პრეზიდენტის აჩრდილი

პრეზიდენტის აჩრდილი

დღეს ყველა ლაპარაკობს აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვების თაობაზე, ყველა საუბრობს თავად დონალდ ტრამპზე, ყველამ თურმე „იცოდა“, რომ ტრამპი გაიმარჯვებდა...

საქართველოში, რაც კი ამ თემაზე რამ დაიწერა პრესაში, ყველაზე ღირებულად ბატონი ჰამლეტ ჭიპაშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრებები მიმაჩნია. ეს მოსაზრებები, როგორც ყოველთვის, ემყარება უტყუარ ფაქტებს და ხასიათდება ღრმა ანალიზით. შესაბამისად, ამ თემაზე მკითხველის ყურადღებას აღარ გავამახვილებ. წინამდებარე წერილი ეძღვნება არა ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს, არამედ არჩეულ ვიცეპრეზიდენტს, მაიკ პენსს.

   შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი, მე ასე ვიტყოდი, არის პრეზიდენტის ერთგვარი აჩრდილი იმ გაგებით, რომ ვიცეპრეზიდენტი ყოველთვის დგას პირველი პირის - პრეზიდენტის ჩრდილს ქვეშ. ვიცეპრეზიდენტს კონსტიტუციით არ აქვს ფართო უფლება-მოსილებანი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მისი მთავარი საქმიანობის სფეროა სენატის თავმჯდომარეობა - სენატის წევრობის და სენატში სიტყვის წარმოთქმის უფლების გარეშე. სამაგიეროდ, ვიცეპრეზიდენტს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება, თუკი რაიმე საკითხზე სენატორების აზრი ორ თანაბარ ნაწილად გაიყოფა. სხვა მხრივ, ვიცეპრეზიდენტს ენიჭება ცერემონიული უფლება-მოსილებანი, თუმცა, ამავე დროს, იგი არის ეროვნული უშიშროების საბჭოს (NSC) წევრი, მონაწილეობას ღებულობს მთავრობის სხდომებში და სახელმწიფოში მეორე პირის სტატუსთან ერთად, მიიჩნევა პრეზიდენტის უახლოეს მრჩევლად (1961 წლიდან ვიცეპრეზიდენტს ოფისი პრეზიდენტთან ერთად, ვაშინგტონში, თეთრ სახლში აქვს).

   მაგრამ ვიცეპრეზიდენტის, როგორც პრეზიდენტის „აჩრდილის“ მეტაფორა შინაარსობრივად იცვლება, თუკი დავაკვირდებით ამერიკის პოლიტიკურ პრაქტიკას. ვიცეპრეზიდენტის ფიგურა იძენს დემონურ ელფერს, როდესაც ვაცნობიერებთ შემდეგ სტატისტიკას: შეერთებული შტატების 44 პრეზიდენტიდან ოთხი პრეზიდენტი (ფ. ჰარისონი, ზ. ტეილორი, უ. ჰარდინგი, ფ. დ. რუზველტი) ამ თანამდებობაზე ყოფნისას ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, კიდევ ოთხი პრეზიდენტი სიცოცხლეს მკვლელებმა გამოასალმეს (ა. ლინკოლნი, ჯ. გარფილდი, უ. მაკკინლი, ჯ. ფ. კენედი); ერთმა პრეზიდენტმაც - რიჩარდ ნიქსონმა, იმპიჩმენტის საფრთხის გამო დატოვა თანამდებობა. ყოველი გარდაცვლილი, მოკლული თუ გადამდგარი პრეზიდენტის ადგილი, კონსტიტუციის მიხედვით, ვიცეპრეზიდენტებმა დაიკავეს. გარდა ამისა, ვიცეპრეზიდენტებიდან ხუთი მათგანი პრეზიდენტად აირჩიეს: ჯ. ადამსი, თ. ჯეფერსონი, მ. ვან ბურენი, რ. ნიქსონი და ჯ. ბუში-უფროსი. განსაკუთრებით დემონურ მისტიკას წააგავს ფაქტი, რომ 1865 წელს მოკლული აბრაამ ლინკოლნისა და ამ ფაქტიდან თითქმის ასი წლის თავზე, 1963 წელს მოკლული ჯონ ფიცჯერალდ კენედის მომდევნო პრეზიდენტების (ანუ ყოფილი ვიცეპრეზიდენტების) გვარი ჯონსონი იყო (ენდრიუ ჯონსონი 1865 წელს და, შესაბამისად, ლინდონ ჯონსონი 1963-ში).

