ირანელი ხალხის ეკლიანი გზა

გულბაათ რცხილაძე

1979 წლის 11 თებერვალს საბოლოოდ აღსრულდა - ირანში გაიმარჯვა ისლამურმა რევოლუციამ. შაჰის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ 1978 წლის მიწურულს ირანელებმა ამავე მარიონეტული შაჰის პატრონებს

- ამერიკელებს - არ მისცეს საშუალება, დაემყარებინათ ახალი მარიონეტული რეჟიმი. ირანელები თავიანთი ბედის ბატონ-პატრონები გახდნენ, დაიწყეს ცხოვრება ისე, როგორც ამას ასწავლის მათი ძალზე საინტერესო, მისტიური რელიგია - შიიტური განხრის ისლამი, რომელიც განსაკუთრებულად ახლოს დგას ქრისტიანობასთან. დღეს ბევრს ავიწყდება, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკად გადაქცევას 1979 წლის 31 მარტის თავისუფალ რეფერენდუმზე ხმა მისცა ირანელი ამომრჩევლის 97%-მა.

ირანელმა ხალხმა განვლო ძალზე რთული, ტანჯვა-წვალებით აღსავსე გზა ფაქტობრივად მთელი მე-20 საუკუნის მანძილზე. 1951 წელს საქმე ისე ჩანდა, რომ ირანელმა ხალხმა თითქოს გაიმარჯვა, დემოკრატიული არჩევნების გზით მოიყვანა რა ხელისუფლებაში რეფორმატორი პრემიერ-მინისტრი მოსადიყი, რომელმაც უცხო სახელმწიფოებს თათებიდან გამოგლიჯა ირანული ნავთობი და ამიტომაც ამერიკული დახმარებით დამხობილ იქნა თავისი არჩევიდან ორი წლის შემდეგ. დადგა შაჰის სისხლიანი დიქტატურის ხანა, რომელიც ისლამურ რევოლუციამდე გაგრძელდა. მაგრამ უცბად არც რევოლუციას მოუტანია შვება - ჯერ ე. წ. "სახალხო მოჯაჰედებმა" - მაოისტური ტიპის მარქსისტებმა, რომელთაც მარქსიზმის და ისლამის სინთეზი მოახდინეს, ქვეყანაში ტერორი გააჩაღეს. ამ ტერორს ასეულობით ირანელი პოლიტიკოსი - ისლამური სახელმწიფოს მომხრეები - ემსხვერპლა. მაგალითად, 1981 წელს ისლამურ-რესპუბლიკური პარტიის ოფისში ჩადებულ ბომბს 72 (სხვა მონაცემებით - 85) პარლამენტარის და მაღალი რანგის პარტიული ფუნქციონერი შეეწირა. დაღუპულთა შორის იყო ისლამური რევოლუციის ერთ-ერთი გამოჩენილი ლიდერი საიდ მუჰამედ ჰოსეინი ბეჰეშტი - რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარე და ირანის უმაღლესი მოსამართლე, რომელმაც 1979 წელს ირანული სასულიერო ფენის ამოცანა შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: "არა მოლები, არა სასულიერო წრეები იქნებიან ქვეყანაში დომინანტური ელემენტი, არამედ სულიერი ლიდერები, ისლამის იდეოლოგები".

