გ. რცხილაძე: „სრულად ვუჭერ მხარს საქართველოს პრემიერმინისტრის პოზიციას უკრაინის საკითხში“

გ. რცხილაძე: „სრულად ვუჭერ მხარს საქართველოს პრემიერმინისტრის პოზიციას უკრაინის საკითხში“

გაზეთი „ახალი თაობა“ დაინტერესდა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, გულბაათ რცხილაძის პოზიციით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

-         ბატონო გულბაათ, როგორ აფასებთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს?

-         უკრაინაში არსებული განხეთქილება ასახავს ამ სახელმწიფოს თავისებურებას - არსებობს უკრაინელი ხალხის ორი, დაახლოებით თანაბარი რაოდენობით, ნაწილი, რომელთაგან ერთი ნაწილი ორიენტირებულია დასავლეთთან ინტეგრაციაზე, მეორე კი რუსეთზე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე მღელვარე პროცესები თავისით, გარე ფაქტორების გავლენის გარეშე წარმოიშვა. ყოველივე ხდება უცხო ძალების აქტიური ჩარევითა და მეტიც, მათ დასაწყისში შეგნებულად მიეცათ ბიძგი ქვეყნის გარედან. უკრაინისთვის არაფრის მიმცემი „ასოციაციის“ ხელშეკრულებაზე უარის თქმა პრეზიდენტსა და მთავრობას უკრაინის რეალურმა, პრაგმატულმა ინტერესებმა ათქმევინა - ხელმოწერის შემთხვევაში, უკრაინა არაფერს იღებდა ევროპისგან, სამაგიეროდ, ბევრს კარგავდა რუსეთისგან. მაგრამ დასავლეთი უკრაინას უკვე დიდი ხანია, საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილავს და ამიტომაც სწრაფად ამოქმედდა უკრაინის დესტაბილიზაციის გეგმა, რომლის მოტივი შემდეგში მდგომარეობს: „თუკი უკრაინა არ ემორჩილება დასავლეთს, არ აწერს ხელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მისთვის წამგებიან პირობებზე და პრიორიტეტს რუსეთთან კავშირ-ურთიერთობას ანიჭებს, მაშინ რუსეთს უკრაინის სახით ხელში უნდა შერჩეს დესტაბილიზებული პარტნიორი“. ეს არის პროგრამა-მინიმუმი, პროგრამა-მაქსიმუმი კი, რა თქმა უნდა, იანუკოვიჩის დამხობა და კიევში რადიკალურად პროდასავლური ხელისუფლების მოყვანაა. მაგრამ თუ არ გამოდის ეს პროგრამა-მაქსიმუმი, მაშინ პროგრამა-მინიმუმის ფარგლებში დასავლეთი უკრაინის სრულ დესტაბილიზაციას და თვით დანაწევრებასაც არ მოერიდება. ამ გზით  რუსეთს ექმნება დამატებითი დაძაბულობის კერა თავის საზღვრებთან, ასეთ როლს აქამდე სააკაშვილის მონობის უღელში შებმული საქართველო ასრულებდა, ახლა კი ეს ფუნქცია უკრაინამ უნდა იტვირთოს.

-         როგორია რუსეთის როლი ამ პროცესებში?

-         ახლა გულახდილად რომ გიპასუხოთ, ისედაც „პრორუსული“ იმიჯი მაქვს შექმნილი და ჩემი ოპონენტები სულ გადაირევიან, მაგრამ ისევ გულახდილად გიპასუხებთ, როგორც ყოველ ჩვენს ინტერვიუში გპასუხობთ. რუსეთის ქმედება მთელ ამ პროცესებში გაცილებით უფრო ობიექტური, თავშეკავებული და კორექტულია, ვიდრე ე. წ. დემოკრატიული სამყაროსი. დააკვირდით, დასავლეთი რა ხერხებით ცდილობს უკრაინის ხელისუფლებაზე ზემოქმედებას: პირდაპირ კარნახობენ იანუკოვიჩს, რომელი კანონი მიიღოს და რომელი უარყოს, ციხიდან ვინ გაათავისუფლოს, როგორი საშინაო და საგარეო პოლიტიკა აწარმოოს... ამაზე მეტი სუვერენიტის დარღვევა არ არსებობს, მაშინ მართლა სამხედრო ძალა უნდა იქნას გამოყენებული. რუსეთი კი არავითარ ჩარევას არ აწარმოებს, პუტინი ამბობს, რომ მზად არის, უკრაინის ნებისმიერ ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს, ოღონდ, რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესების დაცვით. რუსეთის ბერკეტი ამ შემთხვევაში ეკონომიკაა. უკრაინას რუსეთის წინაშე დიდი დავალიანება აქვს, პირველ ყოვლისა, ბუნებრივი აირის საფასური აქვს დასაფარი. მაგრამ ეს ბერკეტი რუსეთის ხელში ლეგიტიმურია - რუსეთისაა ეს ბუნებრივი აირი და იმიტომ. უნდა დაუკლებს ფასს, უნდა არ დაუკლებს - ამაზე ვერავინ მოედავება რუსეთს. საკუთარი პროდუქციაზე ფასის დადება არის რუსეთის სუვერენული უფლება. მაგრამ, ვიმეორებ, რუსეთს ჯერ-ჯერობით არ განუხორციელებია ჩარევა უკრაინის საშინაო საქმეებში, პუტინი არ უთითებს იანუკოვიჩს, როგორი კანონები მიიღოს, როგორ მოექცეს ოპოზიციას და ასე შემდეგ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასავლეთის ჩარევის გაძლიერების შემთხვევაში რუსეთი განზე დადგება. რუსეთი მაქსიმალურად გამოიყენებს თავის ეკონომიკურ ბერკეტებს და კლიჩკოს, იაცენიუკს, ტიაგნიბოკს და მთელ მათ მოფაშისტო გარემოცვას მოუწევს რუსეთთან იმაზე მეტ დათმობებზე წასვლა, ვიდრე იანუკოვიჩი ამას ოდესმე იზამდა.

- სხვათა შორის, ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების თავშეკავებულმა განცხადებებმა და ინერტულობამ. ეს როგორ გავიგოთ?

-         ძალიან სწორი პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას ამ კონკრეტულ საკითხში. მოვისმინე ღარიბაშვილის კომენტარი დავოსიდან და აბსოლუტურად ადექვატური, აწონილ-დაწონილი განცხადება იყო. საქართველო თავს უფლებას ვერ მისცემს, ჩაერიოს უკრაინის საშინაო საქმეებში, აჰყვეს დასავლეთს ან რუსეთს და რომელიმე ძალის მიმართ გამოხატოს მხარდაჭერა. მშვიდობა და სტაბილობა უკრაინაში - საქართველოს ინტერესებსაც შეესაბამება, ხოლო უკრაინის რომელიმე ნაწილის ნეგატიური განწყობა, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ჩვენ უნდა შევხედოთ, რით დასრულდება აღნიშნული კონფლიქტური სიტუაცია და დასკვნები შემდეგ გავაკეთოთ. არავინ გვექაჩება ენაზე, ამიტომ, ოფიციოზის დონეზე, სიტყვების რახარუხზე უარი უნდა ვთქვათ და ოქროს დუმილი ვამჯობინოთ.

- ამერიკის და ევროპის ინერტულობა რაზე მიანიშნებს?

-         მე ვერ ვამჩნევ მათ ინერტულობას, პირიქით, ძალიან აქტიურნი არიან. ის შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც უკრაინის მთელ რიგ რეგიონებში ადმინისტრაციულ შენობებს იკავებენ, პოლიციელებს ცეცხლს უკიდებენ და სცემენ, იმართებიან დასავლური სპეცსამსახურების მიერ. ისეთი დონის ორგანიზება, კოორდინაცია და თუნდაც აღჭურვილობა, როგორიც ფაშისტმა მოძალადეებმა გამოაჩინეს, შეუძლებელია, შემთხვევითი იყოს. ამგვარი საქმეები დილეტანტურ დონეზე ვერ გადაწყდება, ამიტომ გეუბნებით სრული დარწმუნებულობით, რომ საქმე გვაქვს სპეცსამსახურების მუშაობასთან.

აი ამ ძალადობის მიმართ კი დასავლელი დიპლომატები ნამდვილად იჩენენ ინერტულობას - ამას თუ გულისხმობდით, სავსებით გეთანხმებით. ესეც, ბუნებრივია, შემთხვევით არ ხდება და უკრაინის დესტაბილიზაციას, შემდეგ კი იანუკოვიჩის დამხობის მიზანს ემსახურება.

- დადგება თუ არა საქართველო ანალოგიური საფრთხის წინაშე? ამას ექსპერტთა ნაწილი უკვე პროგნოზირებს.

-          საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ჯერ-ჯერობით აღმავალი გზით მიდის, მიუხედავად მთავარი პრობლემების მოუგვარებლობისა. საოცარ გაგებას და მოთმინებას იჩენს რუსეთის პრეზიდენტი, იგი აშკარად აძლევს საშუალებას საქართველოს ხელისუფლებას, ღირსეულად ააწყოს ურთიერთობები რუსეთთან. ამის ფიქრის საშუალებას პრეზიდენტ პუტინის ბოლოდროინდელი განცხადებები მაძლევს (თუნდაც სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული მისი განცხადება რად ღირს!). ამიტომ, ამ ეტაპზე საქართველოს ასეთი საფრთხე არ ემუქრება. საქართველო ევროპასთან „ასოცირებით“ რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს, უკრაინისგან განსხვავებით, პირდაპირ არ უპირისპირდება (ყოველ შემთხვევაში, რუსეთის ოფიციალური პირები ამ თემაზე საერთოდ არანაირ კომენტარს არ აკეთებენ). მაგრამ, ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, დავუშვათ, 1 წელიწადში, გამოჩნდება, რომ საქართველო ეკონომიკურად ისევ რუსეთზეა დამოკიდებული და ევროპასთან ხელოვნური „ასოცირება“ მას არაფერს მისცემს. ჩვენს ხალხს სჭირდება ეკონომიკური კეთილდღეობა, სამუშაო ადგილები, ადგილობრივი წარმოების ამოქაჩვა, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის დარგში - ყოველივე აღნიშნული არ და ვერ მოხდება ევროპასთან „ასოცირების“ გზით, ეს შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან და დსთ-ს სხვა ქვეყნებთან ერთიან ეკონომიკურ სივრცეში გააქტიურებით, ანუ საბაჟო კავშირში შესვლით. თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს, უარჰყოს ეს დებულება ციფრებით, რაც შეუძლებელია. შეუძლებელია იმიტომ, რომ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები ვერ ეყოლება ცხრა მთას იქით. ევროპა შორსაა, რაც არ უნდა „ასოცირება“ გავიაროთ მასთან, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, უკრაინა, ირანი, ყაზახეთი არიან ჩვენი რეალური სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორები და ასეთებად დარჩებიან.

  - როგორია მოვლენების განვითარების თქვენეული პროგნოზი?

-         უკრაინაში არასტაბილობა გაგრძელდება, გადამწყვეტ უპირატესობას ვერც ერთი ძალა მიაღწევს. ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ასე ჩანს, რომ სამოქალაქო ომის საშიშროება თავიდან იქნა აცილებული. რუსეთის პრინციპულმა პოზიციამ შეაჩერა დასავლეთის ექსპანსია უკრაინაში, მაგრამ თავად რუსეთი არ აპირებს ჩარევას, რათა სიტუაცია რადიკალურად შემოაბრუნოს. ამიტომ, სავარაუდოა, რომ რუსეთი და დასავლეთი დროებით „დაზავდებიან“ უკრაინის თემასთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემა არასგზით არ შეიძლება, რომ მოგვარებულად ჩაითვალოს - უკრაინა უკვე იქცა დაძაბულობის კერად. ეს ვითარება, პირველ რიგში, რუსეთს არ აწყობს, მაგრამ დროთა განმავლობაში დასავლეთს აუცილებლად შემოუბრუნდება ძალიან ცუდად.

 

„ახალი თაობა“, 1 – 2 თებერვალი, 2014 წ.