პარადიგმა: 26 მაისი 1918

პარადიგმა: 26 მაისი 1918

 1918 წლის მაისის ისტორიულ დღეს წინ უსწრებდა მრავალი კოლიზია, რომლებმაც ავად თუ კარგად, კიდევაც განსაზღვრა მისი ისტორიული მნიშვნელობა.

 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებით რუსეთის ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ ლენინის მეთაურობით. ”ავგიას თავლის” გასუფთავების დაწყება ამიერკავკასიის პოლიტიკურმა სპექტრმა ავანტიურად მონათლა და მას ბოიკოტი გამოუცხადა. 1917 წლის 11 ნოემბერს თბილისში, ამიერკავკასიის პარტიათა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა სამხარეო ცენტრების ინიციატივით, გაიმართა თათბირი, რომელმაც საჭიროდ მიიჩნია, შექმნილიყო ამიერკავკასიაში ადგილობრივი მთავრობა, ვიდრე რუსეთში ანარქია არ აღიკვეთებოდა. პარტიების კოალიციის პრინციპზე შეიქმნა ხელისუფლების ახალი ორგანო – ამირკავკასიის კომისარიატი, რომელმაც შეცვალა ფუნქციადაკარგული, ამორფული, ეგრეთ წოდებული, ”ოზაკომი” (”ამიერკავკასიის საგანგებო კომისარიატი”, ანუ რუსული აბრევიატურით «ОЗАКОМ»), მისი შემადგენლობა ასეთი იყო: რუსი ხარლამოვი, თავმჯდომარე; წევრები: ანუ კომისრები - ქართველები აკაკი ჩხენკელი და კიტა აბაშიძე, სომეხი პაპაჯანოვი და აზერბაიჯანელი ჯაფაროვი. კომისარიატის თავმჯდომარედ აირჩიეს ევგენი გეგეჭკორი.

  ამგვარად, შეიქმნა მმართველობის ახალი კოლეგიალური ინსტიტუტი, რომელიც ამიერკავკასიის ხალხთა საერთო მთავრობა იყო, ხოლო ამ ხალხებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, რუსებს, ბერძნებს, ოსებს, აფხაზებს, აისორებსაც კი ყველას ცალ-ცალკე, თავისი ეროვნული საბჭოები ჰქონდათ, ქართველების გარდა. და სწორედ ამ ხარვეზის გამოსასწორებლად, სქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივით წინასწარ ჩამოყალიბდა ინტერპარტიული საბჭო. საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებით. ინტერპარტიულმა საბჭომ 1917 წლის 19 ნოემბერს მოიწვია საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი ყრილობა, გადამწყვეტი ხმის 324 დელეგატი აერთიანებდა ყველა პარტიას (გარდა ბოლშევიკებისა) და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ყრილობაზე სტუმრად მოიწვიეს უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლები, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ცნობილი მოღვაწენი, ინტერპარტიული საბჭოს გადაწყვეტილებით, შეკრება გახსნა სოციალ-დემოკრატმა აკაკი ჩხენკელმა, ხოლო იმავე ინტერპარტიული საბჭოს წარდგინებით პირველი ეროვნული ყრილობის თვმჯდომარეობა დაეკისრა ნოე ჟორდანიას. ”მიმდინარე მომენტი და ქართველი ერი” - ასეთი იყო ნოე ჟორდანიას, როგორც მთავარი მომხსენებლის მოხსენება. ყრილობამ აირჩია ”ეროვნული საბჭო”, ჩამოაყალიბა სექციები, შექმნა აღმასრულებელი კომიტეტი 15 წევრისაგან ნოე ჟორდანიას მეთაურობით. მასში გაერთიანდნენ თითქმის ყველა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები. ყრილობაზე მიღებული რეზოლუციები შეეხებოდა ჩვენი ქვეყნის ცხოვრების მრავალ სფეროს - განათლებას, ჯანმრთელობას, თვითმმართველობას, სასამართლოს, სამხედრო საქმის ორგანიზებას და სხვა.

      და კიდევ, ეროვნული საბჭოს ყრილობას წინ უსწრებდა ერთი დიდი პატრიოტულ-საქველმოქმედო აქცია. ქართველი თავადაზნაურების საკრებულო, რომელსაც სათავეში დიდი ეროვნული მოღვაწე კოტე აფხაზი ედგა, გამოვიდა საჯარო განცხადებით, რომ მთელ თავის უძრავ-მოძრავ ქონებას, მილიონობით მანეთად ღირებულს, უსასყიდლოდ გადასცემდა ქართველ საზოგადოებრიობას. ეს დიდი ეროვნული აქცია გახდა ყრილობის მოწვევის მიზეზი, ხოლო საქართველოს ”ეროვნული საბჭოს” შექმნა იყო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტი საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე.