როგორც ჩანს, სწორედ ეს არ აწყობდათ მის მარქსისტ მკვლელებს, ისევე როგორც ისლამის საგარეო მტრებს - ამერიკელებს, რომლებმაც, როგორც კარგად არის ცნობილი, 1980 წელს ირანს მაშინ ჯერ კიდევ თავიანთი მოკავშირე - სადამ ჰუსეინი მიუსიეს. დასავლეთის სახელმწიფოების მიერ კბილებამდე შეიარაღებული ერაყი 1980 წლის სექტემბერში თავს დაესხა ირანს და დაიკავა ვრცელი ტერიტორიები, პირველ რიგში ხუზესტანის პროვინციაში. ერაყთან ომის პარალელურად ირანის შიგნით მემარცხენე ტერორი გრძელდებოდა. ზემოთ ნახსენები ტერაქტის გარდა შეიძლება კიდევ 1982 წლის ორი სხვა ტერაქტის გახსენება, რომელთა შედეგადაც ისლამურ-რესპუბლიკური პარტიის ბევრი წევრი დაიღუპა, ქვეყნის პრეზიდენტის რაჯაის ჩათვლით. მხოლოდ 1983 წლისათვის მოახერხეს რევოლუციურმა ძალებმა ქვეყანაში წესრიგის დამყარება, მაგრამ კიდევ უფრო ადრე ირანის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს პრაქტიკულად ყველა მანამდე დაკარგული პოზიციის უკან დაბრუნება და უკუაგდეს ერაყის ჯარი. ომი, რომელიც წლების მანძილზე გაიწელა, სადამის სრული დამარცხებით დასრულდა, მიუხედავად დასავლეთის მხრიდან მისთვის ყოველმხრივი მხარდაჭერის აღმოჩენისა. თუმცა ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ჰომეინი თავის თავს იმდენად მაღალ მოთხოვნებს უყენებდა, რომ ერაყთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1987 წლის გაეროს რეზოლუციის საფუძველზე 1988 წელს თანხმობის გაცემა მისთვის ურთულესი გადაწყვეტილება აღმოჩნდა: ჰომეინის განცხადებით, რომელიც მან 1988 წლის 20 ივლისს გააკეთა, ეს თანხმობა მისთვის უფრო რთული იყო, ვიდრე შხამის დალევა. მაგრამ ირანს სულის მოთქმა სჭირდებოდა. პერმანენტული ომის გამო მისი ნავთობის ინდუსტრია ძალზე დაქვეითდა, ვერ ხერხდებოდა ნავთობის ექსპორტირება.

ამგვარია ირანელი ხალხის ეკლიანი გზა ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისა და უკეთესი, ღირსეული ცხოვრებისაკენ. მხოლოდ ერაყთან ომის შემდეგ გახდა შესაძლებელი ფიქრი ირანში ხალხის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ ირანმა უზარმაზარი ნახტომის გაკეთება მოახერხა. დღევანდელი ირანი - დინამიურად განვითარებადი სახელმწიფოა, რომელსაც საკუთარი ძალებით ხელეწიფება თანამგზავრების გაშვება დედამიწის ორბიტაზე. ირანელი მუშა-მოსამსახურეების ხელფასი თვეში გადაანგარიშებით 500 აშშ დოლარიდან და მაღლა - ღირსეული ანაზღაურებაა, ქვეყანაში ცხოვრების სიიაფის გათვალისწინებით (ენერგოშემცველებით დაწყებული კვების პროდუქტებით დასრულებული). დასავლეთისკენ მაცქერალმა ქართულმა "ელიტამ" ხანდახან აღმოსავლეთისკენაც უნდა მოაბრუნოს თავი, კერძოდ, ჩვენი რეგიონული მეზობლის - ირანისკენ. როდესაც გასულ ზაფხულს ამ ქვეყანაში ვიმყოფებოდი, მომიწია ირანის აზერბაიჯანიდან ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში სამუშაოდ ჩამოსულ მუშებთან შეხვედრა. ქარხანაში თითოეულ მათგანს თვეში 900 დოლარის ექვივალენტს უხდიდნენ - ამგვარ ხელფასებზე არა მარტო ქართველ, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ძალიან ბევრი ქვეყნის მუშებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ. ასეთივე თეთრი შურით შეგვიძლია შევხედოთ ჩვენს თანამემამულეებს - ფერეიდანის პროვინციაში მცხოვრებ ირანის ქართველებს. უბრალო გლეხები, რომლებიც ხილითა და ბოსტნეულით ვაჭრობენ, თვეში დაახლოებით 500 დოლარს გამოიმუშავებენ. მე ყველგან კმაყოფილ და ბედნიერ სახეებს ვხედავდი - განსხვავებით ამ ქართველთა ისტორიული სამშობლოსაგან. ამიტომაც არც ერთი ფერეიდნელი არ ფიქრობს ირანის დატოვებას, მიუხედავად იმისა, რომ მათი წინაპრები ოდესღაც მე-17 საუკუნეში თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ იქნენ გადმოსახლებულნი... სამაგიეროდ დღევანდელ ირანში არავინ აკავებს მათ ძალით.

