თურქი ისლამისტები მუსტაფა ქემალ ათათურქის წინააღმდეგ

თურქი ისლამისტები მუსტაფა ქემალ ათათურქის წინააღმდეგ

თურქეთის ხელისფლებაში ისლამისტური „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ (AKP) მოსვლის შემდეგ, რომელსაც სათავეში უდგას რეჯეპ ერდოღანი,

თურქეთმა გადაუხვია განვითარების საერო (სეკულარულ) გზას, განსაზღვრულს ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მუსტაფა ქემალის მიერ. „თურქთა მამის“ მემკვიდრეობა თანდათან დავიწყებას ეძლევა, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის წარმოებისას. ახალი სტრატეგიული აზროვნების ტენდენციები განსაკუთრებით შესამჩნევია თურქეთის სახელმწიფოს რეგიონული და ეროვნული ინტერესების განსაზღვრის საქმეში. თურქეთის ახალ საგარეო პოლიტიკას საფუძველი ჩაეყარა 2002 წელს, როცა ხელისუფლებაში მოვიდა ერდოღანი და მისი პარტია, რომელიც არის ისლამისტური ფასეულობების სამაგალითო მატარებელი.  

 მმართველი პარტია დაფუძნდა 2001 წლის აგვისტოში, აკრძალული ისლამისტური „კეთილდღეობის პარტიის“ კონსერვატიული ფრთის ყოფილი წევრების მიერ. მისი ლიდერებია მოქმედი პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიიპ ერდოღანი და ამჟამინდელი პრეზიდენტი აბდულლა გიული.

 სწორედ პარტიის დაფუძნების პერიოდში, 2001 წელს, აჰმედ დავუთოღლუმ (ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრი, იმ დროს კი ბაიკენტის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის გამგე) გამოაქვეყნა წიგნი „სტრატეგიული სიღრმე - თურქეთის საერთაშორისო მდგომარეობა“, რომელშიც ასაბუთებდა „ყოფილ ოსმალურ სამყაროზე“ თურქეთის გავლენის აღდგენის აუცილებლობას. ნიშანდობლივია, რომ ათენის უნივერსიტეტში მოღვაწე ფილოსოფიის პროფესორი ქრისტოს იანნარასი საბერძნეთის ყველა მოქალაქეს ურჩევს, წაიკითხის ეს ნაშრომი, „თუკი ისინი დაინტერესებული არიან საკუთარი ქვეყნის შენარჩუნებით“.  ის აღნიშნავს: „აჰმედ დავუთოღლუმ პრეტენზიები წამოაყენა ჩვენი სახელმწიფოს მნიშვნელოვან ნაწილზე... არასოდეს წამიკითხავს წიგნი, რომელშიც ასე შთამბეჭდავად და გასაგებად არის ახსნილი ეგეოსის ზღვის და კვიპროსის სტრატეგიული მნიშვნელობა. დავუთოღლუმ მშვენივრად იცის, რა სურს“.

 თავის გამოკვლევაში დავუთოღლუ ამტკიცებდა, რომ საჭიროა უფრო დამოუკიდებელი საგარეო-პოლიტიკური კურსის გატარება და იმის გათვალისწინება, რომ ცნება „გაერთიანებული ევროპა“ პოლიტიკური აზრით ვირტუალურია. ის წერდა: „ისევე როგორც ოსმალეთის იმპერიას არ ჰქონია საქმე ერთიან დასავლეთთან, ასევე თურქეთს არ ექნება საქმე ერთიან ევროპასთან. არსებობს მხოლოდ ევროპული დიპლომატიის ძლიერი ტრადიცია, რომელსაც ყოველთვის ზურგს უმაგრებს ძლიერი ნაციონალური სტრატეგიები, აღჭურვილნი პოტენციალით, მოამზადოს ნიადაგი და გაუკაფოს გზა საერთაშორისო კონფლიქტებს და ინტერესთა შეჯახებას ევროპაში. ამგვარი მდგომარეობა მოითხოვს თურქეთისგან ზუსტ პოლიტიკურ რეაგირებას, როგორც მთლიანად ევროკავშირის, ისე მისი ცალკეული წევრების მიმართ“. 

 ამ ბოლო დროს, თურქეთის საგარეო-პოლიტიკური კურსი სულ უფრო ხშირად იწოდება „ნეოოსმანიზმად“. ერდოღანის მომხრეები მხარს უჭერენ ახალ თურქულ დოქტრინას მოგონილი სახელწოდებით „ნეოოსმანიზმი“. ეს „სწავლება“ ეფუძნება რწმენას, რომ თურქეთს სწორედ ახლა გაუჩნდა შანსი, ისევ გახდეს იმპერია. ანკარაში მიაჩნიათ, რომ მსოფლიო  წესრიგი ინგრევა, თურქეთმა კი უნდა აღადგინოს თავისი პოზიციები ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ბალკანეთში, ეს რეგიონები ხომ ოდესღაც ოსმანთა იმპერიაში შედიოდნენ.

