ნაცმოძრაობის 21 პროცენტი: დამარცხება თუ წარმატება?

ნაცმოძრაობის 21 პროცენტი: დამარცხება თუ წარმატება?

 ბუნებრივია, რომ ერთი წლის წინანდელი მაჩვენებლის შემდეგ, რომელიც 40%-ს შეადგენდა,„ნაცმოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ ამჟამად ნაჩვენები შედეგი (21%) ამ ოდესღაც უმძლავრესი პარტიის სრულ მარცხს მოასწავებს.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ევრაზიის ინსტიტუტმა ზუსტად გათვალა ქართულ საზოგადოებაში „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერის დონე. მაშინ ჩვენმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ამომრჩეველთა დაახლოებით 23% აპირებდა ხმის მიცემას. რა თქმა უნდა, ჩვენი გამოკითხვების შედეგებში ვერ შევიტანდით მაშინდელი მმართველი პარტიისაგან მოსალოდნელი გაყალბების დონეს, მაგრამ ეს დონე თითქმის 20%-ით განისაზღვრებოდა და შედეგად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ნაცმოძრაობამ“ მიიღო 40%-ზე ცოტა უფრო მეტი.

  ამჯერად არჩევნები რაიმე არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩატარდა და ყოფილმა სახელისუფლებო პარტიამ თავისი ნამდვილი რეიტინგი აჩვენა. გასული წლის სოციოლოგიურ გამოკითხვაზე დაყრდნობით, 21% „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერის რეალური ციფრია. როგორც ცნობილია, „ნაციონალების“ ელექტორატი გამოირჩევა შეკრულობით, მობილიზებულობითა და დისციპლინით. გამომდინარე აქედან, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებზე „ნაციონალების“ თითქმის ყველა მხარდამჭერი მოვიდა. არაფერი გასაკვირი იმაში არ არის, რომ მათი რეიტინგი ბოლო ერთი წლის მანძილზე თითქმის არ შეცვლილა. „ნაცმოძრაობის“ პოპულარობა მთლიანად დაიკარგა ჯერ კიდევ 2011–2012 წლების მიჯნაზე; ისინი, ვინც ამ მიჯნის შემდეგ უჭერდნენ მას მხარს, ახლაც მხარდამჭერები არიან და, სავარაუდოდ, მომავალშიც, გარკვეული პერიოდის მანძილზე, დარჩებიან ასეთებად. ასე რომ, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები „ნაცმოძრაობისათვის“ კანონზომიერად უნდა მივიჩნიოთ, რაც თავისთავად ნიშნავს დამარცხებას არჩევნების გაყალბების ბერკეტების დაკარგვის გამო ერთის მხრივ, მაგრამ წარმატებას თავისი მომხრეების ბირთვის შენარჩუნების თვალსაზრისით - მეორის მხრივ.

  სხვა საქმეა, რომ „ქართულ ოცნებას“ შეეძლო, გაცილებით მეტი გაეკეთებინა „ნაცმოძრაობის“ ელექტორატის სრული დემორალიზებისა და დანაწევრებისათვის, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტია კიდევ იქნება გამოსადეგი, როგორც საფრთხობელა და (ან) ოპოზიციური სპექტრის დასაბალანსებელი საშუალება.