი პარტიების პარლამენტში შეყვანისთვის თავს არ გამოიდებენ. გაიყვანს თუ არა ივანიშვილი სხვა პარტიებს, ძნელი სავარაუდოა, ვინაიდან ქართულ პოლიტიკაში შეყრა-გაყრა თვალის დახამხამებაში ხდება.

ისე კი, კაცმა რომ თქვას, ივანიშვილის რა პარტიაზეა საუბარი, ჯერ ჩანასახშიც, რომ არ არის? სწორედ ეს მაფიქრებს, რომ გამოკითხვას უფრო სააკაშვილის მიერ ივანიშვილისთვის გაგზავნილი მესიჯის დატვირთვა აქვს, ვიდრე სხვა რამ.

ერთის შეხედვით, პრიმიტიული ქართული პოლიტიკა ზომაზე მეტად ჩახლართულია, თავისი ცუდი და ცუდზე ცუდი მაგალითებით. თუმცა ეს საზომი ჩვენებურია, მათებურად კი - მთელი ქართული ცხოვრება პოლიტიკით დაწყებული, რიგითი მავანის ცხოვრებით დამთავრებული, დადებითიცაა და წარმატებულიც. ასე გვასწავლის ქვეყნის მედია, ასე გვასწავლის სააკაშვილი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამერიკელები.

როდესაც 24-საათიან რეჟიმში, ყველა ტელევიზია შეხმატკბილებულად ჩაგძახის გრანდიოზულ წარმატებებზე, როდესაც გაურკვეველ რეიტინგებში საქართველო ან პირველია ან პირველ ათეულში, როდესაც ქართული „საოცრების“ შესასწავლად, ვარდების რევოლუციის მონაპოვრის ახლო გაცნობის მიზნით ჯოგებად ჩამოდიან უცხო ქვეყნის დელეგაციები, როდესაც ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკური წარმატებების შესახებ უცხოეთში ტომები ისტამბება, როდესაც დასავლური ტელეკომპანიები და ბეჭდვითი ორგანოები ხოტბას ასხამენ ქართულ წარმატებებს, დემოკრატიას, კორუფციასთან ბრძოლას. . . როდესაც საქართველოს პრეზიდენტს ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით დასავლეთის, გუიმპლენივით გაღიმებული ხვდებიან, როდესაც დასავლეთი, უპირველესად აშშ-ი ლამის მესამე მსოფლიო ომის წამოწყებისთვის ყურებს არ ახევს პატივცემულ მიხეილს - პირიქით მილიარდებით ასაჩუქრებს, როდესაც სააკაშვილის მიერ შეურაცხყოფილი და თავსლაფდასხმული რუსეთის ხელისუფლება ხმას არ იღებს, როდესაც არანაკლებ თავსლაფდასხმული უკრაინის პრეზიდენტი, საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული ზონდერების გაგზავნის პასუხად სააკაშვილს დელეგაციას-დელეგაციაზე უგზავნის, როდესაც „არაეფექტიან“ მმართველობაში „მხილებული“ სომხეთის პრეზიდენტი, ნაცვლად მკაცრი რეაგირებისა, თბილისში ეახლება საკუთარ სისხლსა და ხორცს, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები გუნდ-გუნდად აკითხავენ სააკაშვილის კარს, ისე, როგორც ევროპარლამენტარები და ა.შ., ბოლო გამოკითხვის შედეგებმა არ უნდა გაგვიკვირდეს.

არც ახალი ქალაქის - ლაზიკის მშენებლობამ, არც ქუთაისში პარლამენტისა და მთავრობის გადაყვანამ, მათთვის ძვირადღირებული სახლების მშენებლობამ, ველოსიპედისა და კვერცხების ძევლებმა, საქართველოს სახელმწიფო მოხელეთა მსოფლიო ჩემპიონობამ, არც წაგებული ომის მოგებულად გამოცხადებამ არ უნდა გაგვაკვირვოს.

დიახ, ყოველივე აღნიშნული და მრავალი აღუნიშნავი ერთი კაცის შემოქმედებაა, მისი შრომით შექმნილი - უკუღმართი, ღვარძლიანი, უამრავი ნეგატივით აღვსილი შრომით, რაც ყველამ ვიცით, მაგრამ თავს ვიკატუნებთ, თითქოს არ ვიცით. რატომ? იმიტომ, რომ... თუ ვიცით, მინიმუმ ისეთი პასუხი არ უნდა გავცეთ გამომკითხველს, როგორიც გავეცით, მაგრამ გავეცით, რატომ? იმიტომ, რომ მიშა მაგარია.

მაგარია იმიტომ, რომ ერთმა შეძლო ყველას დაჩოქება - ერისა და ბერისა, შინაურისა და გარეულის, დიდისა და პატარის, ქალისა თუ კაცის.

მან შეძლო საზოგადოების გახლეჩა, ახალგაზრდისა და ძველგაზრდის დაპირისპირება, პარტიების ერთმანეთზე გადაკიდება, მოქრთამვა, გადაბირება, დაჩმორება, ძველი თაობის კანალიზაციას გატანება, ახალი თინეიჯერული „ინტელიგენციის“ ჩამოყალიბება.

მან კარგად დააზეპირებინა თითის სიგრძე ბავშვებს და არა მარტო მათ, „მიშა“, „მიშას“ ბღავილი, წივილი, ყვირილი. მავანი იტყვის - ყოველივე დადგმული სპექტაკლებიაო. კეთილი. გეთანხმებით. მაგრამ ოპოზიციამაც დადგას, თუ თავი აქვს, მაგრამ, რომ არ შეუძლია და რომ არა, ნათლად გამოჩნდა თეთრი სახლის წინ მოწყობილ „გრანდიოზულ“ მიტინგში, ესოდენ „გაშაყირებულში“ სააკაშვილისა და სააკაშვილების მიერ.

8 წელი გავიდა „ვარდების რევოლუციიდან“, მძიმე, გაუსაძლისი 8 წელი, თუმცა ვისთვის გაუსაძლისი და ვისთვის საამური. საამური ნაციონალების, მათი ახლობლების, ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოებისთვის, „საკუთარი“ ბიზნესმენებისთვის, ყველა იმათთვის, ვინც მორჩილად თვალში შეჰყურებს მამა-მარჩენალს.

ვინც არა - ცხოვრების უკუღმართობით არის დაოსებული, ხელჩაქნული, ბრძოლის უნარიდან დაცლილი. მისთვის სულ ერთია, რა პასუხს გასცემს გამომკითხველს, ვინაიდან იცის, რომ მისი ობიექტური პასუხი ნანატრ გაზაფხულს ვერ მოიყვანს.

ორივე კატეგორია ერთმა კაცმა შექმნა, რაც ყველამ ვიცით, მაგრამ, "მერე რა"...

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"