 თურქეთის სურვილი, გაიძლიეროს გავლენა ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე (ეს კი, თურქ ანალიტიკოსთა აზრით, სამოცდაათამდე ამჟამინდელი სახელმწიფოა), რა თქმა უნდა, უყურადღებოდ არ დარჩენილა. ამგვარი მისწრაფების მიზეზების შესახებ, მაგალითად, დაინტერესდა აშშ-ს ექს-პრეზიდენტი კლინტონი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან შეხვედრის დროს. სიმპტომატიურია დავუთოღლუს პასუხი: „გაავლეთ რუკაზე ათასი კილომეტრის დიამეტრის წრე თურქეთის ირგვლივ - მასში ოცი ქვეყანა მოხვდება. გაავლეთ წრე 3000 კმ-ს რადიუსით - მასში 70 ქვეყანა მოხვდება. რამდენი ქვეყანა მოხვდება ანალოგიური წრის შიგნით, აშშ-ს ირგვლივ? თურქეთს მხოლოდ საკუთარი სამეზობლო აინტერესებს“.

 ცნობილია ასევე აჰმედ დავუთოღლუს შემდეგი განცხადება, რომელიც მან გააკეთა მმართველი პარტიის წევრების წინაშე: „არსებობს მემკვიდრეობა, რომელიც დატოვა ოსმალეთის იმპერიამ. ჩვენ „ნეოოსმანებს“ გვეძახიან. დიახ, ჩვენ „ახალი ოსმანები“ ვართ“.

 თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლების საგარეო კურსი, ღიად მიმართული ოსმანური მემკვიდრეობის აღსადგენად, არსებითად ეწინააღმდეგება ათათურქის განცხადებებს, რომელიც თავის მთავარ ამოცანად თვლიდა ოსმანური წარსულისგან განთავისუფლებას და ფიქრობდა, რომ საჭიროა შეძლებისდაგვარად თავის შორს დაჭერა რეგიონული პროექტებისგან (ახლო აღმოსავლეთი, კავკასია, ბალკანეთი). ის თვლიდა, რომ იმპერიების დრო წავიდა, და ახლა ნაციების დრო დგება. მას იზიდავდა მცირე ზომის ეროვნული ფედერაციების შექმნის იდეა, რომელთა წარმატებული განვითარება დამოკიდებული იქნებოდა სამოკავშირეო ურთიერთობებზე ერთმანეთს შორის.

 აღორძინებული ისლამიზმის ტალღაზე თურქეთი ააქტიურებს კავშირებს არა მხოლოდ არაბულ, არამედ სხვა ისლამურ ქვეყნებთანაც. აქცენტი კეთდება „ისლამურ ძმობაზე“ იმის მითითებით, თუ როგორ უშლიდა ხელს ამ ძმობას იდეოლოგიური „ქემალიზმის“ მაგალითები ქვეყნის შიგნით და ასევე, რეგიონული თანამშრომლობის ცალკეული პრეცედენტები.

 თურქეთის არმიის გენშტაბი გამოვიდა ახალი ხელისუფლების მიმართ გაფრთხილებით: „გენერალური შტაბი შეშფოთებით ადევნებს თვალს სიტუაციას, რომელიც შეიქმნა საერო წყობის დაცვასთან დაკავშირებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები ლაიციზმს (საერო წყობას) იცავენ“.

 მმართველი ჯგუფის პოზიციების გაძლიერება უკავშირდება სკანდალური მასალების გამოქვეყნებას, რომლებშიც არის ინფორმაცია, რომ თურქეთის გენშტაბის წარმომადგენელი მრავალი ოფიცერი „ამზადებდა სტამბოლის მეჩეთებში აფეთქებების ორგანიზების გეგმას და საგანგებო მდგომარეობის შემოღებას“. საუბარი იყო ასევე გენერლების კავშირზე მორიგ სახელმწიფო გადატრიალებასთან, რათა დაემხოთ ერდოღანის მთავრობა. ითვლება, რომ პუბლიკაციები ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ იყო ინიცირებული. ამ „საიდუმლო მასალების“ გამოქვეყნების შემდეგ, სტამბოლის პროკურატურა მაშინვე შეუდგა გამოძიებას. საერთო ჯამში დაკავებული იყო 100-ზე მეტი მაღალი რანგის ოფიცერი (ამჟამად მათმა რაოდენობამ 250-ს მიაღწია).

 მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებს, რომ თურქეთის საზოგადოება იმყოფება მუსტაფა ქემალ ათათურქის იდეური მემკვიდრეობის გადაფასების სტადიაში. რეჯებ ერდოღანის მმართველი პარტია ისლამისტურ პრინციპებს იცავს და შესაბამისი კორექტივები შეაქვს თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. მმართველი პარტიის მთავარ კონკურენტს ამჟამად წარმოადგენს „რესპუბლიკური სახალხო პარტია (თურქულადCHP), რომელიც ათათურქის პრინციპების დამცველად აცხადებს თავს.

 თურქულ მას-მედიაში გახშირდა თავდასხმები „თურქთა მამაზე“, ქვეყნდება სტატიები მის მიერ ჩატარებულ „ანტიისლამურ რეფორმებზე“, ხალიფატის უსამართლოდ გაუქმებაზე, ენის და დამწერლობის რეფორმაზე, ასევე გამოაქვთ ათათურქის მიმოწერა ნაცისტური და სხვა რეაქციული რეჟიმების ლიდერებთან, მას ბრალს სდებენ სახალხო სიმდიდრის მითვისებაში და სხვა უკანონო ქმედებებში.

 ქემალ ათათურქს განსაკუთრებით მკაცრად აკრიტიკებს პროისლამისტური გაზეთი „ზამან“, რომელიც წარმოადგენს ცნობილი თეოლოგის ფათჰულლა გიულენის მიერ დაფინანსებული მედიის ნაწილს. „სამეცნიერო“ დონეზე ათათურქის მოღვაწეობის კრიტიკის ავანგარდში დგას ჟურნალისტი და ისტორიკოსი მუსტაფა არმაღანი. გარდა ჟურნალისტური საქმიანობისა ზემოთაღნიშნულ გაზეთ „ზამანში“, ის არის ჟურნალ «Derin tarih» (ღრმა ისტორია) დამფუძნებელი და რედაქტორი.

 ისლამისტი თეოკრატები დღემდე სინანულით საუბრობენ ოსმანთა ხალიფატის გაუქმებაზე. გთავაზობთ მცირე ამონარიდს მუსლიმი მეცნიერის აბდულ-კაზიმ ზალლუმის წიგნიდან „როგორ დაანგრიეს ხალიფატი“, რომელიც მოვლენებს იკვლევდა „პოლიტიკური ანალიზის“ გათვალისწინებით.

 „მე-20 საუკუნის დასაწყისში მუსლიმებს თავს დაატყდა ყველაზე დიდი უბედურება ისლამური უმმის (თემის) მთელი არსებობის განმავლობაში, კერძოდ, ხალიფატის გაუქმება. მუსტაფა ქემალის როლი ხალიფატის ლიკვიდაციაში ბევრი მუსლიმისთვის ტოლფასია ალლაჰის წინაშე დანაშაულისა. რაჯაბის თვის 28 რიცხვში, რაც შეესაბამება 1924 წლის 3 მარტს, ისლამის მტრებმა დაანგრიეს ხალიფატი მუსტაფა ქემალის ხელით. სწორედ ის წერდა ხალიფატის  გაუქმების შესახებ ბრძანებულებაში: „ჩვენ ნებისმიერ ფასად უნდა შევინარჩუნოთ საფრთხის ქვეშ მყოფი რესპუბლიკა და გავაძლიეროთ იგი მყარ სამეცნიერო საფუძვლებზე. ხალიფა და მისი საგვარეულოს ყველა ნარჩენი უნდა წავიდნენ. ძველი შარიათული სასამართლო და მისი კანონები უნდა შეიცვალოს თანამედროვე სასამართლოზე და კანონებზე. რელიგიურ მოღვაწეთა სკოლები უნდა შეიცვალოს სახელმწიფო საერო სკოლებით“. ამგვარად, საუკუნის დამნაშავემ მუსტაფა ქემალმა შეასრულა ოთხივე ის პირობა, რომელიც მას წაუყენეს ინგლისელებმა ლოზანის სამიტზე, თურქეთის აღიარების სანაცვლოდ“.

