მაჰმუდ აჰმადინეჟადი: “ერები სამართლიანობას ითხოვენ

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ირანულ-რუსული ურთიერთობების ბოლოდროინდელი გააქტიურების ფონზე ინტერვიუ მისცა რუსეთის ტელეარხ “რაშა ტუდეი”-ს.

ამ ინტერვიუში ახლო აღმოსავლეთის ფრიად მნიშვნელოვანი სახელმწიფოს პრეზიდენტი ბევრ საყურადღებო საკითხს ეხება. ჩვენს მკითხველებს ექსკლუზიურად ვთავაზობთ მაჰმუდ აჰმადინეჟადის პასუხების ქართულ თარგმანს შემოკლებით, ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა რუსულ ენაზე კი საიტის რუსულენოვან განყოფილებაში შეიძლება.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი:

 

- მსოფლიოში გამეფებულ უსამართლობაზე და ამით გამოწვეულ საყოველთაო უკმაყოფილებაზე:

 

“ახლახანს ჩვენ მეტად მნიშვნელოვანი მოვლენების მოწმენი გავხდით ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. არსებობს რამდენიმე მოვლენა, რომელიც მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს. არა მხოლოდ აღნიშნული რეგიონების მცხოვრებნი, არამედ მთელი მსოფლიოა უკმაყოფილო მსოფლიოში ამჟამად არსებული ვითარებით. არსებული ვითარება უსამართლოა. მსოფლიოში ძლიერია კლასობრივი უთანასწორობა, ზეწოლა, კონფლიქტები და ომები. მთელი ერები ყოველდღიურად განიცდიან დამცირებას. დღეს ყველა ერს სურს ღირსეული ცხოვრება, ერები სამართლიანობას ითხოვენ, ყველა ერი ესწრაფის სამართლიანობას – მათ შორის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ერები. ამ ხალხებმა აჩვენეს, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი ქვეყნების მართვა, შეუძლიათ თავიანთი მიზნების მიღწევა”.

 

- ლიბიაში დასავლეთის ჩარევის შესახებ:

 

“უნდა აღინიშნოს რეგიონის საშინაო საქმეებში ნატო-ს ჩარევის ფაქტები. ნატო ჩაერია ლიბიის შიგნით მიმდინარე მოვლენებში. გაეროს უშიშროების საბჭომ შეცდომა დაუშვა: ნაცვლად ბომბდამშენებისა მას ლიბიაში შუამავალთა ჯგუფი უნდა გაეგზავნა, რათა ქვეყანა მოემზადებინათ თავისუფალი არჩევნებისთვის, გაეროს ეგიდის ქვეშ. ლიბიის ხალხი არჩეულ კანდიდატს აღიარებდა. ამის ნაცვლად უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რამაც სიტუაციის გართულება ადამიანების დაღუპვა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განადგურება გამოიწვია”.

 

- რეგიონში დასავლეთის მიერ ორმაგი სტანდარტების გამოყენების შესახებ:

 

“არა მხოლოდ ირანს აქვს განსაკუთრებული აზრი სირიაში მიმდინარე არეულობებთან დაკავშირებით. ბევრი ქვეყანა აფასებს ვითარებას განსხვავებულად. მაგალითად, აშშ და ევროპა სხვადასხვაგვარად უყურებენ ლიბიის, ბაჰრეინისა და სირიის არეულობებს, მათ სამი სხვადასხვა პოზიცია აქვთ ამ სამ ქვეყანასთან მიმართებით. ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი შიდარეგიონულ ბალანსსა და მესამე ქვეყნების მიერ დაკავებულ პოზიციებშია საძიებელი”.

 

- ირანული დემოკრატიის შესახებ:

 

“როგორ მიგაჩნიათ, განა მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა მოვიდეს არჩევნებზე? როგორი უნდა იყოს მოსახლეობის აქტიურობა? განა 85% - ცოტაა? მსოფლიოში არსებობს დემოკრატიის 35 ტიპი. ბრიტანული დემოკრატია განსხვავდება გერმანულისგან, როგორც ამერიკული დემოკრატია – რუსულისგან. ჩვენს ქვეყანაშიც არის საკუთარი დემოკრატია. მე ვფიქრობ, რომ ადამიანის უფლებათა პრობლემა უნივერსალურია. ევროპაში, ისევე როგორც აშშ-ში, აზიასა და აფრიკაში, ირღვევა ადამიანთა უფლებები, ეს უფლებები მთლიანად დაცული არსად არ არის. არა მგონია, ისეთი ქვეყანა დამისახელოთ, სადაც ადამიანის უფლებები სრულად იყოს დაცული.

