ქართველი მძღოლები კვირების მანძილზე ტრასებზე დგანან, მთავრობა არაფერს აკეთებს

ქართველი მძღოლები კვირების მანძილზე  ტრასებზე დგანან, მთავრობა არაფერს აკეთებს

რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ინტერესების დაცვა უნდა გულისხმობდეს, პირველ რიგში, იმ მოქალაქეების უფლებების დაცვას, რომელთა მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება არსებობს. რუსეთში, საბედნიეროდ,

ჯეროვან დონეზეა დაცული ამ ქვეყნის მოქალაქე ეთნიკური ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეების უფლებები.  თუმცა არსებობს კონკრეტული პრობლემები სატვირთო მანქანების მძღოლებთან დაკავშირებით.

პირველი გახლავთ ვიზების პრობლემა. სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, რუსეთის მთავრობამ ოფიციალურად გამოყო კვოტები საქართველოს მოქალაქე მძღოლებისთვის, რომლებიც გამარტივებული წესით მიიღებდნენ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისთვის აუცილებელ ვიზებს. შესაბამისი საბუთები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის მიერ იგზავნებოდა მოსკოვში, იქედან კი დამოწმებული მოწვევები ჩამოდიოდა კონკრეტული მძღოლების სახელზე.

ეს პრაქტიკა, კარგა ხანია, გაუქმდა და დამკვიდრდა მანკიერი, კორუფციული პრაქტიკა: თბილისში ფუნქციონირებს ერთი კაცის საწარმო, რომელიც იღებს მძღოლებისგან საბუთებს და ორი-სამი ასეული დოლარის სანაცვლოდ, რუსეთიდან, კერძო კომპანიის საშუალებით იღებს მოწვევებს (ამას ემატება ოფიციალური საკონსულო მოსაკრებელი ვიზისთვის, კიდევ ორასი დოლარის ოდენობით). ასეთი სულ ორიოდე კომპანიაა რუსეთში, ძირითადად, მოწვევები იგზავნება ქალაქ სოჭში რეგისტრირებული ფირმა „სიგმას“ მიერ (ООО „Сигма“, 354008, Краснодарский край, г. Сочи, ул. Виноградная дом 20А, офис 131).

გარდა იმისა, რომ ქართველი მძღოლები ამ საეჭვო ფირმის სასარგებლოდ ზედმეტ დოლარებს ხარჯავენ, მათ უწევთ რიგში მოცდა, ვინაიდან კომპანია ვერ აუდის ასეულობით ქართველი მძღოლის მომსახურებას - მოწვევების რაოდენობა ლიმიტირებულია.

შესაბამისად, ქართველი მძღოლები ექცევიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში: ისინი რუსულ ვიზებში იხდიან 400-500 დოლარს, ლოდინში კარგავენ ბევრ დროს, ხოლო რუსი მძღოლები უვიზოდ და უპრობლემოდ მოძრაობენ საქართველოს ტერიტორიაზე.

მეორე და არანაკლებ მწვავე პრობლემაა საზღვრის გადაკვეთის რიგში დგომა. ქართული სატვირთო მანქანების მძღოლებს უსაშველოდ დიდ ხანს უწევთ საზღვრის გადაკვეთისთვის (როგორც საქართველოდან რუსეთში, ისე პირიქით, რუსეთიდან საქართველოში) ლოდინი. მძღოლები არა თუ დღეების, არამედ კვირების განმავლობაში „ცხოვრობენ“ ტრიალ მინდორზე თუ მთებში, ღია ცის ქვეშ, საპირფარეშოსა და საძინებლის გარეშე.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ვიდეომასალას, რომელიც თავად მძღოლებმა გამოგვიგზავნეს გუშინ - საქართველოს ტერიტორიიდან, გუდაურის მისადგომებთან 10-18 დღეა, რაც დგანან და იცდიან, რომ მათ უფლება დართონ, საზღვრისკენ, ლარსისკენ დაიძრან.

ამ მუდმივი შეფერხების მიზეზად რუსეთის საბაჟო და რუსი მესაზღვრეები სახელდებიან.

საგანგაშოა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ პრობლემით არ ინტერესდება. ეს არ არის მარტო კერძო პირების, მძღოლების პრობლემა (თუნდაც ასე იყოს, სახელმწიფო ვალდებულია, დაინტერესდეს თავისი მოქალაქეების პრობლემით!), არამედ მთლიანად სატრანსპორტო სისტემის, ეკონომიკისა და თვით ეკოლოგიის პრობლემა ხდება. ხელისუფლება უნდა ჩაერიოს და მოაგვაროს რუსულ მხარესთან დიალოგის გზით ეს პრობლემა, ან, უფრო უკეთესი, იზრუნოს კარასინ-აბაშიძის ფორმატში წლების წინ შეთანხმებული სასაზღვრო პუნქტების გახსნისთვის, რომ ამუშავდეს ტრანზიტი როკის გვირაბზე და მდინარე ფსოუზე, შვეიცარული, ნეიტრალური კომპანიის ამოქმედების გზით.

 

 

ევრაზიის ინსტიტუტი,

თბილისი