მედვედევი და პუტინი: განსხვავებულ იდეოლოგიათა კონკურენცია?

როგორც დასავლური, ისე რუსული ლიბერალური მასმედია მუდმივად აკეთებს აქცენტს პრეზიდენტ მედვედევსა და პრემიერ-მინისტრ პუტინს შორის რეალურ თუ გამოგონილ დაპირისპირებაზე. რა ნაირ-ნაირ სათაურებს არ იგონებენ ჟურნალისტები თავიანთი მასალებისათვის, რომლებშიც აღწერენ იატაკქვეშა ბრძოლას 2012 წლის არჩევნების წინ, თუმცა ამგვარი დაპირისპირების დაწყებაზე თუ არა, მის შესაძლებლობაზე პრაქტიკულად უკვე 2008 წელს მედვედევის ინაუგურაციისთანავე ალაპარაკდნენ.

ამასთან, მედვედევი წარმოჩენილია, როგორც პუტინთან შედარებით უფრო ლიბერალი და პროდასავლური, რეფორმებისადმი მიდრეკილების მქონე პოლიტიკოსი, მას უკავშირებს გარკვეულ იმედებს დასავლურად განწყობილი რუსული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი.

მედვედევი და პუტინი ორი განსხვავებული პიროვნებაა, თავიანთი ცხოვრებისეული შეხედულებებითა და პრიორიტეტებით, ისევე როგორც საკუთარი მმართველობის სტილით. სხვა სიტყვებით, მათ მიდგომებში განსხვავებები გარდაუვალი იყო და არ იყო მოულოდნელი, რომ ამგვარ განსხვავებებს ადგილი აღმოაჩნდა. ეს ეხება არა მხოლოდ მედვედევსა და პუტინს, არამედ ნებისმიერ სხვა “ტანდემს” - ყოველ ცალკეულ პოლიტიკოსს, როგორც თვითკმარ პიროვნებას, ხომ საკუთარი “ხელწერა” აქვს.

მაგრამ რამდენად არსებითია სხვაობები მედვედევის მიდგომას, ერთის მხრივ და პუტინის მიდგომას შორის, ცენტრალურ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით? არის სტრატეგიასა და ტაქტიკაში არსებული ეს განსხვავებები იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შეიძლებოდეს, მათ ვუწოდოთ იდეოლოგიური განსხვავებები?

ამასთან, არ უნდა დავკავდეთ საკითხით, თუ რომელი მათგანი გახდება რუსეთის მორიგი პრეზიდენტი, ჩვენი ინტერესის ობიექტია ის, თუ რამდენად რადიკალურად განსხვავებული რეალობა შეიძლება წარმოიშვას რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მედვედევის პრეზიდენტობის გაგრძელების შემთხვევაში იმასთან შედარებით, თუ რა ვითარება იქნება პუტინის პრეზიდენტად დაბრუნების შემთხვევაში.

ამ საკითხის გასარკვევად არ არის საჭირო თეორიული განსჯა და ძიებანი, საკმარისია, ოდნავ უფრო ყურადღებით დავაკვირდეთ მედვედევისა და პუტინის დამოკიდებულებას სახელმწიფო პოლიტიკის ზოგიერთი საკვანძო საკითხისადმი.

მედვედევი და პუტინი პრაქტიკულად ერთიანი არიან შემდეგ პუნქტებთან დაკავშირებით:

- ძლიერი ცენტრისა და სახელისუფლებო ვერტიკალის შენარჩუნება, რესპუბლიკებისა და მხარეების მეთაურთა დანიშვნა კრემლის მიერ, მათი კონტროლი უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტის უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით. სახელმწიფო მოწყობის ეს მოდელი ადრეული ვლადიმერ პუტინის მიერ არის შექმნილი, მედვედევიც მთლიანად იზიარებს პუტინის სისტემას, რუსული სახელმწიფოებრიობისთვის ამ, მართლაც და, გადამწყვეტ საკითხში. ამის შესახებ მან გასულ დღეებში პირდაპირ განაცხადა სკოლკოვოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე;

