პუტინი ამერიკელებს თავისუფლების ინტერპრეტირებაზე მონოპოლიას ართმევს

პუტინი ამერიკელებს თავისუფლების ინტერპრეტირებაზე მონოპოლიას ართმევს

  როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტი გაეროს ტრიბუნაზე მას შემდეგ გამოვიდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტს თავისი სიტყვა წარმოთქმული ჰქონდა.

ობამამ, გარკვეული „იარაღის ჟღარუნის“ მიუხედავად, მაინც აღიარა, რომ აშშ-ს არ შეუძლია, მსოფლიო პოლიტიკის ძირითადი პრობლემების გადაჭრა სხვათა დახმარების გარეშე.

   პუტინის გამოსვლა არ იყო საბრძოლო განწყობის მატარებელი, მაგრამ იგრძნობოდა, რომ პრეზიდენტი გულწრფელად დარწმუნებულია თავისი პოლიტიკის სისწორეში.

   რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლიდან მე რამდენიმე მომენტს გამოვყოფდი, რომლებიც ნამდვილად არ წარმოადგენს უბრალო ლამაზ ნათქვამს:

- შესაძლოა, პირველად, რუსეთმა თავისი ლიდერის სახით, ინიციატივა აიღო საკუთარ ხელში, თავისუფლების ცნების გამოყენებასთან მიმართებით. როგორც ცნობილია, თავისუფლება შეერთებული შტატების ფაქტობრივად ყველა პრეზიდენტის რიტორიკაში უპოპულარულესი თემაა. თუმცა ამ სიტყვამ უკვე დიდი ხანია, დაკარგა აზრი, იმდენად ხშირად და თან აბსტრაქტულად გამოიყენებოდა იგი. პუტინმა თავის სიტყვაში უფრო მეტი კონკრეტიკა გამოხატა, დაუბრუნა რა სიტყვას „თავისუფლება“ ფასეულობითი მნიშვნელობა. კერძოდ: თავისუფლების იდეა პუტინმა დაუკავშირა სახელმწიფოთა რეალურ სუვერენიტეტს. სხვა სიტყვებით, სახელმწიფოთა სუვერენიტეტის პატივისცემის გარეშე, მაშინ, როდესაც სახელმწიფოებს გარედან ახვევენ თავს რაიმე ფასეულობებს, თავისუფლების ჩათვლით, არ არსებობს ეს თავისუფლება! მეტიც, რუსეთის პრეზიდენტი მოგვევლინა „სახელმწიფოებრიობის აღდგენის“ ინიციატორად ყველგან, სადაც კი სახელმწიფოებრიობა დასავლეთის მიერ იქნა გაჩანაგებული. პრეზიდენტის „სპიჩის“ სტრიქონებს შორის იკითხება, რომ აშშ და მისი მოკავშირეები თავისუფლების სახელით ფეხქვეშ სთელავენ ჭეშმარიტ თავისუფლებას.

   განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პუტინმა ამ კონტექსტში გაიხსენა საბჭოთა კავშირის მესიანისტური საგარეო პოლიტიკა („სოციალური ექსპერიმენტის ექსპორტი“) და იგი მცდარად მიიჩნია, რომლის ფარგლებშიც უცხო ქვეყნებს თავს ეხვეოდა საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი წეს-წყობილება და კომუნიზმის სხვა იდეალები. მიმაჩნია, რომ ვლ. პუტინის ამ სიტყვებმა არგუმენტები გამოაცალა მათ, ვინც დღევანდელი რუსეთის პოლიტიკაში მხოლოდ ექსპანსიონიზმსა და საგარეო პოლიტიკის საბჭოური მოდელის დაბრუნების მცდელობას ხედავს. რუსეთი არავის ახვევს თავს საკუთარ წყობილებას, თავის პლუსებსა და მინუსებს. რუსეთი შიშობს საკუთარი უსაფრთხოების გამო და ებრძვის დასავლეთის ექსპანსიას, რომელიც გამოიხატება, პუტინის აზრით, აღმოსავლეთისკენ ნატო-ს დაუსაბუთებელი გაფართოებით. სხვათა შორის, ამ მომენტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველოს მთავრობამ, რომელიც კვლავინდებურად მიიჩნევს, რომ რუსეთთან კეთილი ურთიერთობების ქონა შესაძლებელია ნატო-ში ინტეგრაციის კურსის შენარჩუნების პირობებშიც.