 ჟურნალისტ-ისტორიკოსი მუსტაფა არმაღანი 2013 წლის 3 მარტის გაზეთ „ზამანში“ აქვეყნებს სტატიას „ვინ გააუქმა ხალიფატი?“, რომელშიც მსჯელობს ამ მოვლენის მიზეზებზე. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ლოზანის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, ოსმანთა სახელმწიფოს დამანგრევლებმა მოიწვიეს „TBMM-ს მთავრობა“ (თურქეთის დიდი ეროვნული კრება) და არაღიარებული „სახელმწიფოს“ „სამთავრობო“ დელეგაცია ლოზანაში გაემგზავრა (1922 წლის 20 ნოემბერი). თუმცა, თურქულმა მხარემ სწორედ ლოზანას წინ გააუქმა სასულთნო (1922 წლის 1 ნოემბერს), რითაც დასავლეთს მისთვის გასაგები ჟესტი აჩვენა.

სურათზე მარჯვნივ - ცხენზე ამხედრებული ათათურქის პორტრეტი, მარცხნივ - ცხენიდან ჩამოვარდნილი პრემიერი ერდოღანი.

 ანკარის დელეგაცია ისმეთ ფაშას (ისმეთ ინენიუ) ხელმძღვანელობით ლოზანიდან „გამარჯვებული“ დაბრუნდა და განწყობილი იყო დასავლეთის მიერ მითითებული კურსით ეარა. ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის მიუხედავად, თურქეთმა ღიად დატოვა უმნიშვნელოვანესი საკითხი მოსულის შესახებ, რომელიც შემდგომ თურქეთის სასარგებლოდ არ გადაწყდა (1926 წლის 6 ივნისს მოსული საბოლოოდ გადაეცა ერაყს). შემდეგ ავტორი ციტირებას უკეთებს პროფ. ომერ კიურკჩუოღლუს და მიდის ერთობ საინტერესო „დასკვნამდე“: „მოსულის აღებით თურქეთი ისევ არაბულ სამყაროზე აიღებდა ორიენტაციას, ამავე დროს, აიძულებდა იქ გამაგრებულ ინგლისელებს თურქეთის მიმართ შიში და რიდი ჰქონოდათ. ამით თურქეთმა, შეიძლება ითქვას, თავისი ხელით გახსნა ხალიფატის კვანძი, რომელიც წინათ ინგლისის წინააღმდეგ გამოიყენებოდა. მუსტაფა ქემალმა, რათა არ აეღელვებინა ინგლისი მოსულის მიმართ თურქეთის ინტერესის დემონსტრაციით, შესაძლოა, ამის გამოც გააუქმა ხალიფატი“.

 „მოსულის საკითხის გამო ინგლისელთა თავის ტკივილს მოხსნის გულისთვის, ხალიფატის გაუქმებამაც შედეგი ვერ გამოიღო. ამით ვერც მოსული დავიბრუნეთ, და ვერც ინგლისის გული მოვალბეთ. მუსტაფა ქემალმა გადაწყვიტა ქვეყნის გათანამედროვება და იძულებული გახდა ისლამის გავლენისგან განთავისუფლებულიყო. მან დასავლეთის მიმართულება აირჩია“.

 სტატიის ბოლოს მუსტაფა არმაღანი ციტირებას უკეთებს ხალიფატის საკითხში ყველაზე ავტორიტეტულ პროფესორ ისმაილ კარს, რომელიც ჟურნალ «Derin tarih»-ში ასე აბოლოვებს თავის ნარკვევს: „ხალიფატი და მისი ცენტრი სტამბოლი დაკარგული იქნა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის გამო“.

 და მუსტაფა არმაღანი ჩაფიქრებული კითხულობს: „ვერა და ვერ გადამიწყვეტია, წერტილი დავსვა აქ თუ მძიმე?“.

 დიდი ინტერესი გამოიწვია 2012 წლის 12 ივნისს, იმავე გაზეთ „ზამანში“ გამოქვეყნებულმა მუსტაფა არმაღანის სტატიამ „ათათურქის ქონებრივი მდგომარეობა“ (სტატია ეძღვნებოდა ათათურქის მიერ თავისი ქონების აღწერილობის სახელმწიფო ხაზინაში წარდგენის 75 წლისთავს). ავტორი წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის და ხელმძღვანელის საკუთრებაში არსებული ქონების სრულ ჩამონათვალს და მკითხველს ეკითხება: „იცოდით, რომ ათათურქის მფლობელობაში იყო სასტუმრო, ლუნაპარკი, ლიმონათის ფაბრიკა, ღვინის ქარხანა, ტყავეულის ფაბრიკა, ორი საცხობი, 4 რესტორანი, 443 სული მსხვილფეხა პირუტყვი, 13 100 ცხვარი და 2450 ქათამი?“.

