26 მაისის საპროტესტო აქცია კარგა ხნის განმავლობაში გაჰყვება ქართულ საზოგადოებას. ისე, როგორც დღეს, ადგილი ექნება ხელისუფალთა და თვით პროტესტანთა კრიტიკას,
ხშირ შემთხვევაში ლანძღვა-გინებას. დროთა განმავლობაში ვნებათა-ღელვა განელდება. გაახსენდებათ, თუმცა ნაკლები ცეცხლით, სიმწვავით. დრო თავისას იზამს! ახლობლები გაიხსენებენ იმათ, ვინც „სპეცნაზთან“ უთანასწორო ბრძოლაში დალია სული.
26 მაისი სხვა დროს, სხვა ვითარებაში რომ მომხდარიყო, უდავოდ გახდებოდა მსოფლიო საზოგადოების სერიოზული მსჯელობის საგანი, მაგრამ საყოველთაო არაბული რევოლუციების, ასეულობით ადამიანის სიკვდილის, ათასობით დასახიჩრებულის, გადამწვარი მაღაზიებისა და მანქანების ფონზე 26 მაისმა ერთობ მოკრძალებული ყურადღება მიიპყრო, დაახლოებით ისეთი „ბი-ბი-სის“ ან „ევრონიუსის“ ახალ ამბებში, რომ თვალს მოჰკრავ რაღაცას და მზერას არ შეაჩერებ.
ხელისუფლებას აქაც გაუმართლა, ზუსტად მეორე დღეს ესპანეთის მომიტინგეებიც ძალისმიერად დაშალა პოლიციამ - ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით, რეზინის ტყვიებით. თუმცა არის განსხვავებაც - იქ ხალხი არ დახოცილა. აქ დაიხოცა. სამწუხაროდ, ზუსტად არავინ ამბობს რამდენი. არიან დაკარგულებიც, რაც თავისთავად აძლიერებს ეჭვს, რომ ბევრი მათგანი ამ ქვეყანას აღარ არის.
26 მაისის საპროტესტო აქცია მასშტაბურობით აშკარად ჩამოუვარდება წინა წლების აქციებს, მაგრამ მის წინააღმდეგ გამოყენებული სადამსჯელო ოპერაციის დიაპაზონით ის ყველა დანარჩენს აჭარბებს, ცხადია უპირველეს ყოვლისა მსხვერპლით.
26 მაისის სადამსჯელო ოპერაციის შემდეგ ხელისუფლება წარბშეუხრელად აგრძელებს „საქმიანობას“. დარბევის ორგანიზატორი, მისთვის ჩვეული სიხალისით, ახორციელებს უცხოურ ვიზიტებს, ბრტყელ ინტერვიუებს აძლევს დასავლურ ტელეკომპანიებს და ბეჭდვით მედიას, უცხოელ ჟურნალისტთა მოკრძალებულ კითხვაზე - მომიტინგეების დაშლასთან დაკავშირებით, რიხით პასუხობს ერთი და იგივეს, რახანია მათაც და ჩვენც ყურები, რომ გვაქვს გამოჭედილი - პროტესტანტები კრემლიდან იმართებოდნენ, გადატრიალების გეგმა მოსკოვში დაიწერა და ა.შ.
26 მაისმა ქართულ საზოგადოებას ბევრი რამ დაანახა, მაგრამ ტელეკომპანიების პროპაგანდისტულ ბადეში მოქცეულს უჭირს მტყუან-მართლის გარჩევა. ხელისუფლებასთან ერთად თუ ვინმეს აკრიტიკებენ - ბურჯანაძე და „სახალხო კრებაა“. კრიტიკოსთა რიგშია ოპოზიციური პარტიები. ეს უკანასკნელნი „სახალხო კრებას“ ხელისუფლებაზე მეტ პასუხისმგებლობას აკისრებენ.
კრიტიკის თვალსაზრისით, გამოირჩევა „რვიანად“ ცნობილი გაერთიანება. მისი პოლიტიკური ბრძოლის სტილი განსხვავებულია „სახალხო კრებისაგან“. „რვიანს“ სურს ხელისუფლების დემოკრატიული გზით - არჩევნებით შეცვლა და არა ქუჩის აქციებით. მათი გეგმა ნათელია და ემთხვევა ამერიკელ მარჩენალთა გეგმას. ოფიციალურ ვაშინგტონს არ სურს ამბოხი საქართველოში, მითუმეტეს ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილი.
