ახლო აღმოსავლეთის თემა ზომაზე მეტად აქტუალურია, რაც განპირობებულია არაბულ ქვეყნებში დაწყებული რევოლუციების პერმანენტულობით, მოკლული დათვის ტყავის დასაკუთრებისათვის
თავდავიწყებული ბრძოლით, მიტინგებით, ტერორისტული აქტებით, დემონსტრანტთა და პოლიციელებს შორის შეტაკებებით, სისხლით. არ მართლდება ზოგიერთი დასავლელი ექსპერტის პროგნოზი, რომ დიქტატორთა დამხობით ვითარება კარდინალურად შეიცვლებოდა.
ერთი წელი გავიდა არაბული რევოლუციების დაწყებიდან, მაგრამ კარგი ცხოვრების ნიშანწყალი არ ჩანს. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ტუნისში, სადაც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლებაში აკრძალული მუსლიმანური პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ.
საპარლამენტო არჩევნები ეგვიპტეშიც გაიმართა და „ძმები მუსლიმანების“ გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ქაიროსა და სხვა ქალაქებში მასობრივი სახალხო გამოსვლები გრძელდება - პოლიციელებთან შეტაკებით, მსხვერპლით. დემონსტრანტები მოითხოვენ უმაღლესი სამხედრო საბჭოს და მისი ხელმძღვანელის, მარშალ ტანტაუის გადადგომას.
რთული მდგომარეობაა ლიბიაში, სადაც ადგილი აქვს თემთა სისხლიან დაპირისპირებას, შეტაკებებს. ისე, როგორც ეგვიპტეში, ლიბიაშიც მოითხოვენ დროებითი ხელისუფლების დაუყოვნებელ გადადგომას.
თუ აღნიშნულ ქვეყნებში ერთი წყება რევოლუციებისა უკვე მოითავეს, სირიაში ვითარება ძველებურადაა. ერთი წელია მოსახლეობის ნაწილი ებრძვის სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს და მმართველ ბაასისტურ პარტიას, მოითხოვს მათ წასვლას. თუმცა ხალხი, როგორც ჩანს, არაფერ შუაშია, ის უფრო მსხვერპლია შეიარაღებულ მეამბოხეთა და სახელისუფლებო ძალებს შორის დაპირისპირების.
ის, რაც სირიაში ხდება, არ აღიქმება ბაშარ ასადის წინააღმდეგ ხალხის აჯანყებით. ცხადია, ასადს ჰყავს ოპოზიცია, მოსახლეობის გარკვეული უკმაყოფილო ნაწილიც, მაგრამ თვით ოპოზიციის დაქსაქსულობის და პოსტასადური პერიოდის გეგმის არარსებობის გამო მსგავსი გამოსვლების აგორება შეუძლებელია.
არაბულმა რევოლუციებმა თავისებური გავლენა იქონიეს სირიაზე, რომ იტყვიან, ცუდი მაგალითი გადამდებია, მაგრამ არა ისე, რომ მათ ავტომატი აეღოთ და ცეცხლით დაპირისპირებოდნენ ხელისუფლებას.
საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოწვეულია ჰაფეზ და ბაშარ ასადების და პარტია „ბაასის“ ხანგრძლივი მმართველობით. სირიის 16 მილიონიან მოსახლეობაში სუნიტთა რაოდენობა 74%-ია, შიიტთა - 12%, ქრისტიანების - 10%. უმრავლესობა კარგახანია უკმაყოფილებას გამოთქვამს უმცირესობის მმართველობის გამო.
რელიგიური დაპირისპირების თემა განსაკუთრებით გააქტიურდა არაბული რევოლუციის დასაწყისში. და ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გარე ძალებმა.
სირიის მღელვარების დასაწყისიდან პრეზიდენტი ასადი განუწყვეტლივ აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაქირავებული ბოევიკები იბრძვიან და არა ხალხი. შეიარაღებულ მეამბოხეთა ბრძოლა დასავლეთმა თავიდანვე უარყო და ასადს დააბრალა მშვიდობიანი აჯანყებული მოსახლეობის უმოწყალო ხოცვა. აშშ-ი და ევროკავშირი დღესაც იგივე პოზიციაზე არიან, მაგრამ დასავლური საინფორმაციო საშუალებების იშვიათი მონაცემებით - საწინააღმდეგო მტკიცდება. მიუხედავად ამისა აშშ-ი, მთლიანად დასავლეთი, მათზე აყოლილი ზოგიერთი არაბული ქვეყანა და თურქეთი დაბეჯითებით მოუწოდებს ბაშარ ასადს გადადგომისაკენ.