 შემდეგ ავტორს მოჰყავს „ორიგინალის წყაროს“ მონაცემები მინისტრთა საბჭოს რესპუბლიკური არქივიდან. ჩამონათვალი გვაუწყებს, რომ ათათურქის საკუთრებაშია „ანკარის ახლოს მდებარე მეურნეობები - ორმანი, იაღმურბაბა, ბალღათი, მაჯუნი, გიუვერჯინლიკი, ტაჰარი, ეტიმესგუთი და ჩაკირლარი, რომლებიც გაერთიანებული არიან სახელწოდებით „ორმან ჩიფტლიი“ (სატყეო ფერმა), ასევე ფერმები იალოვაში - მილლეთი და ბალტაჯი, სილიფკში - ტეკირი და შევალიე, ჰატაიში - ფორთოხლის ბაღი და ყარაბასამაკის ფერმა, გარდა ამისა, ფერმა ტარსუსში.    

 ათათურქი ხაზინაში წარდგენილ სიაში ცალ-ცალკე და კონკრეტულად ჩამოთვლის თავის სიმდიდრეს. მისი მამულების საერთო ფართობია 154 729 დენიუმი (მიწის ფართობის ძველი ერთეული, უდრის 919 კვ. მ.-ს). მათ შორის:

 

1. 582 დენიუმი ხეხილის ბაღი.

2. 700 დ. სანერგე მეურნეობა (650 ათასი ნერგი).

3. 400 დ.-ზე ვაზის ნერგები (560 ათ. ძირი ვაზი).

4. 220 დ. ვენახი (88 ათ. ვაზის ძირი).

5. 375 დ. ბაღ-ბოსტანი.

6. 220 დ. ზეთისხილის კორომი.

7. 17 დ. ფორთოხლის ხის ბაღი, 1654 ძირით.

8. 15 დ. სატაცურის მინდვრები, 100 დ. პარკი და ბაღი, 650 დ. საძოვარი.

9. 1450 დ. ტყე, 148 ათ. დ. მდელოები.

 

ამის შემდეგ მოდის შენობების და ნაგებობების ჩამონათვალი, რომლის მესაკუთრედაც ითვლებოდა ათათურქი:

 

1. გამგეობების და რეზიდენციების 45 შენობა.

2. ცხვრის 7 სადგომი, 15 ათ. სული ცხვრით.

3. 6 ბოსელი და საჯინიბო აიდოსის და ტოროსის საზაფხულო საძოვრებზე.

4. 7 ბეღელი, 4 სათივე, 6 გადახურული ნაგებობა.

5. 4 რესტორანი, გასართობი ადგილი, ლუნაპარკი, 2 საცხობი, 2 სათბური.

 

გარდა დასახელებული შენობა-ნაგებობებისა, ათათურქს ეკუთვნოდა:

1. 2 თანამედროვე რძის ფაბრიკა ანკარაში და იალოვაში.

2. საამქროები სხვადასხვა ადგილებში, რომლებიც უშვებდნენ იოგურტს, 80 ტონა ღვინოს წელიწადში, სხვადასხვა სახეობის ყველს.

3. ორი მეფრინველეობის ფაბრიკა იალოვაში და ანკარაში (იალოვაში სპეციალური ნავმოსადგომით და უბით).

4. ანკარაში 3, სტამბოლში 2 მაღაზია, ჯამში 5 მაღაზია.

5. სატყეო ფერმაში ყველაფერი კეთილმოწყობილი იყო, ელექტროწისქვილის, ფერმის მუზეუმის და მცირე ზოოპარკის ჩათვლით.

 

ტექნიკურ საშუალებათა შორის, ათათურქის ქონებაში შედიოდა: 16 ტრაქტორი, 13 სალეწი მანქანა და კომბაინი, 35-ტონიანი საზღვარი კატერი, 5 სატვირთო მანქანა, 2 მსუბუქი მანქანა და ფერმებზე მომუშავე 19 საზიდარი და ურემი.

 ავტორი ეკითხება მკითხველებს, როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ  ქემალიზმის და ლაიცისტური თურქეთის მომხრეების მიმართ და სთავაზობს მათ, დაუფიქრდნენ მუსტაფა ქემალის მიერ 1923 წელს ბალიკესირში წარმოთქმულ სიტყვებს: „შევეცდებით გამოვზარდოთ ბევრი მილიონერი და მილიარდერიც კი ჩვენს ქვეყანაში“.    

