ენიგმა – დემოკრატია ქართულად

ენიგმა – დემოკრატია ქართულად

ყოველი მოვლენა (რა თქმა უნდა ისტორიულიც),  როგორც წესი, ითხოვს თავის განმარტებას, ანუ მოვლენის მიზეზობრიობისა და მისი შედეგის - ხარისხისა, თუ ხასიათის ჩაწვდომას.


ამ ეტაპზე მხოლოდ თავისებურებების შემჩნევის დონე თუა შესაძლებელი, ქართული მერყევი რეალობის დაშლილი სინამდვილის პრინციპი არ იძლევა შეხედულებების, გნებავთ, აზრის სტაბილურობის გარანტიას მოვლენის არსისა და მნიშვნელობის აღწერის შესახებ. „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი დემოკრატია არსებული თავისი პრედიკატებით უკვე მიანიშნებს აღნიშნულის მითიურ ხასიათზე. ეჭვქვეშ აყენებს თავად დემოკრატიის არსებობის ფაქტს.


უკანასკნელი 7-8 წლის განმავლობაში ქართული დემოკრატია რთულად ექვემდებარება დეფინიციას, აქვე დავძენ, რომ ქართული დემოკრატიის კიდევ ერთ თავისებურებას წარმოადგნებს ის ჭარბი რაოდენობის პრობლემები და საზრუნავი, რომელიც თავისი (იქ) არ არსებობის გამო უბრალოდ უცნობია და ზოგ შემთხვევებშიც წარმოუდგენელია დასავლეთისათვის.


უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ყოფა თუ არსებობა ტრაგიკული, სოციალური, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური კატასტროფების, მოუხელთებელ, არაბალანსირებად და მაქსიმალურად დაძაბულ რეალობაში არსებობს. რეალობაში, სადაც ე. წ. „რეალისტური დემოკრატია“ ცინიკური ნატურალიზმის სახით წარმოდგება უგემოვნოდ შელამაზებული ქუჩების თუ ქალაქების ელვარე ფასადებით. ახალმა დრომ თუ რეალობამ ამ სიტუაციის რეპრეზენტაცია მოახდინა (სხვათა შორის, ქვეცნობიერის დონეზე). დაძაბული ისტორიული დრო თითქმის ყოველთვის აძლიერებს აღქმისა და გრძნობების უნარს. სინამდვილის მოჭარბება გაცილებით მნიშვნელოვანია და მეტ ძალისხმევას ითხოვს, ვიდრე ბანალურად ახლის ათვისება, მისთვის გაზვიადებული მნიშვნელობის მინიჭება. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში პირიქით მოხდა. რაც შესაძლოა თავის დროზე რეპრესირებული „მე-ს“ მეხსიერებამ განაპირობა. ტრაგიკულად დინამიკურ რეალობის ზეწოლაზე რეაქციის გამოხატულება გარკვეულწილად პასიურობა ან ყველაზე მეტი - ქარაგმა აღმოჩნდა. დემოკრატიამ საქართველოში სინამდვილეში ფაქტობრივად არჩანერგვის პოზიცია აირჩია, ქვეცნობიერად ასახა რა ქართული რეალობის სოციალური იმპულსები. დღევანდელი ხელისუფლება არცაა დაინტერესებული, დემოკრატიის, თუ მისი ატრიბუტიკის, ინსტიტუტების დაფუძნებითა და განვითარებით. და თუ არის რაიმე ინტერესი, ეს უფრო მოჩვენებითი - ილუზორულია, რომელშიც ერთმანეთს შეერწყა მოდერნისტური ენა, ადგილობრივი ეთნოგრაფიული თუ ისტორიული სემანტიკა და პროპაგანდისტური მისია, ქვეყანა მისთვის ექსცენტრიზმის გამოხატულებად რჩება, ხოლო მოქალაქეები ერთგვარი ასოციალურობის ნიშნით არიან დაღდასმული.

ამიტომაა, რომ „ახალი წესრიგის“, „ახალი ესთეთიკის“ შემქმნელები ერიდებიან საკუთარი შემოქმედების საქართველოს ისტორიასთან, კულტურასთან, ყოფასთან, ტრადიციებთან გაიგივებას. მათ ტრავმირებულ მენტალიტეტში ყველაფერი ქართული, ანუ ტრადიციული გაიგივებულია პროვინციალურთან და მარგინალურთან. შესაბამისად, მათი ქმედება წინააღმდეგობათა აღსავსე და ურთიერთგამომრიცხავი ნიშნების მატარებელია. ეს ამბივალენტურობა თითქმის შეუძლებელს ხდის ერთი მწყობრი თეორიული კონცეფციით მათი ქმედების განხილვას. არსებობს ისტორიიზირებული თვალსაზრისი, თუ ხედვის კუთხე, რომელიც ჩვენს რეალობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როგორც თვითგამორკვევის გზა ჩვენი წარსული და ამჟამინდელი გამოცდილების მძიმე ტვირთის მქონე ადამიანებისათვის. ისტორიზმის ეს ხაზი დღეს კონტექსტგამოცლილია სოციალური სინამდვილის ტოტალური იგნორირებით, რომლის დასაყრდენიც კვაზიევროპული გამოცდილებაა, დიაგნოზი კი - ისტორია.

