ვალერიან ადვაძე
აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემების გადაწყვეტის გასაღები მოსკოვის ხელშია, ამბობდა შევარდნაძე.
მაგრამ ამ გასაღებს დასავლეთში, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ეძებდა და მათი მეშვეობით “უტევდა” რუსეთს. მან ვერ ჩაიგდო ხელში “გასაღები” და გადააბარა ხელისუფლება თავის მემკვიდრეებს უგასაღებოდ და მოქმედების წესიც იგივე უანდერძა. დღევანდელი ხელისუფლებაც იმავე კურს აგრძელებს. ნიუ-იორკიდან, სტრასბურგიდან, ბრიუსელიდან, ვენიდან, სტამბულიდან “უტევს” რუსეთს. მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსების ჯაფა ფუჭი ვაზნების სროლას ჰგავს, რადგან შედეგი იყო და არის იგივე - ნული!. “ცივილიზებული” ევროპა და აშშ 15 წელიწადია “გვეხმარებიან” კონფლიქტების მოგვარებაში, აღიარებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო ორგანიზაციები ღებულობენ რეზოლუციებს ჩვენს მხარდასაჭერად. გაერომ 35 რეზოლუზია მიიღო აფხაზეთის საკითხზე. შედეგი - ნული! მხოლოდ 2005 წლის სექტემბერში პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ზურაბიშვილმა განაცხადეს, რომ ვერც გაერო და ვერც ეუთო ვერ დაგვეხმარა კონფლიქტების მოგვარებაში და მკაცრად გააკრიტიკეს ისინი. ამით ფაქტობრივად აღიარეს, რომ შევარდნაძისა და მისი მემკვიდრეების რუსეთზე დასავლეთიდან 12-წლიანი “შეტევა” უაზრობა იყო.
საქმეც ის არის, რომ ჩვენი დასავლელი “მეგობრები” ჩვენი პრობლემების გადაწყვეტისათვის განცხდებებსა და რეზოლუციებზე შორს არ მიდიან და არც წავლენ, მით უფრო, ომს არ დაუწყებენ რუსეთს. ამიტომ მათი უთვალავი რეზოლუციები და მოწოდებები რუსეთისადმი ფარისევლური საფარველია, აფიორაა, რომელთაც რუსეთი აღარც აქცევს ყურადღებას. ის კი მწარე რეალობაა, რომ ჩვენ მათ ნამდვილად და დიდი ხნით გადაგვკიდეს რუსეთს. ასეთი “დახმარებით” მრავალი წლის შემდეგაც ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს წინ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების გზაზე, ესეც აშკარაა. რუსეთ-საქართველოს შორის უმძაფრეს დაპირისპირებას, ცივი ომის მდგომარეობაში ყოფნას ჩვენი პოლიტიკური ელიტა მთლიანად რუსეთის ხელისუფლებას აბრალებს. მიზეზი? იგი, რუსეთი, ერთადერთი სახელმწიფოა დედამიწის ზურგზე, რომელიც ვერ შეურიგდა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობას და გაძლიერებას. დაუჯერებელია, რადგან მაშინათვე იბადება კითხვა: რუსეთი თუ შეურიგდა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსიის და ა.შ. დამოუკიდებლობას, მათთან აქვს ნორმალური სახელმწიფოებრივი ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში, არ იმყოფება ცივი ომის მდგომარეობაში, როგორც ჩვენთან, რაღა მაინცდამაინც საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ შეურიგდა? რუსეთის ხელისუფლების მიერ ქართული ღვინოს, “ბორჯომის” შეტანის აკრძალვა ეს ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის ფასიაო, გაჰკივიან ჩვენი მმართველნი. რუსეთს სურს წაგვართვას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობაო. ესეც დაუჯერებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ორასი წლის მანძილზე ქართველი ერის საოცნებო და ნანატრი ჩვენი დამოუკიდებლობა, მოპოვებული 1991 წელს, ჯერ კიდევ შევარდნაძემ ჩააბარა ამერიკის შეერთებულ შტატებს. შემდეგ, კერძო საუბრებში წუწუნებდა: ესენი ვინ ყოფილან, ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამ მათთან შეუთანხმებლადო. ერთი სიტყვით, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ჩვენ დღეს აღარ გვაქვს და როგორ წაგვართმევს რუსეთი იმას, რაც არ გვაქვს? საქმე სხვაგვარადაა. ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რაც ჩვენ გვინდა და მოვითხოვდით და მოვითხოვთ რუსეთისაგან: გაიყვანოს თავისი სამხედრო ბაზები ჩვენი ტერიტორიიდან და რუსი სამშვიდობო ძალები – კონფლიქტის ზონებიდან, დაგვიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი; განურჩევლად მიიღოს თავის ბაზარზე ჩვენი ხარისხიანი და უხარისხო საქონელი, შეურიგდეს იმას, რომ ჩვენ ნატოში შევდივართ და ნატოს სამხედრო ბაზები იქნება ჩვენს ტერიტორიაზე. ამავე დროს ჩვენმა პრეზიდენტმა თავისი საქმიანობის მთავარ ამოცანად დაისახა რუსეთის სახელმწიფოს იმიჯის დისკრედიტაცია მსოფლიო არენაზე, როგორც “არასაიმედო პარტნიორისა”. უფრო მეტიც, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტმა საფუძველი ჩაუყარეს “დემოკრატიუილ არჩევანს” – ე.წ. დემოკრატიულ სახელმწიფოების თანამეგობრობას, რომლის მიზანია რუსეთის ირგვლივ მტრულ სახელმწიფოთა ბლოკის შექმნა და შექმნეს კიდეც. ნატოს და დასავლეთი ნახევარსფეროს სახელმწიფოს აშშ-ს აქვს და კიდეც უნდა ჰქონდეს სტრატეგიული ინტერესები საქართველოშიო. ეს არავისი განსჯის საგანი არ უნდა იყოსო. ხოლო ჩვენს ჩრდილოელ დიდ სახელმწიფოს – რუსეთს, “კარის მეზობელს”, უფრო მეტი სტრატეგიული ინტერესები რომ ჰქონდეს საქართველოში, ამის შესახებ კითხვის დასმაც კი მკრეხელობად ითვლება და შეიძლება ერის მოღალატედ გამოაცხადონ კითხვის ავტორი. რა ჩვენი საქმეა, რა სურს რუსეთს, ვინ ჰკითხავს რუსეთს ჩვენ საით მივდივართო, აცხადებენ ისინი. ერთი სიტყვით, ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ რუსეთი დიდი ხანია “ჩამოწერა” ანგარიშიდან და ამ ქვეყნად მისი არსებობა ჩვენში მხოლოდ მისი ლანძღვით იგრძნობა. აი ასეთია სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ჩვენი პოლიტიკური ელიტისეული გაგება, პოლიტიკა და დიპლომატია. ყოველივე ამის შემდეგ კარგს რას უნდა ველოდოთ რუსეთისაგან? ნატოში შესვლა ყველა ქართველის, საქართველოს ყველა მოქალაქის “საუკუნოებრივი ოცნებაა”, ნებააო. ხოლო დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ამ ოცნების, ქართველი ხალხის ამ ნების აღსრულებაზე ზრუნავს, მისთვის არის დამაშვრალიო. შეიძლება ეს მართლაც ასე იყოს, მაგრამ ჩატარდა დისკუსია ამ საკითხზე, რათა გაგვეანალიზებინა, თუ ნატოში შესვლით რას მოიგებს და რას წააგებს საქართველო? ჩვენ, ქართველებს, თუნდაც ყველას რომ გვინდოდეს ნატოში შესვლა, მრავალეროვანი საქართველოს სხვა ერების მოსახლეობას, მათ შორის ოსებსა და აფხაზებს, ჩვენი სახელმწიფოს სრულუფლებიან მოქალაქეებს, ასევე სწყურიათ ნატოში შესვლა? ჰკითხეს კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, ამის შესახებ, რომელთა დაბრუნებაზეც ჩვენ ყველა ნამდვილად ვოცნებობთ? თუ მათ აზრს არ აქვს მნიშვნელობა? ასე, რომ ქართველი ხალხის “საუკუნოებრივი ოცნება” ნატოში შესვლაზე ცოტა სხვანაირად უნდა განვიხილოთ. ნატოში შესვლა რუსეთის მტრად გადაკიდების ფასად? თანაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღსადგენი გაქვს. მართალია, როგორც საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებს, მსოფლიოს ყველა ქვეყანა მხარს გვიჭერს, გარდა რუსეთისა, მაგრამ ხომ სწორედ ჩვენი ხელისუფლება აცხადებს იმასაც, რომ რუსეთის მხარდაჭერაა გადამწყვეტი ამ საკითხში? თანაც არც ერთი სხვა სახელმწიფოს მხარდაჭერა ზეპირ განცხადებებზე შორს არ მიდის. არც ერთი სახელმწიფო, მათ შორის აშშ, არ გაიფუჭებს ურთიერთობას რუსეთთან ჩვენდამი სამხედრო დახმარებით. უკანასკნელი 