რას მოასწავებს “ქართული პარტიის” პროტესტი შეერთებული შტატების პოლიტიკის წინააღმდეგ

ამას წინ “ქართული პარტიის” ლიდერმა, პარიზში გაქცეულმა საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა თბილისში აშშ საელჩოს წინ 16 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ.

ექსმინისტრი აშშ–ს ბრალს სდებს სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერაში, ნაცვლად საქართველოს მხარდაჭერისა. მან მკვეთრად დაგმო აშშ–ის საელჩოს მოღვაწეობა. იგივე თეზისები გააჟღერა ექსმინისტრის “მარჯვენა ხელმა”, უწინ ასევე “იმპერატორთან განსაკუთრებულად დაახლოებულმა” ეროსი კიწმარიშვილმა, რომელმაც ერთ დროს რუსეთში საქართველოს ელჩადაც მოასწრო მუშაობა, თუმცა მან დასძინა, რომ პროტესტი არ ატარებს ანტიამერიკულ ხასიათს.

 

“ქართული პარტიის” კიდევ ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ადრე რამდენჯერმე გამოვიდა ამერიკის მიმართ კრიტიკული განცხადებებით. მაგრამ ასევე ზოგიერთი სხვა პარტია, მაგალითად, შალვა ნათელაშვილის “ლეიბორისტები”, ტრადიციულად უკომპლექსოდ აკრიტიკებენ საქართველოში ამერიკელების ამა თუ იმ ნაბიჯს. “ლეიბორისტების” საყვარელი სამიზნეა ამერიკელი დიპლომატი მეთიუ ბრაიზა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში კავკასიის პოლიტიკის საკითხებს კურირებდა და ახლა თავისი სახელმწიფოს ელჩია აზერბაიჯანში.

 

პარლამენტის ექსსპიკერი ნინო ბურჯანაძე და ექსპრემიერი ზურაბ ნოღაიდელიც შეიძლება, ამერიკის ზომიერ კრიტიკოსებს მივაკუთვნოთ. ამ კრიტიკამ მათ მისცა შესაძლებლობა, პარალელურად განეცხადებინათ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების შესახებ. ხელისუფლებამ მათ “პრორუსული ძალის” დამღა დაასვა. ასევე შეეცდება იგი ახლა “ქართული პარტიის” დისკრედიტაციას (“ლეიბორისტებს”, იგი, როგორც წესი, არ იმჩნევს). საქართველოში კიდევ არის რამდენიმე უფრო მცირე პარტია, ამერიკისადმი კრიტიკულად განწყობილი და რუსეთთან კეთილი ურთიერთობების მოსურნე. ამერიკის მისამართით კრიტიკის გამოხატვა და რუსეთთან კეთილმეზობლობის აუცილებლობის ხაზგასმა ყოველთვის პარალელურად მიმდინარეობს, ხელისუფლება კი ყოველთვის იარლიყებს აკერებს ასეთ ძალებს.

მართალია, ამ პარტიებისგან ხშირად იმის გაგებაც შეიძლება, რომ რუსეთი, ისევე როგორც აშშ, საქართველოს არაკეთილისმოსურნეა. ამგვარი განცხადებები, შესაძლოა, იპყრობს კიდეც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ყურადღებას, რომელიც ხედავს, რომ ერთის მხრივ აღვირახსნილი სააკაშვილი ამერიკული მხარდაჭერის საშუალებით ინარჩუნებს ხელისუფლებას, ხოლო მეორეს მხრივ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული ტანკები დგანან, მაგრამ საბოლოო ჯამში ასეთი განცხადებები ხელს არ უწყობს სიტუაციიდან გამოსვლის რეალური კონცეფციის ჩამოყალიბებას და უკუაგდებს სწორედ მოსახლეობის ამ საპროტესტო ნაწილს, რუსეთთან და იმავდროულად ამერიკასთან ბრძოლის კონცეფციის არასერიოზულობისა და არადამაჯერებლობის გამო. ელექტორატის ეს ნაწილი მაინც უფრო რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებისკენ იხრება. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია და როგორც ჩანს, პარტიები ამის გაცნობიერებას იწყებენ.

 

ადრე საპროტესტო ბლიც–აქცია აშშ საელჩოს წინ მოაწყო “ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა. აქცია არ იყო ხალხმრავალი და ძალიან მალე დაიშალა. საინტერესოა, როგორი რეზონანსი ექნება “ქართულ პარტიას”. თუმცა უნდა ითქვას, რომ არ უნდა ველოდოთ ხალხის მნიშვნელოვანი რაოდენობის მისვლას. მიზეზები სხვადასხვაა, მათ შორის საელჩოს ერთგვარი იზოლირებული მდებარეობა ქალაქის გარეუბანში, მაგრამ მთავარია – ოპოზიციით მოსახლეობის იმედგაცრუება, რაზეც ჩვენს საიტზე არაერთხელ ვწერდით.

 

ერთის მხრივ, მისასალმებელია, რომ საქართველოში მოქმედი პარტიები ბოლოსდაბოლოს ძილის მდგომარეობიდან გამოდიან და თვით ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორც ოქრუაშვილია და რომელიც ადრე სააკაშვილის მკვეთრად ანტირუსულად განწყობილ მსახურად გვევლინებოდა, ტონსა და ორიენტირებს იცვლის. ტელევიზიით გამოსულმა კიწმარიშვილმა ტყუილად როდი აღნიშნა, რომ უკვე პრაქტიკულად ნებისმიერი ადამიანი ქუჩაში ეთანხმება აზრს, რომ სააკაშვილს ამერიკა უჭერს მხარს და საქართველოს სუვერენიტეტს ზღუდავს. ევრაზიის ინსტიტუტი უკვე დიდი ხანია, პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ ექსპერტებს საქართველოში მოუწოდებს, მკაფიოდ დასვან აქცენტები ამ საკითხში (იხ. ბმული). მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს საფრთხე, რომ დისკრედიტირებული პოლიტიკოსები ჯანსაღი იდეების დისკრედიტაციასაც მოახდენენ. იგივე კიწმარიშვილი ცნობილია თავისი პოლიტიკური არამდგრადობით, სწორედ იგია აწ განსვენებული ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ განხორციელებული სატელევიზიო აგრესიის ერთ–ერთი ავტორი, რომელსაც ბრალს სწორედ რუსეთის მხრიდან მართულობაში სდებდნენ. ახლა თავად კიწმარიშვილი, თავის კომპანიონებთან ერთად, აღმოჩნდა ანალოგიურ სიტუაციაში და შესაძლოა, თავად გახდეს იმავე პროპაგანდისტური მანქანის მსხვერპლი, რომლის შექმნაშიც მან თავად შეიტანა უზარმაზარი წვლილი, ტელეკომპანია “რუსთავი2”–ის სათავეში ყოფნის დროს.

 

 

გულბაათ რცხილაძე