აშშ-მა მერამდენედ სცადა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ანტისირიული სანქციების მიღება, მაგრამ უშედეგოდ. უშიშროების საბჭოს ორი მუდმივი წევრი - რუსეთი და ჩინეთი წინააღმდეგი წავიდა, რამაც საშუალება არ მისცა დასავლეთს აემოქმედებინა სანქციები. ვეტოს მეორედ დადებას სულ ახლახანს ჰქონდა ადგილი. რუსეთმა განაცხადა, რომ საკითხი უნდა გადაიჭრას მხარეთა შორის მოლაპარაკებით, გარედან ჩარევის, სანქციების და მითუმეტეს ძალის გამოყენების გარეშე.
ვეტოს დადებას ვაშინგტონმა რუსეთ-ჩინეთის საწინააღმდეგო პროპაგანდა მოაყოლა. სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა ისიც კი თქვა, რომ სირიაში განვითარებული მოვლენების პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთსა და ჩინეთს ეკისრება.
რუსეთმა თავისი პოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის სირიაში ვიზიტის შემდეგაც დააფიქსირა. მან ისიც აღნიშნა, რომ ადგილი აქვს არა მარტო მეამბოხეთა გარედან შეიარაღებას, არამედ ზოგიერთი არაბული ქვეყნის, მათ შორის ყატარის სპეციალური დანიშნულების რაზმის მეომართა სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენებას. სხვათა შორის, ეს ფაქტი ტელეკომპანია „ევრონიუსმაც“ აღნიშნა.
სირიაში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ადგილი აქვს გარედან წაქეზებულ სამოქალაქო ომს, რომელშიც დასავლეთის ირიბი ჩართულობა თვალშისაცემია, პირდაპირი მოქმედება კი აშშ-ს ისეთ არაბულ მოკავშირეებზე მოდის, როგორებიცაა საუდის არაბეთი და ყატარი. აქტიურობს თურქეთიც. ამ ქვეყნის ტერიტორიაზე თავი მოიყარეს სირიის ხელისუფლების ოპოზიციურმა ძალებმა, რომელთაც ოფიციალური ანკარა დიდ დახმარებას, მათ შორის სამხედროსაც, უწევს.
სირიის ირგვლივ თავი მოიყარა მრავალი ქვეყნის ინტერესმა. მათ შორის აშშ-ს, რუსეთის, ჩინეთის, თურქეთის, ირანის, ისრაელის, პროამერიკული არაბული ქვეყნების. ამ თემის დაწვრილებით განხილვას არაერთი სტატია დასჭირდება, მოკლე ინფორმაცია კი ვერ შექმნის სრულყოფილ სურათს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შევეცდები აღვნიშნო შემდეგი: სირია ახლო არმოსავლეთის სწორედ ის კვანძია, რომელზეც მიბმულია, როგორც ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების ინტერესები, ისე სუნიტებისა და შიიტების მრავალსაუკუნოვანი უთანხმოება, ენერგეტიკული საკითხები და რეგიონში პირველობისთვის ბრძოლა.
სიირის ხელისუფლების ცვლა ნიშნავს არა მარტო ბაშარ ასადისა და პარტია „ბაასიის“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებას, არამედ იმ მტკიცე ჯაჭვის გაწყვეტას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აკავშირებს რუსეთსა და ირანს სირიასთან და აქედან გამომდინარე ახლო აღმოსავლეთის საკითხებთან. ეს კი თავისთავად ასხამს წყალს ვაშინგტონის, თელ-ავივის, ევროკავშირის ინტერესებზე.