      სულ რაღაც 3 თვის შემდეგ, ამიერკავკასიაში ახალი სახელისუფლებო ორგანო შეიქმნა - ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც შედგებოდა დამფუძნებელი კრების დეპუტატებისაგან (1918 წლის იანვარში ბოლშევიკებმა ცაკი-ს დეკრეტით დამფუძნებელი კრება გარეკეს) ასეთი ინტერპარტიული შემადგენლობით: 24 მენშევიკი (ქართველი), 24 დაშნაკი (სომეხი), 30 მუსავატი (აზერბაიჯანელი), 4 ჰუმეთისტი (აზერბაიჯანელი), 3 მაჰმადიან-სოციალისტი (რუსი), 3 სოციალისტ-ფედერალისტი (ქართველი), 5 ესერი და ორი კადეტი. სეიმის თავმჯდომარედ კარლო (ნიკოლოზ) ჩხეიძე აირჩიეს.

    ამ პერიოდში მსოფლიო პოლიტიკური ანტურაჟი ძალიან მძიმე იყო, რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლება ცდილობდა ომიდან გამოსვლას და ყოველგვარ დათმობაზე მიდიოდა თავის მოწინააღმდეგეებთან. 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში რუსეთსა და  გერმანიას შორის ხელი მოეწერა საზავო ხელშეკრულებას ისტორიაში ცნობილი ”ბრესტის ზავის” სახელწოდებით. ამ ზავით, რუსეთს ჩამოსცილდა პოლონთი, ბელორუსია, ლიტვის ნაწილი. ამასთან, საბჭოთა მთავრობას დაეკისრა გერმანიისთვის დიდი კონტრიბუციის გადახდა. ზავის მე-4 მუხლის თანახმად თურქეთის ხელში გადადიოდა ყარსის, არდაგანის ოლქები და აჭარა ბათუმითურთ. შეიქმნა უმძიმესი პოლიტიკური ვითრება, 1918 წლის 10 მარტს თურქეთმა ამიერკავკასიის მთავრობას მოსთხოვა, დაეცალა ზავით მითითებული ტერიტორია და დაიწყო მასში თავისი ჯარების შეყვანა. ამიერკავკასიის მთავრობასთან მოლაპარაკებას შესაძლებლად მიიჩნევდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა იურიდიულად იქნებოდა აღიარებული. 1918 წლის 22 აპრილს თბილისში შედგა ამირეკავკასიის სეიმის სხდომა. ამ დღეს გამოცხადდა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა. აკაკი ჩხენკელის წინადადებით მას ეწოდა ”ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციული რესპუბლიკა”, მის თავმჯდომარედ აირჩიეს აკაკი ჩხენკელი. მასვე დაეკისრა საგარეო  საქმეთა მინიუსტრობაც. სხვა თანამდებობები ასე განაწილდა: ნოე რამიშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრი, გრიგოლ გიორგაძე - სამხედრო საქმეთა მინისტრი, ნოე ხომერიკი - მიწათმოქმედების მინისტრი, მ. გაჯინსკი - ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი.

  ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა ეფემერული აღმოჩნდა და ძალიან მალე საქართველოს არა მარტო ბათუმის, არამედ სამხრეთ საქართველოს რეალური დაკარგვის საფრთხე შეექმნა. ”ამიერკავკასიის სეიმში” სიტუაცია ძალზე დაიძაბა. მუსავატური პარტია აშკარა პროთურქულ პოზიციას იკავებდა. საკუთარი პრეტენზიები ჰქონდათ დაშნაკური პარტიის წარმომადგენლებსაც. ამ უმძიმეს სიტუაციაში საქართველოს მოვლა-პატრონობა ეროვნულმა საბჭომ აიღო ხელში. კონკრეტულ პერიოდში ერთდერთ მხსნელ ძალად გერმანია ჩანდა. მათი მოთხოვნით, საქართველო-გერმანიის ურთიერთობას მყარი საფუძველი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა. აკაკი ჩხენკელი ბათუმიდან 1918 წლის 15 მაისს ეროვნული საბჭოს სახელზე გამოგზავნილ დეპეშაში იუწყებოდა: ”გადაეცით საქართველოს ნაციონალურ საბჭოს შემდეგი: დამოუკიდებლობის გამოცხადების შეგვიანება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგებს. გერმანიის შუამდგომლობის ცდამ უშედეგოდ ჩაიარა. რჩება ერთი: დავუპირისპიროთ თურქების შემოსევას გერმანიისაგან ზურგგამაგრებული დამოუკიდებელი საქართველო... უკვე მომზადებულია ხელმოსაწერად გერმანიასთან დროებითი შეთნხმება”. . .