ვაშინგტონში ალმაცრად უყურებენ არა მარტო „სახალხო კრებას“, არამედ ბურჯანაძეს და მის პარტიას, რაც ვერაფრით გაიგო მან (ბურჯანაძემ) და მისმა ხალხმა. ვაშინგტონს აქეთ-იქით მოდრეიფენი არ აწყობს. ვაშინგტონს აწყობს მისი პირდაპირი მხარის დამჭერი მეხოტბეები - ისეთები, როგორებიცაა ალასანია, გამყრელიძე, უსუფაშვილი, თარგამაძე, სხვები და არა ბურჯანაძე. ამ მარტივი ჭეშმარიტებიდან გამომდინარე, დასავლური მედია ბურჯანაძეს ყოველთვის მოიხსენიებს, როგორც ყველაზე დაბალრეიტინგიან პოლიტიკოსს.
ბურჯანაძეს ხელისუფლება კრემლთან კონტაქტებში ადანაშაულებს, უფრო მეტიც, 26 მაისის მიტინგს მას (კრემლს) აწერს. გაკვრით თუ პირდაპირ იგივეს იმეორებს „ოპოზიცია“, საზოგადოების გარკვეული ნაწილი - ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი. ხელისუფლების პროპაგანდას აყოლილი მოსახლეობის ნაწილი რუსეთს მტრად მიიჩნევს, რაც არ არის გასაკვირი. თემა არახალია.
20 წელზე მეტია პოლიტიკოსებისა და მედიის გაბმული ყვირილით - რუსეთი მტერი, აშშ-ი - მეგობარია, ნატო და დასავლეთი, ქართული ოცნება და იმედია, გარდა ამისა უმთავრესი მიზანი, რუსეთი კი მიუღებელია - ოკუპანტი და თანამედროვე შოვინიზმის მატარებელი.
საქართველოს პოლიტიკა, ოპოზიცია-ხელისუფლების ჩათვლით, აშშ-ს და დასავლეთს ეტრფის, მათ შორის ბურჯანაძეც. არც მას ჰყოფნის სითამამე, თქვას ის, რაც უნდა თქვას მის ადგილზე მყოფმა პოლიტიკოსმა, გაცილებით შეგნებულმა, ვიდრე ყველა ერთად აღებულმა ოპოზიციამ. ბურჯანაძემ იცის, რა მოუტანა დასავლეთთან ჩახუტებამ საქართველოს. იცის, მაგრამ არ ამბობს - ხმამაღლა, გამოკვეთილად. იქნებ 26 მაისის შემდეგ თქვას?! გამოკვეთილი პოზიცია საჭიროა მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ისე საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილისთვის, რომელიც ასე ფიქრობს.
მან უნდა თქვას, რომ ნატოში შესვლის სურვილმა მოგვიტანა ის უბედურება, რასაც საქართველოში აქვს ადგილი. ნატოსკენ სვლამ დაგვაკარგვინა ისედაც მცირე მიწის 20%. დასავლეთთან ურთიერთობამ მოსპო მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, სპობს მშობლიურ ენას, რომ სულ მალე საქართველოს მაცხოვრებელი საკუთარ ქვეყანაში მეორეხარისხოვან მოქალაქედ გადაიქცევა.
26 მაისმა გამოკვეთა შეუპოვრობა პოლიტიკოსის, რაც ესოდენ დიდი დეფიციტია არა მარტო ქართულ პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაშიც. და რამდენად მიუღებელი ან შურისმომგვრელი არ უნდა იყოს „რვიანისა“ და სხვა პარტიებისთვის - ქალმა გამოავლინა ეს თვისება, მან გადაწონა მამაკაცებით გაჯერებული ქართული პოლიტიკური სასწორი თავის მხარეს. სწორედ ამიტომაც აკრიტიკებენ მას მწარედ არა მარტო ისინი, არამედ დასავლეთიც - ბურჯანაძის პრომოსკოვურად აღმქმნელნი. დაჟეჟილს გატეხილი სჯობსო - ამბობს ქართველი. იქნებ ამ ბრძნული გამოთქმით იხელმძღვანელოს მან და დასაბუთებულად აუხსნას ქვეყანას, ხალხს, რა უპირატესობა აქვს ამ გზას ან საერთოდ აქვს თუ არა მას უპირატესობა. კოკისპირულ წვიმაში მდგარს, „სპეცნაზის“ კვერთხის, გაზისა და რეზინის ტყვიების გამძლეს, არ უნდა გაუჭირდეს მსგავსი განცხადების გაკეთება.
26 მაისმა გამოკვეთა ქართულ საზოგადოებაში სასწაულად შემორჩენილი პროტესტანტული სული. მას გაფრთხილება ესაჭიროება, პოლიტიკოსთა მხრიდან შეძახილი და არა ქოქოლის დაყრა, შეურაცხყოფა, მაგრამ შეძლებს კონფორმიზმს დაჩვეული პოლიტიკა ამას?