- ახლო აღმოსავლეთის პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად მჭიდროდ არის გადახლართული გლობალური ისლამისტური ტერორიზმის პრობლემასთან, პრეზიდენტმა მხოლოდ ადრე სხვადასხვა ფორუმებსა თუ ინტერვიუებში გაჟღერებული კარგად ცნობილი ჭეშმარიტებები გაიმეორა. რუსეთი შეშფოთებულია „ისლამურ სახელმწიფოში“ რუსეთიდან გასული ბოევიკების უკან დაბრუნების შესაძლებლობით და არ სურს, დაუშვას საერთაშორისო ტერორიზმის გაძლიერება. საინტერესოა, რომ ბაშარ ასადთან ერთად ლეგიტიმურ ძალად, რომელიც ისლამისტების ტერორიზმს ებრძვის, პუტინმა ქურთი რაზმელებიც დაასახელა.

   რუსეთის პრეზიდენტის კონკრეტული შეთავაზება მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი მდგომარეობს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის კოორდინაციაში, გაეროს სტრუქტურების მეშვეობით, ფართო საერთაშორისო კოალიციის საფუძველზე. მაგრამ თავად პუტინსაც ესმის, რომ ეს წინადადება თუმცა კი გამართლებულია მორალურად და პოლიტიკურად, მაგრამ შეერთებული შტატების ამჟამინდელი პოლიტიკის ფონზე ახლო მომავალში არარეალიზებადია. პუტინმა ამ წინადადების გაჟღერებამდე ოდნავ ადრე თავად ახსენა, რომ ისლამისტები მესამე ძალის, ანუ დასავლეთის მიერ გამოიყენებიან მოწინააღმდეგე რეჟიმების დესტაბილიზაციის მიზნით; ასადის წინააღმდეგ მებრძოლები ჯერ დასავლეთის მიერ იარაღდებიან და გადიან მომზადებას, შემდეგ კი დაუყოვნებლივ გადადიან ისლამისტების მხარეს - აღნიშნა მან.

- რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა პრივილეგირებული სახელმწიფოების ერთი ჯგუფის მიერ ცალმხრივი ეკონომიკური სანქციების გამოცხადების გახშირებულ პრაქტიკაზე, მსოფლიო ბაზარზე კონკურენტების ჩამოცილების მიზნით. პრეზიდენტმა სწორად შენიშნა, რომ ასეთი პრაქტიკა ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპებსა და გლობალურ თანამშრომლობას. ჩინეთის ლიდერმა სი ცზინპინმა, თავის მხრივ, უარჰყო „ცივი ომის“ სულისკვეთება, რითაც ირიბად რუსეთს დაუჭირა მხარი, ხოლო პუტინმა არ დაივიწყა, დადებით კონტექსტში ეხსენებინა ჩინეთის ინიციატივა „აბრეშუმის გზის“ ეკონომიკური სარტყელის შექმნის შესახებ.

- მოკლედ და გასაგებად გამოხატა პრეზიდენტმა პუტინმა საკუთარი აზრი უკრაინის პოლიტიკასთან დაკავშირებით, გაიმეორა რა ასევე კარგად ცნობილი ჭეშმარიტება - უკრაინაში გარე ძალების მხარდაჭერითა და აქტიური ჩარევით განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგადაც სიტუაცია ქვეყანაში აირია და რიგ რეგიონებში სამოქალაქო ომი გაჩაღდა. პუტინმა არ მიიჩნია საჭიროდ და აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როდესაც არ ჩაუღრმავდა უკრაინის თემატიკას და, მით უმეტეს, ყირიმის ან აღმოსავლეთ უკრაინაში საკუთარი პოლიტიკის გამო თავის მართლება არ დაიწყო.

- რაც შეეხება კლიმატის ცვლილების თემას, პუტინმა მოახდინა დასავლური საზოგადოებრივი აზრის შესანიშნავი ცოდნის დემონსტრირება და მხოლოდ მოიგო, როდესაც ჩამოთვალა რუსეთის მიღწევები კიოტოს ოქმისა და სხვა საერთაშორისო გადაწყვეტილებების განხორციელებაში, ატმოსფეროში სათბური აირების გამონაბოლქვის შემცირებასთან დაკავშირებით. ეს მიღწევები შეერთებული შტატების უმოქმედობის ფონზე მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება.

 

   გულბაათ რცხილაძე