ისრაელის პასიურობა პოლონეთის ხელისუფლების თვითნებობის მიმართ, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, მიუღებელია

ისრაელის პასიურობა პოლონეთის ხელისუფლების თვითნებობის მიმართ, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, მიუღებელია

უკვე მერამდენე წელია, გრძელდება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის (27 იანვარი) პოლიტიზება პოლონეთის ხელისუფლების მიერ, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ყოფილი ნაცისტური სიკვდილის ბანაკი ოსვენციმი.

პოლონეთი, რომელიც ცდილობს, აღადგინოს რეჩ-პოსპოლიტას ოდინდელი გავლენა და რუსეთი აღმოსავლეთი ევროპიდან გააძევოს, ამ მნიშვნელოვან დღეს არ იღებს მორალურ ტაიმ-აუტს და პირიქით, აძლიერებს ანტირუსულ პროპაგანდას. უკვე მერამდენედ, წლიდან წლამდე, პოლონეთის მთავრობა ოსვენციმის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე არ უშვებს რუსეთის ოფიციალურ პირებს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ოსვენციმი გაათავისუფლეს საბჭოთა ჯარისკაცებმა, წითელი არმიის მებრძოლებმა, რომლის ძირითად ნაწილს სწორედ რუსი ადამიანები შეადგენდნენ.

ვინაიდან ისრაელი აბსოლუტურად ბუნებრივი მიზეზის გამო წარმოადგენს ჰოლოკოსტის ხსოვნის, მათ შორის, ოსვენციმის ისტორიის ხსოვნის დამცველს, მან ბოლოს და ბოლოს, უნდა აღიმაღლოს ხმა პოლონეთის ხელისუფლების თვითნებობის წინააღმდეგ, რადგან პოლონეთი არა მხოლოდ რუსეთთან აწარმოებს გეოპოლიტიკურ ჭიდილს, არამედ ისტორიის წინააღმდეგ ილაშქრებს. ისრაელში ხომ სურთ ისტორიის ობიექტური შეფასება, რათა ჰოლოკოსტის ხსოვნა მთელ მსოფლიოში ხელშეუხებელი იყოს? მაშინ, ისტორიის ობიექტური შეფასება ყველას ეხება, მათ შორის, თანამედროვე რუსეთს, მისი პოლიტიკისგან, უკრაინაში განხორციელებული ქმედებებისგან და სხვა ფაქტორებისგან დამოუკიდებლად.

ისრაელის პასიურობა, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს პოლონეთის ხელმძღვანელობის თვითნებობის მიმართ, მიუღებელია. ისტორიული უსამართლობა რუსეთის მიმართ, ამ დღეს, შეურაცხჰყოფს არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ჰოლოკოსის მსხვერპლთა ხსოვნას!

 

გულბაათ რცხილაძე,

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, თბილისი