  მეტალურგიის დარგში დაახლოებით 1 მილიონი ირანელია დასაქმებული.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო უბრალო ირანელების მიერ ქართველების უკიდურესად გულწრფელი, პოზიტიური აღქმა, რაც არც ერთ სხვა ქვეყანაში, არც ერთ რეგიონში, სადაც კი ვყოფილვარ (ევროპაში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთსა თუ ამიერკავკასიაში...), არ მიგრძვნია.

ქართულ-ირანული ურთიერთობების თემაზე - ცოტა ქვემოთ, მანამდე კი "სახალხო მოჯაჰედებს" მივუბრუნდები - ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელმაც პოსტრევოლუციურ ირანში ბევრი სისხლი დაღვარა. 1965 წელს მოვაჭრეთა წრეებიდან გამოსული მემარცხენე-რადიკალების მიერ დაარსებული ეს ორგანიზაცია (სპარსული ტრანსკრიპციით MEK=MKO, Mojahedin-e Khalq) იატაკქვეშეთში გადასვლისა და ირანიდან განდევნის შემდეგ (ორგანიზაციის ხელმძღვანელი მასუდ რაჯავი 1981 წელს საფრანგეთში გადავიდა) პირდაპირი სახელმწიფო ღალატის გზას დაადგა - "სახალხო მოჯაჰედების" ბოევიკები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ სადამ ჰუსეინთან და ერაყის ტერიტორიაზე განლაგებულები, მონაწილეობას ღებულობდნენ საბრძოლო ოპერაციებში ირანის წინააღმდეგ (მოგვიანებით ჰუსეინმა ისინი ქურთების და ერაყელი შიიტების წინააღმდეგაც გამოიყენა). ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს ირანის ისლამური ლიდერების გადაწყვეტილების სისწორეზე, გამოეთიშათ რადიკალი მემარცხენე პარტიები ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან. 2003 წელს სადამის დამხობის შემდეგ ერაყის ოკუპანტმა ამერიკელებმა არა მხოლოდ არ დაიწყეს ჯგუფის წევრების, როგორც ტერორისტების დაპატიმრება (ორგანიზაცია თვით ამერიკულ სახელმწიფო დეპარტამენტსაც ტერორისტულად ჰქონდა აღიარებული), არამედ დაიწყეს მათთან აქტიურად თანამშრომლობა და მათი ჩაბმა ირანის საწინააღმდეგოდ მიმართულ ხრიკებში. MEK -ს მფარველები ჰყავდა როგორც აშშ კონგრესში, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში - გერმანული პრესის, კერძოდ "შტერნის" მიხედვით (16.12.2003), ისეთი მაღალჩინოსანი წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროსი, როგორც მაგალითად პოლ ვულფოვიცი და სხვები ღიად აცხადებდნენ, რომ "სახალხო მოჯაჰედები" შეადგენდნენ დიდი სტრატეგიის ნაწილს, მიმართულს ირანში ახალი რევოლუციის მოწყობისაკენ, რისთვისაც ხელი უნდა შეეწყო ერაყში ამერიკული ჯარების ყოფნას. გავლენიანი ამერიკული ორგანიზაცია Iran Policy Committee (IPC), რომელიც მიზნად ისახავს თეირანში რეჟიმის შეცვლას, კიდევ უფრო დაუფარავად მფარველობს MEK -ს. მკითხველს შევახსენებ, რომ IPC აერთიანებს ბუშის ადმინისტრაციის ისეთ "შევარდნებს", როგორებიც არიან დაგლას ფეიტი, მაიკ ლიდენი, რიჩარდ პერლი, პოლ ვულფოვიცი და დონალდ რამსფელდი. ვაშინგტონში ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ თუმცა კი გაჩნდა ახალი ტენდენციები ახალი პრეზიდენტის რიტორიკაში, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს - ობამა გარემოცულია პროისრაული ლობისტებით (ჯო ბაიდენი, ჰილარი კლინტონი და სხვ.). ჯერ-ჯერობით ამერიკაში არავის მოუთხოვია "სახალხო მოჯაჰადებისთვის" აშშ-ის მხრიდან დახმარების შეწყვეტა...