- დასავლეთის მიერ თავს მოხვეული “დემოკრატიზაციის”, განსაკუთრებით კი “ფერადი რევოლუციების” მიუღებლობა როგორც საკუთრივ რუსეთის, ისე დსთ-ს ფარგლებში. აღნიშნულ საკითხში პუტინთან მედვედევის სოლიდარობის გამოვლენად შეიძლება, სხვა მოვლენებთან ერთად, მივიჩნიოთ 2008 წელს ცხინვალში სააკაშვილის ქმედებებზე ცალსახა რეაქცია და პირადად სააკაშვილთან შერიგების შესაძლებლობის გამორიცხვა;

- მედვედევისთვის, ისევე როგორც პუტინისთვის, მიუღებელია ამერიკული სარაკეტო თავდაცვის პროგრამა რუსეთის მონაწილეობის გარეშე. ამასთან, დასავლეთთან თანამშრომლობა ბევრ საკითხში, ნატო-სთან თანამშრომლობის ჩათვლით - მისი აღმოსავლეთით გაფართოების გარეშე, იმდენადვე ახასიათებს მედვედევის პოლიტიკას, რამდენადაც პუტინისას, თუნდაც მედვედევის განცხადებები და მოქმედებები, გარეგნულად, შესაძლოა, უფრო “პროდასავლურად” აღიქმებოდეს;

- მედვედევს არანაირი სურვილი არ გამოუხატავს, წავიდეს პუტინის წინააღმდეგ ხოდორკოვსკის საქმეში, რომელიც უკვე დიდი ხანია, რუსეთის ხელმძღვანელობის პრინციპულ პოზიციად იქცა;

- რუსეთი მედვედევის პრეზიდენტობის დროს თავის თავის პოზიციონირებას ახდენს, როგორც დემოკრატიული, ლიბერალური, ამ აზრით “ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობისგან” არაფრით განსხვავებული ძალისა. რუსეთი მხოლოდ თავის პოტენციალსა და მნიშვნელობას უსვამს ხაზს, მას სურს, რომ მსოფლიოში მას ანგარიში გაუწიონ, მაგრამ არ სურს, დასავლეთთან კონფრონტაციის მდგომარეობაში იმყოფებოდეს იდეოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით - მისი ოფიციალური იდეოლოგია “ანტისტალინური”, ზომიერად ნაციონალისტურია, დასავლური აზროვნების წესის ფარვატერშია მოქცეული. მაგრამ ყოველივე ამას ადგილი ჰქონდა პუტინის პრეზიდენტობის დროსაც. ისტორიის ქექვა ტაქტიკური მოსაზრებებით, როგორც მაგალითად, კატინის გამო ბრალის “აღიარებაა”, ისევე, როგორც მცდელობები, საბჭოთა პერიოდის ყველა ნეგატივი გადაბრალებულ იქნას “სტალინის რეჟიმზე”, ხოლო “სტალინის რეჟიმის” მიღწევები მიეწეროს აბსტრაქტულ და დეპერსონიფიცირებულ “ხალხს”, მედვედევის პრეზიდენტობის დროს გაკვირვებას არ იწვევს, ვინაიდან სწორედ პუტინმა, როდესაც ის პრეზიდენტი იყო, თავის თავში ვერ იპოვა ძალები და პრინციპულობა, გადაეხვია ხრუშჩოვულ-გორბაჩოვულ-ელცინური კურსიდან უახლესი ისტორიის იდეოლოგიური შეფასების საკითხში. სწორედ პუტინი, როდესაც იგი არჩეულ იქნა პრეზიდენტად, ეწვია ალექსანდრე სოლჟენიცინს სახელმწიფოს მიერ მისთვის ჩუქებულ აგარაკზე და, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მას ეკითხებოდა აზრს რუსეთის წინაშე მდგარი სხვადასხვა პრობლემის გარშემო. იმავე პუტინმა მხარი დაუჭირა სასკოლო პროგრამებში სოლჟენიცინის ნაწარმოებების შეტანას და “ტოტალიტარიზმის” ისტორიის სწავლებას. იმის მაგალითები, რომ პუტინი ყოველთვის ცდილობდა “სტალინის რეჟიმისგან” დისტანცირებას არსებული კონიუნქტურის სასარგებლოდ, კიდევ ბევრია, თუმცა იგი არასოდეს დაშორებია რადიკალურად კონსერვატულ პოზიციას, ლიბერალურის მიმართულებით. მაგრამ მედვედევზეც არ შეიძლება იმის თქმა, რომ იგი მკვეთრად გადაიხარა ლიბერალური შეფასებისკენ და საერთოდ ხაზი გადაუსვა რუსეთის ისტორიის საბჭოთა პერიოდს და ამ გზით შეეცადა, დაემსხვრია რუსული საზოგადოების უდიდეს ნაწილში ჩამოყალიბებული იდეოლოგიური შეხედულებები;