   ისეთი ზე-ავტორიტეტული პრეზიდენტი, როგორიც ფრანკლინ დელანო რუზველტი გახლდათ, თავს უფლებას აძლევდა, ვიცეპრეზიდენტის ერთგვარი უგულებელყოფა მოეხდინა. ასე, მაგალითად, რუზველტმა თავის ვიცეს, ჰარი ტრუმენს, არ გაანდო ატომურ იარაღზე მუშაობის დაწყების ფაქტი. ტრუმენი რუზველტს თავისი პარტიის „ეროვნული ყრილობის“ მიერ ჰყავდა თავს მოხვეული. კიდევ ერთხელ: საუბარია აშშ ერთ-ერთ ყველაზე უფრო ავტორიტეტულ პრეზიდენტზე, რუზველტზე. და სწორედ ამ რუზველტს ჰყავდა ისეთი ვიცეპრეზიდენტი, რომელიც მას პირადად არ სურდა, რომ ჰყოლოდა. შესაბამისად, თუნდაც ამ ფაქტით უნდა დავასკვნათ, რომ ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა არის აშშ პოლიტიკური სისტემის პროდუქტი პრეზიდენტის დასაბალანსებლად. ასეა თუ ისე, რუზველტი, სიკვდილის შემდეგ, სწორედ ტრუმენმა შეცვალა. შეიცვალა აშშ პოლიტიკაც საბჭოთა კავშირის მიმართ...

   რუზველტისა და ტრუმენის დუეტის შემდგომ ვიცეპრეზიდენტის პოლიტიკური წონა და გავლენა შეერთებულ შტატებში კიდევ უფრო გაიზარდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1961 წლიდან ვიცეპრეზიდენტს რეზიდენცია პრეზიდენტთან ერთად, „თეთრ სახლში“ აქვს. დღესდღეობით, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დასასრულს, შეგვიძლია, დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ამჟამინდელი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდ გავლენას ახდენდა ობამას საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე. თუნდაც უკრაინა ავიღოთ მაგალითად: აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ამერიკული პოლიტიკის უმთავრეს ფიგურად მოგვევლინა უკრაინის საქმეებში, პირადად ბაიდენი გახდა უკრაინის საკითხების კურატორი, მან თავისი შვილი დაასაქმა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში და პირადი სარგებელიც ნახა ამ ქვეყანაში 2014 წელს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შედეგად. ბაიდენი გამოირჩევა რუსეთისადმი აგრესიული მიდგომით და სწორედ მისი გავლენის შედეგია აშშ-რუსეთის გართულებული ურთიერთობები. „დემოკრატიული პარტიის“ წევრი ბაიდენი აქტიური გამტარებელია წინა, „რესპუბლიკური“ ადმინისტრაციის აგრესიული საგარეო პოლიტიკური კურსისა და ამ კურსის გაგრძელების გარანტი აღმოჩნდა ობამას ადმინისტრაციაში - შეიცვალა მხოლოდ მეთოდი, აშშ შეიარაღებული ძალები ობამას პრეზიდენტობისას, განსხვავებით ბუში-უმცროსის დროისაგან, იშვიათად მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში ერაყსა და ავღანეთში, სამაგიეროდ აშშ აქტიურად ახალისებს სხვადასხვა ექსტრემისტულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს ამ ქვეყნებში, თვით „ისლამური სახელმწიფოს“ ჩათვლით, ოღონდ კი დაამხონ აშშ ელიტისათვის მიუღებელი რეჟიმები და მუდმივი ქაოსით მართონ მსოფლიოს გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი რეგიონები.

   ობამა არ ეწინააღმდეგებოდა ბაიდენის მოსაზრებებს და მეტწილად იზიარებდა მათ - შედეგების მიხედვით ეს ასეა. მაგრამ საკითხავია, რამდენად ჰარმონიული იქნება დონალდ ტრამპისა და მაიკ პენსის თანამშრომლობა მათი არჩევის შემდეგ. ჯერ კიდევ გაგანია წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პენსმა გამოხატა ტრამპისაგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია სირიის საკითხის მიმართ. სირიის საკითხი ძალიან დიდ ადგილს იკავებს ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, ამიტომ ეს არ შეიძლება, შემთხვევითობად განვიხილოთ. მეტიც, პენსის მოსაზრებები ეწინააღმდეგება ტრამპის მიერ გამოცხადებულ გეგმებს რუსეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით.