ბაშარ ასადის წაქცევა რუსეთისათვის ნიშნავს ახლო აღმოსავლეთში მოკავშირის და მასთან ერთად უცხოეთში ერთადერთი, ტარტუსის სამხედრო-საზღვაო ბაზის დაკარგვას. ბაშარ ასადის წასვლით რუსეთი კარგავს ახლო აღმოსავლეთში თვალს, ყურს, გავლენას, კავშირებს ანტიამერიკულ და ანტიისრაელურ ორგანიზაციებთან „ჰამასთან“ და „ჰესბოლასთან“.
ირანისთვის ბაშარ ასადის პოლიტიკიდან წასვლა დიდი დანაკარგი იქნება. ირან-სირიას მრავალწლიანი სამხედრო-ეკონომიკურ-იდეოლოგიური კავშირები აერთიანებს. ეს ტანდემი გამოირჩევა ანტიამერიკულ-ანტიისრაელური სულისკვეთებით. ასადის წასვლის შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთზე ირანული გავლენა შემცირდება.
ბაშარ ასადის გადარჩენა ხელს შეუშლის საუდის არაბეთის შორსმიმავალ გეგმებს ახლო აღმოსავლეთში. მისი მთავარი მიზანია რეგიონში უცილებელი ლიდერობა. იგივე მისწრაფება აქვს თურქეთს, რომელმაც არაბული რევოლუციების შედეგად ყველაზე დიდი დივიდენდები მიიღო. რევოლუციაგამოვლილი არაბული ქვეყნები აცხადებენ, რომ მათი პოლიტიკური კურსი ისეთი უნდა იყოს, როგორც თურქეთის.
თურქეთის დიდი სურვილია გახდეს რეგიონის ერთპიროვნული ლიდერი, რაშიც მას აშშ-ს მხარდაჭერის იმედი აქვს. თურქეთი ვერ აიტანს ვერც ირანის, მითუმეტეს ვერც საუდის არაბეთის პირველობას, ამიტომაც ის ჩქარობს და ყოველმხრივ დახმარებას უწევს ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეებს. მათი გამარჯვება, თურქეთის გამარჯვებაა.
თურქეთის მოქმედება აშკარა დამადასტურებელია იმისა, რომ ქვეყნებს შორის უმთავრესია ინტერესები და არა მეგობრობა. ცოტა ხნის წინათ ოფიციალურ ანკარასა და დამასკოს სანიმუშო მეგობრობა ჰქონდათ, დღეს ანკარა დაბეჯითებით მოითხოვს ასადის გადადგომას.
ისრაელის პოზიცია მარტივია. მისთვის უასადობა ნიშნავს ირანის პოზიციების შესუსტებას, ირანისა და ანტიისრაელური ორგანიზაციების კავშირში („ჰამასი“, „ჰესბოლა“) გარკვეული სისუსტის გაჩენას. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელმა მოახერხა სირიის პრეზიდენტთან ურთიერთობის ჩამოყალიბება. მართალია, ის არ არის სანიმუშო, მაგრამ მტრულ დამოკიდებულებას ჯობს. და ცვლილების შემთხვევაში არავინ იცის, რა ძალები მოყრის თავს სირიის ხელისუფლებაში. სრულიად მოსალოდნელია, რომ ასეთი იყოს რადიკალური ისლამის წარმომადგენლები, რაც ავის მომასწავებელი იქნება ისრაელისთვის.
ბარაკ ობამას ახლო აღმოსავლურ და არაბულ პოლიტიკაში წინა პლანზე იწევს ვაშინგტონის ვითომდა მეორეხარისხოვანი როლის შესრულება. ეს პოლიტიკა კარგად მოითელა ლიბიის წინააღმდეგ განხორციელებული ავანტიურის დროს.
დასაწყისში, სცენაზე წამყვანი მსახიობის როლი, მოგვიანებით, კულისებში მოთამაშის როლზე გაიცვალა, ხოლო წინა პლანზე საფრანგეთ-ინგლისი და ნატო წამოიწია. როგორც ჩანს ამ პოლიტიკას ვაშინგტონი ჯერ სირიის მიმართ აამოქმედებს, ხოლო წარმატების შემთხვევაში ირანის წინააღმდეგაც.
დღეის მდგომარეობით სირიის საშინაო საქმეებში არა მარტო თურქეთი აფათურებს ხელს, არამედ საუდის არაბეთი, ყატარი, არაბთა სახელმწიფოების ლიგა. ანალოგიურ ინტერნაციონალიზაციას ექნება ადგილი ირანის წინააღმდეგ.