26 მაისმა, სწორედაც საკუთარი სიბრიყვის, შორსმჭვრეტელობის არ ქონის გამო, თავდაჯერება შემატა ხელისუფლებას, რამაც უმალ იჩინა თავი სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებების მიღებაში. კვლავ გაიხსენეს ნატახტარი და მისი როლი მოსახლეობის საქონლის ხორცით მომარაგების საქმეში. ნატახტარმა თავხედურად ისევე, როგორც წინათ, თავისი მოითხოვა, მაშინ ხორცზე ფასებმა იმატა შესაბამისად სხვა პროდუქტებზეც. ამჟამინდელ მოთხოვნასაც ისეთივე დასასრული ექნება, რასაც 6 თვით ადრე, ანუ ფასების მატება. სადამდე!
ბევრი ქართველისთვის კვების ისეთი აუცილებელი პროდუქტი, როგორიც ხორცია, სანატრელი გახდა. ხელისუფლების ეს შეტევა არ ჩანს, ისე, როგორც 26 მაისის, თუმცა შედეგი არანაკლებ სავალალოა. ხელისუფლება დარწმუნდა, რომ პროტესტანთა წამალი ერთია - ცემა.
2007, 2009, 2011 წლების სადამსჯელო ოპერაციები კიდევაც ჰგავს ერთმანეთს და განსხვავებულიცაა. თუ პირველ ორში მხოლოდ დასახიჩრებულებით შემოვიფარგლებოდით, 2011 წელს - მსხვერპლიც გაჩნდა, ანუ ხელისუფლების სადამსჯელო საქმიანობაში აშკარა პროგრესი შეინიშნება. სად არის დემოკრატიული და სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ი?, იკითხავს მავანი. ის იქ არის, სადაც ყოველთვის. მისი პოზიცია ურყევია, როგორც ყოველთვის. ის უჭერს და კვლავაც მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ სააკაშვილს, ვინაიდან სააკაშვილი „დემოკრატიის შუქურაა“. მსგავსი დემოკრატიის შუქურებს თავდავიწყებით იცავს ვაშინგტონი, რაც კარგად აქვს შეთვისებული საქართველოს პრეზიდენტს.
ვაშინგტონს ხალხი არ აინტერესებს. მას აინტერესებს ხალხში საკუთარი მიზნების გამტარებელი ხელისუფლება. ვაშინგტონი თითქმის ბოლომდე უჭერდა მხარს ტუნისის და ეგვიპტის დიქტატორებს. ხალხს ახსოვს მუბარაქისა და ბენალისადმი გაგზავნილი რბილი ვაშინგტონური მესიჯები. მაგრამ, როდესაც ვითარებამ კულმინაციას მიაღწია, ვაშინგტონი იძულებული იყო ეთქვა - ჩვენ ხალხის მხარეზე ვართო.
სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ვაშინგტონი მას არ გაწირავს, ამიტომაცაა თავდაჯერებული. მან იცის, რომ აუგ სიტყვას არავინ ეტყვის, მითუმეტეს აშშ-ს ადმინისტრაცია. ე.წ. ოპოზიცია ცდება ან პრიმიტიულად გულს იკეთებს, როდესაც ამბობს - ვაშინგტონი ნეგატიურად არის სააკაშვილის მიმართ განწყობილიო.
აშშ-ს პოზიცია გარკვევით დააფიქსირა ელჩმა ბასმა. მას წარბიც არ შეუხრია ისე დაუჭირა მხარი ხელისუფლების სადამსჯელო ქმედებას. „სააკაშვილისეულ დემოკრატიას“ დაცვა სჭირდება, თორემ რუსეთი შემოამტრევს კარს. და დაირაზმნენ ამერიკელი პოლიტიკოსები „ქართველი ხალხის“ დასაცავად ისე, როგორც ამას აკეთებენ ლიბიაში, ოღონდ ერთია - იქ, ლიბიაში ვაშინგტონ-ბრიუსელი ლიბელიებს კადაფისაგან იცავს - მერე რა, რომ დიდი მსხვერპლით. ნატოს თავდასხმის შედეგად დახოცილი მშვიდობიანი ლიბიელები არ ითვლება, მათი ხოცვა შეიძლება, მაგრამ არ შეიძლება ბენგაზელთა ხოცვა - ისინი ამერიკელთა და ნატოს მიმართ დადებითად არიან განწყობილნი.
ამერიკელთა აზრით, ანტისახელისუფლებო მიტინგზე საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება უკიდურესი ზომები გამოიყენოს, კრემლის მიერ დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების ასალაგმად, მსხვერპლიც დასაშვებია. ცხადია პროტესტანტებში, არავინ კითხულობს, რამდენად შეესაბამება სააკაშვილ-ვაშინგტონისეული შეთხზული ზღაპარი სინამდვილეს. არავინ ამბობს, რომ პლასტმასის ჯოხით „შეიარაღებული“ 1.500 მომიტინგე, უმეტესად შუახნისა და მეტი ასაკის, ვერავითარი გადატრილების მომწყობი ვერ იქნებოდა. ეს ვერსია კარგად საღდება არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც.