 

მაგრამ თქვენ ზოგიერთი გვარი ახსენეთ (კერძოდ, აჰმადინეჟადის კონკურენტის – მუსავის, რომელმაც 2009 წლის არჩევნებზე სცადა მასობრივი ბუნტის პროვოცირება და ამიტომ შინაპატიმრობაში იმყოფებოდა – ევრაზიის ინსტიტუტის შენიშვნა). მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა სასამართლო სისტემამ საკმაოდ მკაფიო ახსნა მოუძებნა ამჟამინდელ სიტუაციას. ირანში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, იურიდიული პროცესები გამჭვირვალეა (სწორედ ეს არის არსებითი სხვაობა ირანულ დემოკრატიასა და სააკაშვილის პროამერიკულ “დემოკრატიას” შორის – ევრაზიის ინსტიტუტის შენიშვნა). თუკი ვინმე არღვევს კანონს, ეს სისტემა ვალდებულია, შესაბამისი ზომები მიიღოს. არავის შეუძლია, უბრძანოს ჩვენს მოსამართლეებს, მეც არ შემიძლია ეს, ვინაიდან სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია”.

 

- ბაჰრეინის საქმეებში ირანის “ჩარევის” შესახებ:

 

“აი თქვენ ამბობთ [რომ სპარსეთის ყურის რიგ სახელმწიფოთა ხელმძღვანელობა შეშფოთებულია ირანის განცხადებებით]... მაგრამ განა ჩვენ რამე დავაშავეთ, როდესაც განვაცხადეთ, რომ არ შეიძლება ბაჰრეინში ადამიანების დახოცვა? რა გაკეთდა ამით ცუდი? თქვენ ამას ეძახით “ჩარევას”? ვინ იყენებს სამხედრო ძალას ბაჰრეინში? ჩვენ? ვინ ერევა რეგიონის საშინაო საქმეებში? მაჩვენეთ თუნდაც ერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც ირანის შეიარაღებული ძალები იმყოფებოდნენ. არ არსებობს ასეთი ადგილი მსოფლიოში. მაგრამ დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ნატო ალყას გვარტყამენ ყოველი მხრიდან. ისინი ჩვენს გარშემო დგანან. და ეს ძალები ამბობენ, რომ ირანი ერევა რეგიონის საშინაო საქმეებში. ამაზე რა კომენტარის გაკეთება შეიძლება?”

 

- ატომური იარაღისადმი ირანის დამოკიდებულების შესახებ:

 

“ჩვენ არ გვსურს ატომური იარაღი და არ ვეძებთ მისი მოპოვების შესაძლებლობას. ეს იარაღი ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული. ჩვენ წინააღმდეგნი ვართ, ჩვენი რწმენიდან გამომდინარე. ჩვენი რელიგია ამბობს, რომ ეს არ შეიძლება. ჩვენ კი რელიგიურნი ვართ. მეორეც, დღესდღეობით ატომურ იარაღს არ გააჩნია შესაძლებლობები. თუკი რომელიმე ქვეყანა შეეცდება, შექმნას ატომური ბომბი, იგი ფაქტობრივად უამრავ ფულსა და სხვა რესურსებს დახარჯავს. ამასთან იგი თავის თავს შეუქმნის უდიდეს საფრთხეს. საერთაშორისო ბალანსი განისაზღვრება არა ატომური არსენალის არსებობით, არამედ ადამიანების სიცოცხლით.

 

ამერიკელებს აქვთ ატომური ბომბები. მაგრამ შეძლეს მათ ერაყსა და ავღანეთში გამარჯვება? განა დაეხმარა ისრაელელებს ატომური იარაღი ლიბანსა და ღაზაში? განა იხსნა ატომურმა იარაღმა საბჭოთა კავშირი დაშლისაგან?