დასავლეთმა რახანია მსოფლიო შეამზადა სირიასა და ირანზე თავდასხმისათვის. დასავლური ტელეკომპანიები გამუდმებით გადასცემენ პირსისხლიანი ბაშარ ასადისა და ირანის ხელისუფალთა საწინააღმდეგო ვიდეო-სიუჟეტებს, რითაც საზოგადოებას უნერგავენ, რომ სირიაში დამნაშავე ასადია და არა მის წინააღმდეგ მებრძოლი უცხოელი დაქირავებული ბოევიკები, რომ ირანი ამზადებს ბირთვულ ბომბს, რითაც მთელს მსოფლიოს დაემუქრება და ა.შ. დასავლური ტელეკომპანიები პერმანენტულ რეჟიმში გადასცემდნენ სირიის ქალაქ ალეპოში მომხდარ ტერაქტს, რაშიც ასადს ადანაშაულებდნენ.
აშშ-ი სერიოზულად მუშაობს რელიგიური ფაქტორის ამოქმედებისათვის ანუ სუნიტებსა და შიიტებს შორის არსებული დაპირისპირების გაღვივების და თავის სასარგებლოდ გამოყენებისათვის. რელიგიური იარაღის ამოქმედება მარტო ახლო აღმოსავლეთში არ გაჩერდება, ის მსოფლიოს მოედება.
ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა ერთმანეთზე გადაკიდებით დასუსტებული ქვეყნები, ვითარების დასალაგებლად, ისევ ვაშინგტონს მიმართავენ - ამის იმედი აქვს ამ უკანასკნელს. რაც მას თავისუფალი მოქმედების გზას გაუხსნის.
სირიისა და ირანის საკითხი და მისდამი აშშ-ს მიდგომა რუსეთისგან სხვაგვარ რეაგირებას საჭიროებს. გაეროს უშიშროების საბჭოს რუსულ-ჩინურმა ვეტომ, თავისთავად გამოკვეთა დაპირისპირებული დასავლეთ-აღმოსავლეთი. რუსეთი ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ პატარა დათმობას (ლიბიის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოზე თავის შეკავება) მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
სწორედ ამით არის განპირობებული აშშ-ს მიერ სიჯიუტედ შეფასებული რუსული ქმედება, მაგრამ არის ეს საკმარისი იმისათვის, რომ კატასტროფას აცდეს სირია? არის ეს საკმარისი იმისათვის, რომ ამერიკამ ისრაელის ხელით არ დაბომბოს ირანის ბირთვული ობიექტები? იქნებ მოსკოვს გადაედგა მტკიცე ნაბიჯები ირანისთვის დაპირებული რაკეტსაწინააღმდეგო C-300 სისტემის გადაცემის საქმეში?
აღნიშნული რაკეტების გადაცემა სერიოზულად დააფიქრებს, როგორც აშშ-ს, ისე მის მოკავშირე ისრაელს, რომ ირანზე მიტანილი საჰაერო იერიში არ მოიტანს ისეთ შედეგს, რასაც მოელიან. C-300 სისტემამ უნდა დააფიქროს დასავლეთი და ხელი ააღებინოს მას ირანზე სამხედრო ავანტიურის განხორციელებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში რას მიიღებს მსოფლიო ნათელია.
და ეს არ არის ის, რასაც ზოგიერთი ქართველი „ექსპერტი“ ღაღადებს, ლოკალური დარტყმის სახით. აშშ-ში სააკაშვილის ვიზიტის შემდეგ გაკეთებული განცხადებების მიხედვით (სააკაშვილი, ქუთელია) საეჭვოც არაფერია. საქართველო მხარში ამოუდგება ამერიკა-ისრაელს. თუ რა სახის მხარში დგომას ექნება ადგილი, იმ სახის რეაქციას უნდა ველოდეთ ირანიდან.
თუ ვინმე ინატრებდა ირანთან თელ-ავივი-ვაშინგტონის დაპირისპირებას, უპირველეს ყოვლისა სააკაშვილი და ნაციონალებია, ვინაიდან მხოლოდ ასეთ ავანტიურას შეუძლია გაუხანგრძლივოს მათ ხელისუფლქბაში ყოფნა.