15 წლის ისტორია ამას ადასტურებს. მხოლოდ რუსეთის მხარდაჭერა რომ გვქონოდა, დღეს უფრო ახლოს ვიქნებოდით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, ვიდრე მთელი საერთაშორისო საზოგადოებრიობის სიტყვიერი თანადგომის პირობებში, რუსეთის გამოკლებით. შეიძლებოდა აღნიშნული პრობლემა საერთოდაც არ გვქონოდა. ამჟამად, აშშ-რუსეთს შორის ცივ ომში ამერიკის მხარეზე ვართ ჩართული და მთლიანად იქიდან ვიმართებით. ამიტომ ვართ ჩვენც დიდ მეზობელთან – რუსეთთან ცივი ომის მდგომარეობაში, რაც აბსოლუტურად არ პასუხობს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, პირიქით, ამ ინტერესის საწინააღმდეგოა და ამაშია ჩვენი უბედურება. რუსეთთან ჭიდაობის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ეს უფლება რუსეთს კი არ წაურთმევია ჩვენთვის, არამედ ჩვენივე სახელმწიფოს ინტერესებმა წაგვართვა. უნდა ვიცოდეთ ჩვენი ადგილი მსოფლიო სახელმწიფოთა სისტემაში. რუსეთს ჩვენ ვერ შევეჯიბრებით ვერც ტერიტორიის მასშტაბებით, ვერც მოსახლეობის რაოდენობით, ვერც ეკონომიკური, სამხედრო და სხვა რესურსული პოტენციალით. ამიტომ თუ მას დავუწყებთ ჭიდილს, ცხადზე უცხადესია, რომ დავმარცხდებით. განსხვავება ძალზე დიდია. იგი არ შეიძლება დაინახოს მხოლოდ იმან, ვისაც სურს, რომ არ დაინახოს. გასათვალისწინებელია თვით რუსეთის განვითარების პერსპექტივები. რუსეთის ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი დღითი დღე ძლიერდება, მისი ავტორიტეტი მსოფლიოში სისტემატურად იზრდება, მისი გეოპოლიტიკური პრეტენზიებიც მატულობს, რასაც სულ უფრო და უფრო ნაკლებად ეწინააღმდეგება უსამართლო ომების ჭაობში უიმედოდ ჩაფლული აშშ. ერთი რამ, აბსოლუტურად ნათელია: ვიდრე არ ვიქნებით დამოუკიდებელი ნეიტრალური სახელმწიფო, არ გვექნება რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ოცნებაც ზედმეტია. ჩავებით რა რუსეთთან ცივ ომში, უკვე წინასწარ მოვაწერეთ ხელი ჩვენი კაპიტულაციის აქტს! ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც 1990-იან წლებში მთლიანად მართავდა რუსეთს, არ შეაჩერა სეპარატისტებისადმი რუსეთის დახმარება და აფხაზეთში ომი წაგვაგებინა. ამიტომაც არ აცხადებდა იგი მაშინ პროტესტს რუსეთის თვითმფრინავების მიერ აფხაზეთის დაბომბვის, ეთნიკური წმენდის, გენოციდის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო. რუსეთთან “ცხელ” ომში, დღეს თუ იგი დაიწყება, რეალურად აშშ არ დაგვეხმარება. მართალია, ამჯერად, მწამს, ზეპირ განცხადებებს არ დაგვამადლის. მაგრამ რუსეთთან ჩვენი ომი საქართველოს სრული დაშლით დამთავრდება. ნუთუ 15 წლის გამოცდილება საკმარისი არ არის, რომ ვინც ფიქრობს საკუთარი ქვეყნის სიკეთეზე, იბრძვის ჩვენი საკუთარი ეროვნული და არა გადამთიელთა ინტერესებისათვის, გაიგოს, რომ რუსეთთან კონფრონტაციის პოლიტიკის არ მივყევართ და მათ უფრო მომავალში არ მიგვიყვანს სასურველ შედეგთან და იგი კარდინალურად უნდა შეიცვალოს. ამასობაში, “ცივილიზებულ” დასავლეთთან “ჩახუტებულები” ვკარგავთ ენას, მამულს, სარწმუნოებასა და ეროვნულ სულიერებასაც. გვისპობენ მეცნიერებას, განათლებას, ეროვნულ კულტურას. ქართველი ხალხი უნდა მიხვდეს ყოველივე ამას. რეალურად შეაფასოს შექმნილი სიტუაცია და შეეცადოს გამოიყვანოს ქვეყანა გაჭიანურებული დამანგრეველი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და სულიერი კრიზისიდან, აღადგინოს ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა.
სტატია გამოქვეყნდა გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკაში” 2008 წ. 1 მაისს. იბეჭდება ავტორის ნებართვით.