            1918 წლის 26 მაისს, დღის 3 საათზე, სეიმმა ამიერკავკასიის ფედერაცია გაუქმებულად გამოაცხადა. იმავე დღეს თბილისში გაიმართა ეროვნული საბჭოს სხდომა. მას ესწრებოდა 42 წევრი და 36 კანდიდატი. სხდომას ხელმძღვანელობდა ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია. პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, მდივანი - ილია ზურაბიშვილი.

            სხდომა გაიხსნა შუადღის 4 საათსა და 50 წუთზე.

            ტრიბუნაზე ადის ნოე ჟორდანია:

            ”მოქალაქენო! დღეს თქვენ აქ იყავით მოწმენი იშვიათი ისტორიული და მასთან ტრაგიკული აქტისა. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი, ახლა ამავე დარბაზში საფუძველი ეყრება მეორე სახელმწიფოს. . .

            . . . საქართველოს ახალი სახლემწიფო, რომელიც არსდება დღეს, არ წავა არც ერთი ნაციის, ხალხის, თუ სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ.

            მისი მიზანია - დაიცვას თავი თანამედროვე ისტორიულ ქარიშხალში”.

       შესავალი სიტყვის შემდეგ ნოე ჟორდანია აცხადებს: ”ახლა ნება მომეცით, გადავიდე მასზე, რისთვისაც აქ შევყრილვართ. ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელსაც ახლა წაგიკითხავთ”... და კითხულობს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.

            შეიქმნა პირველი ქართული მთავრობა:

            მთვრობის თავმჯდომარე და საშინაო საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი.

            საგარე საქმეთა მინისტრი - აკაკი ჩხენკელი, სამხედრო მინისტრი - გრიგოლ გიორგაძე, ფინანსთა, ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრი - გიორგი ჟურული; სახალხო განათლების მინისტრი - გიორგი ლასხიშვილი, მოწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი - ნოე ხომერიკი, იუსტიციის მინისტრი - შალვა ალექსი-მესხიშვილი, გზათა და სამიმოსვლო საქმეთა მინისტრი - ივანე ლორთქიფანიძე.

            იმავე დღეს, მთავრობის თავმჯდომარის ნოე რამიშვილის ხელმოწერით, დეპეშები დაეგზავნათ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საგარე საქმეთა სამინისტროებს: ”საქართველოს ნაციონალურმა საბჭომ 26 მასს გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნება. გაცნობებთ რა ზემოთ ხსენებულს, მაქვს პატივი, ვთხოვო თქვენს აღმატებულებას, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს მთავრობას”.

            ასე იქმნებოდა 26 მაისი, საქართველოს ისტორიის უმნიშvნელოვანესი თარიღი. ჩვენ ყოველგვარი კომენტარების, რემარკების გარეშე, ძალზე მოკლედ გადმოგეცით წმინდა ისტორია ამ მოვლენისა. მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან უამრავი კითხვა, აზრი (ზოგჯერ შეიძლება პროვოკაციულიც) გვებადება, იკვეთება სხვადასხვა მიმართულების პოზიციებიც, წმინდა სუბიექტურიც და ზოგ შემთხვევაში ალბათ, ობიექტურც და ამ რეტროპერსპექტივის ფონზე, გვინდა გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრება.

            უწინარეს ყოვლისა, 1917 წლის თებერვალ-მარტში რუსეთში «Великая, бескровная революция»-ის ფონზე ამიერკავკასიაში სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნა, მეფისნაცვალმა ნიკოლოზ ნიკოლოზის ძემ თბილისის საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხდა: ”სოციალ-დემოკრატია, რომელსაც ამიერკავკასიაში დიდი გავლენა აქვს, წესიერების მომხრეა. მე იმედი მაქვს, ეს კვლავაც ასე გაგრძელდება”. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია და ნოე რამიშვილი. ამ გამოსვლაში თითქმის აღიარებულია, რომ სოციალ-დემოკრატებს შეუძლიათ, უკვე დამოუკიდებლად მართონ ქვეყანა, მით უმეტეს, რომ მეფისნაცვალი უკან გაიწვიეს, მან ნოე ჟორდანიას და ქალაქის თავს ალექსანდრე ხატისოვს დაუბარა: ”მე სასწრაფოდ რუსეთში მივდივარ და კავკასიას მოსავლელად თქვენ გაბარებთო”. ამრიგად, დაიკარგა პირველი ისტორიული შანსი, შექმნილიყო დამოუკიდებელი ქვეყანა, ყოველგვარი, ”ოზაკომების”, ”კომისარიატების”, ”სეიმების” გარეშე. სოციალ-დემოკრატებმა ეს არ გააკეთეს, ან არ დაუპირისპირდნენ თავიანთ რუს ”კოლეგებს” დროებითი მთავრობიდან. მეორე მომენტი, როცა 1918 წლის მარტში, გერმანელებმა დააჩოქეს ბოლშევიკური რუსეთი და ბრესტ-ლიტოვსკში ხელი მოაწერინეს «Похабный мир»-ს (ტროცკი). ხელის მოწერამდე მიიწვიეს კავკასიისა და საქართველოს წარმომადგენლები მათი მხარეების ინტერესების დასაცავად. ევგენი გეგეჭკორმა ასეთი სახის დეპეშა გაგზავნა: ”რადგან კავკასია შეადგენს რუსეთის ნაწილს, ზავის საკითხი რუსების კომპეტენციას შეადგენსო”. ამიტომ გახლდათ რუსეთის ”ტალეირანის” ტროცკის პასუხის დადებითი გერმანიის დელეგაციის სტატს-მდივანის ფონ კულოვის კითხვაზე, არის თუ არა ამიერკავკასია საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაშიო და რადგან კავკასიისა და საქართველოს ინტერესების დამცველად ბრესტ-ლიტოვსკში არავინ აღმოჩნდა, ბოლშევიკებმა იქ დამსწრე თურქებს, გერმანიის მოკავშირეებს, უფრო მეტი დაუთმო, ვიდრე ერგებოდათ ომის ძალით. ამრიგად, ხელიდან გაუშვეს მეორე ისტორიული შანსი, რომ საქართველოს მონაწილეობა ეს იქნებოდა უკვე დე-ფაქტო მისი, როგორც სუვერენული სახელმწიფოს აღიარებისა.

      საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას წინ უსწრებდა პოლიტიკუტი კაკაფონია. სოციალ-დემოკრატები კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ ”თურქეთის შეკვეთაზე”. 25 მაისს, როცა გადაწყდა, რომ მეორე დღეს უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს დამოუკიდებლობა, სოციალ-დემოკრატთა ”დემიურგს” კაკი წერეთელს თითქმის გული შეუწუხდა. ჩავარდა სავარძელში და თავში ხელის ტაცებით სასოწარკვეთილმა წამოიძახა: ”რას შვრებით, თქვენ ღუპავთ რუსეთის დემოკრატიასო”.

    და კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრის ფრაგმენტი. ამ შემთხვევაში პროტაგონისტი ნოე ჟორდანია, ინგლისელი გენერლის მიმართვაზე, რომ ყარსის ოლქში შეეყვანათ ქართული არმია და დაემყარებინათ მმართველობის ორგანო, ნოე ჟორდანია პასუხობს: ”ჩვენ, ქართველები, ავანტიურისტები არ ვართ, ჩვენი სურვილია, საქართველოს სახელმწიფოებრიობა გავამაგროთ ჩვენი ქვეყნის საზღვრებში. ამიტომ, თქვენს წინადადებას ვერ მივიღებთ”.  – ”მაშ, თქვენი აზრით, ვის უნდა მიეცეს ის ოლქი? - შეეკითხა გენერალი. „ჩემს აზრს გეტყვით, რომ ამ ოლქს სომხებმა უნდა უპატრონონ”.

     ასეთი ”ინტერნაციონალიზმის” უამრავი მაგალითის გახსენება შეიძლება. სოციალ-დემოკრატებს ”ნაციონალური”, გნებავთ, ეროვნული გამონათება ხანდახან ჰქონდათ, ისიც თავიანთი იდეური ოპონენტების - ბოშევიკების საწინააღმდეგოდ. ამ პერიოდში პრიორიტეტი ქონდა უფრო ემპირიულ, პრაქტიკულ, სუბიექტურ-კოლენტარისტულ პოლიტიკას, რაც გონის კრიზისით და სოციუმის ქაოსით იყო გამოწვეული. ქართული პოლიტიკური პრაგმატიზმი უფრო პრიმიტიული იყო, ვიდრე თეორიული, ხოლო ქართული პოლიტიკური იდეალიზმი პოლიტიკური რეალიებისა და რეალიზმის კრიტერიუმებს ვერ უძლებდა. ეს პერიოდი უფრო პრაქტიკული, გნებავთ, სპონტანური იმპროვიზაციის პერიოდი იყო, ვიდრე თეოირიული მედიტაციის. საჭირო იყო ისტორიული დინამიზმის აღდგენა, საზოგადოების ფასეულობათა სისტემის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა, ცნობიერების ახალი სტერეოტიპების ჩამოყალიბება. ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო პრაგმატული ნაციოანლისტური ინტერესები. მოკლედ, ეს იყო პოლიტიკური შოკის პერიოდი, ანუ ”ყველას ომი ყველას წინააღმდეგ” (ჰობსი). სწორედ ამ და სხვა უამრავი მიზეზის გამო საქართველოს დამოუკიდებლობა ასე დღენაკლული აღმოჩნდა, ხოლო მისი ეფემერული გაელვება დღეს მხოლოდ ტკბილი მოგონებაა.

 

  მამუკა კარტოზია,
  პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი