„მტრობამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გადაარჩინა საქართველო“

„მტრობამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გადაარჩინა საქართველო“

მთიან ყარაბაღში 1-3 აპრილს ვითარების გამწვავების შემდეგ აზერბაიჯანმა სამხედრო ოპერაციის დასრულება გამოაცხადა.

როგორც აზერბაიჯანული, ისე სომხური მხარეები საკუთარ თავს მიიჩნევენ ამ კონფლიქტში „გამარჯვებულად“. მაგრამ შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ეს კონფლიქტი არ გადაიზრდება სრულმასშტაბიან ომში. ამის შესახებ ექსპერტები ჯერ კიდევ 2010 წელს საუბრობდნენ (იხ. ქვემოთ). ხოლო ამჟამინდელ ვითარებაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უბრალოდ სისულელე იქნებოდა, კონფლიქტის ერთი ან მეორე მხარის „გულშემატკივრობა“. გეოპოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ საქართველოს, ისევე, როგორც რუსეთს, ხელს აძლევს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ძალთა ბალანსის შენარჩუნება. ყარაბაღის გამო ომის განახლება შეიძლება, აინტერესებდეთ მხოლოდ ერდოღანს და მის მსგავს ავანტიურისტებს, ისევე, როგორც დასავლური სახელმწიფოების „გარკვეულ ძალებს“.

 მაშ ასე, რა აკავებს ბაქოს სტეპანაკერტზე შეტევისაგან და რატომ გადაარჩინა ყარაბაღის კონფლიქტმა საქართველო (გულბაათ რცხილაძის ინტერვიუდან სააგენტო „რეგნუმისადმი“, 2010 წ.):

 

ИА REGNUMვისაუბროთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე. რამდენად რეალურია ყარაბაღის კონფლიქტის გადაზრდა საომარ სტადიაში, რაზეც ასე შეშფოთებით ალაპარაკდნენ არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით გავლენიან სახელმწიფოებში?

 ჩემი ძირითადი სამუშაოთი დაკავებულობის გამო, ყარაბაღის გარშემო განვითარებულ მოვლენებს მხოლოდ ზოგად ჩარჩოებში ვადევნებ თვალს. მაგრამ არ მგონია, რომ აზერბაიჯანი გადავა ტოტალურ სამხედრო ქმედებებზე. ამისათვის მან უნდა მიაღწიოს სომხეთზე თავისი სამხედრო ძლიერების კრიტიკულ წერტილს, ხოლო აზერბაიჯანის შიგნით უნდა შეიქმნას ფეთქებადსაშიში სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც აიძულებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაძრას ჯარები ყარაბაღზე იმისათვის, რათა ხალხის ყურადღება საშინაო პრობლემებიდან გადაიტანოს და მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება საერთო მტრის წინააღმდეგ.

 ეს ორივე პუნქტი „კლასიკური“ საფუძველია სამხედრო მოქმედებების დასაწყებად მსოფლიოს სხვა რეგიონებში, და სხვა ისტორიულ პერიოდებში. აზერბაიჯანში უახლოესი 5-6 წლის მანძილზე არ შეიქმნება ვითარება, რომელიც ამ ორიდან პირველ პირობასთან ახლოს იქნება, რომ არაფერი ვთქვათ მეორე პირობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ყარაბაღის მხარე ფლობს სამხედრო-სტრატეგიულ უპირატესობას - მას ბევრად უფრო მოსახერხებელი პოზიციები უკავია სამხედრო ქმედებების განსახორციელებლად, მით უმეტეს, როდესაც საქმე თავდაცვით ოპერაციებს ეხება. აზერბაიჯანმა ჯარები ვაკობიდან მთების მიმართულებით უნდა დაძრას. საჭიროა ძალიან დიდი მსხვერპლი, რათა სომხეთის ძალები დაკავებული ტერიტორიებიდან განდევნილ იქნან. აზერბაიჯანი ამ მსხვერპლის გასაღებად ჯერ მზად არ არის. ვფიქრობ, რომ ბაქო არ დაიწყებს ომს, თუკი არ წარმოიშვება აზერბაიჯანულ-თურქული სამხედრო კავშირი, ხოლო სომხეთზე შეტევას აზერბაიჯანთან ერთად, დასავლეთის მხრიდან თურქეთი არ მიიტანს. ამგვარი სცენარის რეალიზაციის ალბათობა ახლო მომავალში ძალზე მცირეა.

 ИА REGNUM: რა წარმოადგენს ქართულ-სომხური და ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ძირითად პრობლემას? რა გავლენას ახდენს მათზე ჯავახეთის სომხებში  და ბორჩალის აზერბაიჯანლებში არსებული სეპარატისტული ტენდენციები? რამდენად ძლიერია აღნიშნული ტენდენციები?

 არ მსურს, გამოვჩნდე ცინიკოსად და სხვათა არაკეთილმოსურნედ, მაგრამ როგორც ანალიტიკოსი, ვალდებული ვარ, ვთქვა ის, რაც არის: მტრობამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, როგორც ჩანს, გადაარჩინა საქართველო ქვემო ქართლის (აზერბაიჯანლებისთვის - „ბორჩალი“) და განსაკუთრებით, ჯავახეთის (სომხებისთვის „ჯავახკ“) დაკარგვისაგან. არც აზერბაიჯანს, არც სომხეთს არ აწყობთ ამ ტერიტორიების გამო საქართველოსთან კონფლიქტი. საქართველოს ნეიტრალიტეტი სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მიმართ ძალზე მნიშვნელოვანია ორივე მხარისათვის. ამ უპირატესობას უმადლის საქართველო, მიუხედავად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებული კატასტროფული პროცესებისა, რომ მან შედარებით უმტკივნეულოდ შეინარჩუნა კონტროლი ჯავახეთსა და ქვემო ქართლზე. გახურებული სეპარატისტული თავები ამ ორ რეგიონში გრილდებიან, პირველ რიგში, ისევ ერევნიდან და, შესაბამისად, ბაქოდან. თუმცა ისიც ფაქტად რჩება, რომ ჯავახეთის სომხობისა და ქვემო ქართლის აზერბაიჯანლობის მასებში სეპარატისტული განწყობები არ არსებობს. ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, მოახერხა ერთი მუჭა ადგილობრივი პოლიტიკანების მარგინალიზება და პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორება, რომლებიც ამ კუთხეების ავტონომიზაციის ან სულაც საქართველოდან გასვლის მოთხოვნებით გამოდიოდნენ. აზერბაიჯანლები და სომხები ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ არჩევნებში. ეს უკვე ნამდვილად არ გახლავთ სეპარატიზმი.