- რამდენადაც შეიძლება ვივარაუდოთ, მედვედევის “მოდერნიზაცია” არანაირად არ გულისხმობს რუსეთში პუტინის პრეზიდენტობის დროს ჩამოყალიბებული სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების გადახედვას, ქონების გადანაწილებას და ა. შ.;

- ბელორუსიის ლიდერის ლუკაშენკოს მიმართ მედვედევს დაახლოებით ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორც პუტინს - ხარვეზებიანი, პრობლემური, რაც პრაქტიკაშიც პოულობს ასახვას - რუსეთსა და ბელორუსს შორის არსებული ურთიერთობები დღეს, ისევე როგორც უწინ, გასაუმჯობესებელია;

- კურილის კუნძულების პრობლემასთან დაკავშირებით მედვედევი, სულ ცოტა, ისეთივე “დერჟავნიკია”, როგორც პუტინი, თუ უფრო მეტი არა.

 

პრეზიდენტ მედვედევის პოლიტიკურ კურსსა და პრეზიდენტ, ამჟამად კი პრემიერ-მინისტრ პუტინის პოლიტიკურ კურსს შორის პრინციპული სხვაობები მართლაც რომ ცოტაა. მასმედია სპეკულირებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით გარკვეულ უთანხმოებაზე, დიდი ხმაური უცხოურ მედიაში ატყდა ლიბიის პრობლემის განსხვავებული შეფასების გამო მედვედევისა და პუტინის მხრიდან… მაგრამ ყოელივე ეს თუკი ვარგა იმის ინდიკატორად, რომ მოქმედ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის კულისებს მიღმა მიმდინარეობს ბრძოლა (რაც ასევე ფრიად საეჭვოა), ასეთი ფაქტები მაინც არანაირად არ მოწმობს მათ შორის სიღრმისეულ იდეოლოგიურ სხვაობებზე. პრეზიდენტ მედვედევის სიტყვები იმასთან დაკავშირებით, რომ მას და პუტინს ბევრი საერთო აკავშირებთ (“ჩვენ გვაქვს საერთო - იურიდიული განათლება, ჩვენი ფასეულობებიც ძალიან ახლოა ერთმანეთთან. ჩვენ ორივეს გვსურს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თანამედროვე, ეფექტური, კარგად გამოიყურებოდეს, ხალხი ცხოვრობდეს ნორმალურად, მიიღებოდეს გონივრული და განხორციელებადი გადაწყვეტილებები, უზრუნველყოფილი იყოს უფლებები, გვქონდეს დივერსიფიცირებული თანამედროვე, მოდერნიზებული ეკონომიკა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტაქტიკასთან დაკავშირებით ჩვენ აბსოლუტურად თანხვედრი პოზიციები გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ ეს კარგია, რადგან ჭეშმარიტება უნდა იბადებოდეს გარკვეული პოზიციების ურთიერთშეხების, ხანდახან ერთმანეთთან დაპირისპირების შედეგად. ეს წინსვლის საფუძველია”), საკმაოდ გულახდილად ჟღერს. ის, რომ პუტინი “მოდერნიზაციის” “თანდათანობით” განხორციელებას უჭერს მხარს, ხოლო მედვედევი უფრო დაჩქარებულ ტემპებს ემხრობა (მედვედევი: “როგორც მე გავიგე, იგი ამბობს, მას მიაჩნია, რომ მოდერნიზაცია - ერთგვარად მშვიდი, თანდათანობითი მოძრაობაა, მე კი მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს შანსები და ძალები, რომ ეს მოდერნიზაცია განვახორციელოთ უფრო სწრაფად, ყოველივე იმისათვის ზარალის მიყენების გარეშე, რაც უკვე გაკეთდა, და ამ გზით კარგ შედეგს მივაღწიოთ”) - მხოლოდ სიტყვების აბსტრაქტული თამაშია.