შეძლებს ისრაელი ირანის ბირთვული ობიექტების განადგურებას? სამხედრო სპეციალისტების მიხედვით, ნოკაუტისებრი დარტყმა შეუძლებელია, ვინაიდან სამიზნე ერთი არ არის, მრავალია, თანაც მთის ძირში, მიწის სიღრმეში განლაგებული.
თეირანიდან სამი საათის სავალზე თუ ურანის გამდიდრებას მიწისქვეშა ლაბორატორიაა, ცენტრიფუგები წმინდა ქალაქ ყუმის სიახლოესაა, ხოლო ამ ცენტრიფუგების დამამზადებელი საწარმო თურქმენეთის საზღვართან. ეს იმ ობიექტების ერთი მესამედია, დანარჩენის ადგილსამყოფელი უცნობია.
ისრაელის თავდასხმა გადაჭრის პრობლემას? ასეთ კითხვას სვამენ ამერიკელები და თავადვე პასუხობენ, რომ არა. ისრაელის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ნეთანიაჰუს მთავრობას გასული წლის სექტემბერში მიეცა რჩევა, რომ ისრაელმა არ გადადგას ასეთი ნაბიჯი, ვინაიდან მას ჯერ-ჯერობით არ გააჩნია შესაბამისი ძალა გადამჭრელი დარტყმისათვის. მან დაიმოწმა სამხედრო, რომელიც ამბობს - „თუ მიბრძანებენ, დავბომბავ, მაგრამ ვეჭვობ ამან წარმატება მოიტანოს“.
ისრაელის მიხედვით, წარმატებული ოპერაცია ნიშნავს ორი წლით მაინც ირანის ბირთვული კვლევების შეჩერებას. წარმატებულ ოპერაციას ხელს უშლის ირანის ბირთვული ობიექტების ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში განლაგება, აგრეთვე საჰაერო თავდასხმის განხორციელებაში ისრაელის ავიაციის შეზღუდულობა.
ისრაელიდან ირანამდე 1500-2000 კილომეტრია. ამ მანძილზე ისრაელის ბომბდამშენებს ესაჭიროებათ საჰაერო ტანკერები, რომლებიც ჰაერშივე შეავსებენ ბომბდამშენების ავზებს. მათი რაოდენობა ისრაელის არმიაში შეზღუდულია.
ირანის ობიექტების გასანადგურებლად საჭირო იქნება დიდი რაოდენობით ბომბდამშენები და მრავალი კვირა, ვინაიდან, ისრაელის ავიაციის მიერ 2007 წელს სირიის, ოსირაკის ბირთვული რეაქტორის სწრაფი განადგურების შემდეგ, ირანმა შესაბამისი დასკვნები გააკეთა - ბირთვული ობიექტები მთებს ქვეშ, მიწის სიღრმეში განათავსა, მაგალითად ყუმთან არსებულ ცენტრიფუგების ობიექტს 80 მეტრის სისქის კლდე იცავს. ამ ბუნებრივ საფარში შეღწევა 13 ათასი კილოგრამის ამერიკულ ბომბსაც გაუჭირდება.
ისრაელს არ აქვს ეს ბომბი. ბომბი ახალია და სულ მცირეოდე ხნის წინ გადაეცა აშშ-ს სამხედრ-საჰაერო ძალებს. ასე რომ, ირანზე საჰაერო თავდასხმის შეფერხება არა მარტო აშშ-ს „კეთილი ნებით“ არის გამოწვეული, არამედ არასაკმარისი ტექნიკური შესაძლებლობებით.
დღეს ხშირად ამბობენ, რომ პრეზიდენტ ობამას არ აწყობს ახალი ომის წამოწყება, ვინაიდან ამან შეიძლება ნეგატიური ქულები შესძინოს საკუთარ საპრეზიდენტო კამპანიას. ცხადია ეს ასეც არის, მაგრამ იქ, სადაც საღი გონება აჭარბებს ამბიციებს. გარდა ამისა საპრეზიდენტო კამპანიამ შეიძლება მკაცრი პოლიტიკა მოითხოვოს და ამ შემთხვევაში კულისებიდან ამოქმედებული ამერიკული დირიჟორობა გამორიცხული არ იქნება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი