ლტოლვილთა პრობლემა საერთო-ქრისტიანულ პრობლემატიკას არ უნდა შევუპირისპიროთ

ლტოლვილთა პრობლემა საერთო-ქრისტიანულ პრობლემატიკას არ უნდა შევუპირისპიროთ

 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობა ილია მეორის ვიზიტი რუსეთში, რუსი ერის გაქრისტიანების 1025-ე წლისთავთან დაკავშირებით,

კიდევ ერთი საჭირო და, ამასთან, წარმატებული ნაბიჯია ორი ერის ურთიერთობების აღდგენასა და განმტკიცებაში. მიმდინარე წელს ეს პატრიარქის უკვე მეორე ვიზიტია რუსეთში. ილია მეორე დიდი პატივით მიიღო რუსეთის უმაღლესმა სასულიერო და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ. აღნიშნული ფაქტი დასტურია იმისა, რომ რუსეთში სერიოზულად არიან განწყობილნი საქართველოსთან მიმართებით და დიდ პატივს სცემენ ქართველ ხალხს. სწორედ პატრიარქის ამგვარი შედეგიანი ვიზიტების ეშინია საქართველოს ყველა მოძულეს, და ახარებს მოყვარეს.

 თუმცა მივიჩნევთ, რომ არ არის საჭირო აფხაზეთის და ცხინვალის საკითხების ფორსირება, ქართველი ეკლესიის მესვეურთა მხრიდან. ყველაფერს თავისი დრო და თავისი ფორმა აქვს. როგორც მასმედიის საშუალებით გახდა ცნობილი, „რუსეთის მხარის მიერ რამდენიმე დღის წინ შედგენილ მემორანდუმში, რომელშიც მსოფლიოს საეკლესიო გლობალური პრობლემები იყო შესული, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ქრისტიანების პრობლემები არ იყო აღნიშნული, რასაც ქართული მხარე აპროტესტებდა. 25 ივლისს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას, სირიაში, ახლო აღმოსავლეთში, კოსოვოში და ა.შ. არსებული საქრისტიანოს პრობლემები განიხილეს, თუმცა ამ სიაში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ლტოლვილთა პრობლემები არ იყო“.

 განვმარტავთ: კოსოვოში, სირიაში, მთლიანად ახლო აღმოსავლეთში და სამწუხაროდ, მსოფლიოს კიდევ სხვა რეგიონებში, ადგილი აქვს ქრისტიანთა შევიწროებას რელიგიური ნიშნით. დასავლეთის მიერ სპონსირებული ტერორისტები სირიაში ებრძვიან არა მხოლოდ ბაშარ ასადის ხელისუფლებას, არამედ ყველა რელიგიურ უმცირესობას, როგორც მუსლიმ შიიტებს, ისე სხვადასხვა კონფესიის ქრისტიანებს, მათ შორის, მართლმადიდებლებს. იგივე მოხდა ერაყში, ამერიკის მიერ მოტანილი „თავისუფლების“ შედეგად ეს ქვეყანა თითქმის მთლიანად დაიცალა ქრისტიანი მოსახლეობისაგან. მსგავსი ტენდენციაა ეგვიპტეში, რომ აღარაფერი ვთქვათ კოსოვოზე, სადაც მართლმადიდებელი სერბი მოსახლეობა ნატოს აგრესიის მსხვერპლი გახდა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ რელიგიური ნიშნითაც: კოსოვოში მკვიდრ ქრისტიანულ მოსახლეობას ალბანელმა ტერორისტებმა განზრახ დაუნგრიეს და დაუზიანეს ისტორიული მნიშვნელობის ტაძრები და მონასტრები.

 ყველა ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს რელიგიური ნიშნით დევნასთან. ადამიანებს ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა თუ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე დევნიან ერთი ნიშნით - ისინი ქრისტიანები არიან. აფხაზეთსა და ცხინვალში განსხვავებული ვითარებაა. ამ რეგიონებში არავინ იდევნება რელიგიური ნიშნით. საქართველოში ლტოლვილები ეთნიკური ნიშნით გვყავს. ამ კონფლიქტური რეგიონების შედარება ნაკლებად შეიძლება ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანების პრობლემასთან, პარალელები უფრო ყარაბაღთან ან დნესტრისპირეთთან თუ გაივლება. ამიტომ არ არის საჭირო ვითარების ხელოვნური დაძაბვა რაიმე სახის პროტესტით. ასეთი მიდგომა გაამძაფრებს აფხაზების და ოსების ნეგატიურ დამოკიდებულებას ქართული ეკლესიის მიმართ - დასამალი არ არის, რომ მათ გარკვეული პრეტენზიები აქვთ სწორედ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. ეკლესიის საქმე არ არის, „ტერიტორიულ მთლიანობაზე“ საუბარი, არამედ ადამიანებთან ნდობის ჩამოყალიბება და ქრისტესმიერი სიყვარულის ქადაგება.

 ამასთან, ზემოთ აღნიშნული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესიამ ლტოლვილების პრობლემები არ უნდა გაითავისოს და ამ თემაზე ხმა არ ამოიღოს. დიახაც, ქართველი ლტოლვილების საკითხი უნდა დაისვას, ოღონდ ოდნავ სხვა ფორმით, ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ძალიან კარგია, რომ რუსეთის საეკლესიო ხელისუფლება დათანხმდა ცალკე დოკუმენტის შექმნას, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ლტოლვილების საკითხებს განიხილავს.

 

ევრაზიის ინსტიტუტი