 

გაცილებით უფრო სერიოზული სხვაობების აღმოჩენა მედვედევისა და პუტინის მიდგომებს შორის შეიძლება ირანის საკითხის გარშემო. პუტინის საპრეზიდენტო მმართველობის დროს ორმხრივი ურთიერთობები გაცილებით უფრო დინამიურად და პერსპექტიულად ვითარდებოდა. რატომ გამოვყოფთ ირანის საკითხს: რუსეთ-ირანის თანამშრომლობა გადამწყვეტი თუ არა, ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანი ევრაზიული ფრონტის ჩამოსაყალიბებლად ახლო აღმოსავლეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში დასავლეთის გავლენის ზრდის საწინააღმდეგოდ. ამას წინათ პროირანულ საიტზე ირან.რუ ერთ სტატიაში შემდეგი აზრი გამოითქვა: “ვლადიმერ პუტინი რუსეთის ხელმძღვანელებიდან ბოლო 30 წლის მანძილზე ერთადერთი იყო, რომელმაც მკაფიოდ ჩამოაყალიბა რუსეთისა და ირანის ერთობლივი ინტერესები, თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის მეთოდები. სწორედ მის დროს გაჟღერდა თეზისი, რომ ირანისა და რუსეთის კავშირი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს”.

 

ყოველივე ეს მართლაც ასეა, მაგრამ არ შეიძლება დაგვავიწყდეს ერთი ფრიად მნიშვნელოვანი დეტალი: პრეზიდენტ პუტინს შეერთებულ შტატებში ურთიერთობების ქონა მოუწია ჯორდ “დაბლიუ” ბუშის ადმინისტრაციასთან, რომელიც ახორციელებდა ძალზე ხისტ და გამომწვევ საგარეო პოლიტიკას, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში, რაც საკმაოდ აშკარას ხდიდა რუსეთის ინტერესებს. პუტინის ცნობილი “მიუნხენური სიტყვა” 2007 წელს, რომელიც გამოირჩეოდა დასავლეთის მიმართ უპრეცენდენტოდ კრიტიკული ტონითა და შინაარსით, წარმოთქმულ იქნა მძიმე საერთაშორისო ფონზე. პუტინის პრეზიდენტობის პერიოდი ბუშის ეპოქის ჩასვენებამდე ცოტათი ადრე დასრულდა - 2008 წლის დასაწყისში (ობამა არჩეულ იქნა იმავე წლის ბოლოს). მედვედევს პრაქტიკულად ახალი თანამდებობის დაკავებისთანავე მოუხდა ობამასთან თანამშრომლობა (ამ მომენტამდე იყო მოკლე, მაგრამ მედვედევისთვის მძიმე გამოცდის პერიოდი - აგვისტოს ომი საქართველოში). ობამას ადმინისტრაციამ მუშაობის დაწყებისთანავე გამოაცხადა რუსეთთან ურთიერთობებში “გადატვირთვის” შესახებ, რამაც რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გარკვეული (გარეგნული) გაუმჯობესება გამოიწვია. ირანი ასეთ ვითარებაში, როგორც ჩანს, გახდა რუსულ-ამერიკულ კულისებსმიღმა მოლაპარაკებებში დიპლომატიური ვაჭრობის საგანი. მაგრამ ეს არ შეიძლება მიეწეროს მხოლოდ სუბიექტურ მიზეზებს და ყოველივე დავიყვანოთ “მედვედევის ფაქტორზე”. ჯერ კიდევ გასარკვევია, როგორ იმოქმედებდა პუტინი მის ადგილზე, ასევე უცნობია, აუნთებდა თუ არა მედვედევი მწვანე შუქს გაეროს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, ობამას ადგილზე ბუშის გუნდის რომელიმე “შევარდენი” რომ მჯდარიყო. ასევე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება იმის თაობაზე, რამდენად შეიცვლება რუსეთის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის ირანთან მიმართებით, თუკი ობამა საბოლოოდ არ გაითვალისწინებს მოსკოვის ინტერესებს ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის საკითხში და დაიწყებს “ლიბიის სცენარის” განხორციელებას, დავუშვათ, სირიაში.