 

ატომური იარაღი ისაა, რაც იყო გასულ საუკუნეში. ხოლო ახალი საუკუნე – ცოდნისა და აზრის საუკუნეა. ეს ადამიანების საუკუნეა, კულტურისა და ლოგიკის საუკუნე. ბირთვული იარაღი არ იქნება განმსაზღვრელი ძალა მსოფლიოში. ძალა – ადამიანებშია და არა იარაღში. ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიზანია – მშვიდობა ყველასათვის. ეს ჩვენი ლოზუნგია. ბირთვული ენერგია ყველასათვის, ბირთვული იარაღი – არავისთვის. ესაა ჩვენი მიზანი.

 

ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, აკვირდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, ჩვენი ყველა ქმედება ბირთვული ენერგეტიკის სფეროში შესაბამისი ორგანოების კონტროლს ექვემდებარება. საერთაშორისო სააგენტოს არც ერთი დოკუმენტი არ გააჩნია ირანის საწინააღმდეგოდ. ასე რომ, ეს უბრალოდ შეერთებული შტატების მხრიდან დაუსაბუთებელი პრეტენზიებია. მათ არ აქვთ არანაირი საბუთი, რომ ირანი ატომური იარაღის შექმნის გზას ადგას”.

 

 

- ირანის ატომურ ელექტროსადგურებზე აშშ და ისრაელის მიერ შესაძლო საჰაერო დარტყმებზე რეაგირების შესახებ:

 

“ჩვენი პასუხი გამანადგურებელი იქნება. ეს კი ნორმალური რეაქციაა. ჩვენს ენაში არსებობს ანდაზა: ‘თუკი ვინმემ პატარა ქვა გესროლა, შენ საპასუხოდ უფრო დიდი ქვა უნდა ესროლო’. ჩვენ თავს ვიცავთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. მაგრამ ამასთან ვიმედოვნებ, რომ ისინი ვერასოდეს გაბედავენ თავდასხმას. ომის დაწყების მიზეზი არ არსებობს. რატომ უნდა დაგვესხან თავს?”

 

- მსოფლიოში არსებული რელიგიური განხეთქილებების შესახებ:

 

“ყველა ადამიანს შორის არის სხვაობები. ყოველთვის. ჩვენ გვჯერა, რომ რელიგია ერთადერთი ჭეშმარიტებაა. ღმერთმა ჩვენ არც ქრისტიანობა, არც ისლამი და არც იუდაიზმი გამოგვიგზავნა. ისინი არ არიან ერთმანეთისგან განცალკევებულნი. ღმერთმა არ განასხვავა ხალხები. ღმერთს ყველა უყვარს. და ღმერთმა ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანი შექმნა. რელიგიაც, ყოვლისშემძლე ღვთის მიერ ადამიანთა საკეთილდღეოდ იქნა დადგენილი.

 

არის მხოლოდ ერთი რელიგია. იესო ქრისტემ იგივე რელიგია დაადგინა, ოღონდ იმ ადამიანთა შესაძლებლობების პროპორციულად, რომლებიც ორი ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ. მოსემ იგივე რელიგია დაადგინა, მაგრამ იმ ადამიანთა შესაძლებლობების პროპორციულად, რომლებიც 2600 წლის წინ ცხოვრობდნენ.

 

ისლამის წინასწარმეტყველმაც იგივე რელიგია დაადგინა, ოღონდ უკვე სრულყოფილი. განა არ ხდება კონფლიქტები და უთანხმოება ქრისტიანებს შორის, ან ქრისტიანებსა და იუდეველებს შორის? (ამას აჰმადინეჟადი ჟურნალისტის შეკითხვიდან გამომდინარე ამბობს, რომ ისლამის წიაღში არსებობს დაპირისპირება სუნიტებსა და შიიტებს შორის – ევრაზიის ინსტიტუტის შენიშვნა). ვფიქრობ, რომ თუკი ვინმე ისეთივე მოვა, როგორიც წინასწარმეტყველი, მოვა ღვთისგან, მაშინ მას შეეძლება, გვიბოძოს ჭეშმარიტება რელიგიის შესახებ. იგი მოგვანიჭებს ჭეშმარიტებას რელიგიის შესახებ და არ იქნება განხეთქილებანი, უთანხმოებანი და დაპირისპირება ადამიანებს შორის. მაშინ დავინახავთ, რომ ქრისტიანები, იუდეველები, მუსლიმანები, კათოლიკები, პროტესტანტები ილაპარაკებენ ერთ და იმავე ენაზე, იმიტომ, რომ მთელი კაცობრიობა ეძებს კეთილდღეობას, ხოლო ხსნის გზა მხოლოდ ერთია”.