 

სტატიამ კრიტიკული რეაქცია გამოიწვია როგორც პოლიტიკური ფიგურების, ისე საზოგადო მოღვაწეების და ჟურნალისტების მხრიდან. განსაკუთრებით აღშფოთდა ათათურქის მიერ დაფუძნებული სახალხო-რესპუბლიკური პარტიის (СНР) თავმჯდომარე ქემალ ქილიჩდაროღლუ, რომელმაც მუსტაფა არმაღანის სტატია ანტისახელმწიფოებრივად ჩათვალა. მისი თქმით, „ათათურქის წინააღმდეგ წასვლა სამშობლოს ღალატს ნიშნავს“. CNN Türk ტელეარხზე გამოსვლისას, ქემალ ქილიჩდაროღლუმ, ათათურქის ქონების შესახებ წამყვანის შეკითხვაზე, ასე უპასუხა: „ათათურქმა მთელი თავისი ქონება სახელმწიფოს და თურქ ხალხს გადასცა, და მისი სახელით სპეკულირება ნიშნავს ათათურქის ღვაწლის დამცრობას სამშობლოს და თურქული ნაციის წინაშე“.  

 მუსტაფა არმაღანი საპასუხო სტატიაში „სამშობლოს ღალატი და ათათურქის ქონება“ (გაზეთი „ზამან“ 2013 წლის 5 იანვარი), კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას და ხაზს უსვამს, რომ ათათურქმა მთელი თავისი უძრავი და მოძრავი ქონება მის მიერვე შექმნილ პარტია СНР-ს დაუტოვა. სტატიის ავტორი აზუსტებს, რომ 1937 წლის 12 ივნისს, ათათურქმა მართლაც წარუდგინა ხაზინას თავისი ქონების სრული ჩამონათვალი, მაგრამ 1938 წლის 5 სექტემბრის ანდერძის თანახმად, მთელი თავისი ქონება დაუტოვა ზემოთხსენებულ პარტიას. 

 არმაღანი მიმართავს ქილიჩდაროღლუს და ეკითხება: „თუ, თქვენი აზრით, ათათურქმა ქონება ნაციას დაუტოვა, ხოლო სინამდვილეში კი ის СНР-ს ხელში აღმოჩნდა, გამოდის, რომ ნაცია იდენტიფიცირებულია СНР-თან. თუ ასეა, СНР-მ ხმების 20% მიიღო, ანუ დარჩენილი 80% არ არის ნაცია?“ (მუსტაფა არმაღანს მხედველობაში ჰქონდა, რომ პარტია СНР ოპოზიციაშია და უკანასკნელ არჩევნებზე ხმების 20% მიიღო (უფრო სწორად, 26% - შენიშვ.). 

ისრაელთან ურთიერთობების გაუარესება დარეგულირებით დასრულდა. ერდოღანი და ისრაელის პრეზიდენტი პერესი დავოსში, 2009წ. - ურთიერთობების გამწვავების პიკი

 დიდი რეზონანსი გამოიწვია ერდოღანის გამოსვლამ პარტიული ლიდერების ჯგუფის სხდომაზე 2012 წლის 3 აპრილს, რომლებსაც აჩვენა 1930-იანი წლების ბოლოს გამოსული გაზეთი, რომელშიც გამოქვეყნებული იყო ისმეთ ინენიუს გულითადი მილოცვა ჰიტლერის მიმართ. ერდოღანმა წამოიძახა: „ფიურერი საკუთარ პარტიაში მოიკითხეთ“ (გულისხმობდა СНР-ს). მანვე დამსწრეებს შეახსენა ათათურქის და ჰიტლერის მრავალგზისი მიმოწერის შესახებ. ამ გამოსვლას მუსტაფა არმაღანმა მიუძღვნა სტატია „ზამანში“ 2012 წლის 15 აპრილს. სტატიას ეწოდება „ჰიტლერის და ათათურქის მიმოწერა“.

 „პირველი მილოცვა ათათურქმა ჰიტლერს გაუგზავნა მისი რეიხსკანცლერად და ფიურერად არჩევასთან დაკავშირებით, 1934 წლის 8 აგვისტოს პლებისციტის შესაბამისად. ათათურქი წერდა: „უდიდესი ბედნიერების გრძნობით გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვები გერმანიის სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობაზე არჩევის გამო. დიდი პატივისცემით“ (1934 წლის 21 აგვისტო). ჰიტლერმა საპასუხო წერილში (1934 წლის 30 აგვისტო) მადლობა გადაუხადა ათათურქს, იმავე წელს მათ ისევ გაცვალეს მილოცვები (2 ნოემბერს და 23 ნოემბერს). 23 ნოემბერს ჰიტლერი წერდა: „ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დამყარება და განვითარება სერიოზულ მონდომებას მოითხოვს“.