   კერძოდ, ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა პენსმა თავის ვიზავისთან, „დემოკრატ“ კანდიდატ ტიმ კეინთან სატელევიზიო დებატებზე განაცხადა, რომ იგი შესაძლებლად მიიჩნევს ბაშარ ასადის ჯარების პოზიციების დაბომბვას შეერთებული შტატების მიერ. იმ ფონზე, რასაც ტრამპი მთელი საარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა სირიის კონფლიქტის მიმართ, პენსის ეს განცხადება რადიკალურად საწინააღმდეგო განცხადებას წარმოადგენს. კერძოდ, პენსმა თქვა: „რუსეთის პროვოკაციებს ამერიკამ თავისი ძლიერება უნდა დაუპირისპიროს. თუკი რუსეთის არჩევანია, რომ განაგრძოს, მე ვიტყოდი, ბარბაროსული შეტევა ალეპოს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, შეერთებული შტატები მზად უნდა იყოს ასადის რეჟიმის სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოსაყენებლად“.

  ტრამპს კლინტონთან სატელევიზიო დებატების ფარგლებში, ქ. სენ-ლუისში,  მოუწია კითხვაზე პასუხის გაცემა, ეთანხმებოდა თუ არა პენსს ამ საკითხში. ტრამპმა არ დამალა, რომ იგი პენსს არ ეთანხმება და მისი პოზიცია ურყევია - სირიაში ბაშარ ასადი, რუსეთი და ირანი ებრძვიან ამერიკის მტრებს, „ისლამურ სახელმწიფოს“. შემდგომ პენსმა ეს გაუგებრობა ტელეწამყვან მართა რადაცს გადააბრალა, თითქოს ჟურნალისტის მხრიდან მისი სიტყვების გაზვიადებული ინტერპრეტაცია მოხდა. მაგრამ, როგორც რუსები იტყვიან, «Слово не воробей, вылетит – не поймаешь». სულ მცირე, ადგილი აქვს აწ უკვე არჩეულ პრეზიდენტსა და ვიცეპრეზიდენტს შორის შეუთანხმებლობას უმნიშვნელოვანეს საგარეო-პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით, უარეს შემთხვევაში კი - ურთიერთწინააღმდეგობას.

  არც ისე ადვილი სათქმელია, იქნება ვიცეპრეზიდენტი პენსი პრეზიდენტ ტრამპის ჩრდილს ქვეშ თუ თავად იქცევა ტრამპისთვის საბედისწერო აჩრდილად. მ. პენსი არის ულტრაკონსერვატული „რესპუბლიკური“ ძალების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ევანგელიკალი ქრისტიანი, რომლის რადიკალური შეხედულებები მორალური ფასეულობების საკითხებში ცნობილია. ეს მხარე მაიკ პენსის პიროვნებისა, ტრადიციების დაცვის მომხრე ქართული საზოგადოებისათვის სავსებით მისაღები და მისასალმებელია. მეტიც, ინდიანას შტატის გუნერნატორმა, პროფესიით იურისტმა პენსმა მიაღწია თავის მიერ მართულ შტატში აბორტების უკიდურეს შეზღუდვას. ჩვენ, სიტყვით მართლმადიდებელი ქართველები, სხვისი განკითხვა და განქიქება აგრერიგ რომ შეგვყვარებია, მაგალითს უნდა ვიღებდეთ არამართლმადიდებელი პენსისგან ამ საკითხში და ზოგ სხვა საკითხშიც. ინდიანას შტატში, მართალია, ძალაში უცვლელი სახით ვერ შევიდა, მაგრამ მაინც იქნა მიღებული პენსისვე მიერ ინიცირებული კანონი „რელიგიის თავისუფლების“ შესახებ, რომელიც ჩვენი ტვინნაღრძობი „უფლებადამცველებისგან“ განსხვავებით, ადამიანის რელიგიურ თავისუფლებასა და ღირსებას რეალურად იცავს. პენსის მოსაზრებით, რელიგიურ ადამიანებს უფლება უნდა ჰქონოდათ, არ მორიდებოდნენ იმ პირთა დისკრიმინაციას, რომლებიც მათ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხჰყოფენ. კერძოდ, კანონპროექტი პრაქტიკაში დაუშვებდა, რომ, მაგალითად, თუკი ქრისტიან მცხობელს ჰომოსექსუალური წყვილი „საქორწილო“ ტორტს შეუკვეთდა, მცხობელს, სურვილის შემთხვევაში, უარის თქმის ლეგალური უფლება ექნებოდა ასეთი ტორტის გამოცხობაზე. დიდი ხმაურის შემდეგ კანონი შერბილებულ იქნა, თუმცა პირადად პენსს პოზიცია არ შეუცვლია.