მაინც რა გაუთავებელი, მიზანმიმართული ქმედება ახასიათებს რუსეთს, მასაც, რომ შეშურდება. სჯერათ ამ ზღაპრის? ცხადია სჯერათ. თუ არა, ძალით დაგაჯერებენ „საიდუმლო“ ვიდეო-მასალებით, სატელეფონო საუბრებით. ხელისუფლება - ვაშინგტონის მტკიცებით, საქართველო გადაურჩა მორიგ რუსულ აგრესიას. და რომ ეს ასეა, ოპოზიციაც ამტკიცებს - დაბეჯითებით, „საქმის ღრმა ცოდნით“, მისთვის ჩვეული „სიმართლით“.
ნამდვილ სიმართლეს, ფარდის ახდა ესაჭიროება. შეძლებს ამას ეულად დარჩენილი „სახალხო კრება“? ან დაუჯერებს მოსახლეობა მას? საზოგადოების დარწმუნებას თანმიმდევრული, პროფესიონალური ახსნა-განმარტება ესაჭიროება, თანაც კარ და კარ სიარული, ხალხთან ლაპარაკი, საკუთარი სამომავლო გეგმების გაცნობა, ახსნა იმისა, რით იქნება სხვა უკეთესი, ხელისუფლების ცვლის შემთხვევაში.
საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც გამოვლილი აქვს კომუნისტური მმართველობის პერიოდი და დედის რძესავით შერგებული აქვს, რომ არჩევნებში მას არ „აწუხებდნენ“, მას „ურჩევდნენ“ ხელისუფლებას, მიეჩვია სააკაშვილის ბატონობას. მან იცის, რა ჭირიც არის სააკაშვილი, მაგრამ თავის განძრევა არ სურს. საკუთარი თავის მართლების მიზნით ათას მიზეზს ასახელებს ერთობ მიუღებელს, სასაცილოს - ბურჯანაძის ქუსლებიდან დაწყებული, ოჯახის წევრებით დამთავრებული.
ქართულ საზოგადოებას პოლიტიკოსთა მიმართ ბევრი აქვს წამოსაძახებელი, რაც უნდა გაითვალისწინოს პოლიტიკაში ფეხშედგმულმა. ერთმანეთის ნაკლოვანების ძახილში 8 წელი მიილია. ქვეყნის ფეხზე მყარად დაყენების სავარაუდო რვა წელი წყალმა წაიღო.
26 მაისმა არა მარტო ხელისუფლება დაარწმუნა საკუთარ ძალებში, არამედ საზოგადოებაც საწინააღმდეგოში, რომ არც არჩევნებით და არც ქუჩის მიტინგებით ხელისუფლების ცვლა შეუძლებელია. როგორც ბასმა ბრძანა, ბაიდენ-სააკაშვილის რომის შეხვედრის დროს, ვიცე-პრეზიდენტს სააკაშვილის გასაგებად უთქვამს, მომავალი არჩევნები დემოკრატიულად უნდა ჩატარდესო. არჩევნები სწორედაც ისე ჩატარდება, როგორც სააკაშვილი ისურვებს, თანაც მისი მტკიცებით, ზედემოკრატიულადაც, რასაც უსიტყვოდ დაიჯერებს ოფიციალური ვაშინგტონი. უფრო მეტიც, ის პირველი იქნება გაყალბებული არჩევნების გალეგიტიმურებაში, ისე, როგორც 26 მაისს მიტინგის დასჯის დროს.
ეს რომ არ მოხდეს, სწორედ ამისთვისაა საჭირო მეტი ძალისხმევა, შრომა, თავდადება, წინააღმდეგ შემთხვევაში მრავალი 8 წელი ჩაივლის ამერიკელ პოლიტიკოსთა აღფრთოვანებულ შეძახილებში. კიდევ არაერთ ფილმს გადაიღებენ ჰოლივუდში, ცხადია შეკვეთით, საქართველოს მოსახლეობის ფულით, კიდევ არაერთი ენდი გარსია გამოჩნდება სააკაშვილის პერსონის ეკრანზე გადატანისთვის, კიდევ ერთხელ, შესაძლოა არაერთხელ გააღმერთებენ სააკაშვილს წარმატებული, დემოკრატიული პოლიტიკის გატარებისთვის, "რუსული ურჩხულის" წინააღმდეგ "მედგარი ბრძოლისათვის".
ჰამლეტ ჭიპაშვილი