 

- ირან-რუსეთის ურთიერთობების შესახებ:

 

“ირანი და რუსეთი მეზობლები არიან და გეოგრაფიულად ყოველთვის დარჩებიან მეზობლებად. ამ ფაქტის შეცვლა ჩვენ არ ძალგვიძს, რადგან ჩვენ არ ძალგვიძს მიწების მოშორება. ჩვენ მეგობრებად უნდა დავრჩეთ. ჩვენ ერთმანეთთან გასაგებ ენაზე უნდა ვსაუბრობდეთ, ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. და ეს არ არის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. პირიქით, ჩვენი საერთო ენა მათ ინტერესებში შედის. ჩვენ მოქნილად უნდა გამოვიტენოთ ყველა ეს რესურსი და საერთო შეხედულება.

 

ყოველ წელს მე მქონდა წარმატებული მოლაპარაკება ბატონ პუტინთან. მე ასევე ნაყოფიერი მოლაპარაკებები მქონდა პრეზიდენტ მედვედევთან. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაფართოვებას, განსაკუთრებით, რაც შეეხება მსოფლიოში ამჟამინდელ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცვლილებებს. ირანს და რუსეთს შეუძლიათ, საერთაშორისო პრობლემების ერთობლივი მოგვარების შეთავაზება. ორივე მხარე უნდა ისწრაფოდეს კავშირ-ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ. ვიმედოვნებ, რომ ამ გზით შევძლებთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას”.

 

- საკუთარი გეგმების შემდეგ 2013 წლიდან, როდესაც მეორე საპრეზიდენტო მმართველობის ვადა ამოეწურება:

 

“მე ოპტიმისტურად ვუყურებ ხვალინდელ დღეს და ვფიქრობ, რომ ჩვენს მსოფლიოს მშვენიერი მომავალი აქვს. ადამიანები გაერთიანდებიან, ისწავლიან ერთმანეთის სიყვარულს და შეაფასებენ სამართლის მნიშვნელობას. ამრიგად, თითოეული მათგანი მიიღებს მონაწილეობას პატიოსანი და ერთიანი მსოფლიო წესრიგის მოწყობაში მონაწილეობას. ირანსაც ნათელი მომავალი ელის, ჩვენ წინ გვაქვს თავისუფალი არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას – იმისგან დამოუკიდებლად, ვინც არ უნდა გამოვიდეს არჩევნებში გამარჯვებული. ხალხს აქვს უფლება, თავისუფლად აირჩიოს ის, ვინც სურს და მე ამას ხელს შევუწყობ. მე შევინარჩუნე პროფესორის თანამდებობა უნივერსიტეტში და ჩემი ხალხის სამსახურს უნივერსიეტეტში ან სადმე სხვაგან განვაგრძობ” (საქართელოსათვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი სიტუაციაა აღწერილი – ევრაზიის ინსტიტუტის შენიშვნა).

 

- ირანის სახელმწიფოს კრედოს შესახებ:

 

“ჩვენი საუბრის დასარულს ვისურვებდი, კიდევ ერთი რამ ვუთხრა თქვენს ტელემაყურებლებს. ჩვენ გვიყვარს ყველა ადამიანი, მისი კანის ფერის, ეროვნების თუ მშობლიური ენისგან დამოუკიდებლად; ყოველი ადამიანი ღირსია პატივისცემისა. ჩვენ ვწუხვართ, როდესაც ვხედავთ, რომ ვიღაცას ავიწროებენ, როგორ უხდება ბევრს სიღარიბეში ცხოვრება. ჩვენ ვწუხვართ, რომ ჩვენი პლანეტა კონფლიქტებითაა დახუნძლული.

 

ამასთან იმედი გვაქვს, რომ დადგება დღე, როდესაც ყოველივე ამას ბოლო მოეღება. ჩვენი ქვეყნის მთავარი ფასეულობებია – მშვიდობა, კეთილდღეობა, დაცულობა, მეგობრობა და პატივისცემა ყველა დანარჩენი ადამიანის მიმართ. იმისათვის, რომ ეს მიღწეულ იქნას, ყველა ერი უნდა გაერთიანდეს და ააგოს ბედნიერი მომავალი ჩვენი ბავშვებისათვის – მჯერა, რომ ეს ასე მოხდება”.

 

წყარო: Iran.ru

Publish the Menu module to "offcanvas" position. Here you can publish other modules as well.
Learn More.