დიახ, ყოველივე ამის გამო, „ქრისტიანი, კონსერვატორი და რესპუბლიკელი - სწორედ ასეთი თანმიმდევრობით“, როგორც მაიკ პენსი ამბობს საკუთარ თავზე, იგი სიმპათიას იმსახურებს. მაგრამ არ უნდა გვეგონოს, რომ კონსერვატორი და რელიგიური პოლიტიკური მოღვაწე აშშ საგარეო პოლიტიკაში აუცილებლად დადებითი შედეგების მომტანია. ჩვენ კარგად გვახსოვს ასევე მორწმუნე ბუშის ადმინისტრაცია, რომელმაც რიგი სისხლისმღვრელი ომებისა გააჩაღა მსოფლიოში, საქართველოში კი მხარს უჭერდა გათახსირებულ რეჟიმს, თან მუდმივად აქეზებდა ამ რეჟიმს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენთვის სავალალო შედეგებით. საერთოდ, ევანგელიკალ ამერიკელებს მე ვრცელი საინფორმაციო სტატია მივუძღვენი, ჩემს მიერვე გამოცემული წიგნის საფუძველზე, დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევ, ინტერნეტში თავად გაეცნოს ამ სტატიას - „ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე რელიგიური წარმოდგენების გავლენა“ (ჟურნალი „სამი საუნჯე“, #2, 2012 წ.). „ევანგელიკალების“ რელიგიური წარმოდგენები საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის მსოფლიო წეს-რიგსა და მშვიდობას. ამიტომ პენსის ვიცეპრეზიდენტობა კარგიც შეიძლება და ცუდიც აღმოჩნდეს ამერიკისა და დანარჩენი მსოფლიოსათვის. პენსი გავლენიანი ფიგურაა, მართალია, ტრამპის ქარიზმასა და ენერგიას იგი ვერ დაჩრდილავს და თავად იდგება ტრამპის ჩრდილს ქვეშ, მაგრამ პენსს აქვს დიდი კავშირები და პოლიტიკური გამოცდილება, მას ზურგს უმაგრებს ამერიკელ ულტრაკონსერვატორთა, ევანგელიკალთა ბირთვი, და ეს მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია. ტრამპი დღეს პოპულარულია, მაგრამ ეს ცვალებადი პოპულარობაა. ტრამპი არ დგას მყარ ფასეულობით პოზიციებზე, განსხვავებით პენსისაგან. მაგალითად, პენსისთვის და მისი მხარდამჭერებისთვის წარმოუდგენელია, რომ მას „ლგბტ“ აქტივისტებმა თავიანთი „დროშა“ შეაჩეჩონ ხელებში, როგორც ეს ტრამპს გაუკეთეს ერთ-ერთ წინასაარჩევნო გამოსვლისას, და მან ეს დროშა ააფრიალოს. პენსს ნაკლები პოპულარობა, მაგრამ მეტი სტაბილობა აქვს. დღესდღეობით პოპულარული ტრამპი და სტაბილური პენსი ერთმანეთს ავსებენ და აძლიერებენ, მაგრამ დრო გვიჩვენებს, რამდენად შეინარჩუნებს ტრამპი თავის დანაპირებს საგარეო პოლიტიკაში, რამდენად მზად აღმოჩნდება ამერიკული კონსერვატული საზოგადოება, გადახედოს თავის  ჩამორჩენილ წარმოდგენას მსოფლიოში ამერიკის „განსაკუთრებულობის“ თაობაზე, იმ „განსაკუთრებულობისა“, რომელიც საბაბს აძლევს ამერიკას, აწარმოოს ექსპანსიონისტური, ნეოკოლონიალური და უბრალოდ, მავნე საგარეო პოლიტიკა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ტრამპი იქნება სისტემის შემცვლელი, თავისი ამომრჩევლის ერთგული პრეზიდენტი, ხოლო პენსი არ იქნება სისტემის მიერ მოვლენილი „აჩრდილი“, არამედ პრეზიდენტის მყარი დასაყრდენი ეპოქალურ საქმეში.

 

გულბაათ რცხილაძე,

სპეციალურად გაზეთისათვის „საქართველო და მსოფლიო“