 

გვიხდება კონსტატაცია, რომ რუსეთის საგარეო და ნაწილობრივ თვით საშინაო პოლიტიკის მომავალი მიმართულება არა მხოლოდ და არა იმდენად შემდეგი პრეზიდენტის პერსონაზეა დამოკიდებული - “მედვედევი ან პუტინი”, არამედ ამერიკულ სტრატეგიაზე: თუკი ეს სტრატეგია აშკარად ხისტი და წნეხისებური იქნება, ამან შეიძლება გამოიწვიოს მოსკოვის შესაბამისი რეაქცია. თუმცა აშშ-ის ჭეშმარიტი ინტერესების შენიღბვა რუსეთის მიმართ მუდმივად არ გამოვა, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში მოსალოდნელია “გადატვირთული” ურთიერთობების გარკვეული გაგრილება. მაგრამ მეორეს მხრივ, ეს გაგრილება ახლო მომავალში იმაზე უფრო სერიოზული ხასიათის ვერ იქნება, ვიდრე ჯორჯ ბუშ-უმცროსის მმართველობის ეპოქაში. ხოლო კითხვა, თუ “ტანდემიდან” რომელია უკეთესი რუსეთისთვის - ჩვენი შეხედულებით, ნაკლებად სარგებლიანია ყოველივე იმის გათვალისწინებით, რაც ზემოთ ითქვა, უფრო კონკრეტულად: მედვედევსა და პუტინს, როგორც პოლიტიკოსებს შორის, პრაქტიკულად არანაირი არსებითი იდეოლოგიური სხვაობა არ არსებობს. პირობითი დაყოფა მედვედევის “პროგრესის პარტიასა” და პუტინის “სტაბილურობის პარტიას” შორის სულაც არ ასახავს ფასეულობით-იდეოლოგიურ განსხვავებებს მათ შორის, არამედ სხვაობებს მმართველობის სტილსა და ტაქტიკურ მიდგომაში, ასევე ორი ლიდერის გარემოცვის პარტიკულარისტულ ინტერესებს.

მაგრამ სუბიექტური ფაქტორის სრული იგნორირება - “მედვედევი ან პუტინი” - მაინც არ შეიძლება. თვით ერთი და იმავე სტრატეგიის ფარგლებში ამ ფაქტორთან დაკავშირებული სხვაობები შეიძლება გარკვეულწილად განმსაზღვრელი მნიშვნელობისაც კი აღმოჩნდეს. ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში უფრო სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს პუტინის, როგორც უფრო “ხისტი” მმართველის იმიჯი, რომელსაც თანამედროვე “ერის მამობაზეც” კი შეუძლია პრეტენზიის ქონა, ან უფრო “ფლექსიბელური” და “თანამედროვე” მედვედევის იმიჯი. მაგრამ მოცემულ ეტაპზე მეტად რთულია, ამთავითვე იქნას გამოცნობილი, თუ რომელი სიტუაცია იქნება უფრო მეტი - ისეთი, რომელშიც მედვედევია უფრო ეფექტური თუ პუტინი.

 

გულბაათ რცხილაძე

Publish the Menu module to "offcanvas" position. Here you can publish other modules as well.
Learn More.