მაგრამ არა მხოლოდ აშშ თვალთმაქცობს. "ძველი ევროპაშიც" MEK-სა და ორგანიზაციის დამაარსებლის მასუდ რაჯავის მეუღლეს - მარიამ რაჯავის, რომელმაც 1995 წელს თავისი ფანატიკური მხარდამჭერების წინაშე თავი "დევნილობაში ირანის პრეზიდენტად" გამოაცხადა, ჰყავთ გავლენიანი მფარველები. ევროკავშირმა 2001 წელს ორგანიზაცია ტერორისტულად გამოაცხადა, მაგრამ ევროპის სასამართლომ 2006 წელს მისი ანგარიშები ყადაღისგან გაათავისუფლა. დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში ორგანიზაციის დახურვა და მათი ლიდერების დაკავება ხანმოკლე აღმოჩნდა, მალე ისინი ისევ იქნენ ლეგალიზებულნი, მათი საბანკო ანგარიშებისა და ქონების ჩათვლით. ამა წლის 26 იანვარს კი ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა MEK საბოლოოდ ამოშალეს ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან. "სახალხო მოჯაჰედების" ევროპელი მეგობრები ევროპარლამენტშიც სხედან, "თავისუფალი ირანის მეგობრების" ჯგუფში გაერთიანებულნი. ამ მეგობრებმა (მაგალითად, ალეხო ვიდალ კუადრასი - ესპანეთის პარლამენტის ყოფ. ვიცე-თავმჯდომარე, მემარჯვენე-ცენტრისტული "სახალხო პარტიიდან", სტიუარტ სტივენსონი - შოტლანდიელი კონსერვატორი, პარლამენტში ევროპელ "დემოკრატთა" ხელმძღვანელი, პორტუგალელი სოციალისტი პაულო კოსაკა და სხვ.) აღშფოთებით მიიღეს მსოფლიოში ავტორიტეტული ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციის "ჰუმან რაითს უოტჩის" მიერ მომზადებული 28-გვერდიანი მოხსენება, რომელშიც აღნიშნულია MEK-ის შიგნით ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების ფაქტები (მაგალითად, ორგანიზაციის იმ წევრთა მიმართ, რომელთაც აღარ სურდათ მის სასარგებლოდ მუშაობა, წამების მეთოდები გამოიყენებოდა - ერაყის ტერიტორიაზე). თუმცა რატომ უნდა გვიკვირდეს კორუმპირებული ევროპელი დეპუტატების პროტესტები, მაშინ როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი "შეშფოთებას" გამოხატავს ირანის მიერ საკუთარი წარმოების რაკეტის კოსმოსში წარმატებულ გაშვებას - სავსებით მშვიდობიანი მიზნით.

... ... ...

საქართველოში, როგორც უკვე აღინიშნა ზემოთ, მმართველი წრეები მაინცდამაინც არ ითვალისწინებენ ირანის გამოცდილებას, როგორც წარმატების მოდელს. ეს გასაკვირი არც არის, ადრე ჩვენ ვიუწყებოდით კიდეც, რომ აშშ ზეწოლის ქვეშ თბილისის მარიონეტულმა რეჟიმმა ხელი აიღო თეირანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მაგრამ ასეთი თანამშრომლობა საქართველოსათვის, რომელიც თავის ჩრდილოელ მეზობელთან მაინცდამაინც კარგ დამოკიდებულებაში არ იმყოფება, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, თუმცა ირანი არ გახლავთ მხოლოდ ნავთობი და გაზი. მაგრამ ირანი ქართული ოპოზიციისთვისაც უნდა იყოს საინტერესო, რომელსაც არჩევნების გაყალბების გზით ხელისუფლებაში მოსული პრეზიდენტი პირდაპირ დასცინის - ამას წინათ სააკაშვილმა ამერიკულ გაზეთს განუცხადა, რომ მას ამ ოპოზიციის ადგილზე დღევანდელი ხელისუფლების დამხობა რამდენიმე დღეში შეუძლია, მაგრამ იგი არ გაამხელს იმ "საიდუმლოს", თუ როგორ შეიძლება მისი დამხობა... საქართველოშიც უნდა გამოინახონ ისეთი მოუსყიდავი, განათლებული, მორწმუნე და უდრეკი პიროვნებები-ლიდერები, როგორებიც იყვნენ ირანის რევოლუციის ლიდერები - ჰომეინი, ბეჰეშტი, ირანის დღევანდელი სულიერი ლიდერი ჰამენეი და სხვები. რთულია ასეთი მასშტაბების პიროვნებების პოვნა, მაგრამ მათგან მაგალითის აღება, რაღაცაში მიბაძვა მაინც ხომ შეიძლება. რა თქმა უნდა, ქართველ ოპოზიციონრებს გაუჭირდებათ, ისეთივე ასკეტური ცხოვრებით იცხოვრონ, როგორითაც ეს ლიდერები ცხოვრობდნენ, მაგრამ სწორი იდეოლოგიური მუშაობის ჩატარება სავსებით შესაძლებელია, თუკი ამის სურვილი იარსებებს. ხოლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, თავის მხრივ, არც ისე ძალიან უნდა იყოს თვითდისტანცირებული პოლიტიკისაგან, როდესაც საქმე თვით საქართველოს მომავალს ეხება - ბოლოსდაბოლოს, თავად პოლიტიკა მოდის ეკლესიაში და ძალზე ნეგატიურად ერევა მის საშინაო საქმეებში.

ვნახოთ, როგორ განვითარდება ქართულ-ირანული ურთიერთობები, მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს ურთიერთობები არ სცდება ცალკეული კულტურული და სამეცნიერო კონტაქტების ფარგლებს. ამის დასტურია ახლახანს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული ღონისძიება, მიძღვნილი ისლამური რევოლუციის დღისადმი, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩიც ესწრებოდა, ისევე როგორც მმართველი "ნაციონალური" პარტიის წარმომადგენელი - დეპუტატი და "ირანთან მეგობრობის" საპარლამენტო ჯგუფის წევრი. საუბარი საერთოდ არ ყოფილა არც აქტუალურ პოლიტიკურ, არც ეკონომიკურ საკითხებზე, მხოლოდ უნივერსიტეტის რამოდენიმე პროფესორის მიერ წაკითხულ იქნა მოხსენებები ქართული ხალხური ზღაპრების სპარსულად გადათარგმნასთან და მისთ. დაკავშირებით. საქმის ამგვარი ვითარება არც ირანისთვის და მით უმეტეს, არც საქართველოსთვის არ იქნება მომგებიანი.

დაბოლოს, ჩემი სახელით მინდა მივულოცო ჩვენი ჟურნალის ირანელ მკითხველებს (ჩვენს ჟურნალს მ. შ. ირანელებიც კითხულობენ - ირანსა და მის ფარგლებს გარეთ) ეს გამორჩეული თარიღი მათი სამშობლოს ისტორიაში. ტყუილად როდი შეადარა ინგლისელმა ეკონომიკის პროფესორმა ფრედ ჰალიდეიმ ირანის ისლამური რესპუბლიკის მასშტაბები 1789 წლის ფრანგული რევოლუციისა და 1917 წლის რუსული რევოლუციის მასშტაბებს, რადგან ისევე როგორც ამ ორმა რევოლუციამ, ისე ირანულმა რევოლუციამაც ააფორიაქა მეზობელი და არა მხოლოდ მეზობელი მუსულმანური ქვეყნები, რეგიონის გაყიდული ანტიხალხური რეჟიმები თრთოლამ მოიცვა რევოლუციური ირანისაგან გამომავალი ენერგიის წინაშე...

ჩემი მხრიდან მე კიდევ დავამატებდი, რომ განსხვავებით ფრანგული რევოლუციისგან - ირანული რევოლუცია წარმატებული აღმოჩნდა, ხოლო განსხვავებით რუსულ-ბოლშევიკურისგან - ირანული ჭეშმარიტად საერთო-სახალხო რევოლუცია იყო, "კლასობრივი" სხვაობების გარეშე.

Publish the Menu module to "offcanvas" position. Here you can publish other modules as well.
Learn More.