 

1935 წლის 4 მარტს ჰიტლერმა მიულოცა ათათურქს პრეზიდენტად ხელახლა არჩევა. მეორე დღეს ათათურქი მადლობას უხდის მას, ხოლო იმავე წლის 2 აპრილს ულოცავს ახალი კანონის მიღებას, რომლითაც გაერთიანდა რეიხსკანცლერის და მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის თანამდებობები. ათათურქი წერს: „თქვენო აღმატებულებავ, გილოცავთ თქვენი ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე არჩევას, არ დავივიწყებ თქვენს მცდელობებს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების განვითარების საქმეში“. 1935 წლის 1 მაისს ათათურქი ულოცავს ჰიტლერს გერმანიის ეროვნულ დღესასწაულს და მთელი სულით და გულით უსურვებს აყვავებას და კეთილდღეობას მოძმე გერმანელ ხალხს. ჰიტლერი, 6 მაისს, საპასუხო მადლობის წერილს გზავნის.

 1936-1937 წლების განმავლობაში, ჰიტლერი და ათათურქი განაგრძობენ მილოცვების და თბილი გზავნილების გაცვლას. ამ დროს გერმანიაში კატასტროფა განიცადა ჰიტლერის შეკვეთით დამზადებულმა საჰაერო ბურთმა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ათათურქმა მყისიერად გაუგზავნა სამძიმრის ტელეგრამა ჰიტლერს და ამ უკანასკნელმა იმავე დღეს (1937 წლის 7 მაისს) მადლობა გადაუხადა ახლო მეგობარს თანაგრძნობისთვის. იმავე დღეებში თურქეთის ელჩია გერმანიაში ჰამიდ არპაგი იტყობინება, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ნოტის თანახმად, ათათურქის მიერ გაგზავნილი წერილი და ფოტო სამახსოვრო წარწერით პირადად ჰიტლერს გადაეცა, რამაც მას უდიდესი სიამოვნება მოჰგვარა, და გამოხატა რა აღტაცება ათათურქის პიროვნებით, დასძინა - „თურქეთის მიმართ ჩვენ არავითარი პოლიტიკური პრეტენზიები არ გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს. მხოლოდ კეთილი ურთიერთობები გვსურს და ეს ბუნებრივია“ (13 ივლისი). ერთი თვის შემდეგ, ჰიტლერი თავის ფოტოგრაფიას უგზავნის ათათურქს „გულწრფელი აღიარებით და დიდი პატივისცემის გრძნობით“. საპასუხო წერილში ათათურქი კვლავ იყენებს შემთხვევას და უსურვებს კეთილდღეობას გერმანელ ერს და პირად ბედნიერებას ფიურერს“. 

1937 წლის 28 ოქტომბერს, ჰიტლერი ულოცავს ათათურქს რესპუბლიკის დღეს. 1938 წლის 30 აპრილს, ათათურქი ულოცავს ჰიტლერს გერმანული ნაციის დღესასწაულს. 1938 წლის 29 ოქტომბერს ჰიტლერი კვლავ ულოცავს ათათურქს რესპუბლიკის დღეს და ლოგინად ჩავარდნილი ათათურქი „მხურვალე მადლობას უხდის“.

 

ათათურქის გარდაცვალების შემდეგ (1938 წლის 10 ნოემბერი), ჰიტლერმა თურქეთის მეჯლისის თავმჯდომარის, აბდულჰალიკ რენდას სახელზე გააგზავნა სამძიმრის წერილი: „თქვენო აღმატებულებავ, ბატონო თავმჯდომარევ, პირადად ჩემი და გერმანელი ერის სახელით, გამოვხატავ უდიდეს გულისტკივის ათათურქის გარდაცვალების გამო. მისი სახით ჩვენ დავკარგეთ დიდი მეომარი, სახელოვანი სახელმწიფო მოღვაწე და ისტორიული პიროვნება. თურქეთის ახალი სახელმწიფოს შექმნის საქმეში მან უდიდესი წვლილი შეიტანა. ის მუდამ იცოცხლებს თურქეთის მომავალ თაობებში“. თურქეთის საელჩოში ბერლინში, სამძიმრის წიგნში, ფიურერთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა პირმა ჩაწერა, რომ ქემალისტურ თურქეთს „ათათურქმა აჩუქა გადარჩენის იმედი, როგორც ვარსკვლავი“.