ისიც ფაქტია, რომ ჩვენში ყველაფერი ახლის აღქმა-გათავისება საკმაოდ ეზოთერული და ერთგვარად მითოლოგიზირებულია. საშუალება ხდება მიმზიდველი და ამის გამო იქცევა მიზნად, რაღაც ეტაპამდე მაინც ნაკლებ ინსტრუმენტალურად გაიაზრება. ესაა მცდელობა, არსებული, მოქმედი სტრატეგია ჩართონ და მოაქციონ დასავლურ სტანდარტებში, რაც ზოგჯერ იძენს რეპლიკის სახეს, მიმართულს დასავლეთისაკენ. მიუხედავად პრობლემათა კასკადისა, დღევანდელი ხელისუფალნი მაინც ცდილობენ დაიმკვიდრონ ლიდერის - ნოვატორის სტატუსი. თუმცა ამას მაინც ვერ ახერხებენ ქვეყნის შიგნით არსებული სიტვაციის გამო. მაგრამ ყველაზე მძაფრად ავლენენ რა ცენტრიდანულ მისწრაფებებს, მარჯვედ ახორციელებენ ქვეყნის გარეთ „გასვლას.“

და მაინც, დასავლეთი ჯერ კიდევ მათ ეგზოტიკად აღიქვამს, რაც აძლიერებს ხელისუფლების ორაზროვან მდგომარეობას. ახალი ქართული პოლიტიკის შემქმნელებმა გაიაზრეს, რომ პოსტრმოდერნი სოციალურსა და პოლიტიკურში გამოხატული ერთგვარი რეგიონალური თავისებურებებითაა დაინტერესებული და მათ ამჟამად დაიწყეს ამ კონტექსტზე მუშაობა. ერთის მხრივ, ეს ისევ გადარჩენისა და დაპირისპირების ერთობლივი სტრატეგიაა, მეორეს მხრივ, სწორედ ამგვარადვე ორაზროვანია ჩვენი რეალობაც.

გასული საუკუნის 90-იანი წლები შეიძლება ჩაითვალოს ახალი ქართული დემოკრატიის შექმნის ათვლის წერტილად. გადარჩენისა და ახლის შენების სტრატეგიამ რომანტიკული ინტონაცია გააძლიერა. ამ დროს რომანტიზმს სჯეროდა მოსალოდნელი ტრანსფორმაციების. ისტორიულად შექმნილი მძიმე სიტუაციის გამო ახლად ფეხადგმული ქართული დემოკრატია იძულებული იყო აჩქარებულ ტემპში აეთვისებინა დასავლეთისათვის საუკუნავონი გამოცდილება და გამოევლინა არჩევის, გნებავთ, გადარჩევის სათანადო ნება. ხშირად იგი იყენებდა გადარჩევის სინთეზურ მეთოდს, ზოგჯერ ინტუიციურად, ზოგჯერ ნაჩქარევად წარმოებული ხანმოკლე ანალიზის საფუძველზე. ამდენად, ჩვენ მართლაც შეგვიძლია, ვაღიაროთ ტრანსფორმაცია, როგორც ძველი სტრუქტურის ახალში გადასვლის ობიექტურად არსებული ფაქტი.


დაბოლოს, ჩვენი დამუხრუჭების გადალახვის ფორმირებას აქვს გადარჩენის გზა. ეს არ არის ინტეგრაცია, დღეს ასე პოპულარული, მაგრამ ჩვენთვის ჯერ კიდევ მითიური და აბსტრაქტული სიტყვაა, არამედ უფრო შესაძლებელი ინტერაქტიურობა ყველა დონეზე. ამ სიტყვას ერთი მხრივ დროში მომხდარ ფაქტებზე ისტორიული მინიშნების ფუნქცია აკისრია, მეორეს მხრივ, სიტყვის ორ ნაწილად გაყოფის მიზნით ნახმარი ტირე მას მეტაფორულობას ანიჭებს. და კიდევ ერთი გზა - „რეალობის აღქმა,“ „რეალობის სტადიის გავლა,“ იმითაა კარგი, რომ თავისი ინტუიციით, ასოციაციური აზროვნებით, იმპულსურობით, სპონტანურობით ხედავს მას, როგორც უწყვეტ დაძაბულ მოძრაობას.

 

მამუკა კარტოზია,
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი

Publish the Menu module to "offcanvas" position. Here you can publish other modules as well.
Learn More.