წიგნი 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის შესახებ – პირველად ქართულ ენაზე

წიგნი 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის შესახებ – პირველად ქართულ ენაზე

თბილისში საზოგადოებისა და ჟურნალისტებისთვის გაიმართა წიგნის პრეზენტაცია 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის შესახებ, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.

წიგნის ავტორია ისტორიკოსი, პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი გულბაათ რცხილაძე, რედაქტორი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა კარტოზია. მათ საზოგადოებას წარუდგინეს მაღალი პოლიგრაფიული დონის წიგნი, სახელწოდებით „დიდი სამამულო ომი 1941-1945 წწ. ცნობარი".

გულბაათ რცხილაძემ აღნიშნა, რომ დღემდე არ ყოფილა გამოცემული სოლიდური ცნობარი ან სახელმძღვანელო, დიდ სამამულო ომზე,  ქართულ ენაზე. „ეს ფაქტი ერთი მხრივ გასაკვირია, მაგრამ იგი ლოგიკურად აიხსნება იმით, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში რუსულად კითხვა ყველას შეეძლო, რუსულენოვანი ლიტერატურა უხვად გამოიცემოდა და ენციკლოპედიური დონის ლიტერატურის გადმოქართულების აუცილებლობა არ არსებობდა - მით უფრო მაშინ, როდესაც სასკოლო სასწავლო პროგრამასა და აღმზრდელობით მუშაობაში დიდი სამამულო ომის ისტორიას ღირსეული ადგილი ეკავა.  ქართულად კი იბეჭდებოდა ასევე საინტერესო, სასარგებლო ლიტერატურა საქართველოსა და ქართველების წვლილზე დიდ სამამულო ომში, ომის სხვადასხვა ეპიზოდებისა და თემების შესახებ. 1941-45 წლების ომის სამამულო ხასიათს ეჭვს ქვეშ არავინ აყენებდა, ეს თემა წმინდათაწმინდა იყო საზოგადოების აბსოლუტურად უდიდესი ნაწილისთვის  და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა შესაბამისი ცოდნისა და აღქმის დანერგვისათვის.

საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან მოყოლებული, ეს ტენდენცია საპირისპიროთი შეიცვალა. სხვადასხვა „მოღვაწეების“ მიერ, რომელთა შორის ბევრი გუშინდელი კომუნისტი და კომკავშირელი იყო, დიდი სამამულო ომი საქართველოსთვის არასამამულოდ და „არაეროვნულად“ გამოცხადდა, საბჭოთა კავშირი გაათანაბრეს ნაცისტურ გერმანიასთან, შეწყდა საძმო სასაფლაოებისა და მონუმენტების მოვლა-პატრონობა, არცთუ იშვიათად, გაიგონებდით იმასაც, რომ საქართველოს ამ ომში არაფერი ესაქმებოდა ან, სულაც, ჰიტლერული გერმანიის გამარჯვება უმჯობესი იქნებოდა საქართველოსთვის. რაც დრო გადიოდა, მით უფრო უარესდებოდა ეს ვითარება. სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში პრაქტიკულად შეწყდა დიდი სამამულო ომის სწავლება და თვით ეს ტერმინი, დიდი ხანია, ამოღებულია ხმარებიდან. იგი ლამის ისეთსავე აკრძალვას ექვემდებარება, როგორსაც „საბჭოთა კომუნისტური სიმბოლიკა“ - წითელი დროშა, ზედ დატანილი ნამგლისა და უროს გამოსახულებით, რომელიც ატანილ იქნა რაიხსტაგის თავზე და XX საუკუნის მსოფლიო ისტორია დაწერა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა“ -  აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ.

რცხილაძის თქმით, მისი, როგორც წიგნის ავტორის ამოცანა იყო, უპირველეს ყოვლისა, სკოლის მასწავლებლებისა და უნივერსიტეტების ლექტორების ისტორიული მეხსიერების გაძლიერება, რათა ისინი გახდნენ  ჭეშმარიტი ინფორმაციებისა და ცოდნის მატარებლები, რომლებსაც ისინი შემდეგ, მოსწავლეებსა და სტუდენტებს გაუზიარებენ. „ჩვენი მოკავშირე სიმართლეა, ფაშიზმი დაღუპვას  უქადდა საბჭოთა კავშირის ყველა ხალხს, მათ შორის ქართველებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები ცდილობენ თავს მოგვახვიონ აზრი, რომ ეს „ჩვენი“ ომი არ იყო, რომ გერმანელები საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყნად გადააქცევდნენ. წიგნში ყველაფერი დოკუმენტირებულია სერიოზული წყაროებით, მხოლოდ ის ფაქტებია მოწოდებული რომლებიც ეჭვს არ იწვევს“, - განაცხადა წიგნის ავტორმა.

რედაქტორმა მამუკა კარტოზიამ კი დააანონსა, რომ წიგნის პრეზენტაციის შემდეგ დაიწყება მისი აპრობაცია, განხილვები და გავრცელება მეცნიერებს, უნივერსიტეტის მკვლევარებსა და სკოლის მასწავლებლებს შორის. ის ასევე თავისუფლად გაიყიდება სავაჭრო ქსელში და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.

წიგნი შედგება რამდენიმე თემატური ბლოკისგან: 1) როგორ მზადდებოდა ომი სსრკ-ის წინააღმდეგ, 2) როგორ ემზადებოდა სსრკ ომისთვის ევროპული ფაშიზმის წინააღმდეგ, 3) ძირითადი სამხედრო ბრძოლები და საომარი მოქმედებების მიმდინარეობა, 3) დიპლომატია დიდი სამამულო ომის დროს, 4) ევაკუაცია და ზურგის მუშაობა, 5) კულტურა და პროპაგანდა ომის დროს, 6) მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, 7) ფაშიზმის არაადამიანურობის შესახებ, 8) ომის შედეგების სანდო და საკამათო სტატისტიკა და ა.შ. ცალკე განხილულია დიდ სამამულო ომში ქართველების მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები. შედგენილია საქართველოდან სსრკ-ს გმირების განახლებული სია და მოთხრობილია სხვა საინტერესო ფაქტების შესახებ.

ქართველმა მკითხველმა, როგორც ჩანს, ძალიან კარგი საჩუქარი მიიღო მიმდინარე წლის დასასრულს. ავტორის წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ ეს საჩუქარი შესაძლებელი გახდა მოსკოვიდან მიღებული მხარდაჭერით, კერძოდ, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა მხარდაჭერისა და უფლებების დაცვის ფონდის დახმარების შედეგად. „ფონდის დახმარება უანგაროა, ავტორის მუშაობაში არავინ ჩარეულა. მისასალმებელია, რომ რუსეთიდან მხარი დაუჭირეს ქართულენოვან პროექტს. იმედია, რომ ეს ფაქტი სტიმული იქნება ქართველი მეცენატებისთვის, ანალოგიური პროექტები საკუთრივ საქართველოში დაფინანსდეს, ასევე უანგაროდ“ - აღნიშნულია წიგნში.