 თურქეთის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც იზიარებს „ქემალიზმის“ იდეოლოგიას და ერთგულია ცხოვრების საერო წესის მიმართ, დადგა „ერის მამის“ მემკვიდრეობის დასაცავად. ლაიცისტური თურქეთისთვის მებრძოლ ყველაზე სერიოზულ პოლიტოლოგად, მწერლად და ჟურნალისტად ითვლება პროფ. ემრე კონგარი, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა თავისი გადაცემებით MTV არხის პროგრამაში „განსხვავებული აზრი“, სადაც ის ეკამათებოდა კომენტატორ მეჰმეტ ბარლასს. სხვათა შორის, 2011 წლის ნოემბერში, ხელისუფლებამ დახურა ეს პროგრამა.

 მკითხველთა დიდი ინტერესი გამოიწვია ემრე კონგარის წიგნებმა: „ათათურქი“ (2009, 4 გამოცემა), „კამათი ისტორიასთან“, (2006, 52 გამოცემა), „თურქეთი და გლობალური ტერორი“ (2002, 6 გამოცემა), „21-ე საუკუნის თურქეთი“ (1999, 25 გამოცემა) და სხვ. ემრე კონგარი ღიად აკრიტიკებს თურქეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას ქვეყნის და საზოგადოების „ისლამიზაციის“ გამო, ხოლო თავის უკანასკნელ წიგნში „აშშ-ს ცეკვები პოლიტიკურ ისლამთან“ (2012) ბრალს სდებს ამერიკას მსოფლიო ისლამისტურ ძალებთან გარიგებების და ფლირტის გამო. 

 

ათათურქის სეკულარული იდეების თავგამოდებული მომხრე და მიმდევარია თანამედროვე თურქი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მწერალი, კინორეჟისორი და პოლიტიკური მოღვაწე ზულფიუ ლივანელი (წარმოშობით ქართველი). იგი იყო მაჯლისის დეპუტატი 2002-2007 წლებში СНР-ს სიით, ახლა კი თანამშრომლობს გაზეთ „ვატანთან“. ამ გაზეთში მან გამოაქვეყნა სტატია „ათათურქის ქვეყანა“ (2012 წლის 20 აგვისტო), რომელშიც აკრიტიკებს ზოგიერთ ჟურნალისტს. ეს ჟურნალისტები სხვადასხვა გამოცემების ფურცლებზე ბრალს სდებენ მუსტაფა ქემალს იმაში, რომ იგი დაიბადა ოსმალეთის იმპერიის ფარგლებს მიღმა. ლივანელი გამოდის იმ ოპოზიციური დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებმაც 1922 წლის 25 ნოემბერს წამოაყენეს კანონპროექტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაბადებული დეპუტატებისთვის მანდატის ჩამორთმევის შესახებ. პუბლიცისტის აზრით, ეს უსინდისობა იყო და მოჰყავს მუსტაფა ქემალის სიტყვები, რომ „ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაბადება ჩემი არჩევანი არ იყო. პასუხისმგებლობა იმათზეა, ვის გამოც სალონიკი საზღვარს იქით დარჩა“.    

ათათურქის მემკვიდრეობის მიმართ ცივი დამოკიდებულება დამახასიათებელია ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის. პროისლამისტური სამართლიანობის და განვითარების პარტია (АКР), რომელიც მისდევს ე.წ. „რბილ ისლამს“, უკვე არაერთხელ ეცადა ათათურქის მიერ დამკვიდრებული ფასეულობების რევიზია მოეხდინა. ეს პარტია თავგამოდებით ებრძვის სამხედროებს, რომლებიც თურქეთში განსაკუთრებულ კასტას წარმოადგენდნენ. არმია დიდხანს თამაშობდა გაცილებით უფრო დიდ როლს ქვეყანაში, ვიდრე კანონით ეკუთვნოდა, და იყო საერო წყობის გარანტი.

ამ ტრადიციების შენარჩუნების მომხრეები არმიას განიხილავენ როგორც იმის გარანტიას, რომ თურქეთის სახელმწიფო არ დაკარგავს საერო ხასიათს იმ დროსაც კი, როცა ხელისუფლების სათავეში „რბილი ისლამის“ მიმდევარი ლიდერები დგანან.

 ათათურქის და მისი მემკვიდრეობის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს - თურქეთის შეიარაღებული ძალების საიტიდან გაქრა მის შესახებ გვერდი, განათლების სამინისტრომ კი წინა წელს გააუქმა სკოლებში და სტადიონებზე ჩასატარებული სადღესასწაულო ღონოსძიებები 19 მაისს - ათათურქის ხსოვნის დღეს.

 

ზაურ მჭედლიშვილი
- აღმოსავლეთმცოდნე