ჯანსაღი აზრის დევნა ევროპაში

ჯანსაღი აზრის დევნა ევროპაში

ბოლო დროს ევროპის კონტინენტზე ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილების მოზღვავების პრობლემასთან დაკავშირებით ბევრი შეხედულება იქნა გამოხატული.

მაგრამ ელემენტარული, მარტივი, ჯანსაღი აზრი არსებულ პრობლემასთან მიმართებით ევროპაში პირდაპირ იდევნება. შეიძლება ითქვას, რომ ცოტაც და, ევროპის გადაგვარება უკვე შეუქცევადი გახდება.

   ფიზიკურ და მორალურ გადაგვარებას, ელემენტარულად, გონებრივი დეგრადაცია - ამ სიტყვის კლინიკური გაგებით, დაემატა. ევროპული საზოგადოება გალენჩდა და თვითგადარჩენის ინსტინქტი დაკარგა. სხვა შეფასებას ვერ მივცემთ იმ ვითარებას, რომელიც საფრანგეთშია. კერძოდ,  ფრანგი ინტელექტუალი რენო კამიუ (Renaud Camus), რომელიც საფრანგეთის თვითმყოფადობაზე საუბრობს, „რასისტად“ არის გამოცხადებული და მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელებია შეტანილი. კამიუ არის ავტორი ტერმინისა - „Le grand remplacement“  („დიდი გადაადგილება“), რომელიც გლობალიზაციის პირობებში მალე დაბერებადი ევროპელი ერების ჩანაცვლებას გულისხმობს უფრო ახალგაზრდა აზიური და აფრიკული წარმოშობის ადამიანების მასებით. კამიუსთან ურთიერთობას თვით მარინ ლე პენიც კი გაურბის - გაცხადებული კონსერვატორი და ევროსკეპტიკოსი. მაინც რა პოზიციას წარმოადგენს რ. კამიუ, რის გამო არის იგი გარიყული? თითქმის რატომ არასოდეს გამოდის იგი გასკონიაში მდებარე თავისი სასახლიდან? გადავხედოთ გერმანული „ფრანკფურტერ ალგემაინესადმი“ (18.09.2015) მიცემულ მის ინტერვიუს ნაწყვეტებს:

   „ჩვენი დემოგრაფია მოიკოჭლებს, მაგრამ რა პრობლემაა - მომავალი პენსიების დამფინანსებლებს სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ. აი ასეთი იდეოლოგია არის დღეს გამეფებული, რომელსაც „remplacisme“ ვუწოდე. ეს შეცვლადობა არის უზომო კაცთმოძულეობის გამომხატველი. მას იქითკენ მივყავართ, რომ საფრანგეთი, ისევე, როგორც სხვა საიმიგრაციო ქვეყნები, საკუთარ იდენტურობას დაკარგავს. ძალიან მარტივია: არსებობს ხალხი და მხოლოდ ერთი თაობის შემდეგ მის ადგილზე რამდენიმე ხალხი წარმოიშვება.

   მუდამ ერთ და იმავე არგუმენტებს გვიპირისპირებენ - თითქოს საფრანგეთი ყოველთვის საიმიგრაციო ქვეყანა ყოფილა. ეს ტყუილია. მე-6 საუკუნიდან მოყოლებული მე-19 საუკუნის ბოლომდე საფრანგეთს პრაქტიკულად არანაირი იმიგრანტები არ მიუღია. მე არ ვარ რასისტი, მე ძალზე ვაფასებ მაღალგანვითარებულ არაბულ-ისლამურ ცივილიზაციასა და კულტურას, მაგრამ ეს არის სხვა ცივილიზაცია და კულტურა, იგი არ არის ჩვენი. ორივე ცივილიზაციის მშვიდობიანი თანაცხოვრება საფრანგეთის მიწაზე შეუძლებელია, მოხდება ფრანგების კოლონიზაცია შემოსული უცხოტომელების მიერ.

ამ სისტემის ფარგლებში ჩვენ გვიტოვებენ არჩევანს, წავიდეთ ან შევეგუოთ უცხო ჩვეულებებს. მიუღებელია კულტურათა ხელოვნური შერწყმა, ამის შესახებ ჯერ კიდევ შარლ დე გოლი საუბრობდა. 1959 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა თავის ბიოგრაფს - ალენ პეირეფიტს ალჟირის ომთან დაკავშირებით უთხრა:

‘ძალიან კარგია, რომ არსებობენ ყვითელი, შავი და ყავისფერი ფრანგები. ისინი გვიჩვენებენ, რომ საფრანგეთი გახსნილია ყველა რასისათვის და რომ საფრანგეთს უნივერსალური მოწოდება აქვს. მაგრამ ეს იმ პირობით, რომ ისინი უმცირესობაში იქნებიან. სხვა შემთხვევაში საფრანგეთი საფრანგეთი აღარ იქნება. პირველ ყოვლისა, ჩვენ ევროპული ერი ვართ. ჩვენ მოვმდინარეობთ ბერძნული და რომაული კულტურებიდან და ქრისტიანული რელიგიიდან. თავი არ მოვიტყუოთ! არაბები, გინახავთ თქვენ ისინი? მათი ტურბანები და ჯელაბები? თქვენ ნამდვილად შეამჩნევდით, რომ ისინი ფრანგები არ არიან’.

   ამ სიტყვების გამო დე გოლი დღეს ნამდვილად სასამართლოს წინაშე იქნებოდა წარდგენილი. რაც შეეხება სკოლაში ლათინურისა და ბერძნულის სწავლების დაგეგმილ გაუქმებას. ეს იქნება კულტურის დაკარგვა, ჩვენი კულტურული ფესვების მოჭრა და ხალხთა დიდი ჩანაცვლების საფუძვლის ჩაყრა. მაგრამ მე არ მინდა, ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, რომელსაც არც ისტორია, არც საზღვრები და არც კულტურა გააჩნია. 80-იან წლებში მე რომში ვსწავლობდი და მე დღესაც ჩემს თავს ნამდვილ ევროპელად მოვიაზრებ. ჩემი წიგნები დიდი ხანია, აღარ ითარგმნება, მასმედია და გამომცემლობები უარს ამბობენ ჩემთან თანამშრომლობაზე, რადგან 2012 წელს მარინ ლე პენის მხარდაჭერისაკენ მოვუწოდე ხალხს“.

   აი სულ ამაში მდგომარეობს რენო კამიუს „რასიზმი“ და „ქსენოფობია“. მადლობა ღმერთს, საქართველოში ჯერ-ჯერობით ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა კარგად გაუგებს ამ ფრანგ ინტელექტუალს, მაგრამ საქართველოშიც ისეთი პოლიტიკური სისტემა ყალიბდება, რომელიც აქ ციტირებულ ელემენტარულ ჭეშმარიტეტებს დეგრადირებული ევროკავშირის მითითებებზე გაცვლის.